უცნაური მოვლენის მომსწრენი ვართ ბოლო ხანს. ეკუმენისტურად მოაზროვნე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, იმის ნაცვლად, რომ კრებსითობის პრინციპის თანახმად ურთიერთშორის ამყარებდნენ კავშირს და ჭეშმარიტ სიყვარულს, მიეცნენ უტოპიურ „დიალოგებს" სხვა კონფესიებთან, ამით მათ ურთიერთგანმტკიცების ნაცვლად სერიოზული ნაპრალი გააჩინეს ერთმანეთს შორის.
კრეტაში 2016 წელს შემდგარ ე.წ. საერთო მართლმადიდებლურ კრებას (რის პრეტენზიასაც აცხადებდა), წესითა და რიგით, სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის მართლაც საჭირბოროტო საკითხები უნდა განეხილა, თუნდაც თანამედროვე ერესები ემხილებინა. ეს ხომ ძალიან აქტუალურია და მოითხოვს დროულ, საერთო მართლმადიდებლურ, კრებსით გადაწყვეტილებას.
ნაცვლად ამისა, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი ცნობიერებისთვის არნახული „სიახლის" მომსწრენი გავხდით. ე.წ. „წმინდა და დიდ" კრებაზე ოფიციალური სტუმრის სტატუსით მოიწვიეს პაპისტური, პროტესტანტული და მონოფიზიტური ერეტიკული დენომინაციების წარმომადგენლები. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ისინი „ძმური ეკლესიების წარმომადგენლებად" მოიხსენა, რითაც მართლმადიდებლურ სამყაროში სერიოზული უთანხმოება შემოიტანა, ანუ - სარგებელის ნაცვლად ეკლესიის კრებსით ცნობიერებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
საქმე ისაა, რომ აღნიშნულმა „კრებამ" უხეშად დაარღვია მართლმადიდებელი ეკლესიის კრებათა მოწვევის პრინციპი. კრებას, პირველ ყოვლისა, იმიტომ იწვევენ, რომ დაიცვან ერესებისაგან ეკლესიის ერთიანობა და მართლმადიდებლური სარწმუნოება. კრების მოწვევის მიზანშენწონილობა ძალიან ზუსტადაა განსაზღვრული კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მეცამეტე კანონში: „ყოვლად ბოროტმა სულმა ქრისტეს ეკლესიაში დათესა მწვალებლობის სარეველა ბალახი... ეს უკეთურება სრულიად უქმად აქცია წმინდა კრებამ". როდესაც კრებსით ცნობიერებას ასეთი საფრთხე ემუქრება, მაშინ ჩნდება მსოფლიო კრების მოწვევის რეალური აუცილებლობა. ასეთივე აუცილებლობაა ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი ყველა წევრის ერთობა.
ანტიკრებსითი სულისა და ხასიათის გამოვლენა შეიძლება აღმოვაჩინოთ იმ შემთხვევაში, თუ კრება გაიმართება გარკვეული ჯგუფის უმრავლესობაზე გამარჯვების გზით, ან კიდევ: კრება შედგება, მაგრამ მისი წევრები მოკლებულნი იქნებიან სიტყვის, აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლებას. ორივე პათოლოგია აღმოაჩნდა კრეტის „კრებას". არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი წერს: „კრების მოწვევისას შეუძლებელია არ დაეყრდნო მსოფლიო და ადგილობრივი ეკლესიების, ასევე წმინდა მამების, გადაწყვეტილებას, მსოფლიო მასშტაბით ავტორიტეტულს. ასევე შეუძლებელია, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანამოაზრენი აღიარებდნენ რაიმე სხვა, სამღვდელოებისა და ხალხისაგან განსხვავებულ რწმენას. ამ დროს ჩნდება განხეთქილების რეალური საშიშროება, რომელმაც შეიძლება ეკლესიის ერთიანობას საფრთხე შეუქმნას. წმ. ბასილი დიდი შეშფოთებით ამბობდა: „ძალიან სამწუხაროა, რომ მამებისეული კანონი უკვე აღარ მოქმედებს და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილია ეკლესიიდან, მეშინია ეტაპობრივად ზრდადი სიცივე და ეკლესიის საქმეები სრულ არეულობამდე არ მივიდეს" (Epistola IV. Chrosescopis. PG. 32. 400-13)”.1
წმ. ბასილი დიდის შეშფოთება არ აღმოჩნდა უსაფუძვლო. ე.წ. „წმინდა და დიდმა" კრებამ თავისი ხენეში ნაყოფი უკვე გამოიღო.
კრეტის „კრების" ორგანიზატორები გაკადნიერდნენ და საჭიროდ მიიჩნიეს უარეყოთ და შეეცვალათ მსოფლიო და ადგილობრივ ავტორიტეტულ კრებათა წმინდა მამათა გადაწყვეტილებები. ერეტიკულ დენომინაციებს ეკლესიები უწოდეს, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უამრავი მიუღებელი სწავლება დაამკვიდრეს (იხ. თუნდაც ჩვენი ნაშრომი „პარიზის სკოლის" კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში. კრეტის კრება რეცეფციის პროცესში. გვ. 88). ყოველივე ეს, დოგმატური თუ მოძღვრულ-ეთიკური ხასიათის საკითხები კრეტის „კრებამ" უხეშად დაარღვია. ამიტომ ის ვერანაირად ვერ მიიჩნევა საერთო მართლმადიდებლური კრებსითი ცნობიერების გამომხატველად, პირიქით, ყველა ნიშანი ატყვია საიმისოდ, რომ ეწოდოს ავაზაკური კრება.
ამიტომ, ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებმა, მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ, ბერ-მონაზვნობამ, მართლმორწმუნე ერმა მთელი ძალისხმევა უნდა მოვიკრიბოთ, რათა შევინარჩუნოთ მსოფლიო მართლმადიდებლობის კრებსითი ბუნება - მას დღეს დიდი საფრთხე ემუქრება.
ეკლესიის საკითხთა კრებსითად გადაწყვეტის აუცილებლობაზე არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი წერს: „საეკლესიო მოძღვრების ჭეშმარიტება ეპისკოპოსთა ქრისტეში ერთიანობითა და ერთიანი შეხედულებებით განისაზღვრება. ამიტომ ეკლესიის კრებას კანონმდებელი საკრებულო ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, პარლამენტი ეწოდება. ერთ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს „ex officio” შეუცდომელი აზროვნება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის ბუნებას".2 არადა სწორედ ამგვარი „პაპისტური" ქმედებანია თვალსაჩინო კონსტანტინოპოლის პატრიარქისა თუ მის თანამოაზრეთა მხრიდან. ამიტომაც სრულიად ბუნებრივია ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის (იერუსალიმის, ანტიოქიის, რუსეთის, სერბეთის და სხვა) წინამძღოლთა, მღვდელმთავართა თუ ღვთისმეტყველთა მოწოდება - შედგეს ჭეშმარიტი საყოველთაო მართლმადიდებლური ერთობა, რათა წერტილი დაესვას ჰეგემონური მმართველობის ამბიციას ეკლესიაში. მსოფლიო კრებების პრინციპის თანახმად, უნდა შეფასდეს ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები (კრეტის კრება, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, კონსტანტინოპოლის ეკლესიაში გამოვლენილი უამრავი მწვამებლური სწავლება და სხვა).
საამისოდ, უნდა გაირკვეს შემდეგი საკითხები:
1) აქვს კი კონსტანტინოპოლის პატრიარქის გარდა სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლს კრების მოწვევის უფლება და რამდენად მართებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიცია, რომ მხოლოდ ის ფლობს ამ უფლებამოსილებას?
2) როგორი ხასიათის იყო პირველ საუკუნეებში რომის პაპების პირველობა?
3) რამ განაპირობა, რომ პატივით პირველობას ჩაენაცვლა უფლებამოსილებით პირველობა?
1 არქ. კირილე კოსტოპულოსი. 2016 წ. ე.წ. სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოწვევასთან დაკავშირებით. „ნათელი სოფლისა". გვ. 69.
2 არქ. გიორგი კაფსანისი. ეკლესიის კრებსითი ბუნება. ნათელი სოფლისა. გვ. 56.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე