როგორც მოგახსენეთ, მართლმადიდებლურ სამყაროში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები (კრეტის კრება, უკრაინის „ავტოკეფალია", „კონსტანტინოპოლის პაპიზმი" და სხვა) ვერ მოგვარდება მხოლოდ ადამიანური ფაქტორებით. როცა ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს თვითნებურად შემოაქვთ მართლმადიდებელი კრებსითი ცნობიერებისთვის მიუღებელი თეზები, უნდა მივმართოთ ნაცად გზას. სამოციქულო ეკლესიის წინაშე მდგარი ამოცანები ყოველთვის კრებსითი პრინციპით, განსაკუთრებული სულიერი განწყობითა და სულიწმიდის შთაგონებით წყდებოდა.
რა თქმა უნდა, დღეს კრებები განსხვავებულ ეპოქასა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში იმართება, მაგრამ ეკლესიის საიდუმლო რეალობა უცვლელი რჩება. ეკლესიის წყობა იყო და არის კრებსითი. ეკლესიაში არც ერთი ეპისკოპოსი (გნებავთ მსოფლიო პატრიარქი) მსოფლიო კრებების უცდომელობაზე მაღლა ვერ დააყენებს თავის თავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იერარქთა და მორწმუნეთა ყოველი შეკრება მსოფლიო კრება არ არის. კრეტის კრებამ მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მთლიანად აცდა მსოფლიო კრებების სულისკვეთებას.
მართლმადიდებლურ სივრცეში გაჩნდა სრულიად ლოგიკურად, სრულიად მართლმადიდებელთა შეკრების სურვილი, რომლის ინიციატორი იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე გახლავთ. ამ ინიციატივას დადებითად აფასებს ანტიოქიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის ეკლესიები, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უარი განაცხადა, ჯერი დანარჩენებზეა...
სანამ არსებული საკითხის ნიუანსებზე ვიტყოდეთ (კერძოდ: აქვს კი კონსტანტინოპოლის პატრიარქის გარდა სხვას კრების მოწვევის უფლებამოსილება), უნდა განიმარტოს შემდეგი: როდის ლაპარაკობს ეკლესია, ვით ერთი მთლიანობა? რამდენად მართებულია წინასწარ მიანიჭო რომელიმე კრებას მსოფლიო მნიშვნელობა?
ბერძენი ღვთისმეტყველი პანაიოტის ბუმისი შენიშნავს:
„მსოფლიო კრების აზრი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს მთელი ეკლესიის აზრად, როდესაც იგი ეთანხმება წინამორბედი მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს და არ ეწინააღმდეგება სხვა კრებათა დადგენილებებს, თუ მას სურს წარმოადგენდეს მთელ ეკლესიას, მოზეიმესაც და მებრძოლსაც... ანუ როდესაც:
1) მისი გადაწყვეტილებები მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებშია ასახული;
2) მსოფლიო კრება უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ეკლესიას მთელი სისავსით... მაგრამ არც ეს არის საკმარისი. მოწვეული მსოფლიო კრება ასეთად უნდა აღიაროს მებრძოლი ეკლესიის სისავსემ".1
ისმის კითხვა: როგორ გამოხატავს ეკლესია მთელი სისავსით თავის უცდომელობას? სამწუხაროდ ეკლესიის ისტორიას ახსოვს მრავალი ისეთი კრება, რომელსაც მსოფლიო კრების პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ მიიღო ნახევრად არიანული სიმბოლო (ანკვირიის 358 წ.); კრება, სადაც იმპერატორებმა აღიარეს, პატრიარქებმა საჯაროდ გამოაცხადეს ერესი.*
რატომ იქნა უარყოფილი ეს კრებები? ისინი ხომ მსოფლიო კრებებისაგან გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდა? მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები არ აღიარა მთელმა ეკლესიამ, ვით ხმამ ეკლესიისა.
როგორც ვხედავთ, თვით კრებაც კი არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან. ახალმოწამე მ. ნოვოსელოვი ამბობდა: „ეკლესია არც ერთ კრებას წინასწარ არასოდეს ანიჭებდა მსოფლიო მნიშვნელობას. (კრეტის კრებას კი „წმინდა და დიდი" კრება უწოდეს - ავტ. კ. ჯ.). მას არასოდეს უთქვამს, რომ ესა და ეს სწავლება ჭეშმარიტია, რადგან მსოფლიო კრებამ ასე დაადგინა. ხდებოდა პირიქით - როდესაც კრება ჭეშმარიტ სწავლებას აღიარებდა, ეკლესია მას მსოფლიო კრების ტიტულს ანიჭებდა".2
ამრიგად, უცდომელობა, სისავსით გამოხატული, არ არის კრების კუთვნილება, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიისა, რომელიც ამოწმებს თავის თავს კრებაზე. კრეტის კრებამ უკვე დაგვანახა თავისი ანტიკრებსითი ხასიათი. ეხლა ჯერი იორდანიის კრებაზეა (თუკი ის შედგა).
ამიტომ, ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორი იქნება იერუსალიმის პატრიარქის მიერ მოწვეული კრება. ინიციატივამ უნდა გაიაროს ეკლესიის რეცეფცია, ხოლო ამის შემდეგ ეკლესიის სისავსე იტყვის თავის სიტყვას.
მაგალითისთვის გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას ცხოვრება. წმინდანის წინააღმდეგ ბრალდებას კანონიკური სახე უნდა ჰქონოდა. ამ მიზნით პატრიარქმა კალეკამ სთხოვა ანტიოქიის პატრიარქ ეგნატეს, რომ წმინდანის სამხილებლად და დასასჯელად ბიზანტიაში მოეწვიათ კრება (1345 წ.). სწორედ აქ მრავალღმერთიანობის გავრცელება დასწამეს პალამას, განაყენეს იგი ეკლესიიდან და საპყრობილეში ჩააგდეს.
ამგვარად გადაწყვიტა წმ. გრიგოლ პალამას საქმე ორმა პატრიარქმა და კრებამ, მაგრამ ვინ იყო მართალი?
სიცოცხლეშივე გაამართლეს წმინდა პალამა. დიდი მხარდაჭერა ჰპოვა პალამიზმმა იოანე კანტაკუზინის იმპერატორობის ხანაში და მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, ოფიციალურ მართლმადიდებლურ სწავლებად დაადგინეს ვლექარნაში 1351 წელს.
ახლა დავუბრუნდეთ შეკითხვას: აქვს კი იერუსალიმის პატრიარქს კრების მოწვევის უფლება? რას ამბობს ეკლესიის ისტორია?
კრებაზე მისვლაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უარი განაცხადა. მისი აზრით, „პანორთოდოქსულ კრებას მუდამ მსოფლიო პატრიარქი იწვევდა", ახლა კი „ასეთი რამ ეკლესიის ისტორიაში პირველად ხდება", და მისთ.3 ამ მოსაზრებას ქართველი გულშემატკივრებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც გაიძახიან: „ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს, რომ დიპტიქის რიგით უმცროსს ეპისკოპოსს უზემოესი პატივის ეპისკოპოსები (პატრიარქები) მიეწვია".
ბერძენმა ღვთისმეტყველმა ნიკოლოზ მანისმა საფუძვლიანად გამოიკვლია ეს საკითხი: „როცა ეკლესიაში ერესის შემოჭრის საფრთე იკვეთება, მაშინ არა მხოლოდ იერუსალიმის, არამედ ნებისმიერ პატრიარქსაც შეუძლია კრების მოწვევა...
იერუსალიმის პატრიარქმა კი ეკლესიის ისტორიაში რამდენიმეჯერ მოიწვია კრება: 1) პატრიარქ თეოდორე პირველის (745-771 წწ.) პერიოდში, რომელსაც საერთო მართლმადიდებლური ხასიათი ჰქონდა, და რომელზეც ხატმებრძოლეობის ერესი ერთობლივად ამხილეს ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქებმა.
ის ფაქტი, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ ესწრებოდა ამ კრებას, სულაც არ აკნინებს მის ავტორიტეტს. სწორედ ამ კრების სარწმუნოებრივი სიმბოლო იქნა მიღებული მე-7 მსოფლიო კრების ოქმებში ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ.
მეორე შემთხვევა 836 წლით თარიღდება - კვლავ იერუსალიმის პატრიარქმა ვასილიმ (820-838 წწ.) მოიწვია კრება. მაშინ კონსტანტინოპოლში ხატმებრძოლი პატრიარქები წინამძღოლობდნენ. ამ კრებას მხარი დაუჭირა ალექსანდრიის პატრიარქმა ქრისტეფორემ (817 წ.) და ანტიოქიის პატრიარქმა იობმა (813-843 წწ.). კრებას ესწრებოდა 185 ეპისკოპოსი, 171 იღუმენი და 1153 ბერ-მონაზონი... კრების საერთო მართლმადიდებლური ხასიათი ამ ფაქტითაც დასტურდება.
მესამე შეკრება იერუსალიმის პატრიარქის იოაკიმეს (1431 წ.) წინამძღოლობის ეპოქაში გაიმართა. ამ კრებას ესწრებოდა ალექსანდრიის პატრიარქი თელოთე (1435 წ.) და ანტიოქიის პატრიარქი დოროთე (1435 წ.) და მათთან ერთად კესარიის მიტროპოლიტი არსენი.
მკაფიოდ პანორთოდოქსული ხასიათი ჰქონდა ამ კრებას. გააკრიტიკეს ფერარო-ფლორენციის ფსევდო-უნია და ანათემას გადასცეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიტროფანე მეორე (1440-1443 წწ.) მის ხელთდამსხმელებთან ერთად".4
როგორც ვხედავთ, ეკლესიის ისტორიას ახსოვს იერუსალიმის პატრიარქთა მიერ მოწვეული კრებები. ეკლესიას ასევე ახსოვს ერესში ბრალდებული კონსტანტინოპოლის პატრიარქები. ცხადია, ისინი ვერ მოიწვევდნენ კრებებს, ხოლო თუ მოიწვევდნენ, აშკარად ავაზაკური იქნებოდა ეს ქმედება.
გავავლოთ პარალელები დღევანდელობასთან: თუკი კონსტანტინოპოლის პატრიარქი კადნიერად ირგებს „აღმოსავლეთის პაპის" ტიტულს და დაცემული რომის პაპების იმიტირებას ახდენს, ცხადია, იერუსალიმისა და სხვა პატრიარქებსაც ეძლევათ კრების მოწვევის უფლება, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკლესიის სისავსეში გაჩენილი უთანხმოება.
ამრიგად, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რა სახელწოდება მიენიჭება (მსოფლიო, სამღვდელმთავრო, პატრიარქებსშორის, ავტოკეფალური ეკლესიისა და ა.შ.) კრებას - ეკლესია მას პირადი საჭიროებისა და ისტორიული პირობების შესაბამისად ამა თუ იმ ფორმით მიმართავდა. მნიშვნელოვანია სხვა რამ: როგორ მიიღებს მას ეკლესიის სისავსე - როგორც ავტორიტეტულს თუ როგორც ავაზაკური ხასიათისას?
*უარყოფილი კრებები: ტიროსის (335 წ.); ანტიოქიის (341 წ.); სელევკიის (359 წ.); კონსტანტინოპოლის (360 წ.); სირმიის (357-359 წწ.); ეფესოს (449 წ.) - ე.წ. ავაზაკთა კრება.
1П. Бумис. Непогрешимость Православия. М. 2001. Стр. 11-13.
2М. А. Новоселов. Письма к Друзьям. М. 1994. გვ. 136.
3მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს საპასუხო წერილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს. 2019. 26 დეკემბერი.
4Н. Манис. Иерусалимская Церковь может созывать соборы. https://sprh.news/ru.news.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე