2003 წლიდან შერეული საერთაშორისო საღვთისმეტყველო კომისიის თავმჯდომარედ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პერგამელი მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი* დაინიშნა.
თავიდანვე ვთქვით, რომ კონფესიათაშორისი დიალოგი მრავალწახნაგოვანი ისტორიული პროცესია. ძირითადი იდეა არის ერთობლივი დისკუსია, რომლის შედეგადაც მიღწეული უნდა იქნეს „ერთობა" ქრისტიანულ კონფესიებსა და პერსპექტივაში ყველა რელიგიას შორის. ბოლო წლების ეკუმენისტურ დიალოგებში შეგვიძლია ორი ძირითადი მიმართულება შევნიშნოთ:
1) ეკლესიოლოგიური: თურმე ყველა კონფესია „ნაკლულოვანია", ე.ი. ნაწილობრივი მადლის მატარებელია, მათ შორის მართლმადიდებლობაც. ამიტომ საჭიროა ურთიერთგაერთიანება;
2) ორი პრიმატის (პაპის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის) პირველობის (არა პატივით, არამედ უფლებამოსილებით) აღიარება.
სწორედ ამგვარი „დიალოგის" მედროშედ მოგვევლინა ტიტულოვანი მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი, რომლის საღვთისმეტყველო ხედვებით გაჯერებულია არამართლმადიდებლებთან ერთობლივად ხელმოწერილი დოკუმენტები.
მართლმადიდებლური თვალსაზრისით მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის ღვთისმეტყველებაში ეკლესიურ ცნობიერებასა და ტრადიციაზე ფილოსოფიურ განზომილებათა თავსმოხვევის ტენდენციები შეინიშნება. თავის კონცეფციებში ის ცდილობს გვერდი აუაროს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. გარდამოცემას, მსოფლიო კრებების განსაზღვრებათა ავტორიტეტს, რათა ფილოსოფიურ ჭრილში განიხილოს ეკლესიის დოგმატური სწავლება. ხოლო როდესაც იგი იწყებს საღვთისმეტყველო შეფასებას, ეს უკვე ფაქტობრივად სრულიად უმნიშვნელოა, არავითარ როლს არ ასრულებს მის შეხედულებებში.
მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის ღვთისმეტყველება მრავალი ერეტიკული აზრითაა გაჯერებული, რომლებიც მან კონფესიათაშორის „დიალოგების" დროს და თავის ნაშრომებში გამოხატა. შევეცდებით ქრონოლოგიური თანმიმდევრულობით განვიხილოთ მის მიერ სხვადასხვა ეკუმენისტურ შეხვედრაზე გამოთქმული არამართლმადიდებლური სწავლებები, ვინაიდან მიტრ. ი. ზიზიულასის ღვთისმეტყველება არა კერძო (კონსტანტინოპოლის ეკლესიის), არამედ მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემაა.
სამწუხაროდ, ამ ტიტულოვანი პერსონის და, დიდი ალბათობით, მისი ერეტიკული ღვთისმეტყველების „თაყვანისმცემლები" ჩვენს ეკლესიაშიც აღმოჩნდნენ. სწორედ საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება ჩვენი ნაშრომი.
*მიტრ. ი. ზიზიულასი (1931 წ.) ცნობილი მოდერნისტი ღვთისმეტყველი და ეკუმენისტური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტიტულოვანი იერარქი. „პარიზის სკოლის" მესამე თაობის წარმომადგენელი, მამა გ. ფლოროვსკის მოწაფე. 1965 წ. დაამთავრა ათენის, შემდეგ კი გლაზგოს უნივერსიტეტი და მოგვიანებით ღვთისმეტყველების პროფესორი გახდა. ის „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" (ე.მ.ს.) „ნათლობის, ევქარისტიისა და მსახურების" კომისიის წევრია. 80-იანი წლების ბოლოს იგი მართლმადიდებელ - ანგლიკანური შემდეგ კი კათოლიკებთან „დიალოგის" ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახლდათ.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე