ეკუმენისტების საღვთისმეტყველო დიალოგი მოკლებულია მართებული დიალოგის კრიტერიუმებს. თვალსაჩინოებისთვის დავესესხებით მართლმადიდებლებისა და ლათინების საღვთისმეტყველო დიალოგს, სადაც „კათოლიკური ეკლესია" ქრისტეს ეკლესიად მოიაზრება. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით მათ ტერმინი პაპიზმი უფრო მიესადაგებათ, ვინაიდან პაპის უფლებამოსილება, პრიმატი და მონარქია კათოლიციზმის საფუძველთა საფუძველია. პაპს, თავისი ავტორიტეტით შეუძლია განაცხადოს და გადაწყვიტოს, შეუძლია ყველაფერი საფუძვლიანად დაანგრიოს და შემდეგ თავისი ნებისამებრ ააშენოს და დაამკვიდროს. რომის პაპი თვით მსოფლიო კრებებზე აღმატებული სტატუსით სარგებლობს, ამდენად ის არ და ვერც კონტროლირდება კრების, მით უფრო რაღაც საერთაშორისო დიალოგის მიერ. პირიქით, პაპი თავად აკონტროლებს მათ და თავად წყვეტს მისაღებია თუ მიუღებელი ამა თუ იმ დოკუმენტის განსაზღვრება. ასე რომ, დიალოგი დაწყებისთანავე ჩიხშია და მართებული დიალოგის ჩარჩოებში მისი ჩაყენების პერსპექტივა არ არსებობს.
ეს „დიალოგი" სინამდვილეში არა მართლმადიდებლებისთვის, არამედ ლათინებისთვისაა ხელსაყრელი. გასული საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი წერს: „დიდი მიზნის მისაღწევად ლათინებისთვის ხელსაყრელია მცირე და უმნიშვნელო დათმობაზე წასვლა. წარმოიდგინეთ, როგორი რეზონანსი ექნება პაპის ეფექტურ და უპრინციპო ქმედებას, თუკი იგი თავის ეკლესიაში მიიღებს და დაამტკიცებს ზუსტად ისეთ საიდუმლოებებს, როგორიც მართლმადიდებელ ეკლესიაშია? (ვატიკანის II კრებაზე იყო ამგვარი მინიშნებები)...
ლათინებიც და უნიატი მართლმადიდებლებიც პაპიზმისთვის აბსოლუტურად უმნიშვნელო და უმტკივნეულო საკითხებს ისე წარმოგვიდგენენ, თითქოს ერთობის გამო უდიდეს მსხვერპლს იღებდნენ. შემდეგ ზეწოლის გზით, ეცდებიან აიძულონ ჩვენი მხარე წავიდეს „დათმობებზე" და „მსხვერპლზე" ერთობისათვის. რას მოვიმოქმედებთ მაშინ?
მაშინმაინც გახდებაჩვენთვის ცხადი,რომ ესქმედება, ეფექტურობის მიუხედავად, ძლიერ ზეგავლენას მოახდენს პროფანებზე, რადგან სინამდვილეში ეს არ არის არანაირი დათმობა - პაპიზმის ცდომილებებში საიდუმლოებების თვალსაზრისითაც უცვლელი დარჩება. (საიდუმლოების აღსრულების პრაქტიკა ერთია, ხოლო დოგმატური სწავლება - მეორე. დოგმატური განსხვავება გაცილებით უფრო სიღრმისეულია)... როგორ იმოქმედებენ ჩვენი წარმომადგენლები? წავლენ დროის მოთხოვნათა კვალდაკვალ, დათანხმდებიან საიდუმლოებების ურთიერთგაზიარებას?"1
საფრთხე, რომელიც საიდუმლოებათა საკითხის შემოჭრით შენიშნა არქიმანდრიტმა ეპიფანემ, რეალობად გვექცა. საღვთისმეტყველო დიალოგის ფარგლებში თანმიმდევრული წესით ეკლესიოლოგიური თუ სხვა საკითხები ისეთნაირად განიხილება, თითქოს ჩვენსა და ლათინებს შორის ამ ნიშნით არანაირი განსხვავება არ არსებობდეს. ეკუმენისტური „დიალოგების" შედეგად მიღებული დოკუმენტები იმგვარადაა ურთიერთდაკავშირებული, რომ ყოველი მომდევნო დოკუმენტი მოიაზრებს წინა დოკუმენტის არსებობას. ანუ: თუკი დღეს შედგენილ დოკუმენტში აღმოვაჩენთ საღვთისმეტყველო ცდომილებას, გვეტყვიან, ეს საკითხი უკვე განხილული და ხელმოწერილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ". ამ დროს ეკლესიის სისავსისთვის ის სრულიად უცნობი და მიუღებელია. ეს „გადაწყვეტილებები" არ გამოაქვთ ადგილობრივი ეკლესიების სინოდებისა და სამღვდელოებისათვის განსახილველად. ცხადია, მათი „დოკუმენტები" არ და ვერ იქონიებენ სამართლებრივ სტატუსს მართლმადიდებელ ეკლესიაში.
აღნიშნული დოკუმენტების თანმიმდევრობას დავუბრუნდეთ. მაგალითად: მიუნხენში 1982 წ. განიხილებოდა თემა „ეკლესიის საიდუმლო და საღმრთო ევქარისტია წმინდა სამების ჭრილშუქში". ბარში, 1987 წ. წამოიჭრა საკითხი: „რწმენა, საიდუმლოებები და ეკლესიის მოწყობა". ახალ ვალაამში 1988 წ. დიალოგის ფარგლებში მხარეები განიხილავდნენ „მღვდლობის საიდუმლოს საკრამენტული ეკლესიის სტრუქტურაში". რავენაში 2007 წ. ხელი მოეწერა დოკუმენტს „ეკლესიოლოგიური და კანონიკური წყობა ეკლესიის საკრამენტულ ბუნებაში", ძირითადი ყურადღება ეკლესიის კრებსითობასა და მასში უფლებამოსილებაზე გამახვილდა. ვენაში 2010 წ. განიხილეს მართლმადიდებლებისა და ლათინების საერთო ეკლესიოლოგიური საფუძვლები. კეოტიში 2016 წ. განიხილებოდა „პირველობა ან პაპის პრიმატი პირველ ათასწლეულში". აქ იოლი შესამჩნევია ეკლესიოლოგიური საკითხების ისეთი თანმიმდევრობა, თითქოს ლათინებსა და მართლმადიდებლებს შორის არანაირი სხვაობა არ იყოს ეკლესიოლოგიურ - საღვთისმეტყველო თვალსაზრისით.
კატეგორიულად მიუღებელია მართლმადიდებლებისა და პაპისტების ერთობლივი ხელმოწერა დოკუმენტებზე, რომლებშიც ნათქვამია, რომ ლათინები ჩვენთან ერთად ერთ (ერთიან) ქრისტეს ეკლესიას წარმოადგენენ, რომ თითქოს ერთი და იგივე საიდუმლოებები გაგვაჩნია და მხოლოდ „ისტორიული გაუგებრობა" იყო ყველა უთანხმოების მიზეზი და მისთ.
ამრიგად, ეს „დიალოგები" უნაყოფოა, შესაბამისად სახიფათოც. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ წმინდა მამათა სწავლებასა და ღვთისმეტყველებაზე დაფუძნებული დიალოგია შედეგიანი. მხოლოდ ასეთ დიალოგს ძალუძს დაკარგული ცხოვრების კვლავ სამწყსოში დაბრუნება.
1 არქ. ეპიფანე თეოდოროპულოსი. დაწყებული „დიალოგი" და მისი საფრთხე. წიგნი „ნათელი სოფლისა". გვ. 126-127.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე