ძმა, რომელსაც საძრახისი გულისთქმები აღაშფოთებდნენ, აბბა პიმენთან წავიდა, რათა მისთვის მათ შესახებ გაემხილა. მაგრამ დაბრუნდა ისე, რომ ბერთან ვერაფერი ვერ აღიარა. როდესაც ბოროტმა სულმა კვლავ ძლიერ ააფორიაქა, ისევ წავიდა აბბა პიმენთან, მაგრამ ამჯერადაც ვერაფერი გაუმხილა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბერმა შეიტყო, რომ ძმას გულისთქმები ტანჯავდნენ, მაგრამ მათი გამხელისა რცხვენოდა. ამიტომ როდესაც მას მონაზონმა შემდეგ ჯერზე სტუმრობისასაც არაფერი გაუცხადა, აბბამ ჰკითხა: „რა დაგემართა, ძმაო, ისე მიდიხარ, რომ არაფერს მეუბნები?" „მამაო, რა უნდა გითხრა?" - მიუგო მონაზონმა. „მე ვგრძნობ, რომ გულისთქმები გაწუხებს, - უთხრა მას ბერმა, - მაგრამ მათი ჩემთვის გამხელა ვერ გაგიბედავს, გეშინია ვინმეს არ მოვუყვე. დამიჯერე, როგორც ეს კედელი არაფერს ამბობს, ისე მეც სხვის გულისთქმებს არასოდეს არავის გავუმხელ". ამით გამხნევებულმა მონაზონმა ბერს განუცხადა: „მამაო! მე გმობის სულით დაღუპვის წინაშე ვდგავარ, რამეთუ ის ჩამძახის, რომ ღმერთი არ არსებობს, ასეთ ფიქრებს კი წარმართებიც არასდროს უშვებენ". მაშინ წმინდა მამა დაარიგა: „ნუ აგაფორიაქებს ეგ გულისთქმები, რამეთუ ხორციელი ბრძოლები, რომლებიც ჩვენი დაუდევრობის გამო ხშირად გვიჩნდება, ბოროტის თავდასხმებია, ამიტომ როგორც კი ეგ გულისთქმები გეწვევა, მაშინვე ლოცვა დაიწყე, პირჯვარი გამოისახე და მტკიცედ წარმოთქვი, თითქოს თავად მტერს მიმართავდე: „სატანავ, ანათემა შენც და შენს საცდურსაც, შენივე გმობა შენვე მოგეგოს. მე მწამს ღმერთი, რომელიც ყოველივეს განსჯის, ეს გულისთქმანი კი ჩემგან კი არა, შენგან მოდის, ბოროტების მოქმედო!" და მე მჯერა, რომ უფალი გიხსნის ამ მწუხარებისაგან" - უთხრა დასასრულს წმინდა მამამ. ბერისგან წასული ძმა მისი დარიგებისამებრ მოქმედებდა და როცა დემონმა იგრძნო, რომ მისი ჩანაფიქრი გაცხადებულია, უფლის შეწევნით, განეშორა ძმას.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"