ფრიად პატივცემულმა პეტერბურგელმა პროტოპრესვიტერმა - ა. პ. ვასილევმა ერთი ახალგაზრდა ქალის სამწუხარო აღსასრულის შესახებ გვიამბო, რომლის მოწმეც თავადვე აღმოჩნდა. „ჩემი მღვდელმსახურების დასაწყისში პეტერბურგის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში ვმსახურობდი, - ყვებოდა ვასილევი. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, პეტერბურგში გასამგზავრებლად მატარებლის ვაგონში ავედი, რომელიც მგზავრებით გადატვირთული აღმოჩნდა და ამის გამო ფეხზე მომიწია დგომა. როდესაც თვალი იქ მყოფ ხალხს მოვავლე, ჩემი ყურადღება ერთმა სასიამოვნო გარეგნობის გოგონამ მიიქცია. მან ჩემი მზერა შეამჩნია და სიხარულით შეიშმუშნა, თითქოს ჩემში ახლობელი ადამიანი ამოიცნო. თბილად გამიღიმა და ცოტათი ჩაიჩოჩა, რომ ჩემთვის ჩამოჯდომის საშუალება მოეცა. მე დავჯექი და გოგონას შევეკითხე: „საიდან ხარ და საით მიემგზავრები?" მან მომიგო, რომ ქალაქ ორლოვიდან იყო და პეტერბურგში მიემგზავრებოდა, რათა ქალთა უმაღლეს კურსებზე ჩარიცხულიყო. ჩვენ საუბარს შევყევით. გოგონა მღვდლის ქალიშვილი აღმოჩნდა და მისი სახელი და გვარი ოლგა სმირნოვა იყო. მე ჩავეკითხე: „მშობლების თანხმობით მიემგზავრები სასწავლებლად?" „არა, - მომიგო ქალიშვილმა, - ჩემი მშობლების ჩემი გამგზავრების წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ისე ძლიერ მსურდა სწავლა, რომ მათი თანხმობის გარეშე გადავწყვიტე წასვლა". მე გამაოცა მისმა თვითნებობამ და საყვედურის კილოთი აღვნიშნე: „ოჰ, რა ცუდია და გაუმართლებელი, რომ მშობლების ლოცვა-კურთხევის გარეშე შეუდექი ასეთ ხანგრძლივ და საშიშ გზას". როდესაც მატარებელი პეტერბურგში ჩავიდა და ჩვენ ვაგონი დავტოვეთ, შევამჩნიე, რომ ოლგა დაბნეული იყო, რადგან არ იცოდა საით წასულიყო. გოგონას შევხედე და თავში უსიამოვნო ფიქრმა გამიელვა იმის შესახებ, რომ ის სულ ადვილად შეიძლებოდა უკეთური ხალხის ხელში აღმოჩენილიყო. დაუყოვნებლივ ამოვიღე უბის წიგნაკი, ფურცელი ამოვხიე და ჩემს ნათესავებს თხოვნით მივწერე, რომ ოლგა დროებით შეეფარებინათ, ვიდრე ბინას მონახავდა. გოგონა ახლობელივით მიიღეს და სამი თვის განმავლობაში ჩემიანებთან იცხოვრა, შემდეგ კი ოთახი იქირავა და გადავიდა. ამ ამბიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ ეკლესიის საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფო ბანკში აღმოვჩნდი და ჩემდა გასაოცრად, იქ ოლგა ვნახე, რომელიც ბანკის თანამშრომელი გამხდარიყო. გაოცებულმა ვკითხე: „განა არ ჩააბარე კურსებზე?" მან ამიხსნა, რომ სახსრების უქონლობის გამო იძულებული შეიქნა კურსების შემდგომი მეცადინეობებისთვის ფული ამგვარად გამოემუშავებინა. საუბრისას შევნიშნე, რომ გოგონას მეზობლად მჯდომი თანამშრომელი, ულვაშიანი და გამჭოლად მზირალი ახალგაზრდა კაცი, ჩვენკენ იცქირებოდა და ჩვენს საუბარს ყურს უგდებდა. მის მზერაში ოლგას სულისთვის საშიში და უკეთური რაღაც შევიცანი და ამის გამო გულში ამოუცნობი ტკივილითა და გოგონას მომავალზე ნაღვლიანი წინათგრძნობით გამოვედი ბანკიდან. ამ შეხვედრიდან ნახევარმა წელმა განვლო. მე უკვე პეტერბურგში ვცხოვრობდი. ერთხელაც ეკატერინეს პარკს ჩავუარე და შორიდანვე შევნიშნე უსიამოვნო სურათი: ოლგა ულვაშიან თანამშრომელთან ერთად ხელკავით მოსეირნობდა, თავის მის მხარზე მიეყრდნო და სახეში მგზნებარედ შესცქეროდა. ჩემთვის მაშინვე ცხადი შეიქნა, რომ გოგონას ბედი ამ ვერაგი და მზაკვარი ახალგაზრდის ხელთ აღმოჩენილიყო. გვერდით ისე ჩავუარე, რომ ვნებით ანთებულმა ახალგაზრდებმა ვერც კი შემამჩნიეს. ამ შეხვედრამ გულში უცნაური სიმძიმე დამიტოვა. და ცუდი წინათგრძნობა ამეკვიატა ოლგას ცხოვრებაში მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. მას შემდეგ შვიდმა წელმა განვლო. ერთხელ, ზაფხულში, ოლუხოვის საავადმყოფოში მომიხდა მისვლა, რათა რაღაც საქმესთან დაკავშირებით მთავარი ექიმი მომენახულებინა. ქალბატონი პირველ სართულზე, ვენერიულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ექთანმა იცოდა, რომ მთავარი ექიმი ჩემი ნაცნობი იყო და ამიტომ ხალათის ჩაცმა და მისი განყოფილებაში მონახულება შემომთავაზა, მირჩია, რომ იქ მას საქმეზეც გავესაუბრებოდი და ამავდროულად, თავის სამუშაოსაც არ მოვწყვეტდი. როდესაც მთავარმა ექიმმა დამინახა, მისაყვედურა: „მამაო, არ ვისურვებდი, რომ ამ განყოფილებაში მენახეთ, მით უმეტეს, რომ ოჯახის მამა ხართ". როდესაც ჩემი საქმე მოვაგვარე და უკან გამობრუნება დავაპირე, უეცრად პალატის კუთხეში თავდახურული კუბო შევნიშნე და უნებურად დავინტერესდი: „ვინ გარდაიცვალა?" ექიმმა ჩემს კითხვაზე დაუდევრად მომიგო: „ერთი გოგონა მოკვდა". შემდეგ კი მორიგეს მიუბრუნდა და დაავალა: „სარეგისტრაციო ფურცელი ნახეთ". ექთანმა ფურცელი აიღო და წაიკითხა: „ო. სმირნოვა". ამის გაგონებამ სულის სიღრმემდე შემძრა და მოვისურვე მისთვის დამეხედა. „ამას არ გირჩევთ, რადგან გარდაცვლილის ნახვა ძლიერ დაგამძიმებთ", - მომიგო ექიმმა, მაგრამ სასახლის გახსნაზე მაინც დავიყოლიე. ჩემს წინ მართლაც რომ საშინელის სანახაობა გადაიშალა, მიცვალებულს ცხვირი აღარ ჰქონდა, მის ადგილას ღრმულიღა დარჩენილიყო, ტუჩები და ლოყები სნეულებას გამოეხრა, ამ საშინელ სურათს ყველაზე მეტად ღიად დარჩენილი თვალები და დაკრეჭილი კბილები ამძიმებდა. შემაძრწუნებელი სანახაობით დათრგუნულმა ოლგას ხსნისათვის ვილოცე და საავადმყოფო მისი სულის გამო ძლიერი მწუხარების გრძნობით დავტოვე. დიდხანს ვერ შევძელი იმ საშინელი, ვნების მანკიერებით დასახიჩრებული სახის დავიწყება. ასეთი შემზარავია შედეგი მრუშობისა და გარყვნილი ცხოვრების".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"