აბბა მაკარი უდაბნოში ყველასგან განმარტოებით, განდეგილური ცხოვრებით ცხოვრობდა. ცოტა მოშორებით იყო სხვა უდაბნო, რომელშიც უამრავი ძმა მოსაგრეობდა. ერთხელ განდეგილმა გზაზე მიმავალი სატანა იხილა, რომელსაც ადამიანური სახე მიეღო და გრძელი, გაცრეცილი და სიძველისგან ალაგ-ალაგ გამოხეული სამოსი ემოსა, რომელზეც საჭმლით სავსე ჭურჭლები ჰქონდა ჩამოკიდებული. როცა ბერს გვერდით ჩაუარა, წმინდა მამამ ჰკითხა: „საით გაგიწევია?" „საძმოს მოსანახულებლად მივდივარ", - უპასუხა მან. „ამდენი ჭურჭელი რისთვის გჭირდება?" - არ მოეშვა აბბა მაკარი. „ძმებისათვის საჭმელი მიმაქვს", - მიუგო დემონმა. „ეს სულ საჭმელია?" - გაოცდა ბერი. „რა თქმა უნდა, - უპასუხა სატანამ, - თუ ერთი არ მოეწონებათ, მეორეს მიირთმევენ, თუ ისიც არ მოეწონებათ, აირჩევენ რომელსაც ისურვებენ, რომელიმე აუცილებლად ესიამოვნებათ". ამის შემდეგ ბოროტმა სულმა გზა განაგრძო, წმინდა მამა გზას მანამ გასცქეროდა, სანამ უკან მობრუნებული სატანა კვლავ არ იხილა. „მშვიდობა შენდა", - გასძახა აბბამ მოახლოებულ ბოროტს, „სად მაქვს მშვიდობა? მონასტერში ყველა მკაცრად დამხვდა და უხეშად მომექცა, არავინ მიმიღო", - შესჩივლა მან. „განა მათ შორის ერთი მეგობარი მაინც არ აღმოგაჩნდა?" - გაიკვირვა მაკარიმ. მაშინ სატანამ გაუმხილა: „ერთი ძმა მყავს ახლობელი, ის ყოველთვის მისმენს და როგორც კი დამინახავს, ქარივით იწყებს ბზრიალს". განდეგილმა მას იმ ძმის სახელი ჰკითხა. „თეოპემპტი", - უპასუხა დემონმა და წავიდა. მაკარი მაშინვე მეზობელი უდაბნოსკენ გაემართა. ძმებმა წმინდა მამის მოსვლის შესახებ რომ შეიტყვეს, პალმის ტოტებით გამოეგებნენ. თითოეულ მონაზონს სურდა, რომ აბბა მოსასვენებლად მასთან გაჩერებულიყო, მაგრამ მაკარიმ იკითხა, თუ რომელს ერქვა თეოპემპტი, მონახა მისი სენაკი და მასთან შევიდა. როცა ძმასთან მარტო დარჩა, ბერმა ჰკითხა: „როგორ ცხოვრობ, ძმაო?" „შენი ლოცვით, კარგად, მამაო", - უპასუხა თეოპემპტიმ. აბბა დაინტერესდა: „ხომ არ გაწუხებს გულისთქმები?" ძმას შერცხვა აღიარებისა და იუარა, მაშინ წმინდა მამამ სხვა ხერხი მოსინჯა: „ამდენი წელია ღვაწლში ვარ და ყველა პატივს მცემს, მაგრამ მეც კი, უკვე მოხუცს, კიდევ არ მასვენებს სიძვის სული". მაშინ თეოპემპტიმ აღიარა: „მეც მაწუხებენ სიძვის ბრძოლები, მამაო". წმინდა მაკარიმ სხვა გულისთქმების შესახებაც აღიარა, თითქოს მათგანაც გამოიცდებოდა და ამით გამხნევებული ძმა ნელ-ნელა ყველაფერში გამოუტყდა ბერს. ამის შემდეგ წმინდა მამამ ჰკითხა: „როგორ მარხულობ?" „მეცხრე ჟამამდე!" - უპასუხა ძმამ. „იმარხულე საღამომდე, იღვაწე, იკითხე წმინდა სახარება და სხვა წერილები, როცა გულისთქმა გეწვევა, მიწიერზე ნუ იფიქრებ, პირიქით, შენი მზერა მაღლა, ზეცისკენ მიმართე და უფალი აუცილებლად შეგეწევა". მას შემდეგ, რაც ძმა დამოძღვრა, წმინდა მამა უდაბნოში დაბრუნდა. გავიდა ხანი და ბერმა ისევ იხილა საძმოსაკენ აჩქარებით მიმავალი დემონი. „საით მიდიხარ?" - ჰკითა მაკარიმ, „ძმების მოსანახულებლად", - უპასუხა მან. ბერი დაელოდა და უკან მობრუნებულ ბოროტს კვლავ ჰკითხა: „როგორ მდგომარეობაში დაგხვდნენ ძმები?" „უარესს ნუ იკითხავ, - შეუბღვირა დემონმა, - ისინი უხეშები, მკაცრები და მიუკარებლები არიან, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩემმა ახლობელმა ძმამაც ზურგი მაქცია, აღარაფერს მისმენს და სხვებზე მკაცრიც კი გახდა. დავიფიცე, რომ მათ ხშირად აღარ ვესტუმრები და მხოლოდ ძალიან იშვიათად მოვინახულებ". ამის შემდეგ გაბრაზებულმა დემონმა წმინდა მაკარი დატოვა და გზა განაგრძო, ბერი კი თავის სენაკს გულდამშვიდებული დაუბრუნდა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"