„ოცი წლის წინ, - იხსენებდა პეტერბურგის მკვიდრი, ელიზავეტა პავლოვნა ივანოვა, - მე კოსტრომის ოლქში მდებარე კრივოეზერის დედათა სავანეში ვისვენებდი. იქ შემხვდა ერთი ქალბატონი თავის ცხრა წლის გოგონასთან ერთად. ამ ქალმა მიამბო: „ეს ჩემი ქალიშვილია, ვერა, ის ბრმა დაიბადა და მთელი ცხრა წლის განმავლობაში არ ჰქონდა თვალის ჩინი. მე შვილის გამო უსაზღვროდ განვიცდიდი, მოსვენება მქონდა დაკარგული დღისითაც და ღამითაც. მასთან ერთად მოვიარე ყველა ცნობილი თვალის ექიმი, მაგრამ ისინი ერთსა და იმავეს იმეორებდნენ, რომ გოგონას სიბრმავე უკურნებელი იყო. მე მხოლოდ ღვთის შეწევნისა და ღირსი სერაფიმეს მეოხების იმედიღა დამრჩენოდა. და აი, ორი კვირის წინ ჩამოვედით საროვოში. მთელი კვირა ტაძრიდან არ გამოვსულვარ და არ მოვცილებივართ ღირსი მამის წმინდა ნაწილებს, მხურვალე გულითა და ცრემლით ვევედრებოდი წმინდანს, ყოფილიყო მეოხი გოგონასათვის უფლის წინაშე, რათა უზენაესს წყალობა მოეღო და ბავშვისთვის თვალი აეხილა, მაგრამ თითქოსდა წმინდა სერაფიმე ჩვენს ლოცვას არ ისმენდა. ერთი კვირის შემდეგ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე და მეეტლე დავიქირავე, რომელიც სასტუმროს კართან გვიცდიდა. საშინელი დარდისა და ნაღველისგან გული ნაწილებად მეხლიჩებოდა, ამასთანავე, არ მტოვებდა იმედი ღვთის შეწევნისა და ღირსი სერაფიმეს მეოხებისა. მოვკიდე ხელი ვერას და უკანასკნელად კვლავ წავედი ტაძარში, გოგონა პირდაპირ წმინდანის ლუსკუმის წინ მუხლებზე დავაყენე და გოდებით მივმართე ქალიშვილს: „ილოცე, მხურვალე ლოცვა აღუვლინე წმინდა სერაფიმეს, რათა თვალები აგეხილოს, მას ყოველივე ძალუძს ღვთის წინაშე". თავად მეც ლოცვად დავდექი და მხურვალედ ვევედრებოდი ღირს მამას, რომ ჩემი გული სიხარულით აევსო და მე და ვერა უნუგეშოდ არ გავეშვით აქედან. ლოცვის დროს მზად ვიყავი მოვმკვდარიყავი მწუხარებისგან, მაგრამ უცებ მთელი ტაძარი ვერას ხმამ აავსო: „მე ვხედავ, დედა! ვხედავ!" - ყვიროდა ის. სიხარულისგან ბავშვი ყველაფერ ბრწყინვალეს ეხვეოდა და ეფერებოდა, ღირსი მამის წმინდა ნაწილებს, ჯვარს, სახარებას, მას ყველაფერი აოცებდა და აინტერესებდა. მე არ შემიძლია მაშინდელი ჩემი მდგომარეობის გადმოცემა, ვხარობდი ქალიშვილთან ერთად, ჩვენთან ერთად კი ყველა ტაძარში მყოფი ხარობდა. ვტიროდით და სიხარულის ცრემლებით ვმადლობდით და ვადიდებდით უფალს და წმინდა სერაფიმეს". როცა დედამ ამბის თხრობა დაასრულა, მე ვერას მივუახლოვდი, მსურდა მეხილა მისი საოცარი თვალები, რომლებიც ძვირფასი მარგალიტებივით ბრწყინავდნენ".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"