რელიგიური კონტექსტის თანახმად, სიტყვა სამსჯავრო ასოცირდება იმ უკანასკნელ სამსჯავროსთან, რომელსაც აღასრულებს მაცხოვარი მეორედ მოსვლის ჟამჯს. ხელთა გვაქვს თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორისა და ღვთისმეტყველის ნაშრომი „სამოთხე და ჯოჯოხეთი". ავტორი წმიდა წერილში არა ერთ, არამედ სამ სამსჯავროს შენიშნავს. პირველი სამსჯავრო დაკავშირებულია მაცხოვრის პირველ მოსვლასთან, მეორე - ჩვენი აღსასრულის ჟამთან, ხოლო მესამე - ქრისტეს მეორედ მოსვლასთან. სამივე სამსჯავრო ურთიერთკავშირშია: პირველს მოსდევს მომდევნო ორი სამსჯავრო. პირველი და მეორე სამსჯავროს სულიერი გააზრების გარეშე რთული გასაგებია მესამე სამსჯავროს არსი.
პირველი სამსჯავრო.
სამსჯავრო ადამიანის ბრალეულობის გარკვევას და მტყუან-მართალის გარჩევას ნიშნავს. სამსჯავროზე გამოაქვს განაჩენი: სიცოცხლის ღირსია ადამიანი თუ სიკვდილის, ამ შემთხვევაში - მარადიული სიცოცხლისა თუ სიკვდილის. იესო ქრისტეს, როგორც ღმერთკაცის, პირველი მოსვლა კაცობრიობას ორ ნაწილად ჰყოფს: ერთნი, რომლებსაც სწამთ ქრისტეს სწავლება და მეორენი, რომლებსაც არ სწამთ ეს სწავლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორ ბანაკია. ერთი ნაწილი არის ეკლესია, მოწაფეები და მისი მიმდევრები; მეორე ნაწილი „დანარჩენი მსოფლიო", ადამიანები, რომლებსაც სძულთ ქრისტე, ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან მას, მის ნებას. კაცობრიობის ერთ ნაწილში ქრისტეს სიყვარულის, სიმართლისა და სინათლის მეუფებაა, ხოლო მეორე მხარეს - სატანის, წყვდიადის, სიცრუისა და უსამართლობის მეუფება.
პირველ სამსჯავროზე ქრისტე არ განგვსჯის ჩვენ, არამედ ჩვენ - მას. შემდეგ ზეცაში გამოგვიტანენ განაჩენს და მიგვაკუთვნებენ ადამიანების ამა თუ იმ კატეგორიას. ქრისტესადმი ჩვენი დამოკიდებულებით განვსჯით ჩვენ საკუთარ თავს - ქრისტეს მეგობრების რიცხვს ვეკუთვნებით თუ ქრისტეს მტრებისას. კაცობრიობის ისტორიაში შემოაბიჯა ქრისტემ. ის, როგორც ჭეშმარიტი სინათლე, გაჩნდა სიბნელეში, წყვდიადში და უმალ მყის დაიწყო სამსჯავრო - გაყოფა ნათელისა წყვდიადისაგან. როდესაც ქრისტეს მივეახლებით, მეყსეულად ნათლის ძეებად (იოან. 12.36) გადავიქცევით. ხოლო თუ მისგან შორს ყოფნას ვარჩევთ - წყვდიადის ძეები გავხდებით. ასეთ შედარებას თავად მაცხოვარიც მიმართავს პირველ სამსჯავროზე საუბრისას:
„და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყვარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნენ საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა არა ემხილნეს საქმენი მისნი. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რათა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან".(იოან. 3.19-21).
ქრისტეს პიროვნების განსჯა - შეფასება, რომელსაც ყოველი ადამიანი აღასრულებს, არის თავად ადამიანის სამსჯავრო. ეს მისი საკუთარი არჩევანია, რომელიც განსაზღვრავს მისი ცხოვრების წესს, ხოლო საბოლოოდ ადამიანის ხვედრს - მარადიულ ცხონებას ან მარადიულ სასჯელს.
მაცხოვრის პირველი მოსვლა განსჯის კაცობრიობას. ადამიანი ვერ დარჩება პასიური ქრისტეს წინაშე. ვდგებით დილემის წინაშე, ვალდებულნი ვართ ვიქონიოთ გარკვეული დამოკიდებულება ქრისტეს მიმართ. ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იტყვი, რომ არა გაქვს მასთან საქმე, შენ უკვე გააკეთე არჩევანი - აღმოჩნდი სხვა, უცხო ბანაკში, ქრისტესგან შორს. აი, ეს არის პირველი სამსჯავრო.
ამრიგად, ჩვენსავე გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორი ცხოვრების წესს ავირჩევთ. საკუთარი თავისუფალი არჩევანისამებრ გაგვამწესებს უფალი მეორედ მოსვლის ჟამს.
მეორე სამსჯავრო
მეორე სამსჯავრო ჩვენი სიკვდილის ჟამს აღესრულება. ამ სამსჯავროს არანაირი აზრი და მნიშვნელობა არ ექნებოდა, ადამიანი ყოველთვის სიცოცხლის ბოლომდე ურყევად რომ მდგარიყო ჭეშმარიტებაში. მაშინ სიკვდილი ნამდვილად არ გახდებოდა სასჯელის საწინდარი, ვინაიდან არ იქნებოდა გარჩევა ცოდვილისა მართალისაგან. ცხოვრების გამოცდილება ცხადყოფს, რომ პირველი სამსჯავროს შემდეგ, ჩვენ სხვადასხვა ცოდვის ზემოქმედების ქვეშ ვექცევით. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავდაპირველად იყვნენ მორწმუნენი, ხოლო შემდეგ განუდგნენ ქრისტეს მხედრობას და პირიქით - არსებობენ მონანული ათეისტები, რომლებიც შეუერთდნენ ქრისტეს ეკლესიას და მაღალ სულიერ სიმაღლეებსაც მიაღწიეს მის წიაღში. ისტორიიდან ცნობილია საშინელი მაგალითები. მორწმუნე ქრისტიანები, იერარქიებიც კი, სიკვდილის წინ უარყოფდნენ ქრისტეს. შესაბამისად, სიკვდილის ჟამს აღარ მიეკუთვნებოდნენ ქრისტეს სამწყსოს და სამუდამოდ კარგავდნენ სასუფევლის დამკვიდრების უფლებას. არსებობს საპირისპირო მაგალითებიც, როდესაც პირველი სამსჯავრო ადამიანისთვის არასასურველი იყო, მაგრამ ცხოვრების ბოლოს შეინანა, ირწმუნა ქრისტე, აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ვით ჯვარცმულმა ავაზაკმა და მარადიული ნეტარი ცხოვრებაც დაიმკვიდრა.
ამრიგად, მეორე სამსჯავრო სიკვდილის ჟამს აღესრულება. ეს განსაზღვრული სამსჯავროა. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: „წინა - უც კაცთა ერთგზის სიკვდილი და მისა შემდგომად საშჯელი".(ებრ. 9.27).
მეორე სამსჯავროს გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. გამართლებულნი პირველ სამსჯავროზე გამოსყიდვის ღირსნი ვხდებით, მაგრამ სიკვდილის ბოლო წუთამდე ჩვენ არ გვაქვს ცხონების სრული გარანტია. როდესაც მეორე სამსჯავროზეც მოვიპოვებთ გამარჯვებას, მაშინჩვენ საბოლოოდ თავისუფლებით ცოდვებისა და განსაცდელებისაგან, რაც უთუო და უეჭველი ცხონების მომასწავლებელია.
საბოლოო სამსჯავრო
მესამე სამსჯავრო იქნება უკანასკნელი, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. მასზე მართლმსაჯული ღმერთი ოფიციალურად განამტკიცებს პირველი და მეორე სამსჯავროების გადაწყვეტილებას. მესამე სამსჯავრო არ შეიტანს არანაირ ცვლილებებს იმ განაჩენში, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც აღსრულდება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. თუ ირწმუნე ქრისტეს სწავლებისა აქ დედამიწაზე, თუ პირველ სამსჯავროზე შეინარჩუნე ჭეშმარიტი სარწმუნოება შეურყვნელად, წმინდად, ნაყოფიერად სიკვდილის ბოლო წუთამდე, მაშინ უკანასკნელი სამსჯავრო იქნება მარადიული ნეტარი ცხოვრებით დაჯილდოება, დაგვირგვინება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სიკვდილმა რწმენადაკარგულ, ქრისტეს უარმყოფელ მდგომარეობაში მოგვისწრო - უკანასკნელი სამსჯავრო მხოლოდ დაადასტურებს საბოლოოდ ბრალეულობას და სრულიად დააკისრებს სასჯელს, რომელიც ნაწილობრივ უკვე დაეტვირთა ადამიანს გარდაცვალების ჟამს.
სამი სამსჯავროდან უკანასკნელი ყველაზე მეტად ამართლებს თავის სახელწოდებას. არა მხოლოდ სახელის გამო, არამედ რეალურადაც ის იქნება საშინელი სამსჯავრო. მაცხოვრის მეორედ მოსვლის დროს, რომელიც იქნება მესამე და საბოლოო სამსჯავრო, ყველა გონიერი ქმნილების თვალწინ, რომლებსაც ოდესმე უცხოვრიათ დედამიწაზე, გაიმართება საყოველთაო სამსჯავრო პროცესი. მსაჯული იქ იქნება ყოვლისშემძლე და ყოვლადსართლიანი ღმერთი, მოწმეები - ანგელოზთა კრებული და მთელი კაცობრიობა, მსჯავრდებული - ყოველი პიროვნება, ოდესმე მცხოვრები დედამიწის ზურგზე.
საშინელი იქნება ის სამსჯავრო: „რამეთუ ჩვენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა იგი ქმნა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი".(2 კორ. 5.10).
იმ დღეს ჩვენ „ოფიციალურად" განვიკითხებით. მაშინ მთელი სამყაროსათვის გაცხადდება ჩვენი ნამდვილი სახე. მაშინ ყველას გასაგონად მოვისმენთ განაჩენს მარადიული ნეტარებისა, თუ მარადიული ტანჯვის შესახებ. ის დღე ჭეშმარიტად იქნება უზენაესი სამართლიანობის დღე; იგი მართლებს უსაზღვრო მადლიერებით აღავსებს, ხოლო ცოდვილები - ისინი, რაკი არაფერი ექნებათ თავის გასამართლებელი, მოისმენენ ღვთის განაჩენს: „და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნესა". (მათ. 25.46).
იმისდა მიუხედვით, თუ რა გზა აირჩია ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე ერგება მას განაჩენი.
ტექსტი მოამზადა: + დეკანოზმა კონსტანტინე(ჯინჭარაძემ)