გვიამბობენ, რომ როდესაც იოსებ პანეფოსელი კვდებოდა, მასთან ბერები იმყოფებოდნენ. მომაკვდავმა კარს გახედა და ზღურბლზე დემონი იხილა. აბბამ მაშინვე მოწაფე მოიხმო და უბრძანა: „ახლავე კვერთხი მომართვი, მას ჰგონია, რომ დავბერდი და ვეღარ შევძლებ მასთან გამკლავებას". მოწაფემ მისი ბრძანება შეასრულა. როგორც კი აბბა იოსებმა კვერთხი ხელში აიღო, ბერებმა იხილეს, თუ როგორ გაიელვა დემონმა კარში ძაღლის სახით და გაუჩინარდა.
გარდაცვალების წინ აბბა არსენმა ტირილით აღიარა, რომ შიში, რომელსაც იმ წუთებში გრძნობდა, მონაზვნად აღკვეცის დღიდან სდევდა თან
როდესაც აბბა არსენის აღსასრული მოახლოვდა, მისი მოწაფეები ძრწოლამ მოიცვა. აბბამ ისინი ასე დამოძღვრა: „ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი გასვლის დრო, როდესაც ეს წუთი მომიახლოვდება, მაშინვე გაცნობებთ. მაგრამ იცოდეთ, რომ თუ ჩემს ნეშტს ვინმეს გადასცემთ, თქვენთან ერთად განვისჯები ღვთის სამსჯავროზე". „მაშ როგორ მოვიქცეთ? არ ვიცით როგორ დაგკრძალოთ," - უპასუხეს დაბნეულმა მოწაფეებმა. მაშინ ბერმა უთხრა: „ნუთუ არ იცით როგორ მომაბათ ფეხზე თოკი და ამათრიოთ მთაზე?" ამის შემდეგ ბერმა ხმამაღლა წარმოთქვა: „არსენ! რისთვის წახვედი ერიდან? ხანგრძლივი საუბრების შემდეგ ხშირად ინანიებდი, მაგრამ მდუმარების შემდეგ - არასოდეს". როდესაც აღსასრული მოუახლოვდა, ძმებმა ნახეს, რომ აბბა ტიროდა და ჰკითხეს: „მამაო, ნუთუ შენც შიშმა შეგიპყრო?" „მართალია, - უპასუხა ბერმა, - ახლანდელი ჩემი შიში თან მდევს მას შემდეგ, რაც მონაზვნობის ღვაწლი ვიტვირთე".
აბბა პამბოს სიკვდილისწინა აღსარება
აბბა პამბოს შესახებ ყვებოდნენ: როდესაც ბერს სიკვდილის დრო დაუდგა, აღსასრულის წინ თავისთან შეკრებილ მოღვაწე მამებს მიმართა: „მას შემდეგ, რაც ამ უდაბნოში დავმკვიდრდი და სენაკი ავიშენე, არ მიგემია სხვა პური, გარდა საკუთარი ხელით მოპოვებულისა და არასდროს მინანია არცერთი ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვის გამო ამ წუთებამდე. ახლა კი ისე ვტოვებ წუთისოფელს, თითქოს არც დამეწყოს უფლის მსახურება".
აბბა აღათონი, რომელმაც აღსრულების ჟამს ღვთის სამსჯავრო იხილა, ძრწოდა, რამეთუ არ უწყოდა სათნო იყო თუ არა ღვთისთვის მისი საქმენი
როდესაც აბბა აღათონის აღსასრული მოახლოვდა, მან სამი დღე უმოძრაო მდგომარეობაში გაატარა, იწვა სარეცელზე თვალებახელილი და ერთი მიმართულებით იმზირებოდა. ძმებმა შეაჯანჯღარეს და ჰკითხეს: „აბბა! სად იმყოფები?" მათ გაიოცეს: „მამაო! ნუთუ შენც შიში გიპყრობს?" „მე მთელი ძალისხმევით ვცდილობდი ღვთის მცნებების აღსრულებას, მაგრამ ადამიანი ვარ და არ ვიცი, სათნოა თუ არა ღვთისთვის ჩემი საქმენი" - მიუგო ძმებს მომაკვდავმა. „განა არ ხარ დარწმუნებული, რომ შენი ღვაწლი ღვთისთვის სათნოა?" - ჩაეძიენ ძმები. აბბა აღათონმა კი უპასუხა: „მე ამაში ვერ დავრწმუნდები, ვიდრე ღვთის წინაშე არ წარვდგები, რამეთუ ღვთის სამსჯავრო ერთია, ადამიანური კი - მეორე". როდესაც ძმებმა დააპირეს, რომ რაიმე კიდევ ეკითხათ, მომაკვდავმა ისინი შეაჩერა: „გამოიჩინეთ სიყვარული და ნუ დამელაპარაკებით, რადგან დაკავებული ვარ", - და მაშინვე სული სხეულს სიხარულით განეშორა. ბერები გააოგნა იმან, რომ აბბა აღათონი ისე აღესრულა, თითქოსდა თავის საყვარელ მეგობრებს ეგებებოდა.
აბბა იოანე კოლოვი (მოკლე) ისეთი სიხარულით ხვდებოდა თავის აღსასრულს, თითქოს სამშობლოში ბრუნდებოდა
როდესაც იოანე კოლოვი წუთისოფლიდან გადიოდა, ისეთმა სიხარულმა შეიპყრო, თითქოსდა სამშობლოში ბრუნდებოდა. მის სარეცელთან შეკრებილი და შეძრწუნებული ძმები მომაკვდავს შეევედრნენ, რომ გარდაცვალების წინ მათთვის სულიერ მემკვიდრეობად რაიმე დარიგება დაეტოვებინა, რომელიც მათ ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევაში დაეხმარებოდა. ბერმა ამოიოხრა და თქვა: „არასოდეს ვასრულებდი საკუთარ ნებას და არასოდეს ვასწავლიდი სხვას იმას, რაც მანამდე თავად არ მქონდა შესრულებული".
ღვთისმოსავი ბერი გარდაცვალებისას სიხარულით იყო აღსავსე
ერთი ღვთისმოსავი ბერი, მიაღწია რა ღრმა სიბერემდე, სასიკვდილო სარეცელზე აღმოჩნდა. ძმები მის სარეცელთან შემოიკრიბნენ და განშორების გამო მწარედ ქვითინებდნენ. ბერი კი, მათგან განსხვავებით, სიხარულით იყო აღსავსე, უცხოტომელის სული ანგელოზებმა გააცილეს, ხოლო ღირსეულად მოღვაწე ძმა მსგავსი პატივის ღირსი ვერ გახდა? მაღლიდან პასუხად მოისმა: „ღვაწლმოსილი ბერის სული გასვლისას მის გარშემო მოტირალ ახლობლებს ხედავდა და ამით იყო ნუგეშცემული. უცხოტომელი დაუდევარი ძმა კი ნუგეშად ვერცერთ ახლობელს ვერ ხედავდა და ასე მარტოდ დარჩენილი თავად ტიროდა, სწორედ ამიტომაც ის უფალმა ანუგეშა".
ღირსი ნიკონ რადონეჟელის აღსასრული
ღირსმა ნიკონ რადონეჟელმა სიკვდილის წინა გამოცხადებაში თავისი მარადიული განსასვენებელი ღირსი სერგის გვერდით იხილა. აღსრულების წუთებში მან თავისთვის წარმოსთქვა: „ჩემო სულო, იქით გაემართე, სადაც ადგილი გაქვს გამზადებული, გაეშურე სიხარულით, რამეთუ ქრისტე შეგიფარებს".
გლინელი სქემმონაზონი ექვთიმე სიხარულის ცრემლებით აღესრულა
როდესაც გლინელ სქემმონაზონ ექვთიმეს აღსასრული მოუახლოვდა, მან სიკვდილის წინ წმინდა საიდუმლოებებთან ზიარება ითხოვა. თხოვნა შეუსრულეს, მომაკვდავს წმინდა ზეთი აცხეს და აზიარეს. ქრისტეს სისხლის და ხორცის მიღების შემდეგ ის იჯდა მშვიდად, ელოდა თავის გასვლას წუთისოფლიდან და სახეზე დაფენილ ღიმილთან ერთად თვალებიდან სიხარულის ცრემლები ჩამოსდიოდა. ერთმა ძმამ ჩვეული უბრალოებით ჰკითხა: „მამაო, რატომ ტირით, განა თქვენც გეშინიათ სიკვდილის?" ბერმა მას სათნო ღიმილით შეხედა და უთხრა: „რისი უნდა მეშინოდეს? განა შეიძლება ჩემი ზეციერი მამისკენ მივდიოდე და მეშინოდეს? არა, ძმაო, ღვთის მადლით, შიში არ მაქვს, ეს ცრემლები კი, რომელსაც შენ ხედავ, სიხარულის ცრემლებია. რამდენ ხანს ისწრაფვოდა ჩემი სული უფლისაკენ, ახლა კი ნეტარი წუთები მომიახლოვდა. მალე წარვდგები მის წინ, ვისკენაც მუდამ ვივლტოდი და მისი ხილვის ღირსი შევიქნები. აი, რატომ მდის სიხარულის ცრემლები". ამის შემდეგ სქემმონაზონმა მშვიდად და უკანასკნელად ამოისუნთქა, მისმა ნეტარმა სულმა მიწიერი ჯაფით დაქანცული სხეული დატოვა და თავისი საყვარელი და სათაყვანებელი უფლისაკენ შიშითა და სიხარულით წარემართა.
მონაზონ იზრაილის სიკვდილისწინა ჩვენება
მონაზონი იზრაილი, რომელიც სერგის ლავრას მახლობლად მდებარე ჩერნიგოვის სკიტში მოღვაწეობდა, თავისი ჭეშმარიტად ბერული ცხოვრებით ღირსი შეიქნა ნეტარი, სამოთხის ღირსი, აღსასრულის, როგორც ამას სკიტის საავადმყოფოს ძმები გვიამბობდნენ. გარდაცვალების წინ მან თავისთან უხმო საავადმყოფოს ერთ-ერთ მომსახურეს და აღფრთოვანებული სახით განუცხადა: „ძვირფასო ძმაო ვასილი, რომ იცოდე რას ვხედავ, ჩემთან ოთახში შემოდიან წმინდანები და მათ უკან უამრავი მონაზონი მოჰყვება, იცი როგორი ნათელი ადგათ და რა მშვენიერნი არიან?! აი, სადაცაა მომიახლოვდებიან და რაოდენ დიდი სიხარული და ბედნიერებაა ეს ჩემთვის!" როდესაც იქ მყოფნი მამა იზრაილს დააკვირდნენ, ის უკვე აღსრულებულიყო. მონაზონი სიკვდილის წუთებში ღირსი გახდა ყველა იმ წმინდანისა და ღირსი მამის ხილვისა, რომელთაც მუდამ მიმართავდა თავის ლოცვებში და შეწევნისათვის მოუხმობდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე.
მომაკვდავმა ბერმა ნათლის ანგელოზი იხილა
წმინდა სამების სერგის ლავრის მღვდელმონაზონმა მანუელმა გვიამბო: „ერთხელ, საღამოს ცხრა საათზე, მიხმეს, რათა ერთი სნეული ნერი სიკვდილის წინ დამელოცა და მეზიარებინა. მას ნათელი და სასიამოვნო სახე ჰქონდა და მისი ყველა ამოსუნთქვა გაჯერებული იყო უფლის ნებას მინდობილი ღვთივსათნო გრძნობით. აღსარების შემდეგ ვიჩქარე მეზიარებინა, რადგან ზეთისცხება მანამდე შეესრულებინათ. როცა ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ეზიარა, მანიშნა, რომ მივახლოვებოდი. მისი სახე სიხარულის შუქით ბრწყინავდა. როდესაც ყური ბაგეებთან ახლოს მივუტანე, ჩურჩულით მითხრა: „მამაო! ხედავთ ელვასავით ბრწყინვალე ნათლის ანგელოზს?" მე ვუპასუხე, რომ ვერაფერს ვხედავდი. მან უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, პირჯვარი გამოისახა და აღესრულა".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"