ქრისტიანული ოჯახი, პავლე მოციქულის თქმით, მცირე ეკლესიაა. შეგვიძლია, აგრეთვე, ვთქვათ, რომ ოჯახი ერთგვარი მინი-სახელმწიფოა, რომელსაც აქვს თავისი ფუნქცია და ამოცანები. კურთხეული ოჯახის საფუძვლები ქრისტეს სჯულის სწავლებაზე უნდა აიგოს, ვინაიდან არ არსებობს მასზე უფრო მყარი საფუძველი - იესო ქრისტე ყველაზე მტკიცე, ყველაზე საიმედო მესაძირკვლეა.
სწორედ ქრისტიანობამ უწოდა ქორწინებას საიდუმლო. რას გულისხმობს ეს? იმას, რომ ქორწინება არამარტო ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულის გამოვლინებაცაა შეუღლებულებზე, ზოგადად ადამიანზე. ამიტომ ოჯახური სიწმინდის დარღვევისაკენ მიმართული ნებისმიერი განზრახვა, მოქმედება (რასაც ჩვენ „შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ" ვუწოდეთ) იწვევს ღვთივდადგენილი ცხოვრების წესის დაკნინებას, აბუჩად აგდებას. ამით ზიანდება როგორც ეკლესია, ასევე სახელმწიფო. კურთხეული ოჯახი ჭეშმარიტად საწინდარია ძლიერი სახელმწიფოსი.
ასე რომ, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახის სიწმინდის დაცვას, იმის გააზრებას, თუ როგორი უნდა იყოს ცოლქმრული სიყვარული. ხამს ვიცოდეთ, რას ვიძენთ კურთხეული ქორწინების წყალობით და რას ვკარგავთ მისი უგულებელყოფით.
ცოლ-ქმარს საკუთარი სხეულივით უნდა უყვარდეთ ერთმანეთი; უნდა ჰქონდეთ ყველაფერში ნდობა და გულწრფელობა; ერთად უნდა გაიაზრონ ცხოვრებისეული სიხარული და მწუხარება; წმინდად შეინახონ ცოლქმრული ერთგულება; საერთო ძალებით იშრომონ ქრისტიანულ რწმენასა და კეთილზნეობაში სრულყოფისათვის; თუ ბავშვები ჰყავთ, იზრუნონ მათ ჩაცმა-დახურვაზე, კვებაზე, ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და ქრისტიანული, კეთილზნეობრივი სულისკვეთებით აღზრდაზე.
დიდებულად აღწერს ქრისტიანული ეკლესიის ერთი ძველი მასწავლებელი ჭეშმარიტ მეუღლეობრივ ცხოვრებას: „როგორი სასიამოვნოა ორი გული, შეერთებული ერთი იმედით, ერთი სწავლებით, ერთი კანონით! არ არის მათ (მეუღლეებს) შორის არავითარი უთანხმოება არც სულში და არც ხორცში... ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად ასრულებენ მუხლდრეკას, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს რჩევა-დარიგებას აძლევენ, ერთად დადიან ეკლესიაში, ერთად ითმენენ დევნას, ერთად ტკბებიან სიმშვიდით, ერთად გალობენ ფსალმუნებს და ერთმანეთს აღაგზნებენ ღვთის სადიდებლად" (ტერტულიანე).
ასეთი უნდა იყოს ცოლქმრული ცხოვრება. წმ. მამათა სწავლებით, ქრისტიანულმა ოჯახმა უნდა დაიცვას მასზე დაკისრებული ვალდებულებები. ქმარს ევალება: მეუღლეში უმთავრესად სულიერი სილამაზე უყვარდეს და ეცადოს იგივე სილამაზე იპოვოს ცოლმა მასშიც და პატივი სცეს მას.
ცოლი ღვთისგან ბოძებულ საჩუქრად ჩათვალოს, პატივი სცეს მას, ვით ჭეშმარიტ სიმდიდრეს; ნუ მოექცევი მას როგორც მონას, რომელიც შენი ოქროს ფასად არის ნაყიდი. არა შიშითა და მუქარით, არამედ სიყვარულით მოეპყარი მას.
გაუფრთხილდი მეუღლეს, როგორც საკუთარ ჯანმრთელობას. მისი ავადმყოფობა შენს ავადმყოფობად ჩათვალე, მისი სიმწარე - შენს სიმწარედ.
მართალია, ქმარია თავი ცოლისა, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა, მაგრამ ისე უნდა მოაწყო, რომ შენი პირველობა მისთვის იყოს არა გულსატკენი, არამედ - შენი უსაზღვრო სიყვარულის გამომხატველი. დაიცავი მისი გული ამაოებისაგან, მავნე მისწრაფებებისაგან...
და ბოლოს: გძულდეს იმ ქმრების საქციელი, რომლებიც თვითონ უწყობენ ხელს თავიანთი ცოლების ზნეობრივ გახრწნას.
ბედნიერად უნდა მიიჩნიოთ თავი, თუ ღვთისმოშიში ცოლი შეგხვდა. სწორედ ეს სათნოება დაიცავს მეუღლეს მრავალი შეცდომისაგან.
რაც შეეხება ცოლს, მას ეკლესია ასე მიმართავს:
მეუღლევ: შენი მორჩილება არ არის მონური. ეკლესია, როგორც სასძლო, ემორჩილება თავის ღვთაებრივ სასიძოს, რათა მთელი სულითა და გულით უყვარდეს იგი, გრძნობს მისი სიყვარულის აუცილებლობას. იგია მისი მხსნელი და არ შეუძლია უიმისოდ ცხოვრება. ქმარს ისე უნდა უყვარდე, როგორც ქრისტეს უყვარს თავისი ეკლესია. შესაბამისად, შენც უნდა ემორჩილებოდე მას, როგორც ქრისტეს ემორჩილება ეკლესია. შენი ასეთი ძალდაუტანებელი მორჩილება ქმრის გულში ურყევ ერთგულებას ბადებს. ასეთი თვინიერი მორჩილებით შენი ბედნიერება განუზომლად იზრდება და ქმარსაც გადაეცემა.
სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნე მისდამი ერთგულება. შენი ღირსება განუყოფელია უმანკოებისაგან: იყავი შენი პატიოსანი სახელის თავგამოდებული დამცველი.
ნუ ეცდები, მოიპოვო მასზე უპირატესობა; არ განრისხდე, უფრო მეტად უფრთხილდი მის განაწყენებას: შენი სიმშვიდით დააცხრე მისი სიფიცხე...
ეცადე, ყოველმხრივ დაფარო შენი მეუღლის ნაკლი, რაოდენ დიდიც უნდა იყოს იგი. წესრიგი სახლში, სიმშვიდე ოჯახში, მისი კეთილი სახელი, რომელიც გარკვეულწილად შენს ქცევასა და მეოჯახეობასთან არის დაკავშირებული, შენი ქმრის სათნოებად მიითვალე...
იცხოვრე წმინდად, იყავი გულკეთილი და თავმდაბალი...1
ამრიგად, ქრისტიანო! თუ გინდა მოიპოვო ღვთის კურთხევა და არ გახდე იმ შეთქმულების ნაწილი, საფრთხეს რომ უქადის ოჯახისა და სახელმწიფოს არსებობას, დაიცავი სიყვარული ღვთისა და ოჯახისა. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს წმინდა მოვალეობები. უპირველეს ყოვლისა, მრისხანების, ჭირვეულობისა და მომთხოვნელობის ყოველგვარი მისწრაფების ჩაკვლით უნდა დავიცვათ მშვიდობა, მყუდროება და სიწმინდე ჩვენს ოჯახში. დათმობითა და სიყვარულით მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია.
ოჯახის საფუძველი ღვთისგანაა. მან მისცა მამაკაცს ცოლი, ხოლო ორივეს - ბავშვები.
შვილები ვალდებულნი არიან პატივი სცენ მშობლებს, დებსა და ძმებს უყვარდეთ ერთმანეთი და ზრუნავდნენ ერთიმეორეზე.
უფროსებს ოჯახში დიდი პასუხისმგებლობა აწევთ. ისინი მაგალითს უნდა აძლევდნენ უმცროსებს. თავის მხრივ, უმცროსები პატივს უნდა სცემდნენ უფროსებს და, მათი სიკეთისა და სათნოების შემყურე, ბაძავდნენ მათ. მაშინ მტკიცე იქნება ოჯახური კავშირი, მტკიცე იქნება ოჯახური კეთილდღეობა. სწორედ ასეთი ოჯახი სარგებლობს საყოველთაო პატივისცემით. სწორედ ასეთი ოჯახი მიიჩნევა ღვთივკურთხეულ ოჯახად, რომელიც არის საწინდარი ძლიერი სახელმწიფოსი, რომელიც ასე ძლიერ საჭიროებს კურთხეული ოჯახების გამრავლებას.
1 წიგნიდან. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც. ქრისტიანული ოჯახი. თბ. 2006. შემდეგ. გალინა ხარებაშვილი. გვ. 26-30.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია