შეთქმულება 6: ქალთა განთავისუფლების, ემანსიპაციის იდეა
ოჯახის სიწმინდის წინააღმდეგ შეთქმულებას კიდევ ერთ ნიშნად უდავოდ უნდა მივიჩნიოთ ქალთა ემანსიპაციის, იგივე ფემინიზმის იდეა. ნეოლიბერალური ძალები გამალებით ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი, რომ ქალთა უფლებები უხეშად ირღვევა, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი აშკარად არათანაბარია - მამაკაცები ჭარბობენ. ქალთა უფლებები თურმე ირღვევა იმის გამო, რომ ქალებს უწევთ შვილების გაჩენა, შემდეგ მათი გაზრდა, ოჯახზე ზრუნვა და ა.შ. ცხადია, ამას დიდი დრო მიაქვს... მრავალი ქალბატონი უბრალოდ ვეღარ იცვლის სამსახურისთვის. კიდევ მრავალ მიზეზს პოულობენ ფემინისტები საიმისოდ, რომ დაარღვიონ „ძველი სტერეოტიპები" რათა ქალსაც მიეცეს თავისი პოტენციის გამოვლენის სრული შესაძლებლობა, და გაუტოლდეს ამით მამაკაცს. არსებითად, აქ არ არის საუბარი სახელდობრ ქალთა უფლებებზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისინი (ფემინისტები), პირველყოვლისა, დაიცავდნენ მრავალშვილიანი დედების უფლებებს და ა.შ.
ცხადია, ეს საკითხი საჭიროებს სათანადო შესწავლას. უფრო მეტად უნდა გაირკვეს თუ საიდან მოდის ეს იდეა, რა მიზანს ისახავს და რა იმალება მის მიღმა. ცნობილია, რომ ქალთა განთავისუფლების იდეა სულ ცოტა სამი საუკუნის წინ წარმოიშვა. მისი (ფემინიზმის, ემანსიპაციის) წამოწევა კ. მარქსის წინამორბედებს, პირველ სოციალისტებს უკავშირდება. რევოლუციონერ - ფემინისტმა კლარა ცეტკინმა და მისმა თანამოაზრეებმა კიდევ უფრო განავრცეს თემა და იდეოლოგიური სახე მიანიჭეს მას. ეს ხალხი ამბობდა, რომ დადგება დრო, როცა ყველა რასობრივი, კლასობრივი, რელიგიური თუ სხვა განსხვავებანი სრულიად მოისპობა და შეიქმნება ახალი, დიადი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნება. რა თქმა უნდა ეს იდეა ქრისტიანობიდან იყო მითვისებული, მაგრამ ქრისტიანული საწყისები და საფუძვლები მასში დამახინჯებული იქნა და იგი ქრისტიანობის საწინააღმდეგო ცნებად იქცა.
სწორედ ქრისტიანობამ შეხედა პირველმა დედაკაცს, როგორც ადამიანს. ქრისტიანული ეპოქის დადგომისთანავე მამაკაცსა და დედაკაცს შორის ურთიერთობა ძირფესვიანად შეიცვალა. მოციქული ბრძანებს: „არა არს რჩევა მამაკაცისა არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ" (გალ. 3. 27). პრინციპულად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ აქ არ არის ზიზღი სქესისა და მეუღლეობრივი კავშირისადმი, არამედ ხაზგასმულია ადამიანის პიროვნული ფასეულობა და სქესთა თანაბარი მნიშვნელობა ღვთის წინაშე.
სახარება გვამცნობს, რომ ქრისტე უქადაგებდა როგორც მამაკაცებს, ისე დედაკაცებსაც. სწორედ დედები მიჰყვებოდნენ ქრისტეს გოლგოთაზე მაშინ, როდესაც მოციქულები იმალებოდნენ. სწორედ მენელსაცხებლე დედებს გამოეცხადა პირველად მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე.
სწორედ ქრისტიანობამ, პირველმა კაცობრიობის ისტორიაში, დაადგინა წესად, რომ მეუღლეობრივი ღალატი მამაკაცის მხრიდანაც ისევე დაუშვებელია, როგორც დედაკაცის. საერთოდ, ქრისტიანობამ ქორწინებას ჯვრისწერის საიდუმლო უწოდა. მეუღლეების სიყვარული კი ქრისტესა და ეკლესიის სიყვარულთანაა შედარებული: „ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია" (ეფ. 5. 25). წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: „როგორ შეიყვარა ქრისტემ ეკლესია? - თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფ. 5. 26).
ამიტომ სიკვდილიც რომ მოგიხდეს ცოლის გულისათვის, უკან ნუ დაიხევ... არა მხოლოდ ამისთვის გვმართებს მეუღლის სიყვარული, არამედ უფლის მიერ მოცემული კანონის გამოც: „ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედაჲ თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე ერთ ხორც" (შესაქმ. 2. 24). წმ. პავლე მოციქულიც იგივე კანონს გვაძლევს და უმატებს: „საიდუმლო ესე დიდ არს" (ეფ. 5. 38). იკითხავთ, რატომ არის საიდუმლო დიდი? იმიტომ, რომ ქალწული, რომელიც სახლს არ გაშორებია და არასოდეს უნახავს საქმრო, პირველივე დღიდან შეიყვარებს მას, ასევეა ქმარიც - ვინც არასოდეს უნახავს, ვისთანაც მანამდე არასოდეს უსაუბრია, ის მისთვის, პირველივე დღიდან, მეგობრებზე, ნათესავებზე, თვით მშობლებზე აღმატებული ხდება".1
ფემინისტები ეწინააღმდგებიან მოციქულთა დადგენილებებში მოცემულს: „ცოლი დაე ემორჩილებოდეს თავის ქმარს, ვინაიდან ცოლის თავი ქმარია, ხოლო ქმრის თავი - ქრისტე".
მაგრამ ეს მორჩილება ნებაყოფლობითია. მოციქულის თქმით: „დაე, თუ სურს, რათა სათნო ეყოს ღმერთს". იგივეს ამბობს წმ. იოანე ოქროპირი.
ე.ი. მეუღლეობრივი ვალდებულება პირად რელიგიურ შეგნებაზეა აგებული: უმაღლეს კრიტერიუმად საღმრთო ნება და კანონი მიიჩნევა, მაგრამ, იმავდროულად, ცოლს არ ერთმევა თავისუფალი ნება. (გაგრძელება...)
1 წმ. იოანე ოქროპირი. ბჭე სიწმინდისა. რჩევა დაქორწინების მსურველებს. თბ. 2009. გვ. 89.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია