მსოფლმხედველობრივი ნიშნით ქალწულების წინააღმდეგ გაილაშქრა ე.წ. „აღორძინების ეპოქამ", რომელსაც წმინდა მამებმა სახეცვლილი წარმართობა უწოდეს. ამ დროს გაბატონდა ადამიანის კულტი (ჰუმანიზმი და სხვა), სადაც ადამიანის ხორციელ სიამოვნებას იდეოლოგიური მნიშვნელობა მიენიჭა. მოხდა ადამიანის გაღმერთება მთელი თავისი ცოდვისმიერი ცხოვრებითურთ. ცხადია, ეს ყველაფერი ეწინააღმდგებოდა ქალწულებრივ ცხოვრებას. შედეგად, ქალწულებრივი, წმინდა ცხოვრება სიგიჟედ გამოცხადდა. ის არაბუნებრივ, არანორმალურ მოვლენად მიიჩნიეს. ეს აზრი შემდეგ (იდეოლოგიის სახით) მეტასტაზურად მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
3) მესამე კითხვის პასუხად კიდევ ერთი სახარებისეული ეპიზოდი საჭიროებს სათანადო განმარტებას. საქმე ეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაწინდვის საკითხს. მოგეხსენებათ, ქალწულ მარიამს ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, მაგრამ ებრაელთა რჯულის თანახმად ის უნდა დაქორწინებულიყო. ხუცესები საგონებელში ჩავარდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ ამ შემთხვევაში, რათა ორივე მცნება აღსრულებულიყო (რჯულის მოთხოვნაც და ქალწულების აღთქმაც). ვითარებიდან გამოსავალი შემდეგნაირად მოიძებნა: ქალწული მარიამი დაწინდულ იქნა მართალ იოსებზე, რომელიც დაქვრივებული ხანდაზმულ ასაკში იმყოფებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის (ქალწული მარიამი) მიაბარეს მართალ იოსებს და ამით არც რჯული დაირღვა და არც წმინდა ქალწულის აღთქმაც.
პროტესტანტები ხსენებულ საკითხს სულ სხვაგვარად განიხილავენ ანუ მათ ურთიერთობას ჩვეულებრივ მეუღლეობრივ ცხოვრებად მიიჩნევენ. საამისოდ ისინი წმინდა წერილის შემდეგ სიტყვებს იშველიებენ: „განიღვიძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან და წარიყვანა ცოლი თვისი. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ" (მათ. 1. 24-25).
ჯერ ერთი, მაცხოვარი რომ არ იყო მართალი იოსების შვილი ჩანს სახარების შემდეგი სიტყვებიდან: „... შვილო რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა ესერა მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ. და მან ჰრქუა მათ: და რაისა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ არს ჩემი ყოფაი?" (ლუკ. 2. 48-49). ასევე მკაფიოდ ჩანს ეს თავად ღვთისმშობლის სიტყვებიდან გაბრიელ მთავარანგელოზისადმი თქმულში: „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არ ვიცი?" (ლუკ. 1. 34).
რაც შეეხება იესო ქრისტეს და-ძმებს, ეს საკითხი იმთავითვე გაირკვა. ისინი იოსებ დამწინდველის პირველი ქორწინების შვილები იყვნენ.
ძირითად დაბრკოლებას ქმნის სიტყვები „ვიდრემდე შვა ძე". მართალმა იოსებმა არ იცოდა იგი „ვიდრემდე შვა ძე" პროტესტანტების მიერ მკრეხელურად განიმარტება - თითქოს ამის შემდეგ ისინი მეუღლეობრივად თანაცხოვრობდნენ. საქმე ისაა, რომ წმინდა წერილი სიტყვას „ვიდრემდე" სულ სხვა მნიშვნელობით იყენებს.
წმ. იოანე ოქროპირი სიტყვა „ვიდრე", „ვიდრემდე"-ს ბიბლიურ შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას. დაბადების წიგნში ვკითხულობთ: „და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განხმობამდე წყლისა ქუეყანისაგან" (დაბად. 8. 7), მაგრამ ყორანი შემდეგაც არ დაბადებულა. ფსალმუნში ვკითხულობთ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჰსჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავხსნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა" (ფს. 109, 1), მაგრამ მტრების დამარცხების შემდეგაც ძე ღვთისა ზის მამაღმერთის გვერდით. მათე მახარებელთანაც ვისმენთ: „და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდი გარდაიხადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი" (მათ. 18, 34). ანუ არსებითად სამუდამოდ, ვინაიდან როგორ და რითი გადაიხდიდა ვალს, როდესაც მტანჯველების ხელთ იმყოფებოდა? ამ სიტყვის სხვაგვარი შინაარსი სახარების სხვა ეპიზოდიდანაც ჩანს: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათ. 28. 20). მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, რომ „სოფლის აღსასრულის" შემდეგ ის არ იქნება ჩვენთან? არა! სწორედ მაშინ მით უფრო იქნება იგი ჩვენთან.1
ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად სიტყვა „ვიდრემდე" შინაარსობრივად განიმარტება როგორც „საბოლოოდ", „და ბოლოს" (არქ. ეპ. ამბერკი ტაუშევი). „და არა იცოდა იგი, და ბოლოს შვა ძე იგი მისი პირმშოი და უწოდა სახელი მისი იესუ". ცხადია, პროტესტანტებს და მათთან ერთად ეკლესიის სხვა მტრებს არ სურთ ამგვარი განმარტების გათავისება. მათ სურთ შეიტანონ აზრი, რომ ქრისტეს შობის შემდეგაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჰყავდა შვილები. ნუ იყოფინ!
4) ახლა ვნახოთ რას ამბობს ქალწულებისა და უმწიკვლო ცხოვრების მნიშვნელობაზე წმინდა გარდამოცემა.
წმ. იოანე ოქროპირი: „გევედრებით, უწინარეს ყოვლისა, იზრუნეთ თქვენი ძის სულზე: თუ ის დაქორწინდება უმწიკვლო საცოლეზე და მხოლოდ მისი სხეული ეცოდინება, უფრო მხურვალედაც ეყვარება და ღვთისმოშიშებაც გაუღრმავდება".2
მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, (როგორც ქალიშვილისთვის, ისე ჭაბუკისთვის) მეტად მნიშვნელოვანია სიწმინდის, ქალწულების დაცვა, სანამ დაქორწინდება, და შეუერთდება თავის მეორე ნახევარს. სწორედ ამაზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას წმინდა მღვდელმთავარი. სხვა წერილში ვკითხულობთ: „დაიცავი უბიწოება: არა გაქვს უფლება, ხორცი მანკიერ სურვილთა დასაკმაყოფილებლად გამოიყენო, მისი მეშვეობით მხოლოდ ღვთის მცნებები უნდა აღასრულო"3; „ყოველივე ქორწინებამდე კარგად ავწონ-დავწონოთ, გავეცნოთ პავლეს მიერ შექმნილ კანონებს და მთელი ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ თავიდანვე ზნეკეთილი და ჩვენი ხასიათის შესაფერისი ცოლი შევირთოთ".4
წმ. ანტონ ჭყონდიდელი შეგვაგონებს: „ღმერთი ქალწულთ დიდს ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუს: პირველად ეს, რომ ღვთისა მიმართ სასურველი ძღვენი არის, ვითარცა დავით იტყვის: „მიერთვნენ მეუფესა ქალწულნი"; მეორედ ესე, ქრისტეს დედა ხმობილი არის, ვითარცა იტყვის ღვთისმეტყველი გრიგოლი: „დედანო! ქალწულ - იყვენით, რათა დედა იქმნეთ ქრისტესა". აწ მეძავთა და მემრუშეთა სასჯელი ვსთქუათ. მეძაობისათვის ნოეს ჟამში ქუეყანა წყლივ რღვნისაგან აღიხოცა, დიდ-დიდი ქალაქი სოდომი და გომორი ცეცხლით დაიწვნენ. ისრაელთ ისიძვეს და უფლის რისხვით სრვა მოუვლინდათ, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: „რა განრისხნა უფალი ერსა თვისსა ზედა". მტკიცე სახეობით აღმოჩნდა, რომ მეძავთ სატანჯველი მიეცემა".5
ჩვენი ოპონენტებისთვის, რასაკვირველია, არ წარმოადგენს ავტორიტეტს არც წმინდა წერილი, არც წმინდა გარდამოცემა, არც ტრადიციული ცხოვრების წესი, რომლითაც ოდითგანვე ცხოვრობს ქართველი ერი. მაგრამ ისეთ ცნებას, როგორიც ქალწულებაა, სწორედ ამ ჭრილში უნდა განიხილებოდეს. დასავლური თუ ჩრდილოეთური ცხოვრების წესის ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრების მცდელობა ნიშნავს გადმოიღო მათი მანკიერი წეს-ჩვეულება და არა პროგრესული აზროვნება.
ქალწულების ინსტიტუტის აბუჩად აგდება და ჩამორჩენილობად წარმოჩენა სწორედ იმ იდეოლოგიური შეთქმულების ნაწილია, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს ოჯახის სიწმინდეს, ოჯახურ იდილიას, რომელიც ადამიანის მთავარ დანიშნულებად ავხორცული ცოდვებისაგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას მიიჩნევს.
ღმერთო, დაგვიცავი ამ მანკიერი ცხოვრების წესისაგან!
1 გამოყ. Торжество девства и хулы на девство. Арх. Аверкий (Таушев).
2 წმ. იოანე ოქროპირი „ბჭე სიწმინდისა". თბ. 2012. გვ. 224.
3 იქვე გვ. 229.
4 იქვე გვ. 243.
5 წმ. ანტონ ჭყონდიდელი. ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ. 2007. გვ. 457.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია