ამ ბოლო დროს პრესით, ტელევიზიითა თუ რადიოთი სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები სკოლებში „სქესობრივი აღზრდის" სწავლების შემოღების შესახებ. მასწავლებლებისთვის უკვე შექმნილია დამხმარე სახელმძღვანელოები, ე.წ. პედაგოგებს უტარდებათ „ტრეინინგები" სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის „სათანადო დოზით" სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ; არც ისე ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეომიმართვები, სადაც ბავშვებს ადრეულ ასაკშივე უღვივებდნენ იმის ცოდნას, რაც ზრდასრული ადამიანისთვისაც კი სულიერად თუ ფსიქოლოგიურად მეტად საზიანო და მომაკვდინებელია.
როგორც ჩანს, „ოჯახის დაგეგმარებისა" და სხვა საზოგადოებათა რამდენიმე წლის წინანდელი უშედეგო მცდელობა სკოლებში სექსოლოგიის საგნის შემოღების შესახებ, ახალი იერიშით გრძელდება. სექსოლოგიის გაკვეთილები სკოლებში შენიღბული სახელწოდებით სურთ შემოიღონ, თითქოს აუცილებელი იყოს ბავშვებისთვის იმის სწავლა, რასაც მოზარდები თავიანთი მშობლებისაგან უნდა იგებდნენ (გოგონები - დედებისაგან, ჭაბუკები კი - მამებისაგან).
„ოჯახის დაგეგმარების" ორგანიზაციათა პრაქტიკული საქმიანობა მსოფლიოში ცხადყოფს, რომ ეს „ლექციები, შეხვედრები", შემოთავაზებული ცხოვრების სტილი, ეთიკური ნორმები... არსით ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას.
სქესობრივი განათლების ადეპტთა ჩვეული მეთოდია „ცივილიზებული სამყაროს სახელით ლაპარაკი, ნიმუშად ევროპული გამოცდილების დასახვა. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ იქაურ სკოლებში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ბავშვთა გამრყვნელი პროგრამების დანერგვა. ერთიც: ყველა სახელმწიფო სხვადასხვაგვარად განიხილავდა ამ საკითხს - ზოგი უფრო შედეგიანად უმკლავდებოდა მსგავს შემოტევას, ზოგი კი - ნაკლებად. მაგალითად, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში სქესობრივი აღზრდა სავალდებულო საგნის სტატუსით დაინერგა, მაგრამ ა.შ.შ.-ს სკოლებში ის ძირითადად ნებაყოფლობით ისწავლება.
სქესობრივი აღზრდის იქაური მრავალწლიანი გამოცდილება სულაც არ იძლევა მაიმედებელ სტატისტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ა.შ.შ.-ში ეს საგანი ისწავლებოდა, საზოგადოება ამით არ გაჯანსაღებულა, როგორც გვინერგავენ ხოლმე ყალბი ლოზუნგით: „რაც მეტი იცი „ამის" შესახებ, მით უფრო დაცული ხარ". სინამდვილეში მოხდა პირიქით, მოსახლეობის დიდი ნაწილი დასნეულდა სხვადასხვა ვენერიული დაავადებებით, რომლებიც სწორედ სქესობრივი ურთიერთობით ვრცელდება. ქვეყანაში ბობოქრობს შიდსის ეპიდემია. სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულიც ადრინდელთან შედარებით ბევრად გაზრდილია, ვიდრე „სექსოლოგიის გაკვეთილების" შემოღებამდე. ასევე იმატა მოზარდთა აბორტების რიცხვმა. ამ მხრივ კიდევ უფრო საგანგაშო ვითარებაა შვედეთსა და ჰოლანდიაში".1
ფაქტები ადასტურებს, რომ „სქესობრივი განათლება" ახდენს ბავშვთა პროვოცირებას, ადრეული ასაკიდან დაიწყონ სქესობრივი ცხოვრება. ყველა ქვეყნის სტატისტიკა ერთხმად ადასტურებს, რომ „სქესობრივი განათლების" შედეგად კიდევ უფრო მძლავრად ვრცელდება ვენერიული დაავადებები.
გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ ა.შ.შ.-ში ვინმე „დოქტორ კინსიმ" შემოიღო „სქესობრივი აღზრდის" გაკვეთილები მეოცე საუკუნის მე-2 ნახევარში, ამან „მეცნიერული" საფუძვლები ჩაუყარა ე.წ. „სექსუალურ რევოლუციას". მოგვიანებით, ამერიკელი ფსიქოლოგების (ვ. ბეკენანი, რეისმანი, ეიხელი და სხვა) ნაშრომებში დადასტურდა, რომ კინსი იყო უნამუსო, უზნეო ადამიანი, სექსუალური პროპაგანდით გატაცებული. ამერიკა დღესაც ებრძვის კინსის საშინელ აჩრდილს, ვინაიდან ა.შ.შ. დღემდე იმკის იმ მწარე გაკვეთილის ანუ „სექსუალური რევოლუციის" შედეგებს, რასაც სწორედ კინსმა მისცა ბიძგი.
ბავშვებზე ჩატარებული კინსისეული ექსპერიმენტების საფუძველზე შეიქმნა მითი „ბავშვთა სექსუალიზაციისა" და პედოფილიის ნორმალიზების შესახებ. დღეს თავად ამერიკელები ფიქრობენ, რომ კინსის ექსპერიმენტები ნაცისტების „სამედიცინო კვლევებს" უტოლდება.
ბავშვთა გახრწნამ და შობადობის კონტროლმა საშინელ შედეგებამდე მიიყვანა ევროპული ცივილიზაცია. იმავე საფრთხის თუ შეთქმულების წინაშე აღმოვჩნდით ჩვენც.
როგორც უცხოური გამოცდილება ცხადყოფს, არაფერი ისე ძლიერ არ უშლის მოსახლეობის გამრავლებას ხელს, როგორც „სქესობრივი აღზრდის" გაკვეთილები სასწავლო დაწესებულებებში.
ასეთ „მეცადინეობებს" თან ახლავს ე.წ. უსაფრთხო სექსის (პრეზერვატივების, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების) პროპაგანდა, რამაც მოზარდი თურმე ვენერიული ეპიდემიისაგან უნდა დაიცვას. მათი პროპაგანდის ყველაზე მთავარი ამოცანაა სქესობრივი ინსტიქტი ზეფასეულობად იქნეს მიჩნეული.
ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ადრეულ ასაკში „სქესობრივი განათლება" ბავშვს ადრეული სქესობრივი ცხოვრებისაკენ უბიძგებს. სულის წარწყმედის გარდა, ამას მივყავართ იმპოტენციამდე, მოზარდების ფეხმძიმობამდე, აბორტებამდე. მოგეხსენებათ, ადრეულ ასაკში აბორტებს განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოსდევს, როგორიც არის მაგალითად უნაყოფობა, ინტელექტისა და შემოქმედებითი უნარების დაქვეითება, ოჯახური ცხოვრებისადმი ინდეფერენტულობა ანუ ფსიქოლოგიური უუნარობა, ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკილება და სხვა.
სექსოლოგიის გაკვეთილებს მეცნიერებას უწოდებენ, სინამდვილეში ეს არის მცდელობა საიმისოდ, რომ განადგურდეს სირცხვილის გრძნობა მოზარდებში. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: „კაცისა და ქალის ერთმანეთისაკენ ლტოლვა და შვილთა შობადობასთან დაკავშირებული სფერო განეკუთვნება ინსტინქტს და არა მეცნიერებას. ეს ინსტინქტი იმთავითვე ჩადებულია გენის კოდში, მაგრამ ზნეობრიობის გრძნობა, რომელიც ასევე ჩადებულია ადამიანში და ცხოველებისა და მხეცებისაგან მისი განმასხვავებელი ერთ-ერთი თვისებაა, აკონტროლებს ამ ინსტინქტს, ისევე როგორც სხვა ინსტინქტებს. ამ კონტროლის გარეშე ისინი გადაგვარდებიან და უმართავ ვნებებად იქცევიან..."
სექსოლოგიის პროპაგანდა უკვე შეინიშნება სატელევიზიო გადაცემებში. ახლა სექსოლოგია სკოლებსა და სხვა სასწავლებლებისაკენ მიისწრაფვის რათა მათემატიკისა და ისტორიის გვერდით დაიკავოს ადგილი. სინამდვილეში მას სურს, გაათავისებინოს მოზარდებს ახალი მსოფლმხედველობა იმის შესახებ, რომ თითქოს ადამიანი თავად არის პატარა „ღმერთი", თავისუფალი თავის ქმედებებში, რომ მთელი კაცობრიობა ღვთიურია, სირცხვილი კი უმეცრებისა და ცრურწმენის ნაყოფი და გადმონაშთია.
ამ ახალ „რელიგიაში" ყველაზე დიდ მტრად და ექსპლუატატორად უნდა გამოცხადდეს სირცხვილი. იმას ათასწლეულების განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა ადამიანი, შემდგომ კი სექსოლოგები, უფრო სწორად ძალები, რომლებიც მათ უკან დგანან, მოითხოვენ ახალ კანონებს შვილების დასაცავად იმ მშობლებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ოჯახში ქრისტიანულ ზნეობრიობას".2
უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი მეცნიერული საფუძვლები სქესობრივი სწავლების პროგრამას არ გააჩნია. მათი ფარული მიზანია:
1) პირდაპირ თუ ირიბად ჩააბან ბავშვები ამ გარყვნილებაში.
2) გაზარდოს საკუთარი ფინანსები - სწორედ ამიტომ მიდიან ამ საზარელ საქმეზე.
„სქესობრივი აღზრდის" მეთოდოლოგია ეწინააღმდეგება 1) ჯანსაღი ცხოვრების წესს; 2) ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ასნეულებს ადამიანს; 3) პირდაპირ უპირისპირდება დემოგრაფიას; 4) ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასა და ცნობიერებას, რომელიც ორი ათასი წლის მანძილზე შესანიშნავად აგვარებდა ხსენებულ საკითხს.
სქესობრივი აღზრდა ბუნებრივად მიმდინარეობდა ოჯახში, რომელიც კურთხეულია ეკლესიის მიერ, ვით ქალწულისა და ვაჟიშვილის ქორწინება.
დასკვნის სახით ვიტყვით:
მშობლებმა ყურადღება მივაქციოთ სკოლებში მიმდინარე პროცესებს. არ მივუშვათ აღზრდა-განათლების პროცესი ვიღაცის ნებაზე არსებული კანონმდებლობით, მით უფრო მორალური ვალდებულებით, სრული უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ხელისუფალსა თუ შესაბამის სტრუქტურებს ჩვენი შვილების ზნეობის დაცვა. ბავშვთა გახრწნის შეთქმულების წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლისთვის აუცილებელია შეთანხმებული და ორგანიზებული მოქმედება იმის მტკიცე რწმენით, შეგნებით რომ ჩვენ ვიცავთ საკუთარ შვილებს, ოჯახს, ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას. სექს-განათლების ბავშვებზე თავსმოხვევის პროგრამა გახლავთ ჩვენი შვილების აღზრდაში უხეში ჩარევა, ჩვენი უფლებების შელახვა. ამდენად, კანონმდებლობის ფარგლებში შეგვიძლია მივმართოთ შვილთა პრინციპული დაცვის საშუალებებს, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან.
1წიგნიდან Приказано не рожать. И. Медведева. Т. Шишкова. Саратов. 2005. გვ. 36-40.
2არქ. რაფაელი (კარელინი). პათოლოგიური სექსის გამართლება ეს არის ფიზიკური და სულიერი განადგურების დასაწყისი. წიგნ. რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი. თბ. 2002. გ. ჯინჭარაძე. თ. პაიჭაძე.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია