ჩვენც გვსურს ვკითხოთ სამოქალაქო სამართალს: მაინც რა კრიტერიუმებით განისაზღვრა, რომ სამ თვემდე ჩვილი ხორცის მასაა, ხოლო მას შემდეგ სიცოცხლის მქონე არსება?!
ამრიგად, ის, რომ ნაყოფს სული ჩასახვისთანავე აქვს, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად არ კმარა მარტოოდენ სამოქალაქო სამართლის რაციონალურ-ეგოცენტრული მიდგომა, თავად საკითხის შინაარსიც ადასტურებს. ამიტომ მისი მართებული გააზრებისა და მით უფრო გადაწყვეტისათვის უთუოდ დედაეკლესიას უნდა მივმართოთ. მხოლოდ ეკლესიის სწავლების (საეკლესიო სამართლის, რჯულისკანონის) გათვალისწინებით არის შესაძლებელი. დადგენა, როდის ეძლევა ადამიანს სული და რა დროიდან მიიჩნევა ნაყოფი ცოცხალ არსებად. სხვა შემთხვევაში ვერ ავცდებით თვალთმაქცობას, კანონებით მანიპულირებას, ყველა ზნეობრივი და იურიდიული კოდექსის რღვევას, რომელსაც ახლა „ადამიანთა უფლებების დაცვას" ემსახურებიან.
შესაბამისად საკითხი, როდიდან მიიჩნევა ნაყოფი ცოცხალ არსებად, დოგმატური ხასიათისაა. წმ. ბასილი დიდის მე-2 კანონი, რომელიც მოიწონა V-VI მსოფლიო კრებამ და ამიტომაც ოფიციალურად და ავტორიტეტულად ასახავს ეკლესიის სწავლებას, გვეუბნება: „გამხრწნელს (ნაყოფისას) კაცისკვლის სასჯელი უნდა დაედოს: ჩვენ არ განვასხვავებთ, ჩამოყალიბებულია თუ ჩამოუყალიბებელი ნაყოფი... აბორტის დროს დედის სიკვდილის საფრთხეს ემატება ნაყოფის გახრწნაც; მეორე მკვლელობა, წინასწარ განიზრახა მან, ვინც ეს გაბედა".
უფრო თუ ჩავუღრმავდებით საკითხს, თავად უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების მაგალითს მივმართოთ. განკაცებულმა ღმერთმა ადამიანური ბუნების განვითარების სტადია ჩვენსავით გაიარა, გამონაკლისი მხოლოდ მისი უთესლოდ ჩასახვა და უცდომელობაა.
მსოფლიო კრებების განჩინებებში ვკითხულობთ:
1. „ვაღიარებთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს... სრულ ღმერთსა და სრულ კაცს გონიერი სულითა და ხორცით. მამის თანაარსს ღვთაებრივი ბუნებით და ჩვენს თანაარსს კაცობრივი ბუნებით; რამეთუ მოხდა შეერთება ორი ბუნებისა... ვაღიარებთ წმინდა ქალწულს ღმრთისმშობელს, რამეთუ სიტყვა ღმრთისა განხორციელდა და განკაცნა და ჩასახვისთანავე შეიერთა მისგან (ქალწულისაგან) მიღებული ტაძარი (კაცობრივი ბუნება)". (III მს. კრ.);
2. „ჩვენ ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის - უფლის ჩვენისა იესო ქრისტეს აღიარებას: სრული ღმერთისა და სრული კაცისა, ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცისა, გონიერი სულითა და ხორცით. მამის ერთარსს ღვთაებრივი ბუნებით და ჩვენს ერთარსს ადამიანური ბუნებით, ყოვლითურთ ჩენს მსგავს, თვინიერ ცოდვისა..." (IV მს. კრ.).
3. VI მსოფლიო კრების მე-11 საქმე შეიცავს იერუსალიმის პატრიარქის სოფრონის კათოლიკე ეპისტოლეს, სადაც წერია:
„მსგავსი ჩვენისა ხორცნი შეისხნა უხორცომან და იქმნა კაც ჭეშმარიტ, რომელი მარადის თაყვანის-იცემების, ვითარცა ღმერთი. სრულად მიიღო ჩვენი ბუნება. მე ვგულისხმობ ხორცს, რომელიც ჩენი ხორცის თანაარსია და სულს გონიერს, მსგავს ჩვენი სულებისა, და ყოვლადწმინდა ქალწულში საკვირველი ჩასახვის შემდგომ გახდა ჭეშმარიტი კაცი ისე, რომ არ შეერწყა ჩასახულ ხორცს და არ შეუერთდა არსებულ სულს. არამედ შეიერთა ხორცი და სული, რომლებმაც მყოფობა შეიძინეს, როცა თავად სიტყვა და ღმერთი შეუერთდა მათ ბუნებითად. მყოფობის შეძენა და (ბუნებათა) შეერთება ერთდროულად მოხდა... სიტყვასთან შეერთებას დაემთხვა მყოფობის დასაწყისი... რამეთუ ხორცი - იმავდროულად სიტყვა ღმრთისას ხორციც არის. გონიერი განსაკუთრებული სხეულია... რამეთუ ისინიც სიტყვა ღმერთის ჩასახვის თანადროულად შეიქმნენ და ჰიპოსტასურად შეუერთდნენ მას".
4. ბოლოს გავიხსენოთ V მსოფლიო კრების ანათემა: „თუ ვინმე... არ აღიარებს, რომ სიტყვა ღმერთისას შეერთება გონიერი სულის მქონე ხორცთან მოხდა შეკრების საშუალებით, ანუ ჰიპოსტასურად... შეჩვენებულ იყოს!"
ის, რომ ყველაფერი, რაც უფლის ადამიანური ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, ასევე გვახასიათებს ჩვენც, ადამიანებს, გარდა უთესლოდ ჩასახვისა და უცოდველობისა, ეს აშკარაა და საერთოდ არ საჭიროებს ზედმეტ მტკიცებას. როგორ აღვნიშნეთ, ჩვენ ვაღიარებთ უფალს, როგორც „სრულ ადამიანს", „ჩვენსს თანაარსს კაცობრივი ბუნებით", „ყოვლითურთ ჩვენს მსგავსს, თვინიერ ცოდვისა", ხოლო ეს (კაცობრივი) ბუნება „ჩასახვისთანავე შეიერთა ქალწულისაგან".
აი, კიდევ ერთი მოწმობა: როდესაც მარადის ქალწულმა მარიამმა ხარებიდან ძალიან მალე, ანუ ჩასახვიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოინახულა თავისი ნათესავი ელისაბედი, მაშინ ჩვენი სამოქალაქო სამართლის თანახმად რას ატარებდა იგი თავის წიაღში? უსულო უჯრედების დაახლოებით მილიმეტრი სიგრძის მასას? ნუ იყოფინ! ღვთისმშობელი თავის თავში ატარებდა სიტყვას ღმრთისას, რომელმაც მიიღო კაცობრივი ბუნება, ანუ ხორცი და გონიერი სული. ამიტომაც სულიწმიდით აღვსილი ელისაბედი ქებას აღუვლენს ნაყოფს, რომელიც სულ რამდენიმე დღისაა. „კურთხეულ იყოს ნაყოფი მუცლისა შენისა" და მარიამს თავისი უფლის დედას უწოდებს! (შეად. ლუკ. 1, 39).
ამრიგად, სამ თვემდე ჩვილი ნაყოფის მოკვდინება ეწინააღმდეგება წმინდა წერილის, საღმრთო რჯულისა და ყველა ზნეობრივი კოდექსის სწავლებას. ამიტომ არქიმანდრიტ რაფაელის შესანიშნავი სიტყვის კვალდაკვალ მოვითხოვთ: „დაცულ იქნას ადამიანის ნაყოფი, როგორც პიროვნება, ის, როგორც პიროვნება, განადგურებას არ უნდა ექვემდებარებოდეს. პრინციპული განსხვავება ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა მკვლელობებს შორის არ არსებობს. აბორტის დაშვება ან დაუსჯელობა ისეთ ტირანულ უფლებამოსილებას ანიჭებს მშობლებს, როგორიც ჯერ არ ჰქონია არავის, იმ ადამიანსაც კი, ვისაც შეუძლია სურვილისამებრ მოექცეს თავის ქვეშევრდომს: ან მოკლას ან ცოცხალი დატოვოს. აბორტის დაუსჯელობა დედის ორგანიზმში ჩასახული ნაყოფის ხელშეუვალი უფლების მცველია და განმსაზღვრელი ზნეობრივ-იურიდიული კანონის უქონლობა უდიდეს თვალთმაქცობად და უაზრობად აქცევს ყველა დეკლარაციას ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შესახებ - მშობლები არა მხოლოდ ტირანები, არამედ საკუთარი შვილების, სისხლხორცის ჯალათები ხდებიან.3
3არქ. რაფაელი (კარელინი). სულის უდაბნო. თბ. 2006. გვ. 66-67.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია