მრევლის მხრიდან გულგრილობა და სწავლის საქმეში მწყემსის შეუწევნელობა, ღრმად ამწუხრებდა წმინდა იოანე ოქროპირს. „ყველაფერს ჩვენ ნუ გადმოგვაბარგებთ! - წამოიძახებს ის არაერთხელ, - თქვენ, რა თქმა უნდა, ცხოვარნი ხართ, მაგრამ არა უტყვნი, არამედ მეტყველნი და გონიერნი... როდემდე უნდა გესაუბროთ ამ ცხოვრებაზე? მოციქულებთან ასე არ ხდებოდა: ისინი ყოველთვის გვერდს უვლიდნენ იმ მოწაფეებს, რომლებმაც მათგან უკვე ისწავლეს და ახლა მათ სხვების, სწავლის მოსურნეთა მასწავლებლებად ტოვებდნენ. ამიტომაც შეძლეს მთელი მსოფლიო მოეარათ, რომ არ იყვნენ ერთ ადგილზე მიჯაჭვულნი. დაფიქრდით, რამდენი სწავლა სჭირდებათ თქვენს ძმებს სოფლებში და თავად მათ მასწავლებლებსაც? თქვენ კი მიგიჯაჭვივართ და მაკავებთ, რადგან სანამ თავი არ იქნება კარგად მოწყობილი, უმართებულოა სხეულის სხვა წევრებთან წასვლა. თქვენ ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბარეთ; მაშინ როდესაც მხოლოდ თქვენ უნდა გესწავლათ ჩვენგან, თქვენს ცოლებს კი თქვენგან, შვილებსაც თქვენგან. პირიქით, თქვენ ყველაფერს ჩვენ გვიტოვებთ გასაკეთებლად. ამიტომაც დიდი შრომა აქვს მწყემსს".57
რა თქმა უნდა, ეკლესიის მრევლის რომ ენერგიულად მოჰკიდებოდა განსწავლის საქმეს, წმინდა იოანე ოქროპირი აღარ იქნებოდა იძულებული მარტოოდენ კონსტანტინოპოლის ქალაქის სამრევლოში ექადაგა კეთილმაუწყებელი სიტყვა; იგი თავისი ვრცელი ეპარქიის სოფლებსაც მოივლიდა და იქაური ხალხის სულიერ შიმშილსაც დააკმაყოფილებდა.58
ერისკაცთა მხრიდან მასწავლებლობას წმინდა მღვდელმთავარი ძირითადად გულისხმობს ეკლესიის გარეთ, თუმცა ეკლესიაშიც უშვებს ერისკაცთა მქადაგებლობას, საღვთისმსახურო შეკრებებზე. ასე, მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირი გამონაკლის შემთხვევებში წარმართსაც კი ნებას რთავდა ელაპარაკა ეკლესიაში. „ქალაქის თავი შევაქე მზრუნველობისათვის, მან დაინახა, რომ ქალაქი შეშფოთებულია და ყველანი გაქცევაზე ფიქრობენ. მოვიდა ეკლესიაში, დაგამშვიდათ და კეთილი იმედები მოგცათ. მე კი თქვენ მაგივრად შემრცხვა და გავწითლდი იმის გამო, რომ ესოდენ ბევრი და ხანგრძლივი სწავლის შემდეგ, თქვენ გარეშე პირის ნუგეში დაგჭირდათ. მირჩევნოდა ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა და შთავენთქე, როდესაც მესმოდა, როგორ გელაპარაკებოდათ ის თქვენ და ხან გამშვიდებდათ, ხან გკიცხავდათ ამ უდროო და უგუნური შიშისათვის. თქვენ კი არ უნდა გესწავლათ მისგან, არამედ თავად უნდა ყოფილიყავით მასწავლებელი ყველა ერთგულისათვის. პავლე ქრისტიანებს ურწმუნოთა სამსჯავროს წინაშე წარდგომის ნებასაც კი არ რთავდა (იხ. 1 კორ. 6, 1), შენ კი გარეშე მასწავლებლები დაგჭირდა მამათაგან ასეთი დამოძღვრის შემდეგ".59
თუკი წარმართს შეუძლია ეკლესიაში ხალხს შეაგონოს და დაამშვიდოს, რატომ არ შეუძლია მორწმუნე ერისკაცს, ამასთანავე მჭერმეტყველებაში დახელოვნებულს იქადაგოს საეკლესიო შეკრებაზე?60 წმინდა მღვდელმთავარი ამაზე დადებითად პასუხობს. „თუ შენ არ შეგიძლია გრძელი სიტყვა წარმოთქვა ეკლესიაში ხალხის წინაშე, მაშინ შეგიძლია მათ ცალკე შეაგონო".61
აშკარაა, მჭერმეტყველი ერისკაცი არ ხვდებოდა ეკლესიაში მასწავლებლობის წინააღმდეგობას წმინდა იოანე ოქროპირის ეპოქაში. მჭერმეტყველების უნარის არქონა იყო ერთ-ერთი მთავარი გასამართლებელი საბუთი თავისი ეკლესიური უტყვობისა წმინდა იოანე ოქროპირის სამწყსოსთვისაც. მსოფლიო მოძღვარი უარყოფს მასწავლებლური ენაბრგვილობის ამ აპოლოგიას, იმოწმებს რა წმინდა მოციქულებს, რომლებმაც მთელი თავისი უსწავლელობის მიუხედავად, მთელი მსოფლიო განსწავლეს.62 „რა გამართლება შეიძლება გვქონდეს, როდესაც იმისი უნარიც კი არ შეგვწევს ოც ადამიანს მაინც ვასწავლოთ და ვიყოთ სასარგებლონი მათი სახლეულისთვის? ეს ცარიელი საბაბი და ცარიელი მომიზეზებაა. არა მცირედგანსწავლულობა, არა მცირედგანათლებულობა, არამედ მცონარება და ძილქუში გვიშლის ხელს, რათა ვასწავლოთ".63
თავისუფლდება რა ეკლესიაში სწავლებისაგან, ორატორული ნიჭისა და დიდი სულიერი გამოცდილების უქონლობის გამო, ერისკაცი ვალდებულია გამოიყენოს ეკლესიის მსახურებისათვის მისთვის ბოძებული მეტყველების ნიჭი არაღვთისმსახურებითი მასწავლებლობისათვის. „იცოდეთ, რომ ვისაც ხუთი ტალანტი აქვს ჩაბარებული, ის მასწავლებელია; ხოლო ვისაც ერთია, ის - მოსწავლე. თუკი მოსწავლე იტყვის, მე მოსწავლე ვარ, მე არა მაქვს საქმე და ჩაფლავს მისთვის ღვთის მიერ მოძებული სიტყვის გამოთქმის ნიჭს, ოდნავადაც არ განამრავლებს რა მას, თუკი არ დაიწყებს არც დარწმუნებას, არც რჩევას, არც მხილებას, არც შეგონებას - როდესაც ამის შესაძლებლობა აქვს, და თავის ნიჭს მიწაში ჩაფლავს, უნდა იცოდეს, რომ ვერ გამართლდება იგი თავისი სიტყვებით: მე მხოლოდ ერთი ტალანტი მაქვსო. შენ ერთი ტალანტი გქონდა? შენ გმართებდა შეგეძინა კიდევ ერთი, გაგეორმაგებინა ტალანტი, შენ რომ კიდევ ერთი მოგეტანა, დამნაშავე აღარ იქნებოდი. ვინაიდან ორი ტალანტის მომტანისთვის არ უთქვამს უფალს: რატომ არ მოიტანე კიდევ ხუთით, რატომ? იმიტომ რომ მან გააკეთა რამდენად შეეძლო, სიზარმაცეს არ მიეცა იმის გამო, რომ ხუთი ტალანტის მიმღებზე ნაკლები ჰქონდა მინდობილი, არ უსარგებლია ნიჭის სიმცირით, რათა უზრუნველობას მისცემოდა. ასევე, არც შენ გმართებდა გეყურებინა ორი ტალანტის მიმღებისთვის; სჯობდა მისგან მაგალითი აგეღო. როგორც ის, ორი ტალანტის მქონე, ხუთი ტალანტის მქონეს ბაძავდა, ასევე შენც გმართებდა ორი ტალანტის მქონესათვის მიგებაძა. რადგან, თუკი მდიდარს, რომელიც ღარიბს არ სწყალობს, სასჯელი ელოდება, მაშინ იმას, ვისაც შესაძლებლობა აქვს რაიმე სახით ღვთის სიტყვა შეაგონოს სხვას და ასე არ იქცევა, განა უფრო დიდი სასჯელი არ მოელის? იქ სხეული იკვებება, აქ კი სული; იქ შენ დროებითი სიკვდილისაგან იხსნი, აქ კი - მარადიულისაგან".64
ქმარს შეუძლია მჭერმეტყველების გარეშეც იყოს „მასწავლებელი", „იყოს მწყემსი საკუთარი სახლის, მეგობრების, სახლეულის, ცოლის, შვილების" და მთელი თავისი მიწიერი საცხოვრებელი „ეკლესიად" აქციოს.65 როდესაც არა აქვს შესაძლებლობა დამოძღვროს „ასეთი დიდი ეკლესია", ერისკაცს შეუძლია განსწავლოს მცირე ეკლესია და უფრო კარგადაც, ვიდრე ამას ეკლესიის მწყემსი გააკეთებდა. „მე თქვენ გესაუბრებით კვირაში ერთხელ ან ზოგჯერ ორჯერ; შენ კი მუდამ გყავს სახლში მოწაფეები - ცოლი, შვილები, მსახურები - და საღამოს, ტრაპეზისას, ან მთელი დღის განმავლობაშიც კი, შეგიძლია მათ გამოსწორებაზე იზრუნო. ამასთან, ერისკაცის მასწავლებლობა არ უნდა შემოიფარგლოს თავის ნათესავთა და მეგობართა ვიწრო წრით, არამედ „უცხოებზეც" უნდა ვრცელდებოდეს და, საერთოდ, ყველა ახლობელზე".66
ყოველი ერისკაცის წმინდა ვალია დანერგოს ქრისტიანობა დადებითი განსწავლის ანდა ძმათმოყვარე მხილების გზით.67 პირველი იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვებით და, რაც მთავარია, საკუთარი ამაღლებული ცხოვრების წესებით იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანობის მაგალითი და დამრიგებელი.68 „ჩვენ თქვენ განდობთ მასწავლებლობას, - ამბობს წმინდა მამა, - მასწავლებლობას საქმეებით, - ეს განსწავლის უფრო მნიშვნელოვანი გზაა".69 ნუ შეგაშფოთებს „მასწავლებლობის ნიჭის არქონა", ასწავლე ქცევითა და საქციელების ნათელით".70 თითოეულ ერისკაცს უნდა ახსოვდეს, რომ ყოველი „დაცემული ისჯება არა მხოლოდ თავისი დაცემისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ სხვებსაც დასცემს; ზუსტად ასევე, ვინც გაუძლებს, ის არა მხოლოდ თავისი ახოვნებისთვის ჯილდოვდება, არამედ პატივისცემის ღირსი ხდება იმისთვის, რომ სხვებშიც აღძრავს მოშურნეობის იგივეს მიმართ".71
ღვთისსათნო ერისკაცნი, მართალია წინასწარმეტყველებს ჩამორჩებიან, მაგრამ მწყემსებზე ნაკლებად არ ხდებიან ეკლესიის მასწავლებელნი.72 „უდიდესი საქმეა, - ამბობს მსოფლიო მოძღვარი, - გახდე ქვეყნის მასწავლებელი; ცოტას არ ნიშნავს, როდესაც ყველგან გაიგებენ, რომ ამ ქალაქში არავინ იფიცებს. თუკი ეს მოხდება, თქვენ ჯილდოს მიიღებთ არა მხოლოდ თქვენი ღვაწლისთვის, არამედ ძმებზე ზრუნვისთვისაც, თქვენ იგივე გახდებით ქვეყნისთვის, რაც მე ვარ თქვენთვის".73 ვინაიდან, „როდესაც ისწავლი ყველაფერ იმას, რისი დაცვაც უფალმა მცნებად დაგიდო, მაშინ ამის მეშვეობით შენ მრავალ მიმბაძველს იძენ. ჩემს სიტყვებს იმდენი სარგებლის მოტანა არ შეუძლია მსმენელთათვის, რამდენიც ჩვენს ცხოვრებას. მართლაც, თუკი იქნება, ვთქვათ, რომელიმე ადამიანი, ღვთისათვის სათნო და სათნოებით მბრწყინავი, რომელსაც ცოლიც ჰყავს, შვილებიც, მსახურებიც და მეგობრებიც, მაშინ, მითხარი, განა მეტი სარგებლის მოტანა არ შეუძლია ყველასათვის ასეთ ადამიანს, ვიდრე მე? მე მისმენენ თვეში ერთხელ ან ორჯერ, ანდა ზოგჯერ არცერთხელ, და ისიც, რასაც ისმენენ, შეიძლება მხოლოდ ეკლესიის ზღურბლამდე დაიმახსოვრონ, მერე კი დაუყოვნებლივ ივიწყებენ. ხოლო როდესაც მის ცხოვრებას უყურებენ, აქედან დიდ სარგებელს იღებენ. ვინაიდან, თუ შეურაცხყოფას მშვიდად გადაიტანს და იგივეთი არ უპასუხებს, მაშინ, განა, თავისი სიმშვიდით სირცხვილს არ აღძრავს და აღბეჭდავს მისი შეურაცხმყოფელის სულში?"74
57 IX, 2 (კოლ.)
58 I, 1 (წმინდა მოწამეების, შემუსვრილობისა და მოწყალების შესახებ)
59 XVI, 1 (ქანდაკებების შესახებ)
60 VIII, 3 (ებრ.)
61 III, 5 (ებრ.)
62 I, 3 („საქმე მოციქულთა"-ს ზედწერილზე)
63 IX, 2 (რომაელთა მიმართ ეპისტოლის შესავალზე)
64 XXX, 2 (ებრ.)
65 IV, 6 (1 კორ.); XXIX, 5 (რომ.); II, 4 (დაბ.); IV, 3 (საქ. მოციქულთას ზედაწერილზე)
66 XXIV, 4 (საქ. მოციქულთას ზედაწერილზე)
67 IV, 3 (საქ. მოციქულთას ზედაწერილზე); VII, 8 (ფს. 49)
68 XI, 8 (მთ.)
69 III, 5 (საქ. მოც.)
70 I, 5 („საქმე მოციქულთა"-ს ზედწერილზე)
71 სიტყვა პირველი იუდეველთა წინააღმდეგ, 5
72 III, 5 (1 კორ)
73 VIII, 3 (საქ. მოც.)
74 V, 4 (2 თეს.)
ბროშურიდან „მრევლის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში"
Xareba.net - ის რედაქცია