კაცობრიობა შვიდი ათასი წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა და მრავლდებოდა ყოველგვარი "მეცნიერული სწავლების" გარეშე.
სექსოლოგიის გაკვეთილები, ეს არის ბავშვთა გარყვნის პროგრამა, რომელიც არა მარტო მენტალიტეტის (აზროვნების) შეცვლით, არამედ ერის ფიზიკური გადაშენებით იმუქრება.
სკოლებში სექსოლოგიის სწავლება მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის პიროვნების შელახვასთან, როგორიცაა პორნოგრაფიული ლიტერატურით ვაჭრობა და იმავე ხასიათის სატელევიზიო გადაცემების ჩვენება.
სექსოლოგიის მიზანია ბავშვების სექსუალურ ცხოვრებაში ჩართვა. ამას მოჰყვება ვენერიულ დაავადებათა და ბავშვთა აბორტების ტალღა, ხოლო შემდგომში ოჯახის ნგრევა. კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი სკოლა ზნეობის დეკლარირებას ახდენდა, თუმცა ვერ ახორციელებდა მას, ვინაიდან ათეიზმი ზნეობრივ იდეებს არ იძლევა. ამჟამად, როგორც ჩანს, სკოლა უზნეობის პროპაგანდას ეწევა, ხოლო ამის მოწინააღმდეგე პედაგოგები განათლების სისტემის არასასურველი ელემენტები გახდებიან.
სექსოლოგია ბავშვებში აღძრავს სქესობრივი საკითხებისადმი ინტერესს, რაც გამოიწვევს სექსუალურ ცხოვრებაში მათ ჩარევას. სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვთა აღზრდის ტრადიციები ცდილობდნენ მრუშობისა და გარყვნილების სურათებისაგან მათ განრიდებას. ბავშვში განვითარებული წარმოსახვითი აზროვნება და მიმბაძველობის უნარი არ ექვემდებარება განსჯას იმ ხარისხით, როგორც ეს დიდებშია. ამიტომ, როგორც წესი, ბავშვს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება მოუნდება.
კაცობრიობა შვიდი ათასი წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა და მრავლდებოდა ყოველგვარი „მეცნიერული სწავლების" გარეშე, ვინაიდან ცხოვრების ეს მხარე ინსტიქტის სფეროს მიეკუთვნება. ქრისტიანობამ თავის ოჯახის წევრთა ურთიერთმოვალეობებისა და ცხოვრების აზრის შესახებ სწავლებით ეს ინსტიქტი გააკეთილშობილა; დასავლეთში არავითარი „მეცნიერული სექსოლოგია" არ არსებობს. ეს ისეთივე სპეკულაციაა, როგორც გამოთქმა "მეცნიერული მატერიალიზმი", რომელსაც თავში გვიტენიდნენ. დასავლეთში სხვადასხვა ფსიქოლოგიური სკოლა არსებობს: ფროიდის, ფრომის, მასლოუს და სხვების; მათი მიზანია დამახინჯებული სახით წარმოგვიდგინოს ადამიანი, როგორც პანსექსუალური არსება და ამით გარყვნილება გაამართლოს.
გაუგებარია რაში მდგომარეობს მეცნიერული სექსოლოგია. ნუთუ ინტიმური ცხოვრების ტექნიკის აღწერაში? პორნოგრაფიულ სურათებს, რასაც უწინ უსირცხვილო საქმოსნები ყიდნენ, ამჟამად როგორც ცივილიზაციის ნიშანს, სკოლის სტენდებზე გამოფენენ.
მრუშობა და გარყვნილება ეკლესიის მიერ აკრძალული ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ცოდვაა. ისინი ქრისტიანობასთან შეუთავსებელია. გარყვნილ და გახრწნილ გულში ღვთის მადლი ვერ შევა. ამიტომ სექსოლოგია ქრისტიანობასთან ბრძოლის მეთოდია. ვინც პორნოგრაფიისა და საერთოდ, ეროტიკული გამოსახულებების წარმოებითა და გავრცელებით არის დაკავებული, მას ეკლესია საკუთარი წიაღიდან განკვეთს (ტრულის კრების 101-ე მუხლი). ისინი, ვინც სექსოლოგიას ასწავლიან ან ხელს უწყობენ ამას, ეკლესიის წევრები ვერ იქნებიან.
წმიდა მამები წერენ, რომ მრუშობის, უწმინდურობისაგან თავის დასაცავად ერთადერთი საშუალება ის არის, რომ გავექცეთ მას, რასაც გონებაში და მეხსიერებაში ამ ვნების წარმოდგენები და მოგონებები შემოაქვს. აღსარების დროსაც კი ხორციელი ცოდვების დაწვრილებითი აღწერა არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან სიტყვა და სახე ემოციებთანაა დაკავშირებული, მათზე მითითებაც საკმარისია.
აქ ბავშვს ცეცხლში აგდებენ და გადარჩენის შანსი თითქმის არა აქვს. ადრე, ქრისტიანულ ოჯახებში ცდილობდნენ ბავშვის თვალისაგან იმ ყველაფრის მოშორებას, რასაც შეეძლო ამ სფეროსადმი მისი ყურადღების მოქცევა. ამჟამად „მეცნიერების" ნიღბით ცდილობენ ბავშვში სირცხვილის გრძნობა ჩაკლან.
არსებული კანონით მშობლებს უფლება აქვთ ბავშვები რელიგიისა და ზნეობის იმ ტრადიციებით აღზარდონ, რომელსაც მიეკუთვნებიან. ამიტომ, სკოლაში სექსოლოგიის სწავლების წინააღმდეგ გამოსვლით, მშობლები საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლებენ. აქ დუმილი ბავშვის მიმართ სისასტიკითა და მისი საუკუნო ცხოვრების ღალატით გვიბრუნდება.
ქრისტიანმა მშობლებმა წმინდა წერილის პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ და ნებისმიერ პირობებში ამ პრინციპების დასაცავად უნდა იბრძოლონ. იმედი ერთ-ერთი ქრისტიანული სათნოებაა, ხოლო მომავლის ცოდნა და წინასწარ ხედვა ჩვენ არ მოგვეცა.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია