მართლმადიდებლური ხატი შეუძლებელია შეგიყვარდეს: აქ ქრება ვნებები, აქ სული იღვიძებს. ამიტომ ვნებიანი და ავხორცი ადამიანი ასეთი ხატისაგან მოშორებას ცდილობს. უძველეს ხატებში არ არის მიბნედილობა, შემბრალებლობა და ის, რისთვისაც შეიძლებოდა ცოდვილის იავნანა გვეწოდებინა, ვინც ტრანსცენდენტალური, დემონური ბოროტების საშინელება იცის, ის არ შეუდგება ცოდვილის დამშვიდებას.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის ირგვლივ. ეს გახლავთ სამი ბერძნული ასე - Ο, Ω, N.
ეს ბერძნული ასოები აღნიშნავენ „არსებულს", ანუ „მყოფს", ითარგმანება: „ის, რომელიც არის", ასე ვკითხულობთ ძველ აღთქმაშიც: „და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ, და თქუა: „ესრეთ არქუ ძეთა ისრაელისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა" (გამოს. 3, 14). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში უფლის სახელის შესახებ შემდეგს ვკითხულობთ: „იოანე შვიდთა ეკლესიათა ასიაისათა: მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისაგან, რომელი არს". ამ სიტყვით ანუ არსებულით, მარადის მყოფით - გამოხატულია ღვთაებრივი ბუნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მარადიული მამისაგან, მარადიული ძე, ნათელია - მამა, ნათელია ძეც. მამა-ღმერთი და ძეც - ღმერთი.
წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი ველიმიროვიჩი
რას წარმოადგენს მართლმადიდებლური ხატი? ხატი - ეს ღვთის მადლის გამჟღავნებაა დედამიწაზე. ჩვენ ამ სფეროში რაიმე მკაცრი სისტემის შემოტანა არ შეგვიძლია. „სულსა ვიდრეცა უნებ" (ინ. 3, 8) - თქვა უფალმა. ჩვენ მხოლოდ მივუთითებთ მართლმადიდებლური ხატის ზოგიერთ ნიშანზე, ნაკლებ გასაგებზე ჩვენი თანამედროვეების უმრავლესობისთვის. ძველ ხატებზე სახე დიდებული და მკაცრია. აქ ადგილი არა აქვს სენტიმენტალურობასა და ალერსიანობას - მშვენიერების ამ გამოვლინებებს, სიყვარულის სუროგატს. უძველესი ხატების სახეებში ასახული სულიერი სიყვარული მკაცრი და მომთხოვნია. მათზე წმიდანთა თვალები მარადისობიდან გვიმზერენ. ისინი თითქოსდა მთელ სამყაროს მოიცავენ. მარადისობა და უსასრულობაა მათში არეკლილი. აქ ცოდვასთან შერიგების და მისი შეწყნარების კვალიც არ არის. ამიტომაც უძველესი ხატების სახეები გაუგებარი, უცხო, ზოგჯერ პირდაპირ საშინელიც კია ხორციელი, ვნებებს მიჯაჭვული ადამიანისთვის. ცოდვისადმი ამ სიძულვილში, ამ დაუნდობელ სიმართლეში ერთი სურვილია - ადამიანის ცხონება.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
როგორც დღე განსხვავდება ღამისაგან, ასევე ქრისტიანული ხატები განსხვავდებიან წარმართული კერპებისაგან.
წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი ველიმიროვიჩი
სახე, ხატი არ უნდა იყოს სრულიად განსახვავებული ჭეშმარიტებისაგან, - სხვაგვარად ეს არც იქნებოდა ხატი, მაგრამ არც სრულიად თანაფარდი უნდა იყოს მისი, რადგან მაშინ ეს თვით ჭეშმარიტება იქნებოდა, და არა - მისი ხატი. ასე, რომ ხატი თავის საზღვრებში უნდა იყოს მოქცეული და არ შეიცავდეს სრულ ჭეშმარიტებას, თუმცა არც მთლიანად უნდა იყოს დაშორებული მას; რამეთუ ხატს რომ ყოველივე ჰქონდეს, რაც ჭეშმარიტებას აქვს, მაშინ ეს თვით ჭეშმარიტება იქნებოდა. ერთის სიტყვით, ხატს რაღაც თავის თავში უნდა ჰქონდეს, რაღაცას კი ჭეშმარიტებას უტოვებდეს.
წმიდა იოანე ოქროპირი
უძველესი სასწაულმოქმედი ხატი ერთდროულად ახლოს და შორსაა ცოდვისაგან, აქ არის სულიერი სიყვარულის სიახლოვე, სიყვარულისა ადამიანისადმი, როგორც ღვთის ხატისადმი და ამავე დროს დიდი მანძილი, დისტანცია, რომელიც ცოდვილს სიწმინდისაგან ყოფს. ადამიანი გრძნობს, რამდენად ახლოა ღმერთი მასთან და თავად რამდენად შორსაა ღმერთისგან. სიწმინდის ერთ-ერთი თვისებაა - ცოდვის მიმართ სიძულვილი, სიწმინდეს არ შეუძლია შეუერთდეს სიბილწესა და უწმინდურობას, მზის სხივები ჭაობის ზედაპირზე ეცემა, მაგრამ ამით ტალახი სინათლედ არ გადაიქცევა. ხატი - ეს შორიდან მომდინარე ნათელია, ხატში სიწმინდესა და ცოდვას შორის დისტანციის უქონლობა მას მშვინვიერი ადამიანური გრძნობების სფერომდე დაიყვანს და ცოდვილის დამახინჯებული შეგნება ცრუ თვითდამშვიდებასთან მიჰყავს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ხატი არის სარკმელი, საიდანაც ჩვენ ვხედავთ ცას; ხატს ადამიანის გონება, ადამიანის სული აჰყავს იმ ზეციურ სამყაროში, სადაც ბრძანდება პირველსახე ხატზე გამოსახული წმიდანისა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
უძველეს ხატებზე სახეების მზერა ამაქვეყნიდან განდგომილი გვეჩვენება. ის არა მლოცველისადმი, არამედ თითქოსდა მის თავზემოთ არის მიმართული უფრო ზუსტად, მსჭვალავს მას. (ასევე სხივიც მინის გავლით შორს მიემართება), ის ადამიანს მარადისობის ფონზე ჭვრეტს, მიწიერ და სულიერ სამყაროთა ურთიერთგადამკვეთ სფეროებში; ის ადამიანის გულში იმას ხედავს, რასაც ვერ ხედავს თვითონ ადამიანი, ხშირად კი ეშინია დანახვა. დემონებს აშინებთ უძველესი ხატების სახეები, მათ წინაშე ბორგავენ და ყვირიან შეპყრობილნი, ისინი, ვისაც ჩვეულებრივ სულით ავადმყოფებს უწოდებენ. უძველესი ხატი უხილავი, ღვთაებრივი მადლის ალით მოსილი გეჩვენება.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია