ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.
363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი - მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისაკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო" დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმებოდა სხვადასხვა ენებზე.
წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა, ბასილი დიდთან (ხს. 1 იანვარს). დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა დაიჟინა და დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცდინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო. შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.
Xareba.net - ის რედაქცია