პაპისტები ამბობენ, რომ პაპი არის საეკლესიო კრებებსა და კანონებზე მაღლა, არის უმაღლესი მსაჯული ყველა საეკლესიო საქმეებში, და თან უცდომელი. იგი შეუძლებელია ცდებოდეს სარწმუნოებრივ საქმეებში. ეს პოსტულატი რამდენიმე საბუთს ემყარება: 1) თუ პაპი არის მონარქი და მპყრობელი ეკლესიისა, და მხოლოდ მან მიიღო მთელი სულიერი ძალაუფლება, როგორც ქრისტეს მოადგილემ, და მისგან უკვე ღებულობენ სხვა მღვდელმთავრები, მაშინ გამოდის, რომ იგი დგას მსოფლიო კრებებზე მაღლა, იგია თავი ეკლესიისა და მაშასადამე, უცდომელი. რამეთუ, თუკი იგია უზენაესი მოძღვარი, ეკლესიის წინამძღვარი სარწმუნოების დოგმატში, როგორც ჭეშმარიტების კანონი, მაშინ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უცდომელობის ეს უმაღლესი და განსაკუთრებული უპირატესობა, ანუ აბსოლუტური უცდომელობა. რამეთუ, თუკი მოძღვარი და კანონი ეკლესიისა შეიძლება ცდებოდეს, მაშინ კათოლიკე ეკლესიას როგორ უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი და უეჭველი დოგმატები? მაგრამ, როგორც ვთქვით, იესო ქრისტეს სრულიად დაუშვებლად მიაჩნია რაიმე პირველობა თავის მოციქულთა შორის, ამასთან, კათოლიკე ეკლესიის მართვა არის არა ერთპიროვნული, არამედ ერთობლივი და უფლება გახსნისა და მწყემსვისა, ანუ მთელ ეკლესიაზე მზრუნველობისა ყველა მოციქულის სახით ჩაბარებული აქვს თვით კათოლიკე ეკლესიას, და რას ემყარება დამოუკიდებელი ძალაუფლება ანუ მონარქია, რომლის მიღებას ცდილობს რომის ეპისკოპოსი? "არა, არა", გავიმეორებთ ნეტარ ავგუსტინესთან ერთად, „არა ერთს, არამედ ერთობას უბოძა ქრისტემ ეს ძალაუფლება". კათოლიკე ეკლესია, რომელიც ერთ სხეულს შეადგენს სარწმუნოების ერთობაში, არის უშუალო საცავი მთელი სულიერი ხელმწიფებისა, რომლის ძირი და ძალა თვით მასშია, ხოლო გამოყენება მის მიერ და მის წიაღში ხელდასხმულ მღვდელთა საქმეა. ესენი არიან წევრები ეკლესიის საიდუმლო სხეულისა, რომელთაგან ზოგი უფრო მაღლა დგას, ზოგი უფრო დაბლა. პირველთ რიცხვშია პაპიც, თუ იგი დაკმაყოფილდება იმ ადგილით, რომელიც მამებმა მიაკუთვნეს, და არ გასცდება თავის საზღვრებს, არ ექნება ხელმწიფების მოყვარე სურვილი - იყოს უფალი მონებზე და არა პირველი - ძმებს შორის.
შემდგომ რაკიღა კათოლიკე ეკლესიის მთელ სხეულს, რომელსაც მართავს მისი თავი - ქრისტე, აქვთ მთელი სულიერი ხელმწიფება, ხოლო კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელი არის მსოფლიო საეკლესიო კრება, კანონიერად და სწორად მოხმობილი, მაშასადამე, ვამტკიცებთ, რომ კრება არის ყველაზე მაღლა, პაპზე მაღლა, ასე რომ ყველა, პაპის ჩათვლით, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს კრებას და მის კანონებს. აქედან დასკვნა, რომ, რაიმე ერესის გაჩენისას მხოლოდ კრებას აქვს მწვალებელთა განკვეთის ნება და მეორეც, რაკი იგი ქრისტეს, უზენაესი მმართველობის ქვეშ იმყოფება, ამიტომ შეუძლებელია ცდებოდეს, როდესაც არკვევს რაიმეს, რაც სარწმუნოების სფეროს ეკუთვნის. ორივე ეს დასკვნა გამოგვაქვს იესო ქრისტეს სიტყვებიდან, რომელმაც თავის მოწაფეებთან საუბარში თქვა: „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყვაი, ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა" (ანუ ბევრს, ერთობას, და არა ერთს). „ხოლო უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი" (ანუ განკვეთილი, როგორც ურჩი ეკლესიისა)...
ამგვარად, თვით უტყუარი სიტყვა ღმრთისა აღვითქვამს იყოს იქ, სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან მისი სახელით, ანუ კრებაზე. მაშასადამე, სიტყვა კრებისა არის სიტყვა იესო ქრისტესი და ჭეშმარიტება სულისა, და მაშასადამე, უეჭველი, ესაა ის სიტყვა, რომელსაც უნდა ერწმუნოს და დაემორჩილოს ყველა, მათ შორის რომის ეპისკოპოსიც, თუკი მას სურს, იყოს ქრისტეს სხვა წევრებთან ერთად და არ გამოეყოს მათ, ვითარცა წარმართი და მეზვერე.
ვინმე ერთმა კი არა, მთელმა ეკლესიამ რომ მიიღო და აქვს სულიერი ხელმწიფება, ამას ამტკიცებს შემდეგიც: თუ იგი პეტრემ მიიღო, აქედან გამოდის სრულიად უაზრო დასკვნა, რომ ეს უპირატესობა სხვა მოციქულებს არ მიუღიათ, რამეთუ ერთის კუთვნილი სხვებს არ ეკუთვნის. მეორე და კიდევ უფრო უაზრო დასკვნა ისაა, რომ პეტრეს სიკვდილის შემდეგ ეს უპირატესობა, პირადად პეტრესთვის მიცემული, ქრისტეს ეკლესიაში აღარ დარჩა. ამ დროს კი იგი მიიღო ყველა მოციქულმა, თუმცა საკუთრივ და პირადად არა, რამეთუ ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მათი სიკვდილის შემდეგ ეს უპირატესობაც აღარ იარსებებდა, სწორედ ასევე შეუძლებელია იმის თქმაც, რომ მათ სიკვდილის წინ ვინმეს, ანუ თავიანთ მემკვიდრეებს გადასცეს იგი, რამეთუ ეპისკოპოსი კი არ ირჩევს სხვა პაპს მემკვიდრედ, მისი სიკვდილის შემდეგ პაპს ირჩევს კარდინალთა კრება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ეკლესია. როგორ მიიღეს მოციქულებმა სულიერი ხელმწიფების უპირატესობა? არა როგორც ცალკეულმა პირებმა, ანუ მხოლოდ პეტრემ, ანდრიამ, ფილიპემ, არამედ ყველამ ერთად, როგორც ეკლესიის მშენებლებმა და მსახურებმა, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი სახით ეს წელმწიფება მიიღო ეკლესიამ, რომელიც მაშინაც არსებობდა, ახლაც არსებობს და იარსებებს ქვეყნიერების აღსასრულამდე. რამეთუ წმ. ეკლესია არასოდეს კვდება, ამიტომ ეს ხელმწიფებაც უფლის წმ. ეკლესიაში არასოდეს წყდება. კვდება ეპისკოპოსი, კერძო პირი, ეპისკოპოსის ხელმწიფება კი რჩება, და ეკლესია, რომელიც ამ ხელმწიფებას მუდმივად ინარჩუნებს, გადასცემს მას ეპისკოპოსის მემკვიდრეს სხვა ეპისკოპოსთა ხელით, რომლებიც ირჩევენ და აკურთხებენ მას. ამგვარად, უშუალოდ ერთიანი მფარველი მთელი სულიერი ხელმწიფებისა არის კათოლიკე ეკლესია და არა რომელიმე კერძო ეპისკოპოსი, მაშასადამე, არც პაპი. ასე მსჯელობდნენ ყველაზე ჭკვიანი ლათინი სწავლულებიც.
ამგვარად, რაკი კათოლიკე ეკლესიამ იესო ქრისტესაგან მიიღო ეს ორი უპირატესობა: მთელი სულიერი ხელმწიფება და უცდომელობა, საეკლესიო საქმისა. რომის ეპისკოპოსი რომ საეკლესიო კრებებზე მაღლა დგას, იყოს საეკლესიო კრებების უზენაესი მსაჯული და უცოდველი განმკითხველი, მაშინ ყოველი მწვალებლის გამოჩენისთანავე, ამდენჯერ რომ შეურყევიათ შფოთით ქრისტეს ეკლესია, რატომ იწვევდნენ საეკლესიო კრებებს? რა აუცილებელი იყო ამდენი მღვდელმთავრისა და ბრძენკაცის მოწვევა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რასაც თან ახლდა ამდენი შრომა და მოგზაურობის სიმძიმე, ათასი ხიფათი და დიდი ხარჯები? ეკითხათ რომის ეპისკოპოსისთვის და, რასაც ის უპასუხებდა, როგორც ოქროს სამფეხზე მჯდომი ორაკული, იმას დაიმარხავდნენ და აღიარებდნენ ქრისტიანები. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის, როდესაც ეკლესიის გარშემო რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდა, მეტადრე თუ სარწუნოების დოგმატს ეხებოდა საქმე, იკრიბებოდა ადგილობრივი და მსოფლიო საეკლესიო კრებები, რომლებსაც ღმერთის შეგონებით გამოჰქონდათ საბოლოო გადაწყვეტილება. ზოგიერთ საეკლესიო კრებაზე რომის პაპი საერთოდ არ მონაწილეობდა, არც თვითონ და არც თავის ნაცვალთა მეშვეობით, ასეთი იყო, მაგალითად, კონსტანტინოპოლის მეორე და მეხუთე კრებები. აქედან სრულიად ცხადია, რომ კრებას, როგორც მთელი კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელს, პაპის გარეშეც აქვს უფლება განსაჯოს და გადაწყვიტოს ყოველი საეკლესიო საქმე და თანაც ყოვლადწმინდა სულის შთაგონებით, ანუ უცვლელად და უცდომელად. ამიტომ ის, ვინც არ ემორჩილება საეკლესიო კრებეის კანონებს, ეწინააღმდეგება სულიწმიდას. ასე მართავდნენ ეკლესიას ღმერთშემოსილი მამები, მართლმადიდებელ ხელმწიფეთა შემწეობით, რომელთა ბრძანებითაც ხდებოდა საეკლესიო კრებების მოწვევა, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ მწვალებლები აღდგებოდნენ ხოლმე. წმ. მამები ამით ჰბაძავდნენ წმ. მოციქულებს, რომლებიც, როგორც საქმეთა შიგნიდან ჩანს, ყოველივეს ერთობით წყვეტდნენ: „ჯერ - უჩნდა სულსა წმინდასა და ჩუენცა" (საქმე 15. 28).
თუმცა რა საჭიროა ამდენი მსჯელობა და საბუთი? ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ რომის მთავარეპისკოპოსები უამრავ შეცდომას სჩადიოდნენ და ამისთვის მათ გმობდა ეკლესია.
(ილია მინიატისი, „ლოდი საცდურისა". წიგნი „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" მე-2 ტომი. გვ. 351-357)