ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.
მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.
იგავნი სოლომონისა, თ. 10-11
განა სამარცხვინო, უკიდურესად სასაცილო არაა, რომ მსახურს, როგორც წესი, საკუთარი საჭიროებისათვის ვიყენებთ, ხოლო ენას, ჩვენი სხეულის ნაწილს, მსახურივითაც კი არ ვექცევით, არამედ ყველაზე უსარგებლო და ამაო საქმეებს ვაკისრებთ?
წმიდა იოანე ოქროპირი
გაუფრთხილდი ენას: იგი ხშირად წარმოთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა.
წმიდა ნილოს სინელი
გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია. მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი - წამიერია.
იგავი სოლომონისა
ენა უნდა დაშვრეს და ზღოს მთელი თავისი უქმმეტყველებისა და დაცემისათვის. ეს იმიტომ, რომ იშვას ჩვევა, რაც შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერ მოხდება. უნდა გამოვიჩინოთ სიმდაბლე, რათა მადლი გვეწვიოს; შემდეგ იხსნება გზა - ლოცვა სუნთქვას უერთდება, ხოლო გამოღვიძებული გონება მას თვალყურს ადევნებს. დროთა განმავლობაში ვნებები უძლურდება, გულისსიტყვები მშვიდდება და გული ცხრება.
იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)
ენა შენი, დაე, ყოველთვის გონების კარნახს ემორჩილებოდეს, რადგან გონიერებას მოკლებული სიტყვები ბასრ ეკლებად გექცევა შენვე.
წმიდა ეფრემ ასური
ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 18-19
ერიდე ენით კიცხევასა და ლალვას, და საერთოდაც, აღვირი ამოსდე შენს ენას.
წმიდა ეფრემ ასური
თუ რომელიმე თქვენგანს ღმრთისმოსავი ჰგონია თავი, და ლაგამს არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღმრთისმოსაობა.
კათოლიკე ეპისტოლენი იაკობისა, თ. I
იღვაწე, ადამიანო, დაეუფლე შენს ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები.
წმიდა ანტონი დიდი
ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლადბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და საუბარშიც, რადგან მათი სიტყვა ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძნითა და გონიერებით, ისევე, როგორც მათი მდუმარება.
წმიდა ეფრემ ასური
პატარა გველია ენა, მაგრამ უდიდეს და მრავალ უბედურებას ჩადის; ორმაგი გალავნითაა შემოზღუდული, ანუ - კბილებითა და ტუჩებით, მაგრამ საკმაოდ მოხერხებულად გამორბის.
წმიდა ტიხონ ზადონელი
სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ არის, შუღლს ბოლო ეღება.
იგავნი სოლომონისა, თ. 26-28
სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
იგავნი სოლომონისა, თ. 18-19
ქართული ენა - მსოფლიო საოცრებაა! ის არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გადმოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ჭრილობების მიყენება ენითაა შესაძლებელი და ენითვე განიკურნება: „რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა, და მითვე ვსწყევთ კაცთა".
წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
„ხოლო მე გეტყვ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მათ. 12, 36). განა არ ლაპარაკობს ეს იმის შესახებ, რომ ყოველგვარი ღვარძლიანი და ცრუ სიტყვა არღვევს სამყაროს წესრიგს და შეურაცხყოფს მაცხოვარს? კეთილ თუ ბოროტ სიტყვას, რომელსაც ჩვენ აშკარად და ფარულად, ფიქრში წარმოვთქვამთ, მთელი სამყარო გრძნობს, გრძნობს გრძნობათა შემოქმედიც. როგორ შეიძლება, სიტყვა დაფარული იქნას იმისაგან, ვისთვისაც ყველა ფიქრი ცნობილია?
წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია