ბოროტ დედაკაცთან ერთად ცხოვრება დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელია. დედაკაცის სიბოროტე ყოველივე სხვას იმიტომ აღემატება, რომ ღმერთმა ქალს ჩვილი გული და ლმობიერი ხასიათი მისცა, მაგრამ თუ ქალმა ეს ბუნებითი თვისება შეიცვალა და ბოროტი შეიქნა, მასზე უფრო საძაგელი არაფერია.
ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია და დიდხანს ცოცხლობს ქვეყანაზე. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაშიც დედაკაცის მორცხვობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მეურვეობა და ოჯახზე მზრუნველობა ყოველთვის მოსაწონი იყო. ქრისტიანი ქალის მნიშვნელობა ის არის, რომ სიწმინდის, პატიოსნებისა და ზნეობის მცველი, განმამტკიცებელი, გამავრცელებელი და ქრისტიანული ცოლ-ქმრობის, მამა-შვილობის, ოჯახური ცხოვრების დამამყარებელი და ამღორძინებელი იყოს.
დანიშნულება ქალისა ქრისტიანობაში ძალიან დიდია. ყოველი ადამიანი პირველ აზრებს, მიდრეკილებებს, პირველ ლოცვას დედისგან სწავლობს, ე.ი. ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოველი ადამიანისა თითქმის ქალზე - დედაზეა დამოკიდებული.
დროთა განმავლობაში სახე იცვალა აღზრდამ, მდგომარეობამ და ყოფაქცევამ ქალისა. ადრე უმეტესწილად აღზრდა ქალისა შინაური იყო, შინ ხდებოდა, დედ-მამის ზედამხედველობის ქვეშ. იგი სწავლობდა საღმრთო წერილს, დავითნსა და ჟამნს, საეკლესიო გალობას, შინაურ საქმეებს. ასე რომ, მათ მომავალი ცხოვრებისათვის კეთილგონივრულად ამზადებდნენ, ე.ი. წინასწარ აჩვევდნენ იმას, რაც მომავალ ცხოვრებაში ელოდებოდათ.
ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქები და მადლიანია ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. ბრძენი სოლომონის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მხნე ქალი გვირგვინია ქმრისა, ქალი, რომელიც სიზარმაცითა და უსარგებლო სამკაულების სიყვარულით გამოირჩევა, ქმრისთვის ყელზე ჩამოკიდებული ლოდია, რომელიც ახრჩობს მას.
თუ დედაკაცი თავის ქმარზე უფროსობს, ეს დიდი სირცხვილია. ცოლი ქმარზე რაგინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს, მაინც მას უნდა დაემორჩილოს; ეს ოჯახის წარმატებასა და კეთილდღეობას ხელს არ შეუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება ოჯახურ ზრუნვასა და შრომასთან შეიძლება კეთილად შეერთდეს.
რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა, ნაცვლად ზემოჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება და გარეგნულად შემკობა შეიყვარეს, ეს ფრიად სამწუხარო და ჩვენი ერის მომავლისათვის ფრიად მავნებელი აღმოჩნდება.
ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმეტესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, რომ ქმრის, ძმისა და თუ სხვა მახლობლების მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმერთმა მას მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებანი იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს. ძველებური აღზრდა ქალს სწორედ თავისი მოვალეობის, დანიშნულების აღსრულებისათვის ამზადებდა. პირველ რიგში, გასაოცარი იყო სიყვარული და ერთგულება ქალისა ქმრისადმი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმარი უღირსი იყო. დღეს შინიდან გამოსული და განათლებული ქალი ხშირად შეურაცხყოფს მეუღლეს, თუ იგი ქცევითა და ღირსებით მასზე ნაკლებია. მეორე - ასევე გასაოცარი და საკვირველი იყო ძველ წესზე აღზრდილი ქალების თავშეწირული სიყვარული შვილებისადმი. მათი მესამე ღირსება სიმდაბლე და სიმშვიდე იყო. ზოგიერთები იმდენად თავმდაბალნი იყვნენ. რომ თუმცა მთელ სიცოცხლეს მახლობელ და საყვარელ ადამიანებს სწირავდნენ, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულსა და უჩვეულოს ვერ ხედავდნენ. ამას ემატებოდა მათი დაუცხრომელი შრომა და დაუძინებელი ზრუნვა ოჯახისათვის. მსგავსად დაუღალავი ფუტკრისა.
ქალს განსაკუთრებით სჭირდება გონიერება და მხნეობა, შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე მამაკაცს. როგორც ვიცით, ქალი აგებულებით მამაკაცზე ბევრად უფრო სუსტია, ამიტომ ეს სისუსტე, რათა მამაკაცს ძალიან არ ჩამორჩეს, მან გონიერებითა და ხასიათის სიმტკიცით უნდა შეავსოს. მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში არ გახდება ის მამაკაცის ხელში სათამაშო.
ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ქალი კი თავის დანიშნულებას მაშინ შეასრულებს, თუ ამ თვისებებთან ერთად სიმშვიდითა და სიმდაბლითაც იქნება, სიმტკიცეს ოჯახსა და მახლობლებს მოახმარს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Xareba.net - ის რედაქცია