ამავე ნაშრომში მამა ლაზარე ოპონენტის (ე.ჭ.) არაერთ არგუმენტს აბათილებს: თითქოს წმ. მაქსიმე აღმსარებელი „წყლითა და სულით" ნათლისღების გარდა ნათლისღების სხვა (სულიწმინდითა და ცეცხლით) საშუალებაზე საუბრობდეს. ეს წმინდანის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციაა, ვინაიდან არ არსებობს არანაირი სხვა სახის ნათლისღება. სწორედ ამას ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, მაგრამ ე.ჭ.-ს სურს საპირისპირო აზრი გამოიტანოს, რათა წმინდანის სიტყვა საკუთარ მოსაზრებას „მოარგოს", თითქოს ნათლისღების გარეშე „დაუბადებელის ნების სურვილი" საკმარისი იყოს სასუფეველში შესვლისათვის. (იხ. გვ. 47-50).
მამა ლაზარე ასევე აბათილებს მოსაზრებას, თითქოს ბეთლემში მოწამეობრივად აღსრულებული ჩვილებისა და უნათლავად მოწყვეტილების საიქიო ხვედრი ერთია. (იხ. გვ. 50-53).
აქვე მამა ლაზარე წმ. მამების სწავლებაზე დაყრდნობით განგვიმარტავს, რამდენად შესაძლებელია შვილების ტანჯვა მშობლების ბრალეულობის გამო. არქიმანდრიტი წერს: „ადამიანის ბედი თუ არჩევანი, სიკეთისა თუ ბოროტებისაკენ ლტოლვა ხშირად გამოწვეულია მემკვიდრეობითი გარემოებით. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება აღზრდის პირობებსაც. გარდა ამისა, არსებობს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის საკუთარი უნარი, თავისუფალი არჩევანი. ნებისმიერი ცოდვა აისახება მომავალ თაობაზე, მაგრამ შვილებს ყოველთვის აქვთ თავისუფალი არჩევანი, დაუპირისპირდნენ ცოდვას და ღვთის შეწევნით განთავისუფლდნენ ცოდვის მონობისაგან. შედეგად აღარ იქნებიან მშობლის ცოდვისთვის პასუხისმგებელნი და არ დაისჯებიან მშობლების ცოდვების გამო. მაგრამ მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს თავად ფაქტი შედეგებისაგან. მაგალითად, ლოთ მშობელს ხშირად მემთვრალეობისკენ მიდრეკილი შვილები უჩნდება, მაგრამ შვილი არა მამის, არამედ საკუთარი ცოდვის გამო აგებს პასუხს. ბავშვს შობისას, მშობლებისაგან გადაეცემა ცხოვრების „ესტაფეტა", მაგრამ მასთან ერთად სიკვდილით დაზიანებული, მოწამლული ბუნება: ყველაფერი რაც მიიღო ღვთისაგან, მშობლებისაგან, შეიძინა თუ დაკარგა თავის ცხოვრებაში - ყველაფერი შვილებს მემკვიდრეობით გადაეცემა. არა მხოლოდ პირველქმნილი ცოდვა, არამედ ჩვენი პირადი ცოდვისმიერი მიდრეკილებები არ შეიძლება გაგებულ იქნას როგორც განყენებული საგანი, არამედ როგორც ღრმა სულიერი სნეულება. მაგრამ, როგორც ვთქვით, ადამიანს თავისუფალი ნება გააჩნია და ღვთის მადლით შეუძლია ბოროტების დამარცხება და სიკეთის არჩევა.
ამავე ნაშრომში მკვდრადშობილთა საიქიო ხვედრის შესახებ მამა ლაზარე ძველი აღთქმის წიგნის („ეკლესიასტე") სწავლებას არამართებულ განმარტებაში ამხელს ე.ჭ.-ს. ოპონენტი შეგნებულად მიუთითებს ახალქართულ ტექსტზე, როდესაც ძველქართულ და რუსულ ტექსტებშიც აბსოლუტურად საპირისპირო აზრი იკვეთება. ძველ თარგმანში უცხადესადაა ნათქვამი, რომ მუცლადმოწყვეტილები „ამაოებით მოვიდნენ", „ბნელსა შინა ვალს", „ბნელსა შინა დაემალოს სახელი მისი" და მისთ. (ეკლეს. 6. 3-4), რასაც ე.ჭ. განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს...
მეტად მნიშვნელოვანია შემდეგიც: „წმ. მამები გეენიაში მთელ ჯოჯოხეთს მოიაზრებენ თუ ჯოჯოხეთში კონკრეტულ ადგილს? ამ საკითხს პირდაპირი კავშირი აქვს უნათლავი ჩვილების თემასთან, ვინაიდან ჯოჯოხეთში არსებული სატანჯველები განსხვავდება ერთმანეთისაგან. მამა ლაზარე შენიშნავს, რომ „წმინდა მამები გეენიაში ხან მთლიან ჯოჯოხეთს, ხან კონკრეტულ ადგილს მოიაზრებდნენ. ისიც უდავოა, რომ ჯოჯოხეთში არ არსებობს უტანჯველი ადგილი. მაგრამ ეს სატანჯველები დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან. არსებობს ისეთი სატანჯველებიც, სადაც სხვებთან შედარებით თითქმის არც არის წამება, თუმც ამ ადგილს არ შეიძლება ეწოდოს არც ნათელი, არც მანუგეშებელი, არამედ „ზოგადად, ერთობ ფარდობითად მშვიდი" ადგილია. უნათლავი ჩვილების ხვედრის გამო მამა ლაზარე ამ გარემოებას გულისხმობდა, კერძოდ: „თუმც ისინი არ დაისჯებიან, მაგრამ ჯოჯოხეთში ტანჯვის გარეშე ყოფნაც სავალალო და მტკივნეულია. თუმც არ შეედრება იმათ წამებას, ვინც შეგნებულად სცოდავდა.
ასეთი, ანუ ნაკლებადმტანჯველი ადგილი რომ არსებობს, ამაზე წმინდა მამებიც საუბრობენ ვით ადგილზე, სადაც „არ იტანჯებიან". ეს ფაქტი უნდა ვაღიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს იმის თქმა, რომ უნათლავი ადამიანები, ჩვილებიც და ზრდასრულებიც, რომლების შესახებაც საუბრობდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (მე-40 სიტყვაში) და უნათლავი უწმინდური წარმართები, რომლებზეც ნათქვამია, რომ „განთავისუფლდებიან სატანჯველისაგან", სამოთხის მკვიდრები ხდებიან".
მამა ლაზარეს იმის თქმა სურდა, რომ „უნათლავად მოწყვეტილი ჩვილები მართლა ისე „არ დაიტანჯებიან", ვით მძიმე სატანჯველში, მაგრამ „არც განდიდდებიან", ვინაიდან ისინი მაინც ჯოჯოხეთში, თუმც უტანჯველ სამყოფელში იმყოფებიან და არა სამოთხეში. ესაა წიგნის ძირითადი სათქმელი, თუმც მრავალი რამის გადმოცემა ვერ შევძელით ჩვენი მცდელობით.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია