წმ. თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: ქრისტეს ჯვარი მისი სისხლით აღმართულია შუაში და თავისი განმწმენდელი ძალით ყველა წინარე და ამჟამინდელ ცოდვილს უნათებს" (Св. Феофан Затворник. Творения. Толкование Посл. Ап. Павла). ღმერთთან შერიგების სხვა გზა არ არსებობს: „რამეთუ მას შინა სათნო იყო ყოველივე სავსებაი დამკვიდრებად. და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშვიდობაჰყო. სისხლითა მით ჯუარისა მისისათა მის მიერ, გინათუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა" (კოლ. 1. 19-20). „და არავინ არს სხვით ცხორებაი და არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაი ჩუენდა" (საქმე 4. 12). უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მამა ღმერთის შეცნობა არავის ძალუძს, „გარნა ძეს და მას, ვისაც ძე ღმერთი განუცხადებს", როგორც ამბობს წმ. ირინეოს ლიონელი (II საუკ. წმ. მამა). „ძე კი განუცხადებს მამის შესახებ ყველას, ვისაც სურს შეიცნოს ის (ღმერთი), ხოლო მამის კეთილი ნებისა და ძის ქმედების გარეშე ვერავინ შეიცნობს ღმერთს". ამიტომაც ეუბნება მაცხოვარი თავის მოწაფეებს: „მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხორებაი; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ. უკეთუმცა მიცოდეთ მე, მამაიმცა ჩემი იცოდეთ". ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი შეიცნობა ძის ანუ სიტყვის მეშვეობით. ამიტომაც „იუდეველები განუდგნენ ღმერთს, არ მიიღეს მისი სიტყვა, არამედ წარმოიდგინეს, რომ შეუძლიათ თავისთავად შეიცნონ მამა სიტყვა ღმერთის ანუ ძის გარეშე".
ყოველ ქრისტიანს მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ ადამში მოკვდა ყველა, რომ მარადიული ნეტარებისთვის ცოცხლდება მხოლოდ ქრისტეს მორწმუნე. „ვითარ-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებასა" (რომ. 5. 18), რომ ადამიანი ქრისტეში გამართლების ღირსი ხდება რწმენისა და რწმენის საქმეების მეშვეობით. ადამისაგან ცხოვრება რომ მიიღო, ცხოვრებასთან ერთად მისმა ყველა შთამომავალმა მემკვიდრეობით მიიღო წყევაც, რომლის ქვეშაც იმყოფებოდა ადამი. ის სულიერი სიკვდილიც მიიღო ღვთისაგან და მისი მადლისაგან განშორებაც, რაც თავისი დანაშაულის შემდეგ დაითმინა ჩვენმა წინაპარმა. ვიღებთ რა მშობლებისაგან სიცოცხლეს, მემკვიდრეობით ვიღებთ სიკვდილსაც, რომლის ქვეშაც იმყოფება მთელი კაცობრიობა. ამ სიკვდილისაგან განთავისუფლების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ქრისტეს სიკვდილთან სულიერი თანაზიარობა, რაც რწმენის მეშვეობით, ღვთივსათნო ცხოვრებით, გაუბზარავი, ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და რელიგიური წეს-განგებით აღესრულება. ისინი ამოწმებენ სარწმუნოებას და მორწმუნეთ იმ დიადი მოვლენის თანაზიარს ხდიან, რომელმაც გარდაქმნა წეს-ჩვეულება.
მამა ლაზარეს წიგნი „ადამის ცოდვა" საკმაოდ ვრცელი ნაშრომია. აქ არქიმანდრიტი წმინდა მამებისეულ კიდევ ბევრ არგუმენტს იშველიებს, დეტალურად განმარტავს ადამის ცოდვის არსს, მის შედეგებს ადამიანის ცხოვრებაზე.
დასკვნის სახით მამა ლაზარე იმ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც შეიძლება გასაქანი მიეცეს პირველქმნილი ცოდვისა და უნათლავი ჩვილების ხვედრის არამართებული გაგების შემთხვევაში. (მსგავსი ფაქტი სულ ახლახან მოხდა რუსეთის ეკლესიაში, როცა უნათლავი ჩვილების შესახებ არასწორი მოსაზრება გამოთქვეს). ამიტომ ის კიდევ ერთხელ შეგვაგონებს:
„საკითხი პირველქმნილი ცოდვის შესახებ დღესაც მეტად აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას მასზე უცხადესი შეგონებები და განმარტებები გააჩნია. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა თანაგრძნობით მოჰკიდებოდა გაუბედურებულებს. ეკლესია საუბრობს მათი (ჩვილების) საიქიო ხვედრის შესახებ შერბილებული ტონით და მხოლოდ მაშინ, როდესაც ცრუსწავლების საფრთხის მოახლოებას გრძნობს, მყისიერად ამხელს შემცოდეთ მრისხანე სიტყვით.
სარგებლობენ რა მავანნი ეკლესიის ამ დამოკიდებულებით, იმის ნაცვლად, რომ ამხილონ წარმართული გარემოცვა, ასწავლონ თავიანთ ახლობლებს ქრისტიანული ცხოვრების მოთხოვნები და გადაარჩინონ სულები, ნაცვლად ამისა, ისინი ცდილობენ თავად ეკლესია, თავად მართლმადიდებლობა მოარგონ ამა სოფლის ცოდვისმიერ და დაცემულ სულს. სულ უფრო ხშირად გაისმის ახალი „ინდულგენციებისა" და „დაშვებისაკენ" მოწოდებები. ასეთები გვევლინებიან დაცემული, არაეკლესიური საზოგადოებების ადვოკატებად, სათავისოდ იყენებენ წმინდა მამების კონტექსტიდან ამოგლეჯილ ან აზრდაუმთავრებელ ციტატებს... მსგავსი „მახეების" მიღმა სხვა რამ იკვეთება: გამალებული სურვილი წაშალონ ეკლესიის საზღვრები, დაამახინჯონ უცხადესი სარწმუნოებრივი სწავლება ცრუსწავლებებთან ბრძოლისა და ცხონების შესახებ.
ამრიგად, უნათლავად მოწყვეტილ ჩვილთა ცხონების ერთი შეხედვით „უვნებელი" სწავლება არის დედაეკლესიის საზღვრების გარღვევის შეფარული მცდელობა - სურთ გაიკეთონ საძრომი. ზღუდეზე გადმოძრომისას ადვილშესამჩნევნი იქნებიან, უმალ პასუხს მიიღებენ მართლმადიდებლებისაგან. მტკიცედ გვჯერა: თუკი მივცემთ ხსენებული საძრომის გაკეთების საშუალებას (ანუ უნათლავ ჩვილთა ცხონების შესაძლებლობას), მათეული საძრომი ხვრელი მალე მრავალი უცნობის (არამართლმადიდებლების, ერეტიკოსების და მისთ.) ფართო შესასვლელად გადაიქცევა. შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ ვამუქებთ ვითარებას, წერს მამა ლაზარე, მაგრამ სწორედ ჩვენს დროში მიმდინარეობს გამალებული მუშაობა საიმისოდ, რომ კაცობრიობამ საბოლოოდ დაკარგოს ჭეშმარიტი ორიენტირი - ბოროტებისა და სიკეთის გარჩევის უნარი.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია