მამა ლაზარე წარმოაჩენს ორ უკიდურეს დაბრკოლებას, რომელშიც ვარდებიან საკუთარ მოსაზრებას მინდობილი ადამიანები. ეს დაბრკოლებებია:
1) როგორ შეიძლება ადამის ცოდვა დაგვაწვეს მთელი სიმძიმით, როდესაც მასში ჩვენი ნება არ მონაწილეობდა? შედეგად, ჩვენ არ უნდა მოგვეთხოვოს პასუხი პირველქმნილი ცოდვისათვის.
2) სხვისი (ადამის) ცოდვის გამო, რატომ უნდა ვიყოთ ბრალეულნი?
როგორც უნდა აიხსნას, განიმარტოს ეს საკითხი? როგორ დავაკავშიროთ ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, დაუკავშირებელი ამბები? საქმე ისაა, რომ ადამის ცოდვა სწორედ უნებლიე შეცოდებებს მიეკუთვნება. „მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" დაისვა კითხვა: „როგორ განიმარტება მომაკვდინებელი ცოდვა?" პასუხია: „მომაკვდინებელი არის პირველქმნილი და ნებაყოფლობითი ცოდვა". ამის შემდეგ განვსაზღვროთ რა არის პირველქმნილი ცოდვა? საღვთისმეტყველო აზრის თანახმად, (Новая Сурыжаль. Ч. 4. §2. М. 1992. С. 328), „პირველქმნილი ცოდვა, პირველყოვლისა, არის უნებლიე შეცოდება ანუ წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა, რომელიც არა ჩვენი ნებით, არამედ სხვისი ბრალეულობით მოხდა".
წმინდა წერილისა და წმინდა მამების განმარტების კვალდაკვალ დავსძენთ: როგორც ადამში ყველა ჩვენგანმა შევცოდეთ, ასევე ქრისტეში ყველანი გავმართლდით. ღვთის სიტყვისა და წმინდა მამათა მოწმობის საფუძველზე მხოლოდ ამ ზღვრამდე შეგვიძლია გავყვეთ გონების მოთხოვნებს. ეს არის ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება. ვინც ამაზე შორს მიდის საკუთარ მსჯელობებსა და განსჯებში, ღვთის კაცთმოყვარებისა და მართლმსაჯულების განხილვის ჟამს, ის უთუოდ ცრუშეხედულებების სისტემაში მოუწესრიგებელი, დანაწევრებული, რაციონალისტური ნააზრევის ქაოსში აღმოჩნდება.
შემდეგ მამა ლაზარე წმინდა წერილისა და წმინდა მამების სიტყვებს იმოწმებს თავისი არგუმენტების დასადასტურებლად. ყველაზე მკაფიოდ ამ საკითხის შესახებ ნათქვამია წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებში. ვინც ყურადღებით წაიკითხავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეს, პირველივე თავში აღმოაჩენს პავლე მოციქულის შემდეგ სწავლებას:
„ამისთვის, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომელთა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 18).
მამა ლაზარე ეპისტოლეს ამ მონაკვეთის განმარტებისას რამდენიმე წმინდა მამის: წმ. თეოფილაქტე ბულგარელის, წმ. თეოფანე დაყუდებულის, წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა მამების სწავლებას იშველიებს.
წმ. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს:
„ცოდვა და სიკვდილი სამყაროში ერთი ადამიანისაგან - ადამისაგან შემოვიდა და კვლავ ადამით - ქრისტეთი იქნა ძლეული". რას ნიშნავს სიტყვები: „რომლითა ყოველთა შესცოდეს? - იმას, რომ ადამში ყველამ შესცოდა. როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე ჩვენც, ყველანი, ვისაც არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი, მოკვდავნი გავხდით, თითქოს იმგვარადვე დავეცით, იმიტომ რომ ის დაეცა" (Св. Феофилакт Болгарский. Толк. Посл. Ап. Павла. СПБ. 1911. С. 318).
აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ გარემოებაზე, - ამბობს მამა ლაზარე: წმინდა მამა მკაფიოდ მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენც ვართ ადამის ცოდვაში ბრალეულნი „როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე დავეცით ჩვენც", თუმც „არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი", მხოლოდ იმის გამო, რომ „ის დაეცა". სწორედ ამ სიტყვებით გაესვა ხაზი ამ ცოდვაში ჩვენს უნებლიე ბრალეულობას. ამის მიუხედავად პასუხისმგებლობა მაინც გვეკისრება: „თითქოს იმგვარადვე დავეცით"...
როგორც წმ. წერილისა და წმ. მამების სწავლებიდან ჩანს, ყველა ადამიანი სწორედ ადამის ცოდვის გამო დაისაჯა სიკვდილით, თუმც თავად არ მონაწილეობდა ცოდვაში. ყველა ჩვენგანმა ადამისაგან მემკვიდრეობით მივიღეთ დაცემული კაცობრივი ბუნება... რადგან სწორედ ეს ბუნება იყო ადამსა და ევაში, როდესაც დაუპირისპირდნენ ღმერთს, მის წმინდა მცნებას, მოექცნენ წყევის ქვეშ, სიკვდილისაკენ მიიდრიკნენ.
დიახ, ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ სწორედ იმ ნებას, რომელსაც ადამმა მისცა დასნეულებისა და არაბუნებრივი მოქმედების ნება. ამიტომ ახლა ჩვენი ნებაც იოლად მიიდრიკება ცოდვისაკენ და მერყეობს ბოროტებასა და სიკეთეს შორის... მაგრამ უმართებულო იქნება თქმა იმისა, რომ ჩვენი ნებით შევცოდეთ ადამთან ერთად. ჩვენი პიროვნული არჩევანი არ მონაწილეობდა ედემში, როდესაც გველი წინაპრებს აცდუნებდა, ღვთის მცნების დარღვევას სთავაზობდა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, მრავალი ჩვენი თანამედროვისთვის ეს დოგმატი „დაბრკოლების ლოდად" იქცა. თანამედროვე რაციონალისტურ-ჰუმანისტური სული კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ჭეშმარიტებას იმ სახით, როგორც ამას გვთავაზობს ჩვენი ეკლესია, მაგრამ:
როგორ მიიღოს გონებამ განცხადებული ჭეშმარიტება - ერთი ადამიანის ცოდვის შედეგად ყველას სიკვდილით დასჯის აუცილებლობა? (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია