წმ. იოანე დამასკელი „სრული ღმერთისა" და „სრული კაცის" განსაზღვრებისას ამბობს: (ქრისტე) „ამ აზრით არის სრული ღმერთი, რომ აქვს საღმრთო ბუნების ყველა თვისება, ასევე, მას ექნება ადამიანური ბუნების ყველა თვისებაც, ე.ი. ადამიანის ყველა ბუნებით შესაძლებლობა..., რათა იყოს სრული კაცი, რადგან, თუ მან არ მიიღო რომელიმე ბუნებითი თვისება, მაშინ იგი სრული კი არა, ნაკლოვანი კაცია (გვ. 16). მაშასადამე, - განაგრძობს მამა ლაზარე, - სრული კაცი ნიშნავს არა რაღაც განსხვავებულ, სხვაგვარ ადამიანს, ვიდრე ჩვენ ვართ, ან ზეადამიანს, არამედ - სწორედ ნამდვილ ადამიანს, რომელიც არის ყოველგვარი ნაკლის გარეშე და არ არის მოკლებული არანაირ კაცობრივ თვისებას.
მაგრამ აი, რა სწავლებას გვთავაზობს ე. ჭელიძე:
ჯერ ერთი, იგი კაცობრივი ბუნების თვისებებს ორ კატეგორიულად ჰყოფს: 1) „გნოსეოლოგიური" თვისება; 2) „ონტოლოგიური" სახის თვისება. მისი (ე. ჭ.) აზრით, პირველი თვისებები (ე.ი. რაც მოაზროვნე სულს უკავშირდება) „მხოლოდ ბუნებაში უნარჩუნდება მოუსპობლად", „რეალობაში, მოქმედებაში ანუ სინამდვილეში კი ეს ბუნება... უკვე ჭეშმარიტად ყოვლისმცოდნეა, ყოვლადბრძენია და ყოვლისმეუფეა", ხოლო მეორე, ხორციელი ბუნების და სულის არაგონიერი ნაწილი უძლური და შეზღუდული თვისებები „სრულიად ნარჩუნდება როგორც ბუნებაში, ასევე მოქმედებაში", ხოლო მოაზროვნე სულის შეზღუდული თვისებები (რაც უკავშირდება გონებას, ნებას) თუმცა „მოსპობილია", მაგრამ „რეალურად სრულიად აუმოქმედებელია". უფრო მეტიც, თვით ეს შეზღუდული თვისებები პიროვნებამ სინამდვილეში არანაირად არ შეითვისა: „მაცხოვარმა მიიღო უმეცარი და არაცხოველმყოფელი კაცება, მაგრამ მას, პიროვნებას სინამდვილეში არ შეუთვისებია კაცობრივი ბუნების უმეცრება და არაცხოველმყოფელობა".
ე. ჭელიძის აზრით, „ერთი და იგივე ჰიპოსტასი ვერანაირად ვერ იქნება ერთდროულად რაიმეს მცოდნეც და არმცოდნეც, ხოლო თუ ვინმე მაინც დაუშვებს, რომ მაცხოვარი რეალურად მცოდნეცაა (საღმრთო ბუნებით) და არმცოდნეც (კაცობრივად), იგი უეჭველად და უპირობოდ, ნესტორიანთა მსგავსად, ორი ძის, ორი სხვადასხვა პიროვნების აღიარებამდე მივა" (ე.ჭ. წიგნ. გვ. 55-56).
მამა ლაზარეს აზრით, „სწორედ აქ იჩენს თავს ის მავნე თესლი, საიდანაც აღმოცენდება მთელი ეს მწვალებლური სწავლება!" შემდეგ სვამს ასეთ შეკითხვას: „რატომ არ შეუძლია ჰიპოსტასს გამოავლინოს ორი განსხვავებული ბუნების ეს საპირისპირო თვისებები? როგორც ჩანს - სწორედ იმიტომ, რომ ე. ჭელიძის გაგებით, გონებაც, ნებაც, ცხოველმყოფელობის უნარიც და ყოვლისშემძლეობაც, როგორც მოქმედებები, ზუსტად, როგორც აპოლინარი და შემდგომში მონოფიზიტები, ურევს პიროვნებისა და ბუნების თვისებებს.
ჩვენ არსად შეგვხვედრია, რომ ეკლესია ასწავლიდეს თვისებათა ამგვარი გაყოფის შესახებ...
ქალკედონის კრების დოგმატი ხაზს უსვამს, რომ ქრისტეს კაცობრივი ბუნება „სრულიად ჩვენი მსგავსია, გარდა ცოდვისა", და რომ „ორ ბუნებას შორის განსხვავება შეერთებაში არანაირად არ ისპობა, უფრო მეტიც, თითოეული ბუნების თვისებები სრულიად შენარჩუნებულია".
წმ. იოანე დამასკელიც ამტკიცებს, რომ „ბუნებათა არსობრივი განსახვავება სრულიად ნარჩუნდება" (წერილები მონასტრიდან. გვ. 20).
როდესაც ე. ჭელიძე ამბობს, რომ ქრისტეს მოაზროვნე სულის შეზღუდულობა რეალურად ვერანაირად ვერ გამოვლინდებოდა და ქრისტეს პიროვნებას არ შეუთვისებიაო, ყოველივე ამით, იგი უარყოფს ორი სხვადასხვაგვარი ბუნების შესაბამის ორ განსხვავებულ მოქმედებასაც. თუ კაცობრივმა ნებამ ყოვლისშემძლეობის ძალა მიიღო ღმრთაებისაგან, მაშინ მისი მოქმედება იგივეობრივი იქნება საღმრთო ნების მოქმედების, ვინაიდან, როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს ქრისტეს ორი ყოვლისშემძლე ნება?"
მამა ლაზარე ყველანაირად ცდილობს დაანახოს ე. ჭელიძეს თავისი ცდომილებები, თუ რა იწვევს მათ, როგორ ურევს ერთმანეთში პიროვნებისა და ბუნების თვისებებს; მოჰყავს უამრავი ამონარიდი წმ. მამების სწავლებიდან, ადარებს მის ხედვებს მწვალებლების შეხედულებებთან, აჩვენებს მათ მსგავსებას, მაგრამ ვერანაირად ვერ მოჰყავს გონს - ის ჯიუტად განაგრძობს თავისი ცდომილებების გავრცელებას.
შესაძლოა, მავანმა იფიქროს, რომ ე. ჭელიძის შეხედულებების შეფასება გადაჭარბებულია და მისთ... მაგრამ მამა ლაზარე შენიშნავს, რომ მისი მწვალებლური შეხედულება უფრო ნათლად მჟღავნდება, როცა იგი ცდილობს დაწვრილებით აგვიხსნას საკუთარი სწავლება". მომდევნო ქვეთავში „მონოენერგეტიკული ერესი ე. ჭელიძის სწავლებაში" არქიმანდრიტი დასძენს:
„ე. ჭელიძის მწვალებლური შეხედულება უფო ნათლად მჟღავნდება, როცა იგი ცდილობს, დაწვრილებით აგვიხსნას საკუთარი სწავლება. მაგალითად იმის გასარკვევად, თუ როგორ არ „ისპობა" ქრისტეში კაცობრივი სულის შეზღუდული თვისებები (და, ამავე დროს, „რეალურად ვერანაირად ვერ ვლინდება", და რომ „რეალურად მხოლოდ შეუზღუდავი თვისებები ვლინდება"), იგი ამბობს: „კაცობრივ ხორცს თავისთავად არც არანაირი ცხოველმყოფელობის თვისება არა აქვს, მაგრამ რაწამს აღნიშნული კაცობრივი ბუნება მაცხოვრისაგან იღებს, მყისვე მდიდრდება იგი საღმრთო ბუნების ცხოველმყოფელობითი თვისებით და ისიც ცხოველმყოფელი ხდება, ამიტომ ...უდიდესი მკრეხელობაა თქმა იმისა, რომ მაცხოვრის კაცობრივ ბუნებას, მის ხორცს არა აქვს ცხოველმყოფელობის ძალა..." (გვ. 41-42).
იგი (ე.ჭ.) ცდილობს წმ. იოანე დამასკელი დაიმოწმოს, როდესაც წმინდანი ამბობს, რომ „ადამიანთა ხორცი... თუმცა არ დაუკარგავს თავისი ბუნებითი მოკვდავობა, მაგრამ სიტყვასთან ჰიპოსტასური შეერთების გამო ცხოველმყოფელი გახდა და ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იგი არ იყო ცხოველმყოფელი და ყოველთვის არ არის ცხოველმყოფელი".
მამა ლაზარე შენიშნავს, რომ ეს ერთი შეხედვით, თითქოს ე.ჭ.-ს სწავლების შესატყვისია, მაგრამ გვირჩევს გამოვიძიოთ დაწვრილებით, რას გულისხმობს დამასკელი და რას - ე. ჭელიძე.
„სხვაგან, იმავე წიგნში დამასკელი უკვე დაწვრილებით ხსნის ორი ბუნების ორ განსხვავებულ მოქმედებას და ამბობს: „როგორც გავარვარებულ მახვილში მთლიანად ნარჩუნდება ცეცხლისა და რკინის ბუნება, ასევე - ორი მოქმედებაც და მათი შედეგიც. რამეთუ რკინასაც აქვს თვისება კვეთისა და ცეცხლსაც - თვისება წვისა, რკინის მოქმედების შედეგია კვეთა, ცეცხლისა კი - წვა, და მათი განსხვავება მთლიანად შენარჩუნებულია... ასევეა ქრისტეშიც: მის ღმრთაებას ეკუთვნის საღმრთო და ყოვლისშემძლე მოქმედება, მის კაცებას კი - ჩვენივე მსგავსი მოქმედება. კაცობრივი მოქმედების გამოვლინება ის იყო, რომ მან ხელი მოჰკიდა ასულს და თავისკენ მიიზიდა, ღმრთაებისა კი - მისი (ასულის) განცხოველება, რამეთუ სხვა არის ეს და სხვა - ის, თუმცა ღმერთმამაკაცურ მოქმედებაში ერთმანეთისაგან განუშორებლად არსებობენ ისინი" („Точн. Излож.").
რა ნათლად ჩანს - განაგრძობს მამა ლაზარე, - აქ სწავლება იმის შესახებ, თუ რა აზრით შეიძლება ეწოდოს ქრისტეს ხორცს „ცხოველმყოფელი ჰიპოსტასური შეერთების გამო!" სრულიად არ არის ისე, რომ თვით ხორცის მოქმედება ხდება „ცხოველმყოფელი". იგი ყველანაირად ადამიანურ ხორცად („რკინად") რჩება და ავლენს მისთვის დამახასიათებელ, „ჩვენივე მსგავს" მოქმედებას, რომელიც მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ „მან ხელი მოჰკიდა ასულს და თავისკენ მიიზიდა", საღმრთო ბუნების მოქმედებამ კი განაცხოველა იგი...
მაშ ასე, დამასკელის მიხედვით, ხორცი მთლიანად ინარჩუნებს თავის შეზღუდულობას და მისი მოქმედების „ზღვარია" „ხელის გაწოდება", საღმრთო ბუნების მოქმედება კი - ასულის აღდგინებაა. ე. ჭელიძის მიხედვით კი ხორციც ცხოველმყოფელი ხდება. ე.ი. კაცობრივი ბუნების მოქმედებაც ასევე „ცხოველმყოფელია", თუმცა არა თავისი ძალით... და ა.შ."
წმ. იოანე დამასკელის კიდევ სხვა მრავალი ციტატის განხილვისა და ე.ჭ.-ს სწავლებასთან შედარების შემდეგ, მამა ლაზარე ასკვნის:
„ამრიგად, თუ ე. ჭელიძე მიიჩნევს, რომ ერთი ჰიპოსტასი რეალურად მოქმედებაში ვერანაირად ვერ ავლენს ორ ურთიერთსაპირისპირო თვისებას, სურს მას ეს თუ არა, - ერთ რიგში დგება მონოენერგეტ მწვალებლებთან, რომლებიც ასწავლიდნენ იესო ქრისტეს სწორედ ერთი მოქმედების შესახებ, და, ამასთან, იმ მოსაზრებებს ეყრდნობოდნენ, რომლებსაც ე. ჭელიძესთან ვხვდებით".
არქიმანდრიტი ლაზარე თავის ამ პოლემიკურ ნაშრომში ე. ჭელიძეს კიდევ სხვა ცდომილებებსაც ამხელს (მონოთელიტობის, დოკეტიზმის გამოვლინებებს), თუმცა ყველა საკითხის აქ განხილვა არ გახლავთ ჩვენი წიგნის მიზანი. საამისოდ მკითხველს ვურჩევთ, სრულად გაეცნოს ამ შესანიშნავ ნაშრომს და თავად დარწმუნდება, რამდენი ცდომილი აზრის გათავისების საფრთხის წინაშე დგას სემინარია-აკადემიის სტუდენტები და მთლიანად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია