არქიმანდრიტ ლაზარესთან (აბაშიძე) ოცდასამწლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. ჯერ კიდევ ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობის პერიოდიდან თქვენს მონა-მორჩილს (დეკ. კ. ჯ.) და ჩემს ძმას დავით ჯინჭარაძეს მამა ლაზარესთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. მასთან (მ. ლ.) ურთიერთობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩვენზე, ამიტომ არა მხოლოდ მისი წიგნების გადაკითხვა, არამედ მასთან ცოცხალი ურთიერთობა და იმ სულისკვეთების (შეძლებისამებრ) ათვისება დავისახეთ მიზნად.
ბევრი რჩევა-დარიგება-შეგონება შეგვიძლია გავისხენოთ მასთან დაკავშირებით მიმოწერიდან თუ პირადი ურთიერთობიდან, თუმცა დავუბრუნდეთ თემას. მოგვიანებით ჩვენი ურთიერთობა ერთგვარ სულიერ „თანამშრომლობაში" გადაიზარდა. საქმე ისაა, რომ ჩვენ (კ. ჯ; დ. ჯ.), დეკანოზ ზაქარიასთან (მარგალიტაძე) ერთად გადავწყვიტეთ გაზეთ (მოგვიანებით ჟურნალ, შემდეგ პორტალ Xareba.net - ის) „ხარებას" გამოცემა. ამ საქმის წარმატებული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი მამა ლაზარესგან პირადად ჩვენი გაზეთისთვის გამოგზავნილმა წერილებმა იქონია (რისი მიმოხილვაც დავისახეთ მიზნად), მაგრამ ამ წერილებს შორის გამოვარჩევდით გაზ. „ხარების" ხუთი წლისადმი მიძღვნილ წერილს „ქრისტესმიერი სიყვარულით", რომელმაც კიდევ უფრო გაგვაძლიერა და განგვამტკიცა ამ არც თუ ისე იოლ გამომცემლობით საქმეში.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, მშვიდობა თქვენდა! გვსურს გავიზიაროთ თქვენი გაზეთის „ხარების" ხუთი წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული სიხარული. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩვენი გაზეთის, რადგან იგი მტკიცედ დამკვიდრდა მრავალი მორწმუნისა და ეკლესიური ადამიანის, მათ შორის ჩვენი ძმობის ცხოვრებაში, და იმ სასიხარულო ამბის გარეშე, რომელიც გაზეთ „ხარებას" შემოაქვს ჩვენს გულებში, უკვე ძნელია. ხუთი წელი ჩვენს მსწრაფლწარმავალ და ცვალებად დროში - საკმაოდ დიდი პერიოდია, და უთუოდ თქვენცა და თქვენს მკითხველს მნიშვნელოვანი, სულისათვის სასარგებლო გამოცდილება შეგძინათ...
რა თქმა უნდა, თქვენ უკვე გაიარეთ ბევრი სიძნელე და უეჭველად, არაერთხელ ხელიც ჩაგიქნევიათ, ეჭვი გაჩენილა - არის კი საჭირო თქვენი შრომა, მოაქვს მას სულიერი სარგებელი, გამართლებულია ენერგიის ასეთი ხარჯვა და ამდენი განსაცდელისა და მწუხარების დათმენა (რაც საგამომცემლო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია)?! და ჩვენ - თქვენი მკითხველი გეუბნებით: საჭიროა, საჭირო და აუცილებელიც კი! დიახ, დღეს მრავალი რელიგიური წიგნი, ჟურნალი, ბროშურა და გაზეთი იბეჭდება, - მაგრამ რა ცოტაა მათ შორის ჭეშმარიტად ეკლესიური, წმინდა მამებისეული, საიმედოდ დაცული მართლმადიდებლური სწავლება...
ამრიგად, სულიერი ლიტერატურის მოჭარბების მიუხედავად, მორწმუნენი ხშირად დაუკმაყოფილებლობას განიცდიან, ძირეულად ვერ იკლავენ სულიერ შიმშილს და არცთუ იშვიათად სერიოზულ შინაგან აშლილობას განიცდიან...
მაშ, ასე - დღეს მორწმუნეთათვის მეტად მნიშვნელოვანია წმინდა მამებისეული, ჭეშმარიტად მართლმადიდებლური სიტყვის მოსმენა. საჭიროა სიტყვა არა სიცრუით შეზავებული, ხიბლის საფუარით გაჯერებული, ცრუ განმარტებით დამახინჯებული, არა ვიღაცის მზაკვრული აზრის დასამოწმებლად მოყვანილი, არა ცოდვილის მომადუნებელი, მისი სინდისისათვის ძილის მოსაგვრელად ტკბილ იავნანად ნამღერი, არამედ სიტყვა მხნე, მებრძოლი საკუთარ ვნებებთან, საკუთარ სიამაყესა და თავმოყვარეობასთან თავდაუზოგავი ბრძოლისაკენ მომწოდებელი, როგორც სამხედრო მარში...
ამიტომ გასაგებია, დღეს ასე ძვირად რატომ ფასობს მართლმადიდებლური გაზეთი „ხარება", რომელიც ძვ. დროის მამათა სწავლებას ეყრდნობა და მორწმუნეებამდე მიაქვს არა ხიბლისმიერი, არა ოცნებისმიერი, სმენისათვის საამო, არამედ ჭეშმარიტად ცხონების მასწავლებელი, სულიერი ცხოვრების გზის ცოდნა.
შესაძლოა, ვიღაცამ გითხრათ: თქვენს გაზეთს „ხარება" ეწოდება, შესაბამისად, იგი უნდა იყოს დაკავშირებული ყველაფერთან, რაც სასიხარულო და ნათელია ქრისტიანობაში. მაშ, რატომ წერთ ცოდვასთან ბრძოლის შესახებ, სხვადასხვაგვარ სულიერ სნეულებასა და რწმენის დამახინჯებაზე, მრავალ უარყოფით მოვლენებზე რელიგიურ ცხოვრებაში?... მაგრამ გავიხსენოთ, რას მოგვითხრობს წმ. სახარებაში მთავარანგელოზის მიერ ღვთისმშობლის ხარებისა და ქრისტეშობის შემდეგ მართალი სვიმეონის მკაცრი წინასწარმეტყველება: „აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა", „და სასწაულად სიტყვის-საგებლად, რათა განცხადდნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი" (ლუკ. 2. 34-35). ეს სიტყვები მიგვითითებს იმ სასტიკ, მტკივნეულ, სისხლიან, უხილავ ბრძოლაზე, რომელიც უნდა დაიწყოს ადამიანთა გულებში ქრისტეს მაცხოვნებელი სიმართლის ამქვეყნად შემოსვლის შემდეგ...
ის სიხარული, რომელიც წმ. სახარებას შემოაქვს, მხოლოდ მაშინ გახდება სრულყოფილი და ღრმად გააზრებული, როდესაც ჩვენ თავგანწირვით შევუდგებით გამოცდათა გზას, ვაჟკაცურად ავიღებთ და ვიტვირთავთ ჩვენს ჯვარს უფლის სახელით. სწორედ ამას გვასწავლის გაზეთი „ხარება"!
დაე, ღმერთმა გაგაძლიეროთ, საყვარელნო ძმანო და დანო. ღმერთმა მოგანიჭოთ მრავლისმოთმინება, სიმშვიდე და თავმდაბლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოროტებასა ზედა მდგომი სოფელი შეეცდება გაწყენინოთ, შეგაცბუნოთ, დაგამციროთ და თქვენს წინააღმდეგ ლანძღვა-გინებასა და საყვედურებს, შებილწვასა და ფურთხებას ამოანთხევს. მაგრამ ყოველთვის იყვნენ და არიან კაცნი, რომელთაც წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: „შეიძულეს სამსჯავროში მამხილებელი და წრფელად მოუბარი შეიძაგეს" (ამოს. 5, 10). (არქ. ლაზარე აღდგომის სკიტის ძმობასთან ერთად. 2003. აპრილი).
მოდით სხვა წერილების ძირითადი სათქმელიც მიმოვიხილოთ.
„ხატის წინ ანთია სანთელი - რას ნიშნავს ეს" - განმარტავს არქიმანდრიტი ლაზარე: „სანთელი მშვიდად და ზომიერად აფრქვევს ნათელს. ნათელს ჰფენს ხატზე გამოსახულ ღმრთაებრივ სახეს, სანამ არ დაილევა და გაქრება. აი, ის უკვე აღარაა - მაგრამ გაქრა კი? არა - იგი მთლიანად სინათლედ და სითბოდ გადაიღვენთა. თავისი სხივებით აირეკლა წმიდა სახეები - თან წაიღო ეს ულამაზესი ანარეკლი, წავიდა მოთამაშე ნათებით შორეულ ცაში ტაძრის სარკმელთა მიღმა საიდუმლოდ მოციმციმე ვარსკვლავებთან. ამ ანთებული სანთლის მსგავსია მორწმუნის ცხოვრება...
ჩვენ ხომ ყველანი უნდა გარდავიქმნათ უხეში ხორციელი მდგომარეობიდან და გავხდეთ დახვეწილნი, სულიერნი, თვით ჩვენი სხეული გახდეს თანაზიარი ღმრთაებრივი დიდებისა, მაგრამ ეს შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ სულიერი გადადნობის, ფერისცვალების მეშვეობით. სანთლის ცვილი - კეთილი საქმეების, ხორციელ და სულიერ შრომათა სახეა... ცვილი პატრუქის გარეშე არ იწვის, მხოლოდ დნება და იღვენთება - კეთილი საქმენი რწმენის გარეშე დედამიწაზე დარჩება - არ აღიყვანს ისინი ადამიანს ზეცაში, მხოლოდ სიამაყეს შესძენს. პატრუქი რწმენის სახეა: როგორც ისაა დაწნული მრავალი ძაფისაგან, ასევე ჩვენი რწმენაც მრავალი დოგმატის - ჭეშმარიტებისაგან შედგება. მხოლოდ გათვითცნობიერებული რწმენა სწორად შეხამებული საქმეებთან - „ანათებს ზომიერად"... და კიდევ - არ კმარა მხოლოდ ვარგისიანობა სანთლისა, საჭიროა იგი იყოს ეკლესიაში, სასანთლეზე ანთებული. ხომ არიან ბევრი ეგრეთწოდებულნი ქრისტიანები, რომლებთაც ვითომცდა სწამთ და საქმეთაც აღასრულებენ, მაგრამ ეკლესიის გარეთ იმყოფებიან, მადლისათვის უცხოა, როგორც მრავალი მწვალებელი, ისე განხეთქილებაში მყოფნიც - ისინი ყველანი არიან სანთელნი, მაგრამ არა მანათობელნი... - ეს კი (სულიწმიდის მადლით ანთებულობა) მხოლოდ ღმერთთან ერთობაში არის შესაძლებელი, ეკლესიის საიდუმლოთა მეშვეობით... - აი რას ნიშნავს ის, რომ სანთელი მშვიდად და ზომიერად ანთია ხატის წინ!".
შემდეგ წერილში „როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო?" - მამა ლაზარე შეგვაგონებს: „ღმერთის დიდებაში, მასთან ერთობაში მარტო ის შეძლებს შესვლას, ვინც მოელოდა, ემზადებოდა და თანდათან ეზიარებოდა ღმრთაებრივ ნათელს. ღმრთის სიყვარული, ნათელი და მისი დიდება - აი ის ცეცხლი, რომელიც აღავსებს თავისით ყოველივეს: ეს ცეცხლი განანათლებს და გაამხიარულებს იმათ, ვინც ამ ცხოვრებაში მოიხვეჭა „სასუფეველის საწინდარი" და დაწვავს მათ, ვინც შინაგანად დარჩა უცხო ამ ნათლისაგან"...
შემდეგ მამა ლაზარე წმიდა მამების: ირინეოსის, სიმონ ახალი ღვთისმეტყველის, ისააკ ასურის სწავლებებზე დაყრდნობით დასძენს: „როგორც სნეული თვალების მქონე - მზის უბრწყინვალესი ნათებისას, როდესაც მთელი სამყარო ხარობს და ხალისობს ნათლის სიკაშკაშით - იტანჯება, წვალობს და სიბნელეს ეძებს, მაგრამ ღმერთი იქნება „ყოვლად ყოველსა შინა", ყველგან გამობრწყინდება მისი ნათელი, ხოლო მისგან უცხო ქმნილნი „კაცნი ეძიებდენ სიკვდილსა... და სიკვდილი ილტოდეს მათგან" (გამოცხ. 9. 6). ამაშია საუკუნო ტანჯვის არსი, ამაში მდგომარეობს საშინელი სამსჯავროს საიდუმლოება".
მორიგ წერილში, თუ როგორ აღვიქვათ „ცხოვრება მერმისსა მის საუკუნესა?", მამა ლაზარე განგვიმარტავს, რა არის საბოლოო მიზანი ცხოვრებისა, და როგორ არჩევანს აკეთებს საამისოდ თავად ადამიანი: „ღმერთი ჩვენგან ჩვენს სიყვარულსა და თავისუფალ ნებით მისდამი ლტოლვას ელოდება. - როცა იგი თავის თავს სრული სახით ამა სოფელს გამოუცხადებს - მაშინ მხოლოდ ისინი შესძლებენ მასთან შეერთებას, ვინც ამჟამად ნებსით შეიწყნარა იგი თავის გულში, ვინც ფლობდა „სასუფეველის საწინდარს", მოიხვეჭა „ღმრთაებრივი ცეცხლი" (როგორც ამბობენ წმ. მამები). ე.ი. სულიწმიდის მადლი, რომელსაც ვერსად მივიღებთ თუ არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებში".
შემდეგ წერილში „ძელი ცხოვრებისა" არქიმანდრიტი განგვიმარტავს ქრისტეს ჯვრის საიდუმლოს, როგორ შევიმეცნოთ ის: „თუკი სწორი გზით ივლის ადამიანი, ღმერთი მას მიიყვანს უდიდესი სიბრძნის შემეცნებამდე - ქრისტეს ჯვართან - რომლის მიერაც იხსნება საიდუმლოთა საიდუმლო, კარიბჭე ყოველივე იდეალურისა და უმშვენიერესისადმი. წმიდა მამები ამბობენ: „ვინც ქრისტეს ჯვრის საიდუმლო შეიმეცნა, მან შეიმეცნა ყოველივე!"... ქრისტეს ჯვრის მიერაა ჩვენთვის ყოველივე! შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, აზრი და მიზანი ამ ცხოვრებისა, ჩვენი სარწმუნოება, იმედი, სიყვარული - ყოველივე ჯვრის მიერ! ოდესღაც ისრაელი ერი უდაბნოს გავლით, მეწამული ზღვის შორიახლო მიდიოდა. ურწმუნოების გამო ისინი შხამიანმა გველებმა დაგესლეს, რის გამოც მრავალი მათგანი იხოცებოდა (რიცხ. 21). მაშინ ღმერთმა მოსეს სპილენძის გველის შექმნა და ძელზე მიმსჭვალვა უბრძანა. ვინც ამ დაგესლილთაგან შეხედავდა მიმსჭვალულ გველს - იღებდა კურნებას...
უცოდველი არავინაა, ყველანი ვართ დაგესლილნი გველისაგან, შევხედოთ რწმენით მაცხოვნებელ ძელს - და მივიღებთ საუკუნო ცხოვრებას. ის, ვინც ხორციელად იშვა ამ ქვეყანაზე და არ შეხებია ჯვრის საიდუმლოს, ამ ცხოვრების ხიდან არ უგემია ნაყოფი - იგი ჯერ კიდევ არ შობილა და არ უცხოვრია... ვინც ამ ცხოვრებაში არ შეეხება და არ იგემებს - მაშინ უკუნითი უკუნისადმე ვერ გაცოცხლდება!" - ასკვნის მამა ლაზარე.
მეტად საინტერესოდ განგვიმარტავს არქიმანდრიტი თუ „რას ნიშნავს საკუთარი ერის სიყვარული" და როგორ არ უნდა შეიცვალოს ის „ნაციონალური ამპარტავნებით":
„„სიყვარული საკუთარი ერისადმი" არ უნდა შეიცვალოს „ნაციონალური ამპარტავნებით"! მაგალითად - როდესაც ადამიანი მიილტვის, რომ სხვებს გაასწროს თავმდაბლობაში, ღმრთისადმი სიყვარულში, მცნებათა აღსრულებაში, სულიწმიდის მადლის მოხვეჭაში - ეს სანაქებო ღმრთისათვის სათნო მოშურნეობაა. მაგრამ როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ის უკვე სხვებზე უკეთესია, უფრო წმიდაა, სუფთაა, ჭკვიანია და ა.შ. - ეს ღმრთისათვის საძლეველი ამპარტავნებაა! ასევე ამ შემთხვევაშიც - კი არ უნდა აღვამაღლოთ ჩვენი ერი სხვა ერებზე, კი არ უნდა ვიქებდეთ თავს უპირატესობებით და ვამცირებდეთ სხვა ერს (ერებს), არამედ ნამდვილად უნდა გვსურდეს ჩვენს თანამემამულეთა სულიერი წარმატება. არა მიწიერი დიდება ვუსურვოთ მათ, არამედ ზეციური! იმაზე კი არ უნდა ოცნებობდეს ქრისტიანი - რომ მისი ერი გამდიდრდეს დედამიწაზე ხრწნადი სიმდიდრით, მატერიალური კეთილდღეობით, სიძლიერით, ხელოვნებით - არამედ უნდა ისწრაფოდეს, რომ მან მოიხვეჭოს კეთილგანწყობა ღვთისა, რომ თვით ზეცათა მეუფემ გამოარჩიოს ის ერთგულების, სიწმიდისა და თავისადმი სიყვარულისათვის. მან უნდა ინატროს, რომ მისმა თანამემამულეებმა პირველ რიგში გამოამჟღავნონ სიმამაცე და სიმტკიცე ცოდვებთან და ამა სოფლის საცდურებთან დაპირისპირებაში - და მარტო ამის შემდეგ შესძლებენ გარეშე მტრებთან ბრძოლაშიც ცხადყონ თავიანთი სიძლიერე".
მამა ლაზარესთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ის ეიფორია, რომ საქართველოში მოახლოებულია რელიგიური „გაბრწყინება", ქრისტიანთათვის ნათელი დროების დადგომა, რომ აპოკალიფსურ ბოლო ჟამს ანტიქრისტე ყველგან იბატონებს, საქართველოში ვერ შემოვა და ა.შ. ყოველივე ამის საპირისპიროდ მამა ლაზარემ დაწერა წერილი „ანტიქრისტე საქართველოში შემოდის", სადაც მოძღვარი ამხელს იმ სასულიერო თუ საერო პირებს, რომლებიც ვერ ამჩნევენ, როგორ შემოდის საქართველოში ანტიქრისტეს სული, ღრმად იდგამს ფესვებს ხალხის სულში და ცხოვრების ყველა ფენას ეპატრონება. აი, განიზრახავენ სკოლებში „სქესობრივი აღზრდის" შემოღებას, მშობლიური ისტორიის კურსის მნიშვნელოვნად შემცირებას - ამ (და სხვა მსგავსი) პროგრამის განსახორციელებლად საქართველოში უზარმაზარი ფულადი სახსრები მოედინება! რას ნიშნავს ეს!... მაგრამ რად სჭირდებათ ეს ყველაფერი მსოფლიო პოლიტიკოსებს, რატომ არ იშურებენ სახსრებს და ამდენ ფულს იხდიან იმისთვის, რომ ბავშვებისა და მათი მშობლებისაგან სირცხვილი და სინდისი შეისყიდონ? იმიტომ, რომ ახლა მთელ მსოფლიოში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მომავალი ანტიქრისტეს გზების გასამზადებლად და ამ ღონისძიებებს თვით ბნელი ძალები ხელმძღვანელობენ. მათთვის აუცილებელია რაღაც „ერთიანი მსოფლიო წესრიგი" მოამზადონ, ანუ გააერთიანონ ხალხი ერთიანი ინტერესებით, ერთიანი სურვილებით, ერთიანი მისწრაფებებით; - მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი ერთიანი მსოფლიო მმართველის გამეფება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ ეშმაკის უძველესი ჩანაფიქრის აღსრულება - აიძულონ კაცობრიობა თაყვანი სცეს მას, როგორც უფალ ღმერთს. ამისათვის გამოაცლიან ადამიანებს ყველაფერს ინდივიდუალურს, იდეურს, ამაღლებულსა და სულის კუთვნილს. ადამიანი უზნეო, სამშობლოს არმცნობი, წინაპართა გამოცდილებისა და სულიერი სიმდიდრის არმცოდნე, მხოლოდ წამიერ სიამტკბილობათა მძებნელი გახადონ...
ადამიანი რელიგიური უნდა დარჩეს, მაგრამ რელიგიურობა სეკულარიზებული უნდა იყოს, ჭეშმარიტების არმცოდნე - მხოლოდ ერთგვარი მისტიკური სუროგატი. ამგვარად, ამ ახალი საზოგადოების შესაქმნელად აუცილებელია სამი ფაქტორი - ეკუმენისტური რელიგიურობა (რელიგია მადლის გარეშე)... უნდა განადგურდეს ეს მყარი საფუძვლები - ზნეობისა და სიბრძნის საყრდენი. მაშინ კაცი ქარისაგან მშობლიურ ღეროს მოწყვეტილ ფოთოლს ემსგავსება, ბობოქარ ნიაღვარში ჩავარდნილი ტრიალებს, მღვრიე წყლის დინებით ათას სხვა მის მსგავსთან ერთად ბნელ უფსკრულში მიექანება..."
ყოველივე ამის საფრთხეს მამა ლაზარე ჩვენს ქვეყანაშიც ხედავდა, რაც დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ამიტომ არქიმანდრიტი შეგვაგონებდა: „შემთხვევით როდი შეუდგნენ ცოდვის შხამით ყველაზე მცირეწლოვანი სულების მოწამვლას - სერიოზული ფსონი იდება ახალ თაობაზე. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ხალხი სდუმს, სდუმან მღვდლები და მღვდელმთავრები, მეტად იშვიათად გაისმის გამაფრთხილებელი ხმა. ხოლო თუ ისინი არ იყვირებენ მოახლოებული საფრთხის შესახებ, არ დარაზმავენ ქრისტიანებს ამ ბოროტებასთან საბრძოლველად... - მაშინ ფართოდ გახსნილი აღმოჩნდება კარი, განმზადებული, ხალიჩებით მოფენილი გზა, რომლითაც ანტიქრისტე შემოვა საქართველოში!"
ჟურნალ „ხარებას" კიდევ მრავალი საინტერესო წერილი გამოგვიგზავნა, როგორებიცაა: „მსხვერპლი თუ მკრეხელობა?", „ნათლისღება - კარიბჭე ცხონებისა", „სად ვეძებოთ ჭეშმარიტი თავისუფლება?", „ადამის ცოდვა" და მრავალი სხვა, რომლებიც შემდეგ ერთ კრებულად „ეკლესია - ვენახი" გამოიცა.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია