ეკლესიოლოგიური საკითხების განხილვას არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია. მეტად საინტერესო და საფუძვლიანი ანალიზი ეკლესიოლოგიური სწავლებისა გვხვდება კიდევ ერთ ნაშრომში „ეკლესია - ვენახი". ეს წერილი არის ერთგვარი გაგრძელება, გნებავთ საკითხის კიდევ უფრო გაშლა, რომელიც ბროშურაში „ვინ არის უცდომელი ეკლესიაში" შემოგვთავაზა. ამჯერად მოძღვარი ეკლესიის არსის განმარტებას ვენახთან შედარების ფონზე აკეთებს, სახარებისეული სწავლებისამებრ: „მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი" (იონ. 15, 5). ეს შედარება მას სჭირდება საიმისოდ, რომ მკითხველს დაანახოს, რომ არსებობს ორი კატეგორიის ქრისტიანები: „ერთნი იესუ ქრისტესაგან მიწიერი ცხოვრების კეთილდღეობას ელიან, მეორენი - მარადიულობაში სულის ცხონებას. ერთნი ეკლესიას ერთგვარ ორგანიზაციად აღიქვავენ, თუმცა სრულყოფილ, მაგრამ მაინც ორგანიზაციად... მეორენი ადამიანის მიწიერ ცხოვრებას უმნიშვნელო, მარადისობის წინამდებარე ეტაპად მიიჩნევენ. მორწმუნეთა პირველი ჯგუფისთვის - ქრისტე არის წინასწარმეტყველი, მასწავლებელი, დედამიწაზე ბედნიერების, მშვიდობისა და ერთობის დამამკვიდრებელი. მეორე ჯგუფისთვის - იესუ ქრისტე არის თესლი, საწყისი, წყარო და თავი ახალი, მის განხორციელებამდე არარსებული ორგანიზმისა. ეს არის უმთავრესი ქრისტიანობაში, სხვა დანარჩენი თითქოსდა მეორეხარისხოვანია. მაშ ასე, - ქრისტეს ეკლესია არა მხოლოდ „ორგანიზაციაა" - იგი ცოცხალი ორგანიზმია, სხეულია ქრისტესი, სულიწმიდით განმსჭვალული, რომლის თავი - ქრისტეა".
ამ ცნების განმარტებისას მამა ლაზარე ყურადსაღებ ანალოგიას გვთავაზობს:
„თავად უფალი, როდესაც საკუთარ თავს ვენახს ადარებს, ხოლო მისდამი მორწმუნეებს - რტოებს, გვიჩვენებს სახეს იმისა, რაც ხორციელდება მის ეკლესიაში. ვენახის მსგავსია ეკლესია - ეს ქრისტეს სხეული. მოდით დავაკვირდეთ, რა ხდება ცოცხალ ვენახში, როდესაც ის იწყებს ზრდას? რაღაც ძალა მასში, რომელსაც ჩვენ „სიცოცხლეს", „მცენარეულ სულს" ვუწოდებთ - მიწისაგან იღებს ორგანულ უსიცოცხლო ნივთიერებას და თავის სიცოცხლეს ანიჭებს, ორგანულსა და ცოცხალს ხდის მას. ასევეა ეკლესიაშიც - ძალი ქრისტესი შეიწოვს თავის სხეულში უსიცოცხლოს და უბოძებს მას უზენაესი წესის ცხოვრებას - მარადიულ ცხოვრებას.
ასევე, ქრისტეს სხეულის ნაწილად ქცეული ადამიანიც იწყებს ცხოვრებას ქრისტეში, ხოლო ქრისტე იწყებს ცხოვრებას მასში... მოციქულიც ხომ ასე ამბობს: „მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში" (გალატ. 2. 20)...
უფალი ბრძანებს, რომ იგი ახალი არსების, ახალი ორგანიზმის (და არა ორგანიზაციის) საწყისია, რომ იგი თავია ამ არსებისა, ხოლო მისი მორწმუნენი, მისი მიმდევრები, ამ ორგანიზმის წევრები არიან...
ქრისტე თავის მორწმუნეთ „ორგანიზაციაში" როდი იზიდავს, არამედ იერთებს თავის თავთან მათ, თავის ცხოვრებაში შეჰყავთ ისინი - მსგავსად ვენახისა, რომელიც მიწისაგან იწოვს წვენს. აქ აღესრულება მონებისათვის მიუწვდომელი და მხოლოდ რწმენით მისაღები უდიდესი საიდუმლო... მაგრამ ეს „პატარა საიდუმლო" სახეა საიდუმლოთა საიდუმლოებისა.
და თუ ჩვენ სწორედ აი ასე ვუყურებთ ეკლესიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, მაშინ გაგვიადვილდება გაგება იმისა, თუ რა ხდება დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში; უფრო ადვილად გავიგნებთ გზას თანამედროვე ქაოსსა და წყვდიადში, რომლებიც უფრო და უფრო ამძიმებენ მორწმუნეთა სულებს...
მაგრამ, თუ ჩენ ვაღიარებთ, რომ ეკლესია არაა ქრისტიანული პარტია, კავშირი ან ორგანიზაცია, არამედ ესაა ტაძარი, რომელშიც ცხოვრობს სულიწმიდა, ქრისტეს სხეული, ცოცხალი ორგანიზმი და მორწმუნეთა დიდი უმრავლესობისთვის ესაა ცხოვრება ქრისტეში - მაშინ ეს გაუგებრობა ყოველგვარ აზრს დაკარგავს. ასეთი შეხედულებისას - თითით მინიშნება ცალკეულ უღირს ქრისტიანზე, თუგინდ მღვდელსა თუ მღვდელმთავარზე, ანდა ეკლესიის ეპისკოპოსთა დიდ ჯგუფზე, რომლებმაც ბევრ საკითხში გადაუხვიეს მართლმადიდებლობას... - ეს იგივე იქნება, ტოტებგაშლილ ხესთან რომ მიხვიდე, მის ტანზე არსებულ ფუღუროზე მიუთითო და თქვა: თქვენ ამტკიცებთ, რომ ხე ცოცხლობს - რომ იგი ცოცხალი და რეალურია, მაგრამ შეხედეთ, აქ ხომ ნაფშვენებით ამოვსებული ცარიელი ადგილია"...
თუკი ქრისტეს ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, მაშინ არ შეიძლება დავადანაშაულოთ იგი, როდესაც რომელიმე კლირიკოსთაგანი თუ ერისკაცი, ბერი თუ მღვდელმთავარი არ ცხოვრობს თავისი წოდების შესაფერისად, ისევე როგორც არ შეიძლება დავადანაშაულოთ მაცხოვარი იმის გამო, რომ მას უახლოვდებოდნენ მეზვერენი და ცოდვილნი.
ამრიგად: როგორც ერთიანია და უცვლელი მართლმადიდებლობა, მიუხედავად დროის ცვალებადობისა და ისტორიული მოვლენებისა, ასევე ეკლესია - სხეული ქრისტესი ერთია და ყოველთვის ერთიანი იყო და ცვალებადობა არ შეუძლია, სნეულთა რაგინდ დიდი რაოდენობაც არ უნდა მიეახლოს და შეეხოს ამ სხეულს, ჭეშმარიტების მთლიანობა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს მასში"...
შემდეგ მამა ლაზარე კითხვას სვამს: „ვინ შედის ეკლესიის სხეულში, ვისგან შედგება ეკლესია? ან უფრო კონკრეტულად: იმყოფება კი ესა თუ ის მონათლული ქრისტეს სხეულში? მაგრამ ეს ხომ ქრისტეს გარდა არავისთვის არის ცნობილი. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ვხედავთ, რომ ის იმყოფება „ორგანიზაციაში", მაგრამ იმყოფება თუ არა იგი ქრისტეს სხეულში - არ ვიცით...
ასე, რომ არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია თქვას რომელიმე ადამიანზე - რომ ის ნამდვილად ცხონდა, თუგინდ ვხედავდეთ მას ტაძარში. ხშირ შემთხვევაში ეს საიდუმლოა, პირადი საიდუმლო ღმერთსა და ადამიანს შორის.
ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ გარეგნული მოქმედებით დავადგინოთ - მოიხვეჭა კი ადამიანმა ეს მადლი და უკვე რამდენად ცხოვრობს იგი ქრისტეში, ქრისტე კი მასში, ანუ - რამდენად არის ეკლესიაში. შესაძლოა ვინმეს გამორჩეული ადგილიც უჭირავს ეკლესიაში - როგორც „ორგანიზაციაში", მაგრამ არის კი იგი ეკლესიაში, როგორც ორგანიზმში? - ეს კიდევ საკითხავია..."
მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის მომენტიც, როდესაც მღვდელმსახური შესაძლოა არ იყოს ღირსი თავისი მაღალი წოდებისა და აღასრულებდეს ეკლესიის საიდუმლოებებს (რაც ხშირად აბრკოლებს თანამედროვე ქრისტიანებს). ვიდრე ის არ არის განკვეთილი, ქრისტე მისი მეშვეობითაც ასრულებს ადამიანთა სულების თავის სხეულთან შეერთებას. მამა ლაზარე ამ საკითხს შემდეგნაირად განმარტავს:
„ეკლესია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც თავისი მნიშვნელობისთვის მასალას ამასოფლიდან იღებს, ვერ იარსებებს ხილული ორგანიზაციის გარეშე ამქვეყნად. მაგალითად, ვაზშიც სიცოცხლეა, მაგრამ არც მასშია ყოველივე ცოცხალი. რაღაცამ შესაძლოა მას ზრდაში შეუწყოს ხელი, მაგრამ თავად გახდეს უცხო მისი სხეულისა: ხშირად ფესვის რაღაც ნაწილი კვდება, ვენახზე გამხმარი და უსიცოცხლო ქერქი ეცლება, ვენახს უნაყოფო რტოები ეკვეთება. ეკლესიაშიც ბევრი, რაც იყო მისი თანაზიარი როგორც „ორგანიზაციისა", შეიძლება აღარ აღმოჩნდეს ეკლესიის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის თანაზიარი, შესაძლოა გახმეს, მოკვდეს, მოიკვეთოს და რაოდენ ტრაგიკულია, რომ მრავალი ჩვენგანი, ეკლესიის საიდუმლოებათა ბოძებული ძალისა და ცხოვრების მიღმა აღმოვჩნდებით!..."
დასკვნის სახით მამა ლაზარე დასძენს:
„თავისთავად ირკვევა: როდესაც სულები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ ცოცხალ ორგანიზმში, უარყოფენ საკუთარ მეს და მოიხვეჭენ ახალ კათოლიკე ცხოვრებას ქრისტეს სხეულში, მაშინ ქრისტეს მიმართ სიყვარული მადლმოსილი ერთობით შეაერთებს მათ, როგორც ღმერთთან, ასევე ერთმანეთთან... ეს ერთობა იმდენად ძლიერია, რომ არ არსებობს ძალა მისი დამარღვეველი.
ქრისტე - ჭეშმარიტებაა. ეკლესია ქრისტეს სულით ცხოვრობს, თითქოსდა „სულდგმულობს" ჭეშმარიტებით. ამიტომაც ყველა, ვინც კი სიყვარულის სულით „შერწყმული" შთაისხმება ეკლესიის სხეულში, ცხოვრობს მისი ცხოვრებით - იგი ცხოვრობს და „სუნთქავს" ჭეშმარიტებით. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეკლესია საყოველთაო და უცდომელია თავის სისავსეში, ანუ ჭეშმარიტება მისაწვდომია, როგორც მთელი ეკლესიისათვის, ისე მისი ცალკეული ჭეშმარიტი წევრისთვის, და აქ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული - რამდენად ვუხსნით გულს ჭეშმარიტებას".
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია