იულიანური (იულიუსის) კალენდრისა და მასზე დაფუძნებული მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების რიტმის განსაზღვრული, მართლმადიდებლური პასქალიის საკითხი ძალზედ რთულია და მოითხოვს როგორც ასტრონომიული, ასევე ისტორიული, საღვთისმეტყველო და კიდევ სხვა მრავალი თვალსაზრისით გაშუქებას.
იულიანურ საეკლესიო კალენდართან დაკავშირებულ, ერთობლივად ყველა საკითხის დაწვრილებითი განხილვა წინამდებარე სტატიის მიზანს არ შეადგენს1, არამედ, აქ მხოლოდ შევეცდებით რამდენადმე ნათელ-ვჰყოთ ის მიზეზები, რამაც იულიანურ ჟამთააღმრიცხველობასთან დაკავშირებით გარკვეული ცდომილებები წარმოშვა.
ყველა, ვინც კი ცდილობდა პაპ გრიგოლ XIII-ის კალენდარული რეფორმის არსში ჩაწვდომას, არ შეიძლება არ გაოგნებულიყო გრიგორიანული კალენდრის მეცნიერული უპირატესობის ყბადაღებული მითის გამო. უცილობელ შტამპად ქცეული ეს მითი პაპის იდეოლოგიურ და მეცნიერებას მიმსგავსებულ მოხერხებულ პროპაგანდას ეფუძნება. იგი აგრეთვე, ამგვარი პროპაგანდის ნებსით და უნებლიე ადეპტთა საკმაოდ უმეცრულ ცრურწმენებზეც არის დაფუძნებული.
კალენდარული საკითხისადმი მიძღვნილ ჩვენს ადრინდელ ნაშრომში2 ავღნიშნავდით, რომ მხოლოდ მცირედს თუ ესმის ის გარემოება, რომ ფორმალურ-მეცნიერული თვალსაზრისით, გრიგორიანულ (გრიგოლ XIII-ის) კალენდარს იულიანურთან შედარებით, არავითარი უპირატესობა არა აქვს, რადგანაც ეს ორივე კალენდარი საკუთარი, სპეციფიკური პრინციპებით განსხვავდებიან ურთიერთისაგან.
როგორც ცნობილია, გრიგორიანული კალენდარი ტროპიკულ სიდიდეზე, ანუ მზის წელიწადზეა ორიენტირებული, მაშინ როცა იულიანური - სიდერულ (ან სიდერიულ) სიდიდეზე ანუ ვარსკვლავიერ წელიწადზე. ამასთან, ტროპიკული წელიწადი, რომელთანაც გრიგორიანული რეფორმის ორგანიზატორებმა თავისი ახალი წელი შეუთანაზომეს, წარმოადგენს პირობით, წარმოსახვით სიდიდეს, თუმც კი ისიც ახლოს დგას დედამიწაზე რეალურად მიმდინარე პროცესებთან, კერძოდ, ბუნიაობასა და ნაბუნიანობასთან.
საჭიროა გავიხსენოთ, რომ პტოლომეოსიდან (ქრისტეს შობიდან II სკ.) დაწყებული, ვიდრე შუასაუკუნეებამდე, როგორც ასტრონომიაში, ასევე მსოფლმხედველობრივ ასპექტში, გეოცენტრული სისტემა ბატონობდა, რომლის თანახმადაც თითქოს სამყაროს ცენტრს უძრავი დედამიწა წარმოადგენდა, ხოლო მზე და სხვა ციური სხეულები მის გარშემო ტრიალებდნენ.
გრიგორიანული კალენდრის საფუძველდამდები ტროპიკული წელიწადის ცნება სწორედ რომ კოპერნიკამდელ, გეოცენტრისტულ თეორიასთანაა დაკავშირებული. ტროპიკული წელიწადი ტოლია 365 დღისა, 5 სთ-სა და 4 წმ-სა. ესაა ის დრო, რამდენიც მზეს სჭირდება დედამიწის გარშემო მოჩვენებითი შემოვლისათვის.
არადა ყველასათვის ცნობილია, რომ მზე კი არ ბრუნავს დედამიწის გარშემო, არამედ პირიქით - დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო. ამიტომაც ტროპიკული წელიწადი დროის რეალურ პერიოდს არ წარმოადგენს, არამედ იგი წარმოსახვითი ასტრონომიული სიდიდეა; თუმცა კი, როგორც ითქვა, მას დედამიწაზე მიმდინარე რეალურ პროცესებთან პირდაპირი დამოკიდებულება აქვს. კერძოდ კი ისეთ პროცესებთან, როგორიცაა კლიმატურ სეზონთა მოძრაობა (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) და აგრეთვე, ჩვენი პლანეტის სხვა ბუნებრივი მოვლენები.
რაც შეეხება სიდერული წელიწადის ცნებას, იგი რეალური ბრუნვის სრული პერიოდის ტოლია. სიდერული წელიწადის ხანგრძლივობა 365 დღეს, 6 საათსა, 9 წუთსა და 9 წამს შეადგენს; ხოლო ამ სიდიდეზე დაფუძნებული იულიანური წელიწადი ტოლია 365 დღისა, 6 საათისა; რაც 11 წუთითა და 14 წამით აღემატება ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობას.
მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის იდეა ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის ასტრონომებისათვის იყო ცნობილი, რომელიც შემდგომ პითაგორელებს ერგოთ მემკვიდრეობად და მათ შორის ფართო გავრცელება ჰპოვა. ხოლო უფრო მოგვიანო ხანაში, კერძოდ - ქრისტეს შობამდე III საუკუნეში, ეს იდეა საფუძვლად დაედო ძველი ბერძენი მათემატიკოსისა და ასტრონომის არისტარქე სამოსელის სწავლებას, ეს უკანასკნელი ნიკოლოზ კოპერნიკის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს.
იულიანური კალენდრის შექმნის პერიოდში (ქრისტეს შობამდე 46 წელი) ასტრონომთა და საერთოდ მეცნიერთა წრეებში ფართოდ იყო ცნობილი არისტარქე სამოსელის თეორია. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ უდიდესმა ასტრონომმა სოზითგენ ალექსანდრიელმა და იულიანური კალენდრის სხვა შემქმნელებმა იულიანურ წელიწადს საფუძვლად მზის გარშემო დედამიწის სრული ბრუნვის პერიოდი ანუ სიდერული წელიწადი დაუდეს, და სწორედ ეს რეალური ასტრონომიული სიდიდე გახდა იულიანური კალენდრის ეტალონი. ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტროპიკული (მზის) წელიწადი ისეთ რიტმზეა ორიენტირებული, რომლებსაც უპირველეს ყოვლისა დედამიწასთან აქვთ კავშირი; მაშინ, როცა სიდერულ (ვარსკვლვიერ) წელიწადს მთლიან კოსმოსთან დაკავშირებულ რიტმებთან ამ აზრით, თავისი საფუძვლით, გრიგორიანული კალენდარი გეოცენტრული, იულიანური კი - კოსმოცენტრული.3
რაც შეეხება ასტრონომიულ სიზუსტეს, რომლის შესახებაც ძალზედ უყვართ საუბარი გრიგორიანული კალენდრის მომხრეებს, საჭიროა მხედველობაში იქნას მიღებული ის გარემოება, რომ 25 765 ტროპიკულ წელიწადში იგი სიდერულ ანუ ჭეშმარიტ ასტრონომიულ წელიწადს სრული წლით ჩამორჩება. ამიტომაც ყველა ასტრონომიული, აგრეთვე ისტორიულ-ქრონოლოგიური კვლევა-ძიებანი, რომელნიც დიდი დროით პერიოდებს უკავშირდებიან, ტარდება სწორედ რომ იულიანური და არა გრიგორიანული კალენდრის მიხედვით.4
„რატომაა, რომ ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, თუ რომ საერთოდ რატომ დასჭირდათ კალენდრის რეფორმა და პაპისტებმა რა მიზნით დაარღვიეს ეკლესიის მიერ კურთხეული, საუკუნეობრივად გამოცდილი კათოლიკე (საყოველთაო) ტრადიცია? პაპ გრიგოლ XIII-ის ამ ნაბიჯს მრავალი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. როგორიცაა მაგალითად: ძალაუფლების წყურვილი, სხვა აღმსარებლობებზე მაღლა დადგომის მისწრაფება, ან ვთქვათ პაპთა ავტორიტეტის განმტკიცების მცდელობა, რომელიც ძალზედ შეირყა, განაკუთრებით რეფორმაციისა და რელიგიური ომების შემდეგ.5
გარდა ამისა, გაუგებრობას ის გარემოება იწვევს, რომ იულიანური კალენდრის რეფორმატორებმა საკუთარი ახალი წელი თანაფარდობაში მოიყვანეს ტროპიკულ წელთან. რით შეიძლება ეს აიხსნას? „ეს ყოველივე ძალზედ და ძალზედ პროზაულად აიხსნება - ამბობს ამ თემაზე მიძღვნილი ერთ-ერთი საინტერესო სტატიის ავტორი6 - პაპი გრიგოლ XIII და მისი „კალენდარული საკითხის მომხრეები", რომლებიც პტოლემეოსის - თანმიმდევრული მომხრეები იყვნენ ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთვის ტროპიკული წელი პირობით ასტრონომიულ სიდიდეს როდი წარმოადგენდა, არამედ უტყუარ რეალურ დროს, რომლის განმავლობაშიც მზე ბრუნავს უძრავი დედამიწის გარშემო.7
გრიგორიანული რეფორმის ინიციატორებისათვის სიდერული წელიწადი უბრალოდ არ არსებობდა და ამგვარი ასტრონომიული ფაქტის თვით კონსტანცია კი, ან აღიარება, რომის მიერ ერესად იყო შერაცხილი, რაც თავის მხრივ იწვევდა „არცთუ მხოლოდ თეორიული კრიტიკასა და სიტყვიერ შერისხებას - საკმარისია გავიხსენოთ ჯორდანო ბრუნოსა და გალილეო გალილეის ტრაგიკული ბედი".8 (გაგრძელება...)
* მოცემული ნაშრომი გადმოთარგმნილია საზღვარგარეთის რუსული ეკლესიის 1993 წლის „კალენდრიდან". არაბული ციფრებით აღნიშნული შენიშვნები მთარგმნელისაა და სტატიას ბოლოში აქვს დართული, რომლის გაცნობაც მკითხველისათვის სტატიის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ უფრო მოსახერხებელია.
1 უფრო დაწვრილებით იხილეთ: Людмила Перепелкина. „Православний Путь" за 1988 г. Джорданвиль, Н. 1. С. Ш. А, 1989 г.
2 იხ. იქვე, გვ. 128.
3 იხ. А. Н. Зелинский „Освященное время", Вестник Русского Западно-Европейсского Экзархата, 8. № 113, парижь, 1983 г. Стр. 209-250.
4 იქვე, გვ. 236.
5 Геннадий Могилевцев, „Григорианская реформа календаря".
6 იხ. იქვე, გვ. 35.
7 იხ. იქვე, გვ. 35.
8 იხ. იქვე, გვ. 232.
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია