„თავმდაბლობის გარეშე ადამიანს არ შეუძლია თავისთვის ზიანის მიუყენებლად მიიღოს ღმერთისაგან რაიმე ნიჭი. აი, ამიტომაა ნაწინასწარმეტყველები, რომ ბოლო დროში ამპარტავნების გამო ადამიანები გადარჩებიან მხოლოდ მწუხარებათა დათმენითა და ავადმყოფობებით, დიდი ღვაწლი კი მათ წაერთმევათ".5
„მწუხარება ჩვენი დროის განსაკუთრებული ხვედრია, დროისა, რომლის წილადაც არ მოდის არც მარტვილობისა და არც ნამდვილ ბერ-მონაზვნობის ღვაწლი, ბოლო დროის ქრისტიანთა გზის მონაკვეთი ესაა მონაკვეთი რამდენადმე წვრილმან და უბადრუკ მწუხარებათა. სასწორი ღვთის ხელთაა".6
„უნდა გვესმოდეს დროის სული და არ უნდა გაგვიტაცოს ადრინდელმა წარმოდგენებმა და შთაბეჭდილებებმა, რომელთა განხორციელებაც ჩვენს დროში შეუძლებელია".
„უნდა შეინანო, ილოცო და თავი დაიცვა ხიბლისაგან, რადგან დღევანდელ დროში ღვთისმოსავად ცხოვრების მსურველების დიდ ნაწილს მართლაც ექნება საკუთარ თავზე წარმოდგენა, რომ ღვთისმოსავად ცხოვრობენ. სინამდვილეში კი განხურვებულნი არიან ხორციელი განხურვებით და დიდი თუ პატარა თავს იტყუებს".7
აი, აზრები ჩვენი თნამედროვე მამის მღვდელ-მონაზონ სერაფიმე როუზისა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა (გარდაიცვალა 1982წ.): „თარგმანები მართლმადიდებლური წიგნებისა სულიერი ცხოვრების შესახებ სულ უფრო მისაწვდომი ხდება. მართლმადიდებლური ტერმინოლოგია სულიერი ბრძოლების შესახებ სულ უფრო ტრიალებს ჰაერში, სულ უფრო მეტი ხალხი საუბრობს ისიხაზმზე, იესოს ლოცვაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე, ამაღლებულ ლოცვით მდგომარეობაზე, წმინდა მამათაგან ისეთ გამორჩეულ პიროვნებებზე, როგორებიცაა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგოლ პალამა ან გრიგოლ სინელი... ძალზედ კარგია წარმოდგენა ვიქონიოთ მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების ჭეშმარიტად ამაღლებულ მხარეზე და პატივი მივაგოთ იმ უდიდეს წმინდანებს, რომლებიც ნამდვილად ცხოვრობდნენ ამ სულიერი ცხოვრებით, მაგრამ თუ ჩვენ არ გვექნება ძალზედ რეალისტური და ძალზედ თავმდაბალი შეგნება იმისა, თუ რამდენად შორს ვართ მომზადებულნი იმისათვის, რომ თუნდაც ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ მას, ჩვენი ინტერესი მისდამი იქნება კიდევ ერთი გამოხატულება ჩვენი ეგოცენტრული პლასტმასური (ხელოვნური) სამყაროსი".
„ჩვენ ღრმად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი დრო, თუ რაოდენ ცოტა ვიცით ჩვენი მართლმადიდებლობის შესახებ, რადგან ცუდად ვგრძნობთ მას და შორს ვართ არა მარტო წმინდა სიძველეებისაგან, არამედ იმ უბრალო მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან, რომლებიც ცხოვრობდნენ ასი წლის წინ, თუნდაც ერთი თაობის წინ და რაოდენ უნდა ვეცადოთ, რომ დღეს გადავრჩეთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები".8
ამრიგად, უკანასკნელი დროის მამები ძალზედ ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენი დრო განსაკუთრებით ვერაგი და მატყუარაა, რომ ძალზედ გავრცელდა ფარისევლობა, ჭეშმარიტი ღვთისმოსავობა კი თითქმის დაკარგულია; რომ ქრისტიანები, უმეტესად, მხოლოდ გარეგნულად იცხოვრებენ ღვთისმოსავი ცხოვრებით, გულებით კი ღვთისაგან დაშორებულნი და მიწას, ამ ხრწნად სამყაროს მიჯაჭვულნი იქნებიან. თვალთმაქცობამ მოიცვა ყოველი. ყველა ეძებს არა ღვთიურს, არამედ თავის მსგავსს. დღეს ყოველი მორწმუნის წინაშე დგას მძიმე ამოცანა: მოძებნოს და გამოაცალკევოს ის ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელსაც შეუძლია კიდეც განკურნოს და კიდეც გადაარჩინოს. ჭეშმარიტება გვერდითაა, ის არასოდეს იშრიტება, მაგრამ მრავალი ცრუ ჭეშმარიტება ცდილობს აგვარიდოს მას, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სწორედ ის არის ჩვენთვის აუცილებელი ერთადერთი ჭეშმარიტება. ბოროტი არც ერთ წუთს არ წყვეტს მოქმედებას არც ჩვენს გარეთ და არც ჩვენს შიგნით. იგი ძალადობს, რათა მართლმადიდებლური რწმენა, მისი სული, შეიცვალოს დახვეწილი, ფაქიზი სიყალბით. გვაიძულებს გადავდგათ თუნდაც სულ მცირე ნაბიჯი ვიწრო გზიდან, შემდგომ კი მთლიანად გადაგვიყვანოს განდგომის გზაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის სწორად გავიგოთ და მივუსადაგოთ ჩვენს ცხოვრებას წმ. მამათა ნაწერები, შევითვისოთ მათი სული, რადგან ესაა სწორედ სახარების სული. წმ. მამებმა თავიანთი ცხოვრებით, საქმით, სიტყვით, გრძნობით აღასრულეს სახარების სწავლება და დაწვრილებით განმარტეს თავიანთ წიგნებში. წმინდა მამათა ამ გამოცდილების გარეშე შეუძლებელია გავიგოთ და, მით უმეტეს, ავასრულოთ სახარების მცნებანი, ჩვენ აუცილებლად დავიბნევით უკვე გზის დასაწყისშივე. თავად სიტყვა წმინდა მამებისა უკვე ძნელად აღწევს ჩვენს სმენამდე. ჩვენ აღარ გვესმის მათი, მათი გმირობანი ჩვენს ძალებს აღემატება. ის შეურყევლობა რწმენისა, რომელიც მათ აძლევდა ძალას სასწაულების მოსახდენად - დღეს უკვე აღარ გვხვდება; მათი გონების სისადავე და გულის სიწმინდე ჩვენთვის მიუღწეველია. მათი განდგომა ცხოვრებისაგან, მათი სიმშვიდე, ხორციელის უგულებელყოფა და სწრაფვა ზეციურისკენ ჩვენთვის უკვე თითქმის მიუწვდომელია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმინდა მამათა სული, მათი შინაგანი საქმიანობა, მთავარი მიმართულება და მიზანი მათი შრომისა რჩება ჩვენთვის აუცილებლობად.
ჩვენ ვერ ვივლით ისე თამამად და მხნედ, როგორც ისინი დადიოდნენ, ვერ ვზიდავთ იმავე სიმძიმეებს, როგორსაც ისინი ზიდავდნენ, ვერ ავალთ იმ სიმაღლეებზე, რომლებზეც ისინი ადიოდნენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და მოვალენიც ვართ ვადგეთ იმ გზას და გვქონდეს ის მიზნები, განვსაზღვროთ რაიმეს ფასეულობა და სარგებლობა იმავე საზომით, მიგვაჩნდეს მავნებლად და სასარგებლოდ ის, რაც მათ მიაჩნდათ მავნებლად და სასარგებლოდ.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია
5 იქვე.
6 ეპისკოპოსი ეგნატე ტ. IV. გვ. 462.
7 იქვე.
8 სერაფიმე როუზი „სამეფო გზა".