ჯალალ-ედ-დინის პიროვნება სარდლის ნიჭიერებით, ავაზაკის ზნითა და ჯალათის ულმობელობით იყო გამორჩეული, რითიც ის ძველ ასირიელ მეფეებსაც - ისტორიის შავბნელი სურათების მხატვრებსაც - არ ჩამოუვარდებოდა. ძველ ნანგრევებზე ამოკვეთილი წარწერები გვიამბობენ, როგორ აწამებდნენ ისინი და სიკვდილით სჯიდნენ დაპყრობილ ხალხებს. ჯალალ-ედ-დინი კარგად მოემზადა ომისთვის, რადგან იცოდა, ძლიერ მოწინააღმდეგეს უნდა შებმოდა. და აი, ჯიქმა ნახტომი გააკეთა - უზარმაზარი ჯვრით შეიჭრა სომხეთში, რომელიც საქართველოს ვასალი იყო დავით აღმაშენებლის დროიდან. სამხედრო საბჭოზე გადაწყდა, არ დალოდებონენ მტრის მოახლოებას საქართველოს საზღვრებთან, არამედ სომხეთში გაეჩაღებინათ ბრძოლა. სასწრაფოდ შეიკრიბა ჯარი, რომელსაც სარდლობდა ათაბეგი იოანე - ქურთი სომხეთიდან. ჯერ კიდევ თამარ მეფის სიცოცხლეში სურდა მას, მეორე პირი ყოფილიყო სახელმწიფოში დედოფლის შემდეგ, და თუმცა ქართველი მეფეები მას დიდად სწყალობდნენ და ათაბეგის საპატიო წოდებაც მიანიჭეს (რაც „მეფის მამას" ნიშნავს), მან გულში წყენა მაინც ჩაიდო და შურისძიება სწადდა იმ ქვეყანაზე, რომელიც მას ემშობლა. გარდა ამისა, იგი მესხეთის გამგებელთა - იოანესა და შალვას შურით იყო შეპყრობილი.
ნაბუქოდონოსორის შემოსევის დროს უფალმა დაუშვა, რომ ადამიანთა ცოდვების გამო მაცდური სულები ამეტყველებულიყვნენ წინასწარმცნობელთა პირით, და ცრუ იმედით ეცდუნებინათ მეფე და დიდებულები. ასევე, ცოდვების გამო დაუბნელდა თვალები რუსუდანს და მან ჯარის სათავეში დააყენა არა თამარის დროის რაინდი, არამედ თავისი ფარული მტერი. ათაბეგ იოანეს სარდლის მოსასხამის ქვეშ საიდუმლოდ მონაზვნის ძაძა ემოსა თორნიკესავით, ბიზანტიის იმპერატორებს მოკავშირეობა რომ გაუწია ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ომში. მაგრამ თორნიკეს გულში მორჩილების ჯვარი იყო აღმართული, ათაბეგის გულში კი შხამიანი ასპიტი ბუდობდა. ქართველ - სომეხთან გაერთიანებული ჯარი გარნისის ციხესიმაგრესთან განლაგდა. სარდლობამ ის არც კი გაამაგრა, რადგან მიაჩნდა, რომ ჯალა-ედ-დინი დროს არ დაკარგავდა მის ასაღებად. მაგრამ ჯიქი ღამით ისევე კარგად ხედავს, როგორც დღისით. ხორეზმელები ელვისებური ნახტომით მიუახლოვდნენ გარნისს, როცა მათ იქ არ მოელოდნენ, და იოლად დაეუფლნენ ამ თითქოს მიუვალ ციტადელს. დილით ქართველებმა გარნისის კოშკებზე ისლამის მწვანე დროშები იხილეს, მის კედლებთან კი - მეციხოვნეთა გვამები. ორი ჯარი ერთიმეორეს პირისპირ განლაგებულიყო ორ მთაზე, რომელთა შორის ველი იყო გაწოლილი, და ორივე მოელოდა, ვინ დაიწყებდა ბრძოლას პირველი. ათაბეგმა იოანემ მეწინავე რაზმები გაგზავნა მესხეთის თავადების - იოანესა და შალვას წინამძღოლობით. ჩვეულებრივ, ავანგარდი ებმება ბრძოლაში, და მას ჯარი მოჰყვება უკან. მაგრამ გარნისში მესხეთის რაზმები მარტონი აღმოჩნდნენ ხორეზმელთა შუაგულში, მაშველი ჯარი კი ბრძოლაში არ ჩაება. ათაბეგი აყოვნებდა. შეუძლებელია გამოცდილ მხედართმთავარს ამგვარი შეცდომა დაეშვა, ეს ღალატი იყო. მას იოანესა და შალვას დაღუპვა უნდოდა, თავის ჯარს აკავებდა და ამას იმით ხსნიდა, რომ მისი გაგზავნის დრო ჯერ არ დამდგარიყო. მესხები თავს იცავდნენ მანამ, სანამ იარაღი არ გაუტყდებოდათ ხელში. იოანე ახალციხელი მოკლეს, შალვა ტყვედ ჩავარდა. ქართველთა რიგებში განგაში ატყდა. განადგურებული მხედრიონის ნარჩენებმა ყოყმანი და უკან დახევა დაიწყეს. უმეთაუროდ დარჩენილმა მეომრებმა არ იცოდნენ, რომ მოქცეულიყვნენ, გეგონება ხშირი არმური ჩამოწოლილიყო გარნისზე და ადამიანები ხელის ცეცებით დადიოდნენ ისე, რომ ერთმანეთს ვერც კი ხედავდნენ. ჯალალ-ედ-დინი თვითონვე გაოცდა თავისი გამარჯვებით. მაგრამ ამ ომში გაიმარჯვა არა სიმამაცემ, არამედ ღალატმა. თუმცა ჯალალ-ედ-დინი აღფრთოვანებული იყო შალვას სიმამაცით და იგი ახალციხის გამგებლად დატოვა, მაგრამ ამის შემდეგ შალვა დაატუსაღეს და, რაკი ისლამის მიღებაზე უარი თქვა, ციხეში მოაშთვეს.
სამწუხარო ამბავმა მოაღწია თბილისში. დაბრუნებული ჯარის ნარჩენები დახრილი დროშებით ხელში შემოვიდნენ ქალაქში, გეგონება საზღვაო ომში დამარცხებული ხომალდები, გლოვის ნიშნად, შავ აფრებაშვებულები ბრუნდებოდნენ ნავსადგურში.
დედოფალმა თბილისი დატოვა და იმერეთში გადავიდა, რითიც დედაქალაქის დაცემას მოასწავებდა თითქოს. ბევრმა თავადმა და ფეოდალმა მიჰბაძა მას და თავის რაზმიანად დაბრუნდა საკუთარ სამფლობელოში, რათა მტრისგან დაეცვა ადგილ-მამული და ციხეები. დავით აღმაშენებლის მიერ გაერთიანებული ქვეყანა ახლა ისევ ნაწილებად იშლებოდა. მაგრამ თბილისის მცველები სულით არ დაეცნენ, ხალხმა თითქოს გაიღვიძა და ქალაქის გამაგრებას შეუდგა სასწრაფოდ. ხორეზმელთა მოახლოებისას მეზობელი ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლები თბილისში ეძებდნენ თავშესაფარს. ქალაქი ხალხით იყო სავსე, როგორც იერუსალიმი - რომაელთა ალყის წინ.
ჯალალ-ედ-დინმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აეღო თბილისი და მოეოხრებინა. მაგრამ გამაგრებების შტურმით აღება და ქალაქის დაუფლება შეუძლებელი აღმოჩნდა. მაშინ ჯალალ-ედ-დინმა საიდუმლოდ პირი შეკრა ქალაქში მცხოვრებ მუსლიმანებთან. მან სახლების ხელშეუხებლობა და ნადავლის ნაწილის მიცემაც კი აღუთქვა მათ და თან დაემუქრა, რომ პირის გამტეხებს ქრისტიანებივით დასჯიდა. ალყაში მოქცეულ ჯარებს ორი მხედართმთავარი - ბოცო და მემნონი სარდლობდნენ. ერთხელ, როცა მემნონი ქალაქში დადიოდა და ქალაქის ბჭის დაცვას ამოწმებდა, მუსლიმანების უბანში ერთი სახლის ფანჯრიდან მძიმე ქვა გადმოაგდეს და მას თავში მოარტყეს. ის ადგილზევე მოკვდა დავით სოსლანივით, რომელსაც საქართველოს მტრები უკნიდან მიეპარნენ და რკინის კომბალი ჩაარტყეს; ან - ლეგენდებში ხოტბაშესხმული რიჩარდ ლომგულივით, რომლის პირისპირ მძლეველიც არავინ იყო, მაგრამ ციხესიმაგრის ალყის დროს ქალმა მოკლა კოშკიდან გადმოგდებული დოლაბით.
ხვარაზმელები შემოიჭრნენ თბილისში ღვარცოფივით, ჯებირს რომ გაანგრევს და თავის გზაზე ყველაფერს სპობს. წინა ომების ყველა საშინელება, მირიანისა და ვახტანგის დროიდან მოყოლებული, თითქოს მქრქალდება იმ ბოროტმოქმედებასთან შედარებით, ხორეზმელები რომ სჩადიოდნენ. ისინი აწამებდნენ მოხუცებულებს, ქვაფენილზე ანარცხებდნენ ჩვილ ბავშვებს, მუცლებს უფატრავდნენ ორსულ ქალებს, ცხენების ჩლიქებით სრესდნენ ბავშვებს, აუპატიურებდნენ ქალიშვილებს, ანგრევდნენ და ბილწავდნენ ტაძრებს. გეგონება ქალაქი საჯალათო კუნძად აქციესო, - ყველგან სჯიდნენ ქრისტიანებს. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია