ცოდვა მისტიკურ პლანში წარმოადგენს სულის შეუღლებას სატანასთან. ცოდვა - ეს არის სურვილი სატანას მიმსგავსებისა, კიდეც რომ არ ესმოდეს ადამიანს ეს გონებით. ცოდვა - ეს არის სურვილი ფრენის შეგრძნების განცდისა უფსკრულში ვარდნის გზით. ცოდვის საშუალებით ადამიანის სულში აღიბეჭდება დემონის სახე, წარმოიშობა ფარული კავშირი ადამიანისა და დაცემულ ანგელოზს შორის და თუმც თავიდან სინდისი ეუბნება ადამიანს, რომ იგი თავის მკვლელს უგდებს თავს ხელში, მაგრამ შემდგომ მისი ხმა სულ უფრო ჩუმდება და ადამიანი ღვარძლით ახშობს მის ჩურჩულსაც კი. ადამიანს უნდა რომ ჯვარს გააკრას სინდისი თავისი ცოდვით, რომ ის დადუმდეს სასწრაფოდ და სამუდამოდ. სატანა მეგობარივით უწვდის ცოდვილს ხელს და იგი დაუფიქრებლად ეჭიდება ამ ხელს. მაგრამ დემონს არ შეუძლია მიანიჭოს ადამიანს ის, რაც თავად არა აქვს: მას არ გააჩნია სიმშვიდე, ამიტომ ცოდვილი ადამიანი მუდამ მშფოთვარეა; სატანა არ განიცდის სიხარულს და ცოდვილიც მუდამ ერთგვარ წყვდიადშია ჩაძირული. მისი ცხოვრება გადის გამუდმებულ შეცბუნებაში - ხანმოკლე თრობასა და შინაგან სასოწარკვეთას შორის, რომლის დაფარვასაც იგი ხშირად ყალბი მხიარულებით ცდილობს. სატანა წყვდიადის სულია, და ცოდვილსაც არა აქვს სინათლე სულში: წყვდიადი მის თვალებშიდაც კი ირეკლება და დაღივით აზის მას სახეზე; სატანა სიამაყის სულია, და ადამიანი თავის დაცემულ მდგომარეობაში ამაყია და თავმოყვარე; სატანა კაცისმკვლელია, ცოდვილიც მუდამ გაღიზიანებულ მდგომარეობაშია. ბოროტება, რომელიც მან მოიხვეჭა, ადვილად გადადის მრისხანებასა და მძვინვარებაში. სატანა განსჯილია უკვე მარადიული ტანჯვისათვის, ცოდვილის ცხოვრებაც, აქ, მიწაზე, - თუკი მისი სულის სიღრმეში ჩავიხედავთ - ტანჯვაა; ამგვარად იტანჯება შეშლილი, რომელიც ლოკავს თაფლწასმულ ბასრ სამართებელს; ამგვარად იტანჯება ტუსაღი, რომელიც საპყრობილეში სიკვდილს მოელის.
ცოდვილი, კიდეც რომ სწამდეს ღმერთი, მაინც ვერ შეიგრძნობს მას. ცოდვა მას ართმევს ღვთიურ მადლს და ამიტომ მას არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი. ზოგჯერ მას ეუფლება წინათგრძნობა მარადიული დაღუპვისა, სამარადისო მარტოობისა, მარადიული მიტოვებულობისა, მაგრამ ხშირად იგი კვლავ ეძიებს თავდავიწყებას ცოდვაში. ადამიანისათვის, რომელმაც დაკარგა ღმერთი, მიწიერი ცხოვრება იქცევა საზარელ ტრაგიკომედიად, ჯოჯოხეთის ერთგვარ კარიბჭედ.
რა ვთქვათ მათ შესახებ, ვისაც ეს სოფელი „წესიერ ადამიანებს" უწოდებს? შინაარსობრივად სიტყვა „წესიერი" ნიშნავს გარკვეული კანონების, წესების დაცვას. რამოდენიმე საათით მაინც რომ შეიძლებოდეს გამოგვემზეურებინა, სააშკარაოზე გამოგვეტანა ის, რაც ხდება ამ „წესიერი ადამიანების" სულში, რომ შეიძლებოდეს ჩვენება - როგორც ეკრანზე - იმ აზრებისა და სურათებისა, რომელნიც წარმოიშობიან მათ გულში და გაივლიან მათ ცნობიერებაში, მაშინ ჩვენ დავინახავდით იმავე სულიერ მხეცებსა და ქვეწარმავლებს, იმავე რვაფეხებს, რომელთაც მისი გული დაუპყრიათ.
ღვთის რწმენის გარეშე ადამიანის წესიერება - იგივე გვამია, ოღონდ ძვირფასი სამოსით შემოსილი; თუკი მის გულში არ არის რწმენა და სიყვარული, მაშინ იქაც ცხოვრება არის აღსავსე სიცრუით, ცოდვითა და შინაგანი იმდეგაცრუებით.
მაგრამ ნუთუ ცხოვრება უმიზნოა? წარმართთაგნ საუკეთესონი ვერ ჩაწვდნენ იმას, თუ რატომ ცხოვრობს ადამიანი, ისევე როგორც ვერ პოულობს გამოსასვლელს ლაბირინთში მოხვედრილი ადამიანი, რომელსაც არ უჭირავს ხელში გზისმაჩვენებელი ძაფი. მათ შორის ყველაზე უფრო ღრმად მოაზროვნე და ზნეობრივად ფაქიზი - სენეკა თვლიდა, რომ ადამიანისათვის უდიდესი ბედნიერება არის თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე. უდიდესი პოეტი აღმოსავლელ პოეტთაგან - ომარ ხაიამი წერდა, რომ ბრძენთაგან ვერავინ იპოვა გზა ამ ბნელი ღამიდან. მხოლოდ ქრისტემ განუხვა სოფელს მარადიული ღვთაებრივი ნათელი, გვიჩვენა გზა ფერისცვალებისაკენ, შემუსრა სიკვდილი თავისი აღდგომით.
მხოლოდ ქრისტიანისათვის განიხვა შესაძლებლობა, რომ დაუბრუნოს ის, რისი დაკარგვაც ყველაზე უფრო საშინელია, - სიყვარული ღვთისადმი და მასთან ერთად - სიყვარული ადამიანებისადმი. მხოლოდ ქრიტიანებს აქვთ ნაბოძები ღვთაებრივი ძალა ცოდვასა და ვნებებთან საბრძოლველად: ეს არის მადლის ძალა, მხოლოდ ქრისტიანებს აქვთ ნაბოძები ჭეშმარიტი სიხარული და სულის სიმშვიდე გაჭირვებასა და მწუხარებაში.
ადამიანი ღვთისმსგავს არსებად შეიქმნა, მაგრამ თავისი თვითნებობით, საკუთარი ნებით იგი დემონის მსგავსი შეიქნა. ქრისტიანობა - ეს არის შესაძლებლობა ადამიანისათვის ღვთის ხატებისა და მსგავსების დაბრუნებისა, მაგრამ ის მიიღწევა საკუთარ ვნებებთან, საკუთარ თავში ბოროტებასთან ბრძოლის გზით, და ამიტომაც მიწიერი ცხოვრება არის ბრძოლა. იმისათვის, რომ ომში გაიმარჯვოს, მეომარი მზად უნდა იყოს სიკვდილისათვის, ხოლო ქრისტიანი კი მუდამ უნდა კვდებოდეს თავისი ვნებებისათვის და ცოდვისათვის, წარმავალი სოფლისადმი მიჯაჭვულობისათვის, უნდა კვდებოდეს ამაო ცხოვრებისათვის, რომ მიიღოს ჭეშმარიტი სიცოცხლე, რომ უკვე აქ, მიწის ბინდ-ბუნდში ხედავდეს მარადიულ ნათელს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია