სიჩუმე მრავალგვარია. არსებობს მთების ფიქრიანი სიჩუმე, ხეობების დაგუბებული დუმილი, ყინულოვანი სივრცის მდუმარება - მინის კედელივით შეუვალი, არსებობს ძველი ტაძრებისა და კოშკების იდუმალი გარინდება. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა, განსაკუთრებული სიჩუმე, რომელიც სულს სიმშვიდითა და სიმყუდროვით ავსებს - სასაფლაოს სიჩუმე.
სასაფლაოს თითქოს მარადისობის ბეჭედი აზის: ეს ის გულში ჩამწვდომი სიჩუმეა, უსიტყვოდაც რომ მეტყველებს. ყოველი საფლავი რაღაც საიდუმლოს ინახავს - ზოგი ჩაძინებული ბავშვის აკვანს ჰგავს, ზოგი უხილავ ნათელს ასხივებს, ზოგიერთიდან კი თითქოს გმინვისა და გოდების ხმა ისმის. სასაფლაო სხვა ცხოვრების კუნძულია, რომლის გალავანს ზღვის ტალღებივით აწყდება ქალაქის შფოთიანი ხმაური, მაგრამ ეს ხმაური კი არ არღვევს, უფრო მეტადაც გამოკვეთს სასაფლაოს სიმშვიდესა და სიჩუმეს. საფლავი მხოლოდ მიწიერი ცხოვრების დასასრული და კაცის ცხოვრების ბოლოს დასმული წერტილი როდია, ანდა მარტოოდენ ხილული ხსოვნა სიკვდილისა - საფლავი სხვა რამეა. ეს არის ადამიანის სულის ანაბეჭდი, ისეთის, როგორც იგი სიკვდილის წინ იყო. ზოგიერთ საფლავთან თავს კარგად და მსუბუქად ვგრძნობთ, ზოგს თითქოს ამძიმებს საფლავის ქვა, გეგონება, ვიღაცას ზედ გულზე აწევსო. ყოველი საფლავი ცალკე ამბავია, რომელსაც კაცის გული გრძნობს, მაგრამ ბოლომდე წაკითხვა არ ძალუძს. ამიტომაცაა, რომ ყველა ხალხი, წარმართებიც კი, საფლავებს - მკვდართა საუფლოებს - უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე ცოცხალთა სახლებს.
ძველ ქრისტიანებს უყვარდათ მღვდელმსახურების, განსაკუთრებით კი საღმრთო ლიტურგიის მიწისქვეშა სამარხებში - კატაკომბებში შესრულება, საკურთხეველს ქრისტიან მოწამეთა საფლავები წარმოადგენდა. ეს ადგილები მათ მხოლოდ იმიტომ როდი იზიდავდა, რომ დევნას ემალებოდნენ, არამედ იმიტომაც, რომ აქ ღმრთის განსაკუთრებული მადლი იგრძნობოდა.
ბაპტისტებმა მეტი გულგრილობა გამოიჩინეს მიცვალებულთა მიმართ, ვიდრე წარმართებმა და იუდეველებმა, რადგან ამ უკანასკნელთაც სჩვეოდათ დაკრძალვის რიტუალების შესრულება, მიცვალებულისთვის ლოცვა და მათი მოხსენიება. ბაპტიზმის სასკოლო დოქტრინა, რომლის თანახმადაც ადამიანს მხოლოდ საკუთარი ლოცვა აცხონებს, სასტიკი და ულმობელი განაჩენია მათ მიმართ, ვინც უკვე გასცდა ამა სოფლის კარიბჭეს. მიცვალებულნი მხოლოდ მიწის წიაღში როდი წვანან, არამედ საკუთარ საქმეთა სულიერ სამარეებში, ეს საქმეები კი, ისევე, როგორც ყოველივე კაცობრივი, ხრწნითა და ცოდვითაა შესვარული. ბაპტიზმი თავის სწავლებას მსხვერპლად სწირავს სიყვარულს, უგულებლყოფს მის ძალას, რომელიც ყოველთვის ქმედითი და დინამიურია. ბაპტისტური უტულიტარიზმი მხოლოდ თავისი თემის ცოცხალ წევრებს სცნობს.
ერთხელ ერთ-ერთმა ცნობილმა ფილოსოფოსმა, ჰეგელის მიმდევარმა, ეკლესიაში წირვა შეუკვეთა თავისი გარდაცვლილი მშობლების სულის მოსახსენიებლად. როდესაც მისმა კოლეგებმა გაიოცეს - თუკი სულის უკვდავებას უარყოფს, ეკლესიაში როგორღა ლოცულობს მიცვალებულთათვისო, მან უპასუხა: მე თვითონაც არ ვიცი, რა ხდება, გონება პასუხს ვერ მაძლევს ამ კითხვაზე, მაგრამ გული გრძნობს, რომ წირვის დროს ჩვენ კვლავ ერთად ვართო.
ბაპტიზმი უარყოფს წმიდა ნაწილებისა და სიწმინდეების თაყვანისცემას, იგი ძველ აღთქმას იმოწმებს, რომლის თანახმადაც გვამთან შეხება კაცის შებღალვად ითვლება და რიტუალურ განბანასა და განსაწმედელ მსხვერპლს მოითხოვს. ძველი აღთქმის მღვდელსა და ნაზორეველს არ ჰქონდათ მიცვალებულის შეხების უფლება, თუნდაც იგი მათი უახლოესი ადამიანი ყოფილიყო. და ეს გასაგებიცაა - ძველ აღთქმაში სიკვდილს აფასებდნენ, როგორც ცოდვის ხატსა და შედეგს. თვით მართალთათვისაც კი სიკვდილი ჯოჯოხეთს შთახდომას ნიშნავდა. ამგვარად, ამ სოფელში ადამიანი სამოთხიდან განდევნილი, უბედური არსება იყო, სიკვდილის შემდეგ კი ქვესკნელში ჩასვლა ელოდა. ან რომელ წმინდა ნაწილებზე შეიძლებოდა ლაპარაკი, როდესაც მართალთა სულებიც კი შორს იყვნენ ღმერთისგან და სატანის ხელმწიფება მათზედაც ვრცელდებოდა. კაცის სხეული მიწაში ლპებოდა, სული კი ქვესკნელს ეშვებოდა, სადაც სოფლის მაცხოვრის მტანჯველ მოლოდინში იყო.
ქრისტეს სიკვდილი და აღდგომა სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე გამარჯვებად, ახალი სულიერი ერის დასაწყისად იქცა. მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა კაცობრიობის მომავალი აღდგომის ხატი და ღმრთაებრივი ენერგიის გაცხადება იყო, იმ ძალისა, რომელიც აღადგენს და განაახლებს სამყაროს მთელ ფიზიკურ შედგენილობას.
მკვდრეთით აღდგომილი მართალთა სულები აღდგომილი ქრისტეს სხეულს მიემსგავსებიან, ანუ სული წმიდის მიერ განახლდებიან - ეს საიდუმლო თაბორის მთაზე გაცხადდა, როდესაც ღმრთაბერივმა ნათელმა მზესავით განაბრწყინა ქრისტე. მისი სამოსელი კი მზესავით განასპეტაკა. ქრისტეს ფერისცვალება თაბორზე ზეციური ეკლესიის წმინდანთა მომავალი დიდების სახეა. მარადიულობა დროში იწყება, ხოლო ზეციური სასუფეველი - მიწაზე სული წმიდის მოხვეჭით. ღმერთი თავისი არსებით ამქვეყნიური სამყაროს მიღმა დგას, მაგრამ ღმრთაებრივ ენერგიებში ეცხადება მას, მასში მყოფობს და განწმენდს არა მხოლოდ სულს კაცისას, არამედ ხორცსაც. ნათლის შარავანდედი, წმინდანებს რომ ადგათ თავზე, იკონოგრაფიული გადმოცემაა ღმრთაებრივი მადლის მისტიური ხედვისა. მართალნი სული წმიდის განსასვენებელში მკვიდრობენ, ღმრთაებრივი ნათელი აკავშირებთ და თვითონაც ნათელს ასხივებენ. ისრაიტელებმა თვალი ვერ გაუსწორეს მოსეს, როდესაც იგი სინას მთიდან ეშვებოდა და სთხოვეს, წამოსასხამით დაებურა სახე. ელისე წინასწარმეტყველის ძვლებთან შემთხვევით შეხებამ მკვდარი აღადგინა. მართალთა სამარეებიდან სიცოცხლე იღვრება.
ყოველ ჩვენგანს უნახავს შინაგანი ნათლით გაბრწყინვებული სახეები, ისიც გვიფიქრია, ესა და ეს კაცი ქრისტეს ჩამოჰგავსო, მაგრამ გარეგნულად, სახის ნაკვთებით კი არა, არამედ რაღაც მადლმოსილებით - ეს მადლი ზეციური სიმშვიდის ანარეკლად ატყვია მის სახეს, მის თვალებშიც ბრწყინავს, მის სიტყვებშიც სუნთქავს და დუმილსაც კი საიდუმლო საუბრად აქცევს. ესაა სული წმიდის გაცხადება ფიზიკურ ასპექტში. ყველას გამოუცდია: ზოგიერთ ადამიანთან თავს მსუბუქად და თავისუფლად ვგრძნობთ, თითქოს ჩვენს სულს ჭუჭყიანი ქერცლი ანდა ძველი ქერქი სძვრებაო; რაღაც უცნაური სიხარული გვიპყრობს, გეგონება, ცოდვებითა და ვნებებით ჯერაც შეუბღალავი ყრმობა დაგვბრუნებოდეს - ამგვარი ურთიერთობა ახალ ძალებს გვმატებს და ახალი სულიერი ენერგიით გვავსებს.
და პირიქითაც ხდება: ადამიანს სახეზე ცოდვის ბეჭედი აზის, როგორც კატორღელს - გახურებული რკინით ამოტვიფრული დაღი. მაშინ გარეგნულად ლამაზი სახეც კი უეცრად სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება - თითქოს მკვლელის ჩასისხლიანებულ თვალებსა და მახინჯ, საზიზღარ ნაკვთებს ვხედავდეთ. ხშირად გვეჩვენება, რომ ასეთი ადამიანები, განსაკუთრებით კი მათი თვალები დამთრგუნველ, პირქუშ სიბნელეს გამოსცემენ, მათთან ურთიერთობა გვამძიმებს და გვაცარიელებს, გეგონებოდა უხილავი ვამპირი გვწოვდეს სისხლს. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია