აღარ შევუდგებით რეგლამენტის ისეთი უპრეცედენტო დარღვევების კომენტირებას, როგორიცაა სერბეთის პატრიარქის მიერ კრების ერთ-ერთი დოკუმენტისათვის ხელი მოწერა, იმის მიუხედავად, რომ მის მოწინააღმდეგე ეპისკოპოსთა რიცხვი ორჯერ (!) აღემატებოდა მომხრეებს. ანდა როცა კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა უკანონოდ დაურთო თავისი ხელმოწერა იმ ეპისკოპოსთა ნაცვლად, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა და ხელი არ მოაწერა დოკუმენტს (!!!). მაგრამ მსგავსი აბსურდული, უგუნური მოქმედებები ხომ მხოლოდ დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს! ასეთი წვრილმანი თაღლითობის ნებას თავს პოპულისტური პარტიების ლიდერებიც კი არ აძლევენ, და მით უფრო არ უნდა ხდებოდეს ეს წმიდა და დიდ კრებაზე.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შემდეგი დასკვნა იბადება: კრების მუშაობის „რეგლამენტი" თავისი არსით მოდერნისტული და ანტიმართლმადიდებლურია. ამასთან, პრაქტიკაში ეს ანტიმართლმადიდებლური რეგლამენტიც კი მრავალჯერ იქნა დარღვეული თვითონ მის დამდგენელთა მიერ!
3. კრების „საზოგადო ეპისტოლეში" (თავი 1, პუნქტი 1) ნათქვამია, რომ ეკლესია არის „ღმერთკაცობრივი ერთობა წმიდა სამების მსგავსად". ამ ფრაზას წმიდა მამათა თხზულებებში არავითარი დადასტურება არ მოეპოვება, და არც კი ღირს მისი დაწვრილებით განხილვა. კრებისწინა დოკუმენტში - „მართლმადიდებლური ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში", მეორე თავის პირველ პუნქტში, ვხვდებით უფრო სრულ განსაზღვრებას ადამიანისა, „როგორც პიროვნებათა საზოგადოების წევრისა, რომელიც კაცთა მოდგმის ერთიანობაში მადლის მიერ ასახავს საღმრთო პიროვნებათა ცხოვრებასა და ურთიერთობს წმიდა სამებაში". ეს ფრაზა მიგვახვედრებს, თუ საიდან გაჩნდა ამ აბზაცის დასაწყისში მოყვანილი სიტყვები. ამავე ფრაზის შემოკლებულ ვარიანტს ვხედავთ აგრეთვე „საზოგადო ეპისტოლეს" პირველი თავის სათაურში: „ეკლესია, ქრისტეს სხეული, წმიდა სამების ხატი". ეს განსაზღვრება, რომელსაც არავითარი დადასტურება არ გააჩნია წმიდა მამათა მთელ გარდამოცემაში, პრობლემურია, რადგანაც მისი მეშვეობით ეკლესიაში ცრუსწავლება შემოდის.
2016 წლის 17 ნოემბერს კოლიმბარიში (კუნძ. კრეტა) შედგა სემინარი თემაზე „საწყისი გაცნობა დიდი და წმიდა კრების დოკუმენტების ტექსტებთან". თავის მიმართვაში სემინარის მონაწილეებისადმი კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ზემოხსენებული თეზისის ბუნდოვან განმარტებას იძლევა და ამბობს: „...სწორედ ამაში მდგომარეობს ეკლესიის საყოველთაობის არსი, ვინაიდან თვითონ ამ პრინციპის სათავე წმიდა სამების პირთა ურთიერთდამოკიდებულებაში მდგომარეობს, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ კიდეც ეკლესიის ყოველი წევრისა და მთლიანობაში მთელი ეკლესიის გადარჩენის პლანში".
უფრო დაწვრილებით თეზისს, რომ „ეკლესია წმიდა სამების ხატია", განმარტავს კრეტის კრების „ტვინი" - პერგამონის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი, რომელიც, ვითომდა მღვდელმთავარ ბასილი დიდის თხზულებაზე - „სული წმიდისათვის" - დაყრდნობით (თავი 26, პუნქტი 63), სრულიად მწვალებლურ აზრს გამოთქვამს: „იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა იმაზე, რომ ღმერთი ერთია მისი ბუნების თვალსაზრისით (ე.ი. ესაუბრა ღმრთის ერთბუნებოვნებაზე) იგი (ბასილი) ამჯობინებს ილაპარაკოს ღმერთზე პირთა ურთიერთმიმართების თვალსაზრისით. „ერთობა" ბასილი დიდისთვის ონტოლოგიური ცნებაა. ღმერთის ბუნება - ესაა ერთობა. ეს არ ნიშნავს, რომ პირები ონტოლოგიურად წინ უსწრებენ საერთო ღმრთაებრივ არსს, არამედ იმას, რომ ღმრთაებრივი არსი ემთხვევა სამი პირის ერთიანობას" (პერგამონის მიტროპოლიტი იოანე, შრომები, ტ. 1, გამომც. „დომოსი", ატენი 2016, გვ/260-61). თავისთავად ცხადია, რომ მღვდელმთავარ ბასილი დიდის ასეთი რამ არ უთქვამს; მისი სიტყვების აზრი სრულიად დამახინჯებული და გაუკუღმართებულია, რაც წმინდანის ნაწერის ზედაპირული წაკითხვისასაც კი ჩანს.
თავის სხვა ტექსტებში მიტროპოლიტი იოანე პერგამონელი ცდილობს კიდევ უფრო გაშალოს ეს თეზისი: „პირველობა თვით სამების ცხოვრებაშიც კია, რაკიღა მამა წმიდა სამების პირთა „მიზეზს" წარმოადგენს... პირველობა ეკლესიაში წმიდა სამებისა და ქრისტეს შესახებ სწავლებიდან წარმოიშვა, პირველობას ღრმა საღმრთისმეტყველო საფუძველი აქვს... ეს პირველობა რომ წმიდა სამებისა და ქრისტეს შესახებ ღმრთისმეტყველებაშია ასახული, უკვე იქიდანაა ცხადი, რომ primus (ლათ. პირველი), ანუ ეპისკოპოსი, ეკლესიაში მამა ღმერთის ადგილმონაცვლედ განიხილება" („საყოველთაობა და პრიმატი", პერგამონის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი, ღმრთისმეტყველება 2/2015, გვ. 29-30).
ამგვარად, კრების თვით იდეური სულისჩამდგმელები და ორგანიზატორები განგვიმარტავენ ზემოხსენებული თეზისის მნიშვნელობას, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: ეკლესია წმიდა სამების ხატია, წმიდა სამება კი სამი პირის კრებაა. ამ კრებაში პირველი მამაა, და იგი უზრუნველყოფს წმიდა სამების კრების ერთიანობას. მაშასადამე, ეკლესიაც, როგორც წმიდა სამების ხატი, მუდმივმოქმედი კრებაა, რომელიც „საღმრთისმეტყველო" მიზეზებით პირველ პირს (თანაც მსოფლიო მასშტაბისას) საჭიროებს.
ეს საღმრთისმეტყველო კონსტრუქცია შემდეგ მწვალებლობებს შეიცავს:
პირველი: წმიდა მამები არასოდეს ურევენ ერთმანეთში და არ იგივებენ ღმრთისმეტყვლებას (სწავლებას წმიდა სამების, ძე ღმრთისას განხორციელებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ) და საღმრთო განგებულებას (როგორც კაცობრიობის განგებისა და ცხონების ბრძნულ საშუალებას ადამიანის უძლურებისადმი შემწყნარებლობის პრინციპის ფართო გამოყენების გზით). ასეთი გაიგივება სჩვევია პაპისტურ (რომის კათოლიციზმის) „ღმრთისმეტყველებას", რაც არის კიდევაც მათი სარწმუნოების განსაზღვრება, ცრუ კათოლიკური პრინციპის, „ყოფის ანალოგიის" («analogia entis») თანახმად. ამ პრინციპის მიხედვით ქმნილი ბუნება უქმნელი, ანუ ღმრთაებრივის ანალოგიურია. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: ქმნილის გამოკვლევის საშუალებით, კაცობრივი გონების დახმარებით შესაძლებელია უქმნელი ბუნების, ანუ ღმრთის არსების შეცნობა და აღწერა. მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველება კი, რომელიც ერთადერთი გადმოსცემს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, აღიარებს, რომ წმიდა სამების უქმნელი არსებობა, თავისი არსითა და ხარისხით, სრულიად მიუწვდომელია კაცთა ან ანგელოზთა გონებისთვის. მაგალითად, თუ მხოლოდ კაცობრივი კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ წმიდა სამება - ესაა კრება ან ერთობა.
მეორე: თუ, როგორც ამტკიცებენ, წმიდა სამება - ესაა კრება (კაცობრივი კრიტრიუმების თანახმად), ეს ნიშნავს, რომ ყოველ ღმრთაებრივ პირს თავისი ჰიპოსტასური (ანუ პიროვნული, სხვა პირებისგან დამოუკიდებელი) მოქმედება აქვს, რომელიც კრებსითობის საშუალებით სხვა ღმრთაებრივ პირთა მოქმედებებთან არის შეხებაში. მაგრამ ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ვისაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის საღმრთისმსახურო ტექსტებთან, იცის: წმიდა სამებას აქვს ერთი მოქმედება, ერთი დიდება, ერთი ნება, ერთი განგება, ვინაიდან მას ერთი არსება აქვს, ანუ ერთარსია. თუკი წმიდა სამებას, როგორც კრებას აღვიქვამთ, გამოვა, რომ არსებობს პირთა სამი დამოუკიდებელი მოქმედება, და მაშინ უნებლიეთ მივალთ სწავლებამდე, რომელიც აღიარებს არა ერთ არსებას ღმერთში, არამედ სამ არსებას, ვინაიდან ყოველ არსებას თავისი დამოუკიდებელი მოქმედება აქვს. და თუ ამგვარად დავიწყებთ ფიქრს, დავკარგავთ ჭეშმარიტ სწავლებას წმიდა სამების ერთარსებობის შესახებ, რომლისთვისაც ჩვენი წმინდანები იბრძოდნენ ვიდრე სისხლის დათხევამდე, და მივალთ სამღმერთიანობამდე, ანუ სამი ღმერთის თაყვანისცემამდე. ამათგან პირველი არის მამა, რომელიც ამ ვითომდა სამების მთლიანობას იცავს, თუმცა მას ჭეშმარიტ წმიდა სამებასთან საერთო არაფერი აქვს.
4. კრების დოკუმენტების შესწავლისას არაერთხელ შეგვხვდა ფრაზა „ერთიანობის აღდგენის" შესახებ („მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", პუნქტები 4, 19, 22, 24), „ერთიანობის წინ წამოწევა" (იქვე, პუნქტი 16), „ერთიანობის გამოვლენა" („მართლმადიდებლური დიასპორა", პუნქტი 2). როცა კრეტის კრების ამ დოკუმენტებს ეკუმენიზმის შესახებ კათოლიკურ დეკრეტს (Unitatis Redintegratio – „ერთიანობის აღდგენა") ვადარებთ, იქაც ზუსტად ამდაგვარ, ამავე სულისკვეთების გამონათქვამებს ვნახულობთ.
ჩვენი უსიამოვნო მოლოდინის დადასტურებით გამოწვეული მწუხარება რამდენადმე გაგვიფანტა ბულგარეთის საპატრიარქოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებამ, რომელშიც მოცემულია კომენტარები დოკუმენტის - „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" - მე-4, მე-5 და მე-12 პუნქტებთან დაკავშირებით. აი, რა წერია იქ: „მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა ერთობაში მუდამ გულისხმობდა, რომ ისინი, ვინც ამა სოფლის სტიქიებში დახეტიალობდნენ და განვარდნილნი იყვნენ ეკლესიისგან მწვალებლობის ან განხეთქილების გამო, ეკლესიის კანონიკური წესების თანახმად, მის წიაღში უნდა გაერთიანებულიყვნენ ანდა დაბრუნებულიყვნენ წმიდა ნათლისღებით, წმიდა მირონცხებით ან სინანულით. ბულგარეთის საპატრიარქოს წმიდა სინოდი აცხადებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია მიიღოს სხვადასხვა კონცეფციები და სწავლებები, რომელთა ბაზაზეც უცხო აღმსარებლობები აფუძნებენ ისეთ გაერთიანებებს, როგორებიცაა, მაგალითად, სწავლება „უხილავი ეკლესიის" შესახებ, „განშტოებების თეორია" და „დომინაციების თანასწორობის" თეორია, ასევე „ნათლისღების ღმრთისმეტყველების" ახალი თეორია. ბულგარეთის საპატრიარქოს წმიდა სინოდი აცხადებს, რომ ყველა ეს თეორია სული წმიდის ქმნილი მადლის შესახებ სწავლებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ეკლესიამ დაგმო კრების გადაწყვეტილებით". (გაგრძელება...)
წიგნიდან „წმიდა და დიდი კრება: ვიმედოვნებდეთ თუ ვწუხდეთ"
Xareba.net - ის რედაქცია