მამა დავითის წარმოშობის შესახებ არაფერი ვიცით, ის კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ენით გამოუთქმელი სულიერი კეთილშობილებით, განსაკუთრებით ფაქიზი სულიერი მშვენიერებით ბრწყინავდა. ვინც უნდა ყოფილიყო დავითი წარმოშობით - თავადი თუ უბრალო ოჯახის შვილი, მთავარი ისაა, რომ იგი სულიერების არისტოკრატი იყო. არაფერი ვიცით მისი განათლების შესახებ. საფიქრებელია, მას შესწავლილი ჰქონდა ზოროასტრიზმი, აგრეთვე წარმართული რელიგია - იცნობდა მტრის იარაღს, შეეძლო ნებისმიერ დროს ებრძოლა მასთან მახვილი სიტყვით.
იმხანად ანტიოქიას აღმოსავლეთის დედაქალაქს უწოდებდნენ. ანტიოქიის სასწავლებლები მთელს მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში იყო სახელგანთქმული. სირიამ მსოფლიოს მისცა სინანულის და უდაბნოს მგალობელნი - ეფრემი და ისააკი, აგრეთვე დიდებული იოანე ოქროპირი. როდესაც ქალაქმა ეფესომ ძველი სიყვარული დაკარგა და უფალმა ადგილიდან დაძრა მისი სასანთლე, იოანე ღვთისმეტყველის ქალაქი ანტიოქია გახდა.
ხუთშაბათობით, ღირსსახსოვრად იმისა, რომ ღირსი მამა დავითი ქალაქში ჩამოდიოდა, ეკლესიამ დაადგინა, ყოველ ხუთშაბათს მისი ღვაწლის ადგილზე ჩატარდეს ღვთისმსახურება.
სირიელი მამების მოღვაწეობის შედეგად ბევრი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ზოროასტრელთა დაცარიელებულ ბომონებში ცეცხლი ქრებოდა. ქრისტიანობის მტრებმა დავითის განადგურება გადაწყვიტეს, ოღონდ არა იარაღით, რათა იგი მოწამედ არ შეერაცხათ და მიცვალებულიც საშიში არ ყოფილიყო მტრებისთვის, არამედ ცოცხალ ლეშად ექციათ ცილისწამებით, და ის თვითონ ხალხს გაეძევებინა ქალაქიდან, კეთროვანივით. მათ მოისყიდეს ზნედაცემული ქალი, რომელმაც წმინდანს ცილი დასწამა, ისევე, როგორც არიანელებისაგან მოსყიდულმა მეძავმა - ათანასე ალექსანდრიელს. მაგრამ უფალმა მთელი ქალაქის თვალწინ მოახდინა საშინელი სასწაული: დავითის ლოცვით ამ ზნედაცემული ფეხმძიმე ქალის საშოდან ჩვილმა ამხილა დედამისი. ამ საოცარი ფაქტით აღელვებული ბრბო დავითმა ვეღარ შეაკავა და მეძავი ქვებით ჩაქოლეს.
ღვთის კაცისთვის დამიზნებულმა ქვამ ქვად აქცია ბავშვი მეძავის მუცელში, თვით ეს ქალი კი ქვების ბორცვქვეშ დაიმარხა. ამ ადგილას შემდგომში ქვაშვეთის ტაძარი ააგეს. თბილისელებმა შენდობა სთხოვეს დავითს, რადგან ემსგავსნენ იმათ, ვინც ქრისტეს იერუსალიმში შესვლისას იძახდა „ოსანა!", რამდენიმე დღის შემდეგ კი - „ჯვარს აცვი!".
ქვაშვეთში ინახება ღირსი დავითის ძველი სასწაულმოქმედი ხატი. ბოლო დრომდე თბილისელებს წესად ჰქონდათ: წმინდა დავითის ეკლესიაში რომ მიდიოდნენ, გზად შეივლიდნენ ქვაშვეთის ტაძარში, თაყვანს სცემდნენ მამა დავითის ხატს და მისგან ლოცვა-კურთხევას იღებდნენ.
დავითი ფრიად დაამწუხრა თავისი ცილისმწამებლის სიკვდილით დასჯამ. მან მტკვრის ტალღებზე გაფინა საკუთარი მანტია და თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად ზედ დადგა. მოხდა სასწაული, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო დავითის სიწმინდე. ასე გეგონება ნავზე დგასო, მდინარის დინების მიმართულებით გაცურა ღირსმა. ცილი რომ შესწამეს დავითს და სასამართლოს წინაშე წარდგა, თავის გასამართლებლად ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ხოლო როდესაც დიდი სასწაულმოქმედის დიდება შეიმოსა, ქალაქი დატოვა ისე, რომ ბერის კვერთხის გარდა არაფერი წაუღია. თბილისელები დიდხანს სირბილით მიჰყვებოდნენ მტკვრის სანაპიროს, თვალცრემლიანი ევედრებოდნენ წმინდანს, მათთან დარჩენილიყო, მაგრამ ლოცვაში ჩაძირული დავითი უძრავად იდგა მესვეტესავით. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, არც უკან მიუხედავს მანამ, ვიდრე ქალაქი თვალს არ მიეფარა. მამა დავითმა მთებსა და გორაკებს შორის მდებარე გარეჯის უდაბნოს მიაშურა, რომელიც ეგვიპტის უდაბნოებს მოგვაგონებს. აქ იგი შეხვდა ღირს მეუდაბნოეს, დოდოს, რომელიც დავითის მისვლამდე დიდი ხნით ადრე სწვეოდა უდაბნოს. ანაქორეტი დიდი გარეჯელი კახელი თავადი იყო. გავიდა დრო და ღირსთა განმარტოებული თავშესაფარი მონადირეებმა დიდი საგანძურივით აღმოაჩინეს. გარეჯის უდაბნოს მონაზვნობის ბევრმა მოტრფიალემ მიაშურა. აქ კაბადოკიის მონასტერთა ნიმუშით აშენდა მონასტერი, რომელიც რამდენიმე საუკუნის შემდეგ უზარმაზარ ლავრად, ბერ-მონაზონთა მთელ ქალაქად იქცა.
ღირსმა დავითმა პალესტინის სიწმიდეთა მოლოცვა მოიწადინა. მონასტრის გამგებლობა მან ღირს დოდო გარეჯელს გადააბარა და თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად გზას გაუდგა. მგზავრობა ფრიად სახიფათო იყო. მხეცები და ბოროტმოქმედნი - ერეტიკოსები თუ წარმართები, რომლებიც მართლმადიდებლებს მტრებად თვლიდნენ, თავს ესხმოდნენ წმინდანს.
მომლოცველები, ჩვეულებრივ, დიდ ჯგუფებად იკრიბებოდნენ, თან ახლდათ მეომრები და თვითონაც შეიარაღებულნი იყვნენ. ბერები მარტო მიდიოდნენ, რათა არავის დაერღვია მათი მყუდროება და დაებრკოლებინა გულის ლოცვა. ღირსნი სიონის მთაზე ავიდნენ. ქვემოთ გაშლილიყო იერუსალიმი - ქალაქი, რომელშიც ნოეს უფროსმა ვაჟმა, სემმა ადამის თავისთვის აკლდამა გააკეთა და მასზე გოლგოთის ბორცვი აღმართა; ქალაქი, სადაც მეფობდნენ მელქისედეკი, დავითი და სოლომონი; ქალაქი, სადაც ჯვარს აცვეს ქრისტე და სადაც იგი მკვდრეთით აღდგა. მიწიერი იერუსალიმის სიწმინდეებში სულიერი მზერით დავითმა ზეციური იერუსალიმის დიდება იხილა, იოანე ღვთისმეტყველს რომ გამოეცხადა ზეციდან ჩამომავალი ძვირფასი თვლებით ნაგები ქალაქის სახით.
დავითის ლოცვა-კურთხევით, ლუკიანე ქალაქში შევიდა, რათა თაყვანი ეცა უფლის საფლავისთვის და იერუსალიმის წმიდა ადგილები მოევლო. თვითონ დავითმა, უდიდესი სიმდაბლით აღვსილმა, თავი ამ წმინდა ქალაქში შესვლის ღირსადაც არ ჩათვალა. ქალაქის კედელთან იდგა და ლოცულობდა. წმინდანები განსაკუთრებით შეიგრძნობენ სიწმინდეს, წმინდა ადგილებში დამკვიდრებულ ღმრთის მადლს. ლუკიანე რომ დაბრუნდა, მოძღვარი იმავე მდგომარეობაში იხილა, როგორც დატოვა. მომლოცველებს, ჩვეულებრივ, ერთი მუჭა მიწა მიჰქონდათ პალესტინიდან. მამა დავითმა იქვე კედელთან დაგდებული სამი ქვა აიღო და უკან დაბრუნდა. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ილიას სიზმარში ეუწყა - საქართველოდან ჩამოსულმა ბერმა რწმენით იერუსალიმის მთელი მადლი წაიღოო. როგორც კი გაიღვიძა, პატრიარქმა მდევრები დაადევნა დავითს, რათა შეეტყიოთ, რა წაიღო ღირსმა. დავითმა პატრიარქის წარგზავნილებს უთხრა, რომ ქალაქში არ შესულა და არც არაფერი აუღია ქალაქის კედელთან დაგდებული სამი ქვის გარდა. პატრიარქის წარგზავნილებმა ორი ქვა უკან წაიღეს, მესამე კი დავითს დაუტოვეს.
ეს ქვა, რომელსაც შემდგომში „მადლის ქვა" ეწოდა, მან გარეჯის მონასტერში ჩამოიტანა.
საქართველოში არსებობდა გადმოცემა, რომ გარეჯის უდაბნოში სამჯერ ჩასვლა იერუსალიმის მოლოცვას უდრის.
ღირსი მამების - დავითისა და დოდოს მოღვაწეობის ადგილზე შემდგომ საუკუნეებში გაშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ლავრა. იგი თორმეტ მონასტერს აერთიანებდა. მამა დავითი დაკრძალულია გამოქვაბულ ეკლესიაში, მის გვერდით განისვენებს მისი მოწაფე ლუკიანე.
მამადავითის მთას, ციხე-სიმაგრესავით რომ აღმართულა თბილისს ზემოთ, ხალხმა მთაწმინდა უწოდა. ასე ეწოდება ძველ ათონს - დედა ღვთისმშობლის წილხდომილს. გამოქვაბულში, სადაც დავითი მოღვაწეობდა, კლდიდან წყარო მოედინება, რომელსაც „დავითის ცრემლები" ჰქვია. ღირსი მამის, დავით გარეჯელის ლოცვა-კურთხევა მუდამ შეეწევა და დაიფარავს საქართველოს დედაქალაქს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net – ის რედაქცია