სოფია, 2016 წლის 29 ნოემბერი
წმიდა სინოდმა თავის სხდომაზე (15.11.2016, ოქმი 22) სრული შემადგენლობით განიხილა ტექსტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", რომელიც ამა წლის ივნისში საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე შემდგარ კრებაზე იქნა მიღებული და შემდგომი განჩინება გამოიტანა:
თავის სხდომაზე (01.06.2016, ოქმი 12) წმიდა სინოდმა გადაწყვიტა შეეთავაზებინა ორგანიზატორებისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმიდა კრების ჩატარების გადადება, რათა გაგრძელებულიყო მისი მომზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდმა განაცხადა, რომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მასში მონაწილეობას არ მიიღებდა.
შემდგომში მსგავსი წინადადებებით გამოვიდნენ აგრეთვე სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წმიდა სინოდები. კრეტის დიდი და წმიდა კრების ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ეს წინადადებები. ამის მერე ოთხმა ადგილობრივმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას კრებაში. ეს ეკლესიებია (ქრონოლოგიური თანმიმდევრობით): ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ამა წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება), ანტიოქიის საპატრიარქო (ამა წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია (ამა წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ამა წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება).
ამა წლის 16-დან 27 ივნისამდე კუნძულ კრეტაზე (საბერძნეთის რესპუბლიკა), მართლმადიდებლურ აკადემიაში ჩატარდა მართლმადიდებელი ეკლესიის „დიდი და წმიდა კრება", მაგრამ მასში მონაწილეობა არ მიუღია ოთხ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას, ასევე ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალურად სცნო და რომლის მონაწილეობა უკვე კრების მომზადების წარმომადგენლები და სტუმრები არამართლმადიდებლური თემებიდან (რომის კათოლიკეთა, ანგლიკანელთა და სხვა). კრეტაზე გამართულმა კრებამ კენჭი უყარა და გარკვეული შესწორებების შემდეგ მიიღო ექვსი დოკუმენტი, აგრეთვე თავისი „ენციკლიკა" და „ეპისტოლე". კრების მონაწილე ოცდაცამეტმა ეპისკოპოსმა ხელი არ მოაწერა დოკუმენტს „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", ზოგიერთმა მათგანმა (მათ შორის ავტორიტეტულმა მართლმადიდებელმა ღმრთისმეტყველებმა) საკუთარი პოზიცია საჯაროდ დაასაბუთა.
თავისი წერილით, ოქმი 798/14.07.2016 წ. (სინოდალური კანცელარიის შემავალი ნომერი 498/20.09.2016 წ.) მისმა უწმიდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს გამოუგზავნა დოკუმენტები, რომლებსაც კრებამ კენჭი უყარა და ხმა მისცა. მას შემდეგ, რაც ტექსტში ითარგმნა, ეს დოკუმენტები ეპარქიალურ მიტროპოლიტებს გადაეცათ.
პირველი, მნიშვნელოვანი დასკვნა ის გახლავთ, რომ კრებისწინა ვარიანტთან შედარებით დოკუმენტებმა გარკვეული, მაგრამ არაარსებითი ცვლილებები განიცადა, რაც მათ სრულიადმართლმადიდებლურად აღიარებისათვის საკმარისი არ არის.
1. დოკუმენტ „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან"-ს შესახებ მე-4 პუნქტის ტექსტის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებელი ეკლესია „ყოველთა ერთობაში" მუდამ გულისხმობდა მის წიაღში შეერთებას ან დაბრუნებას წმ. ნათლისღების, წმ. მირონცხებისა და სინანულის მეშვეობით - ყველა იმათი, ვინც ამა სოფლის სტიქიებში დაიკარგა და მწვალებლობაში ან განხეთქილებაში ჩავარდა, რაც ეკლესიის კანონიკურ წესებს შეესაბამება. ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას არასოდეს დაუკარგავს სარწმუნოებრივი ერთობა და სული წმიდისმიერი ზიარება, და იგი ვერ მიიღებს მტკიცებას „სხვა ქრისტიანებთან ერთიანობის აღდგენის" შესახებ, ვინაიდან ეს ერთიანობა უცვალებლად არსებობს ქრისტეს სხეულში და თვითონ ერთიანობა და ერთადერთობა გვევლინება ეკლესიის მთავარ განსაზღვრებად.
სწორედ ასევე მართლმადიდებელი ეკლესია ვერ მიიღებს სხვადასხვა კონცეფციებს და სწავლებებს, რომლებზე დაყრდნობითაც არამართლმადიდებლები ამგვარ ერთიანობას ასაბუთებენ. ასეთია თეორიები ყველა ქრისტიანული აღმსარებლობის რაღაც ილუზორული ერთიანობის შესახებ - მაგალითად, სწავლება „უხილავი ეკლესიის" შესახებ, „განშტოებათა თეორია", ე.წ. „ნათლისღების ღმრთისმეტყველება" და „დენომინაციათა თანასწორობა". ყველა ეს თეორია შეიძლება უკავშირდებოდეს სქოლასტიკურ სწავლებას სული წმიდის ქმნილი მადლის შესახებ, რომელიც წმიდა ეკლესიამ დაგმო კრებსითი დადგენილებით. თუ ეს სწავლება მიიღება, მაშინ შეიძლება დასაბუთდეს ღმრთის მადლის არსებობა სხვადასხვა დენომინაციებში რიცხობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისითაც.
ამ არამართლმადიდებლური თეორიის თანახმად გამოდის, რომ რამდენადაც ერთ ქრისტიანულ თემში სრულდება ლიტურგიკული ქმედებები, იმდენად შეუძლიათ მათ სხვადასხვა საშუალებით გამოიწვიონ მადლისმიერი ცხოვრება, რომელიც ვარიაციებს განიცდის ყოველი აღმსარებლობის მიხედვით. მოცემული საღმრთისმეტყველო თეორია ამტკიცებს, რომ ლიტურგიკულ ქმდებებს შეუძლიათ ცხონების საშუალება მისცენ შესაბამისი თემების ქრისტიანებს, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან. იმის გამო, რომ თითქოს მადლი ღმრთისა მყოფობს ყველა ქრისტიანულ დენომინაციაში, ერთობლივად უნდა ვეცადოთ, რათა მიღწეულ იქნას ქრისტესმიერი სავსება (იხ. ვატიკანის კრების დეკრეტი ეკუმენიზმის შესახებ).
2. მე-5 პუნქტში გამოთქმულ დებულებას „ყველა ქრისტიანის დაკარგული ერთიანობის ძიების" შესახებ ჩვენ მიუღებლად და დაუშვებლად მივიჩნევთ, ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი შინაგანი ერთიანობა არასოდეს დაუკარგავს - მწვალებლობებისა და განხეთქილებების მიუხედავად, რომლებიც ეკლესიის სხეულისაგან განვარდნას წარმოადგენენ, თუმცა მის გამო სხეული არ კარგავს თავდაპირველ ონტოლოგიურ ერთიანობას, რომელიც ქრისტეს ჰიპოსტასის ონტოლოგიურ განუყოფლობაში მდგომარეობს.
3. მე-6, მე-16 და მე-20 პუნქტებში აღიარებულია „სხვა, მასთან (მართლმადიდებელ ეკლესიასთან) კავშირის არქმონე არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების" „ისტორიული სახელწოდებები", იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტის პირველ პუნქტში სხვა რამეს ამტკიცებენ - კერძოდ, რომ არც ერთი მწვალებლური ან სქიზმატური თემი არ შეიძლება „ეკლესიად" იწოდებოდეს. ეკლესიის დოგმატებისა და კანონების თანახმად, დაუშვებელია ეკლესიების სიმრავლის არსებობა. მეტიც, თავდაპირველად მე-2 პუნქტში ძირითად დებულებად მიღებულია, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია თავის ერთიანობას იმაზე აფუძნებს, რომ იგი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დააარსა და რომ თანაზიარია წმიდა სამებასა და საიდუმლოებებში. ეს ერთიანობა სამოციქულო მემკვიდრეობითობასა და წმიდა მამათა გარდამოცემაში აისახება, და ეკლესია დღემდე ამით ცხოვრობს". გამოთქმა „ისტორიული სახელწოდებების დამატება, ასევე განმარტება, რომ არამართლმადიდებლური აღმსარებლობები არ იმყოფებიან ევქარისტიულ კავშირში მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ამ ტექსტის პრობლემატურობასა და მცდარობას არ აუქმებს. დოკუმენტის მე-6 პუნქტის მითითებულ პასაჟში ისეთი რეალიების შედარება ხდება, რომელთა ერთმანეთთან შედარებაც არ შეიძლება. განა ის ამბავი, რომ სახელწოდება „მართლმადიდებელი" ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის და ისტორიულად დამტკიცებულ სახელწოდებას წარმოადგენს, აკნინებს მის ნამდვილობას და მნიშვნელობას? ნებისმიერი სწორი სახელწოდება, ისტორიულად გაჩენილი, გარკვეულ არსს, არსებით რეალობას ასახავს. სხვა შემთხვევაში იგი არის ცნება რეალური მოცულობის გარეშე, უბრალოდ რაღაც სახელი ნამდვილი საგნის გარეშე, რომელსაც იგი ასახავდა და გადმოსცემდა. ასეთი სახელი რეალური საგნის გარეშე ფიქციას წარმოადგენს. (გაგრძელება...)
2016 წლის 30 ნოემბერი
წიგნიდან „წმიდა და დიდი კრება: ვიმედოვნებდეთ თუ ვწუხდეთ"
Xareba.net - ის რედაქცია