ბავშვი გაცილებით უშუალოა, გაცილებით გახსნილია, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ბავშვში განა სულ მცირე ასაკიდან არ ვლინდება ავხორცობა და შური? ზოგჯერ აკვირვებს მშობლებს შვილების სისასტიკე. ასაკთან ერთად ადამიანის სულში ცოდვა მჟღავნდება: სიამაყე, ეგოიზმი, სიცრუე, პატივმოყვარეობა მთელ ადამიანურ ურთიერთდამოკიდებულებას მსჭვალავს. შესაძლებელი რომ ყოფილიყო რენტგენის სხივების მსგავსი რაიმე სხივებით ჩვენი აზრების გაშუქება, საშინელი სურათი წარმოგვიდგებოდა, როგორიღაც ფანტასმაგორია. ადამიანს ნებისმიერი საშუალებებით უნდა მეორე ადამიანზე გამარჯვება. ის ცრუობს, პირფერობს, მისი შურს, ახლობლებისა და მეგობრების სიკვდილიც კი უნდა, თუკი მათ ის შეურაცხყვეს და მის სიამოვნებებს ეღობებიან. ცოლი ქმარს გონებით რამდენგზის ღალატობს, ქმარს რამდენჯერ მოსდომებია, რომ სხვა ქალი ყოფილიყო მისი ცოლის ადგილას! რანაირი ბილწი სახეები აღარ ჩნდებიან ადამიანის გონებაში! და ეს - მხოლოდ გარე შრეა ჩვენი სულისა, მაგრამ ის რომ დაგვენახა, რაც გაცილებით ღრმადაა, შევძრწუნდებოდით: იქ ურჩხულები და გველები დაცოცავენ; იქ, როგორც სოროში, მორიელები შეყუჟულან, იქ დემონები ბინადრობენ. ცოდვილის სული დამპალ სხეულზე ბევრად უფრო მახინჯია. წმინდანები მთელი ცხოვრება თავიანთი ცოდვების გამო ტიროდნენ. რატომ? იმიტომ, რომ თავიანთი სულის ისეთ სიღრმეებს ხედავდნენ, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიულები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითდამდაბლებით სიამოვნებას ღებულობენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მოყვასისათვის სიყვარული და მშვიდობა მოჰქონდათ, მაგრამ როცა ლოცვით აღხილვისას ისინი საკუთარ სულს ჭვრეტდნენ, ძრწუნდებოდნენ, რამდენად მბრძანებლობდა ცოდვა ადამიანზე.
ღირსი ანტონი დიდი თავისი თავის შესახებ მოწმობდა, რომ მთელი მისი ხანგრძლივი სიცოცხლე იყო ტირილი ცოდვათა გამო. ღირსი აბბა პიმენი თავის საძმოს ეუბნება: „გარწმუნებთ, სადაც სატანას შთააგდებენ, იქვე შთამაგდებენ მეცა".**
ასევე წერდა ღირსი გრიგოლ სინელი: „ჩვენ დემონებზე უარესნი ვართ, უკიდურეს შემთხვევაში დემონი ბატონია, ჩვენ მისი მონები".*** ჩვენი სულის უფსკრული ბნელითაა დაფარული ჩვენთვის და ვერ ვხედავთ, თუ რა ხდება მასში. წამიდანებისათვის კი ის მადლით იყო გასხივოსნებული და ამ ნათელში მას, ჯოჯოხეთის ალში გახვეულს ხედავდნენ და ამიტომ მოთქვამდნენ დღე და ღამ: „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ!" წინასწარმეტყველ ესაიასთან ნათქვამია, რომ კაცობრივი სიმართლე ჭუჭყიან სამოსს ჰგავს (ეს. 64, 6). ამის მსგავსად დავით წინაწარმეტყველმაც მთელ კაცობრიობას განაჩენი გამოუტანა: „ყოველი კაცი ცრუ არს" (ფს. 115, 2). დედამიწაზე ყველგან სიცრუეა და ღალატია. ადამიანი ვნებებითაა შემორაგნილი, დემონისგანაა ცდუნებული. რანაირად შეიძლება ერწმუნო ადამიანს და მათ შორის საკუთარ თავს?
ცოდვით დაცემის შემდეგ სული მეტად შეიცვალა, ვიდრე სხეული, მაგრამ მასში დარჩა სახე და მსგავსება ღვთისა. ადამიანს ღვთის მადლის შემწეობით თავისი საშინელი მდგომარეობიდან - დემონის მსგავსებიდან გამოსვლისა და სულში ღვთისათვის ადგილის მიჩენის შესაძლებლობა დარჩა, რათა უფალმა მის მაგივრად სძლიოს ცოდვას. ქრისტიანებს უყვართ ადამიანი, როგორც ხატი ღვთისა. ამასოფლის ხალხს კი მასში თავიანთი საკუთარი ვნებები უყვართ. ასეთი სიყვარული იოლად გადაიზრდება განურჩევლობაში და სიძულვილშიც კი: თუკი ადამიანში ღვთის ხატს ვერ ხედავ, მაშ რა უნდა გიყვარდეს მასში? სხეულის ნაჭერი, რომელიც დალპება ადრე თუ გვიან? თუ სული, სხეულზე მეტად საძაგელი ვნებებით? ამიტომ ჭეშმარიტი სიყვარული - ეს მადლი წყალობაა. მას ადამიანში უწინდელი ღვთივქმნილი სილამაზის ნარჩენები უყვარს, ის ნაშთი სილამაზისა, რომელიც ადამიანისათვის შინაგანი სამოთხის დაბრუნების შესაძლებლობას მოწმობს. სულიერი სიყვარული იმედით ცხოვრობს. სულიერების თვალსაზრისით ის მჟღავნდება როგორც თანაგრძნობა.
ჩვენი ბრმა მიკერძოება ადამიანისადმი ხშირად ღმერთის დაკარგვის მიზეზი ხდება. ერთი ადამიანი მეორისგან რაღაც კერპს ქმნის და მას ეთაყვანება, ხოლო კერპი შიგნიდან ვირთხებისა და თაგვების საბინადრო ხდება (ძველად, არცთუ იშვიათად, დამსხვრეულ კერპებში თაგვების კვალს პოულობდნენ). ამიტომ გულის მიძღვნა არავისადმი არ შეიძლება, გარდა ღმერთისა. თუნდაც ესენი იყვნენ შვილები, მშობლები, მეუღლეები, სულ ერთია: „ყოველი კაცი ცრუ არს". თუკი ამ ცხოვრებაში კერპებს, ცრუ ღმერთებს შევქმნით, დავკარგავთ ღმერთს; კუმირი ვერ გვაცხოვნებს; დავინახავთ ჩვენს საშინელ შეცდომას, რომელიც მრავალ სიმწარეს და ცრემლს მოგვიტანს - იმედგაცრუებასაც და გულისსატკენ ცრემლებს ან ამ ცხოვრებაში, ან სიკვდილის შემდგომ. და მივხვდებით, რომ ჩვენი კერპი ბრმა და ყრუ ყოფილა, არსებითად კი ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი, რომლის მოტყუებულებმაც ადამიანი გავაღმერთეთ.
მაშ ასე, პირველია - სიკვდილის ხსოვნა, მეორე - ხსოვნა პირველქმნილი ცოდვისა.
ჩაკეტილი წრე, რომელშიც ჩვენი ცხოვრება მიდის, უნდა გაირღვეს, რათა საუკუნო სიკვდილის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, საიდანაც გამოსასვლელი არ არის.
** განმანათლებელი ეგნატე (ბრიანჩანინოვი), შავიზღვისპირეთისა და კავკასიის ეპისკოპოსი. თხზულებანი. მამათა ცხოვრება. წმ. მონაზონთა რჩეული გამონათქვამები და თხრობანი მათ ცხოვრებაზე. მ. 2001. 491 - რედ.
*** „ - თუკი საკუთარ თავს მინდობილი ადამიანი (ზნეობრივად) ძლეულია, დამონებულია და თავის თავზე ყოველგვარი ვნებისა და გულისთქმების მეუფებას გრძნობს, თუ მას შეწევნა არა აქვს არც საქმეთაგან, არც ღვთისაგან და არც არავისაგან, თითქმის სასოწარკვეთილია, ყოველი მხრიდან დათრგუნული, არ შეიძლება არ განადგურდეს. ის თავს ყველაზე მდაბალ და უკანასკნელ მონად თვლის, ყველა დემონზე უარესად, როგორც მათგან ძლეული და მათ ტირანობას დაქვემდებარებული". ღირსი გრიგოლ სინელი. თხზულებანი. მ. 1999. გვ. 58 - რედ.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია