მოციქულთა ქადაგებაში შეიძლება გამოვყოთ სამი ეტაპი:
ა) ქრისტეს მიერ მოციქულთა წარგზავნა თავიანთ თანამოძმეთა და წარმართთა შორის მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დროს;
ბ) მათი სამისიონერო მოღვაწეობა პალეტინაში ქრისტეს აღდგომიდან მის ამაღლებამდე, რაც უფრო მეტ სულიერ მომზადებასა და თავდადებას მოითხოვდა:
გ) მოციქულთა მსოფლიო ქადაგება სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ. თავისი მოღვაწეობა თითქმის ყველა მოციქულმა მოწამეობრივი სიკვდილით აღასრულა.
ზეთისხილის მთისკენ რომ მიდიოდნენ, უფალი მოწაფეებს ესაუბრებოდა იმ სასწაულთმოქმედი ძალის შესახებ, რომელსაც რწმენა ანიჭებს ადამიანს. ზოგიერთს უკვირს, ამჟამად სარწმუნოებით რატომ არ ხდება ის საოცარი სასწაულები, რომელთა შესაძლებლობაშიც ქრისტე გვარწმუნებდა.
სარწმუნოების სხვადასხვა ხარისხი არსებობს:
1. რწმენა, როგორც ჰიპოთეზური შესაძლებლობა და ალბათობა. ეს რაციონალისტების რწმენაა, რომელთაც რელიგიური გრძნობა დახშული და ჩამკვდარი აქვთ. ამგვარი რწმენა ვარსკვლავების ციმციმს ჰგავს, ღამის წყვდიადს ოდნავადაც რომ ვერ აშუქებს;
2. ადამიანს სჯერა ღმერთის არსებობისა, მაგრამ მისი გული სიყვარულით არ გამთბარა; იგი მთვარის ცივ, უსიცოცხლო ნათელს ჰგავს;
3. რწმენა, რომელიც აერთიანებს ადამიანის გონებას, გრძნობას და ნებას, სულის უმთავრესი მოთხოვნილება ხდება, ადამიანის ცხოვრების მიზანი და აზრი, მისი გულის განუწყვეტელი წვა. ამგვარი რწმენა მზის შუქს ჰგავს, რომელიც სითბოსა და ნათლის მომფენია. იგი სასწაულმოქმედია და ძლიერი.
სახარება გვიხსნის, რომ იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა. იბადება კითხვა: რომლ ზეცაში ამაღლდა ქრისტე? წმინდა წერილში ზეცას სამი მნიშვნელობა აქვს: პირველი, ხილული ცა, ატმოსფერო. მას უზარმაზარ ცისფერ ოკეანედ აღვიქვამთ, რომელშიც ხომალდივით დაცურავს ჩვენი დედამიწა.
მეორე, კოსმიური სივრცე. უკიდეგანო ვარსკვლავიანი ცა ძროლას ჰგვრიდა არა მარტო პოეტებს, არამედ ფილოსოფოსებსა და დიდ სწავლულებსაც. „ორი რამ მაოცებს, - წერდა კანტი, - ვარსკვლავიანი ცა ჩემს ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემში".
კოსმოსიდან დაბრუნებულ გაგარინს რომ ჰკითხეს, ცაში ღმერთი თუ ნახეო, მან თქვა: „არა". ამ პასუხმა აღაფრთოვანა ანტირელიგიურად განწყობილი პრიმიტივისტები. გაგარინმა ვერ გაიგო, ან არ სურდა გაეგო, რომ კომოსში გაფრენა იყო მოძრაობა ფიზიკურ სივრცეში, „ნივთთა სამფლობელოში" და მას სულიერ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდა.
მესამე, არამატერიალური სულიერი სფერო, რომელიც ფიზიკურ კატეგორიებსა და განზომილებებში არ მოიაზრება, მყოფობის სხვაგვარი ფორმაა. ოღონდ ეს სფერო არის არა ანტისამყარო, ანტიმატერია, რისი არსებობაც ჰიპოთეზურად დაშვებულია მეცნიერებაში, არამედ მარადისობის ეონი. ბიბლიური საკრალური სახეებისა და ნიშნების სისტემაში ხილული ცა შეიძლება წარმოადგენდეს სულიერი ცის სიმბოლოს მხოლოდ. სწორედ ეს იგულისხმებოდა ამაღლების მოვლენაში - მოვლენაში, რომელიც ისტორიულად რეალური იყო და, ამავე დროს, მისტიკური.
ქრისტე მაცხოვრის ამაღლებას ონტოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ძე ღმერთმა მიიღო ადამიანის ბუნება და როცა ზეცად ამაღლდა, ამ ბუნებითვე შეუერთდა ღმერთის დიდებას. ამაღლებას ესქატოლოგიური მნიშვნელობაც აქვს. იგი მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულია, მეორედ მოსვლა კი კაცობრიობის ციკლის დასასრული იქნება. მივუთითებთ აგრეთვე დღესასწაულის ზნეობრივი მნიშვნელობის შესახებ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მივეკუთვნებით არა მარტო მიწას, დროს და მატერიას, არამედ აგრეთვე ზეცას, მარადისობასა და სულს. ჩვენი სამშობლო ზეცაა, მისი კარი ყველა ჭეშმრიტი მორწმუნისათვის ღიაა, ამიტომაც უწოდებს პავლე მოციქული ქრისტეს ჩვენს წინამორბედს ცათა შინა. ამქვყნიური ცხოვრების დროს უნდა ვეცადოთ ვძლიოთ ჩვენში დამკვიდრებულ ყოველივე მდაბალს, ვნებიანსა და ცოდვით შემწიკვლებულს, ჩვენი გონებითა და გულით ზე ავმაღლდეთ და ყოველივე ამაზე მაღლა დავდგეთ.
ქრისტეს ამაღლების სურათის აღწერისას მარკოზ მახარებელმა ერთი სიმბოლური სახე გამოიყენა: იესო „დაჯდა მარჯუენით ღმრთისა" (მრკ. 16. 19). ღმერთი ხომ დაუტევნელია დროსა და სივრცეში, მაშ რას ნიშნავს ეს სახე - სიმბოლო, ეს ანთროპომორფული მეტაფორა? იმპერატორი თანამმართველს რომ ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანებას აღწევდა, სრულდებოდა განსაკუთრებული რიტუალი - ინტრონიზაცია. დარბაზში ერთიმეორის გვერდით დგამდნენ ორ ტახტს. ერთ მათგანზე იმპერატორი იჯდა, ხოლო მეორე - ტახტზე, იმპერატორის მარჯვნივ ჯდებოდა მისი თანამმართველი, რაც მათ ერთნაირ ღირსებასა და ერთობლივ ხელისუფლებას ნიშნავდა.
ეს სიმბოლო კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას. ღმერთკაცი, ქრისტე მაცხოვრის ამაღლების სახით მთელმა კაცობრიობამ უსასრულო სულიერი ამაღლების საწინდარი მიიღო.
იესო ქრისტე ზეცად ამაღლებისას ხელებით აკურთხებდა მიწაზე დარჩენილთ. ქრისტეს მოციქულები და მოწაფეები პირველქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ.
ქრისტეს ამაღლების სახე, აღსავსე სიყვარულითა და სასოებით, არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ ღმრთისამიერი ლოცვა-კურთხევა მუდამ არის ეკლესიაზე და დაიცავს მას საუკუნოდ.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია