ღირსი იოანე ევედრებოდა ღმერთს, მიენიშნებინა მისთვის, სად დაეარსებინა მონასტერი. ღმერთმა ისმინა მისი ვედრება - იოანემ სულიერი მზერით იხილა ზედაზნის მწვერვალი, რომელიც იმხანად ეშმაკების საბრძანისი იყო. ოდესღაც ზედაზენი წმინდა ადგილი იყო საქართველოსათვის. აქ დაიდო ქართლოსის, ივერიელთა მამათმთავრის გვამი. ქართლოსის დროიდან ორი ათასი წლის შემდეგ ზადენის მთა საქართველოში წარმართობის ციტადელად იქცა. აქ ადამიანთა მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს, მუდმივად ენთო ცეცხლი. თეურგები თავიანთ დემონურ მისტერიებს ასრულებდნენ, მაგები შეფუცებებს წარმოთქვამდნენ - ჭირს, გვალვას, წყალდიდობას უგზავნიდნენ დედამიწას. ზედაზენი, ათენის აკროპოლისივით, მთელ საქართველოს რომ გადასცქერის, იმ ციხესიმაგრეს ჰგავდა, რომლის კედლებში მტრის ჯარმა იპოვა თავშესაფარი, ანდა იმ ავაზაკთა ბუნაგს მოჰგავდა, დღისით ხალხის თვალს რომ გაურბიან, ღამით კი გზებზე დაძრწიან და საკბილოს ეძებენ.
წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობის ქადაგებისა და საქართველოს მოქცევის შემდეგ ეს ადგილი გაუკაცურდა და გაუვალი ტყითა და ეკლიანი ბუჩქებით დაიფარა. ავი სულების ამ საბრძანებელს ადამიანები შიშით ახლოსაც ვერ ეკარებოდნენ, როგორც უდაბნოს, რომელშიც აკლდამა მოაწყვეს მოსეს მტრებმა - ეგვიპტელმა ქურუმებმა. მხოლოდ დემონები დარაჯობდნენ უკვე ბალახგადავლილ, დაცარიელებულ ბომონებს. ზედაზენი, პალესტინის ქალაქ იერიქონივით, შტურმით უნდა აღებულიყო, რათა ქრისტიანებს აღთქმული მიწა დაეპყროთ. იოანემ ევლავიოზ კათალიკოსისგან ლოცვა-კურთევა მიიღო და ზედაზენს მიაშურა. მთებში თოვლის დნობის დრო იყო. მდინარე არაგვი მძვინვარე მხეცივით ღრიალებდა, დუღდა და მოსჩქეფდა. მისი ვერცხლისფერი ზოლი ზედაზნისკენ მიმავალ გზას უღობავდა ბერებს. ტალღები ცხენოსნებივით მოსდევდნენ ერთიმეორეს, მორევში ტრიალებდნენ, როგორც მეომრები - ხელჩართულ ბრძოლაში, ნაპირზე ქვებს ეხეთქებოდნენ და ყალყზე დგებოდნენ. იოანეს ზეცისკენ აღეპყრო ხელი და კადნიერად ლოცულობდა უფლის მიმართ, რათა არაგვი დამდგარიყო მათ წინაშე, როგორც იორდანე - ისუ ნავეს ძის წინაშე. იღუმენმა თავისი კვერთხი ღირს შიოს გადასცა; შიომ წყალს ჯვარი გადასახა. აზვირთებული მდინარე უეცრად დაცხრა და მორჩილად გაწვა ბერების ფეხებთან. ბერები გადავიდნენ არაგვზე და მთის ძირში განლაგდნენ. ძველად აქ ადამიანთა მსხვერპლი იწირებოდა. მეფე რევმა, ზედწოდებით - რევ მართალმა, ასეთი მსხვერპლშეწირვა აკრძალა თავის სამფლობელოში, მაგრამ წარმართებს მაინც მოჰყავდათ ჩვილი ბავშები, კლავდნენ და დემონებს უხმობდნენ. მხეცებით სავსე უღრანი ტყე, ეკლიანი ბუჩქები, რომლებშიც გველები ბუდობდნენ, დიდ დაბრკოლებებს უქმნიდნენ მთის მწვერვალისკენ მიმავალთ.
იოანესა და მისი მოწაფეების ლოცვით ზედაზენზე დაემხო დემონების მეუფება. იესო ქრისტეს სახელით მთიდან განიდევნა ეშმაკების მთელი ლეგიონები. იოანე და მისი მოწაფეები, სირიელი და კაბადოკიელი ბერების მსგავსად, გამოქვაბულებში დაბინავდნენ. ღვთის მადლით განდევნილი ავი სულები გადაიკარგნენ; თუმცა კი შურისძიებით დაემუქრნენ ბერებს, გოდებდნენ და დაჰყმუოდნენ დანგრეულ ბომონებს.
იოანემ ქართლოსის საფლავი განწმინდა წარმართული ბაგინებისა და კერპებისგან და აქ მონაზვნების მფარველისა და უდიდესი წინასწარმეტყველის - იოანე ნათლისმცემლის სახელობის გამოქვაბული ეკლესია მოაწყო. ბერების ლოცვამ განანათლა ზედაზენი და ხელთუქმნელ ტაძარს დაამსგავსა.
ერთხელ იოანეს მოწაფეები - მღვდელმონაზონი აბიბოსი და დიაკონი ისე საღმრთო ლიტურგიას რომ აღავლენდნენ, მცხეთიდან ზედაზენს მოვიდნენ კათალიკოსი ევლავიოზი და მეფე ფარსმანი, ეპისკოპოსებისა და სამღვდელოების თანხლებით. კათალიკოსი ქვაზე ჩამოჯდა გამოქვაბულის შესასვლელთან და იოანეს ესაუბრა, შემდეგ მიესალმა დანარჩენ ასირიელ მამებსაც და წარმოსთქვა: „გიხაროდენ ისე, ეპისკოპოსო წილკნისა, გიხაროდენ აბიბოს, ეპისკოპოსო ნეკრესის". კათალიკოსის არჩევანი - ისესა და აბიბოს მღვდელმთავრების გამორჩევა, იქ მყოფმა ეპისკოპოსებმაც მოიწონეს.
წილკანი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ეპარქია იყო. აქ იყო დაცული წილკნის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს, რომ იგი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი, ხოლო ამ ხატის დაფა დამზადებულია ბეთლემის გამოქვაბულის იმ ბაგისგან, რომელშიც ახალშობილი მაცხოვარი იწვა.
ნეკრესი მდებარეობს კავკასიონის მთისწინეთში, სადაც წმინდა ნინოს მიერ დათესილმა ქრისტიანობის სარწმუნოების თესლმა ღრმა ფესვები ვერ გაიდგა და სახარების ყვავილები წარმართობის ეკლებმა შეაშთვეს.
ისემ და აბიბოსმა შეიტყვეს, რომ თავიანთ მასწავლებელს უნდა განშორებოდნენ, ამიტომ ძალიან დამწუხრდნენ; მაგრამ ბერ-მონაზვნების ცხოვრებაში მორჩილება ხომ ყველა სათნოებაზე მაღლა დგას, და კათალიკოსის კურთხევით, ორივემ დატოვა ზედაზენი.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მეორეჯერ გამოეცხადა იოანე ზედაზნელს და უბრძანა, თავისი მოწაფეები ქართლისა და კახეთის ყოველ კუთხეში დაეგზავნა, რათა სასუფევლის სახარება ექადაგათ და მონასტრები დაეარსებინათ. საღმრთო ჩვენების ღირსი გახდა იოანე ზედაზნელი, მაგრამ ვიდრე მოწაფეებს განაწესებდა, კათალიკოსს მაინც ეწვია ლოცვა-კურთხევის მისაღებად. კათალიკოსმა იოანეს ურჩია, ორ-ორი მოწაფე გაეგზავნა ერთად, ისევე, როგორც ქრისტემ წარგზავნა თავისი მოციქულები პალესტინაში.
ღირსი იოანე თავის გამოქვაბულში დარჩა ზედაზენზე. ილია დიაკონი ჰყავდა დამხმარედ. ილია ყოველდღე ჩადიოდა არაგვზე და წყლის ჭურჭლით წყალი ამოჰქონდა; იგი ყოველდღე ადიოდა ზედაზენზე, როგორც ტაძრის საფეხურებზე და თან ლოცვებს ან ფსალმუნებს კითხულობდა. ერთხელ ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა. ილიამ ტირილი დაიწყო. როგორღა დაალევინებდა იღუმენს წყალს, პეშვით ხომ ვერ აუტანდა არაგვიდან ზედაზენზე. იოანემ, იხილა რა თავისი მოწაფის მწუხარება, უფლის მიმართ ილოცა და მისი ლოცვით კლდიდან წყარო აღმოცენდა.
ღმერთმა იოანეს მისი გარდაცვალების დღე გამოუცხადა. ღირსმა მამამ უხმო თავის მოწაფეებს და ღმრთის უხრწნელ საიდუმლოს ეზიარა. მოწაფეებმა იხილეს, რომ წმინდა ანგელოზები ზეგარდამოვიდნენ იოანეს სულისთვის. მოძღვართან განშორებით გამოწვეული მათი მწუხარება ზეციური სიხარულით განზავდა. იოანე ზედაზნელი, მისი ანდერძისამებრ, უნდა დაეკრძალათ იმ გამოქვაბულში, რომელიც მისი უხილავი სულიერი ღვაწლის სავანედ, მარადისი ნათლის სამკვიდროდ და მის საფლავად იქცა. მოწაფეებმა სცადეს, მისი სხეული ზედაზნის ძირში, თადეოზის მონასტერში დაესვენებინათ, მაგრამ მიწა შეირყა მათ ფეხქვეშ და ნავივით ირწეოდა, ზედაზენი კი ისე საშინლად ზანზარებდა, გეგონება მიწა იძვრისო.
ღირსი იოანეს ნება აღსრულდა - მისი სხეული დაიდო მის გამოქვაბულ სენაკში, შემდგომში მის გვერდით დაკრძალეს ილია დიაკონის გვამი. ღირსი მამა იოანე ზედაზნელი ზედაზნის მთიდან, როგორც ხელთუქმნელი ტაძრის საკურთხევლიდან, გადმოსცქერის თავის სულიერ სამფლობელოს. ამქვეყნიური სიცოცხლის დროს მამა იოანე თავისი მოწაფეების მიერ დაარსებულ მონასტრებში მიდიოდა ხშირად. თავისი სულით ახლაც უხილავად დასტრიალებს საქართველოს მონასტრებსა და ეკლესიებს. იოანე ზედაზნელი საქართველოს ბერების მამა და მოძღვარია, ივერიის მიწის იღუმენია.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია