20 მაისს ეკლესია ზეიმობს საქართველოს ბერ-მონაზვნების მოძღვართ-მოძღვრის, იოანე ზედაზნელის ხსენებას. VI საუკუნეში ეკლესიის მატიანეში ახალი ფურცელი ჩაიწერა - სირიის ქალაქ ანტიოქიიდან ივერიაში ჩამოვიდნენ მისიონერი ბერები იღუმენ იოანეს ხელმძღვანელობით. საქართველოს სულიერ ცხოვრებაში სირიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. იგი აღმოსავლეთის იმ რეგიონში შედის, რომელშიც კაცობრიობის სიცოცხლე ჩაისახა. სირიის მთებში, რომლებზეც, კავკასიის მთებივით, უამრავი ლეგენდა და თქმულება შემოგვინახა ხალხის ხსოვნამ, დაკრძალულია კაცობრიობის პირველი მოწამის - მამათმთავარ ადამის ძის, აბელის გვამი.
ქრისტეს მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები. ამ ქალაქის მახლობლად, შავ მთასა და საკვირველ მთაზე, ჯერ კიდევ ქრისტიანობის გარიჟრაჟზე აღმოცენდა მონაზვნობა, გამორჩეული მკაცრი წესდებითა და ფიცხელი სულიერი მოღვაწეობით. სირიაში წარმოიშვა მონაზვნობის განსაკუთრებული სახე - მესვეტეობა. სირიის უდაბნოებში იმყოფებოდნენ ბერები, რომელთაც ნებსითი სიღატაკის განსაკუთრებული სახე - მძოვრობა აირჩიეს. მძოვრები მწირებივით ცხოვრობდნენ, თავიანთი სენაკებიც კი არ ჰქონდათ, იკვებებოდნენ ბალახებითა და მცენარეთა საკვებად ვარგისი ფესვებით, ფოთლებისა და ტოტების კარვებში ათევდნენ ღამეს და ამ კარვებსაც სახელდახელოდ წნავდნენ იქ, სადაც დაუღამდებოდათ; ზოგჯერ ხეების ფუღუროებს ან მხეცების ბუნაგებს აფარებდნენ თავს.
ივერიის გაქრისტიანების შემდეგ ანტიოქიის პატრიარქმა წმ. ესტატემ საქართველოს ეკლესიის იერარქია დააარსა. საქართველოს პირველი კათალიკოსი ვახტანგ გორგასლის მიერ ანტიოქიიდან მოწვეული ეპისკოპოსი - პეტრე გახდა. ქართველი ახალგაზრდები ანტიოქიისა და ნიზიბიის საღვთისმეტყველო სკოლებში სწავლობდნენ. შავ მთაზე უკვე მეხუთე საუკუნიდან მოღვაწეობდნენ ქართველი ბერები. პალესტინურ-სირიულმა ტრადიციამ წარუშლელი ბეჭედი დაასვა ქართულ საღვთისმსახურო წესებსა და საეკლესიო ხელოვნებას.
არსებობს ცნობა, რომ ძველი აღთქმის წიგნები ქართულ ენაზე თავდაპირველად სირიული ხელნაწერიდან იქნა გადმოღებული.
იღუმენი იოანე სულიერი მოღძვარი იყო ბევრი მეუდაბნოისა და სკიტელი ბერისა, რომლებიც ანტიოქიის შემოგარენში მოსაგრეობდნენ.
ჩვენ არ ვიცით, სადაური იყო იოანე, ვინ იყვნენ მისი მშობლები და სად დაიწყო მისი მონაზვნური ცხოვრება, - წერს კათალიკოსი არსენი. ცნობილია მხოლოდ, რომ იგი მოღვაწეობდა მონასტერში, ანტიოქიის მახლობლად. შემდგომში კი მან, სრული მდუმარებისა და განდეგილობის მეძიებელმა, უდაბნოს მიაშურა. გავიდა რამდენიმე წელი და მის ირგვლივ შემოიკრიბნენ ბერები, რომლებიც თავიანთი სულიერი მასწავლებლისა და აბბას სახით მაღალი სულიერი სისრულის მაგალითს ხედავდნენ. უდაბნოში აშენდა ეკლესია, სადაც კვირა დღეს ღირსი იოანე ლიტურგიას აღასრულებდა და ბერებს აზიარებდა.
მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა უდაბნოში, როგორც წმინდა ნინოს - იერუსალიმის ტაძარში, და აკურთხა, რათა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჩრდილოეთით, ივერიაში წასულიყო სასუფევლის სახარების საქადაგებლად.
ღირსმა იოანემ შეკრიბა მოწაფეები და მათ ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ აცნობა. იღუმენმა გადაწყვიტა, თანამგზავრები წილისყრით ამოერჩია, რათა ბერებს არ ეფიქრათ, მოძღვარი ზოგიერთ ჩვენგანს უპირატესობას ანიჭებსო. მთელ ღამეს ლოცულობდნენ ბერები. დილით, საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას, მათ პერგამენტებზე დაწერეს ყველა იქ მყოფი ბერის სახელი და წარწერები საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ მოათავსეს. წირვის შემდეგ მწირველმა მღვდელმონაზვნებმა გამოიღეს თორმეტი წარწერა ბერების სახელებით.
ღმერთმა გამოირჩია: შიო, დავითი, ანტონი, თადეოზი, ისე, იოსები, აბიბოსი, ზენონი, ისიდორე, მიქაელი, პიროსი და სტეფანე. ღირსმა იოანემ თავისი მორჩილი, ილია დიაკონიც თან წამოიყვანა.
საქართელოში ჩამოსვლამდე იოანემ თავისი მოძღვარი სვიმონ მესვეტე მოინახულა - VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, რომელსაც აღმოსავლეთის მზე ეწოდა. ღირსი სვიმეონი კოშკის მსგავსად ნაგები, შიდაკიბიანი მაღალი სვეტის თავზე ცხოვრობდა, პატარა მოედანზე ღია ცის ქვეშ, ნიადაგ ლოცვაში განკრძალული წვიმასა და თოვლში, ქარიშხალსა და პაპანაქება სიცხეში. ზამთარში სვეტი ყინულით იფარებოდა, ხოლო მესვეტეს თოვლი მოსავდა სპეტაკი სამოსლით, ზაფხულში მას ცეცხლივით ეკიდებოდა სამხრეთის მზის სხივები. კვირაში მხოლოდ ერთხელ იკვებებოდა სვიმეონი პურითა და წყალში დამბალი მარცვლეულით, სვეტზე მიწვებოდა და მცირე ხნით იძინებდა განთიადისას. მესვეტეობის ღვაწლი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება და მისი აღსრულება შესაძლებელია ადამიანში ღვთის მადლის განსაკუთრებული მკვიდრობისას, როცა სულიწმიდის ქმედებით სავსებით იცვლება არა მარტო სული ადამიანისა, არამედ მისი სხეულიც. სვეტთან ყოველდღე მოდიოდნენ ქრისტიანები, რათა ლოცვა-კურთხევა, სულიერი რჩევები და ლოცვებში მოხსენიება ეთხოვათ მესვეტისათვის. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ მორწმუნეები სვიმეონის სანახავად. ივერიისაკენ მიმავალ გზაზე სწორედ მან აკურთხა იღუმენი იოანე და მისი თორმეტი მოწაფე და ლოცვაში მოხსენიება აღუთქვა ბერებს.
საქართველოს კათალიკოსს ევლავიოზს უფლის ანგელოზი გამოეცხადა ძილში და აუწყა, - ღვთისმშობლის რჩეული მოციქულები მოემართებიან საქართველოსკენო. კათალიკოსმა სასულიერო პირებს აცნობა ეს და უბრძანა, შემოსილიყვნენ სადღესასწაულო სამოსით, გამოეტანათ ბაირაღები, როგორც დიდ დღესასწაულებზე და ლიტანიის დროს, და ღვთის წარმოგზავნილებს მიჰგებებოდნენ. ხედავს კათალიკოსი - მცხეთის გზაზე მოდიან ფეხშიშველი ბერები, დიდხანს მგზავრობაში ყოფნისაგან სულ ერთიანად დამტვერილები, ძველი გაცვეთილი სამოსელი აცვიათ, ოღონდ ანტიოქელთა ჩვეულებისამებრ, ბარტყულებით და მანტიებით არიან შემოსილი, ხელში კი კვერთხები უპყრიათ. ევლავიოზმა თავი მოიდრიკა მათ წინაშე და აბბა იოანეს მიმართა: „კურთხეულია შენი მოსვლა, მამაო". სირიელმა ბერებმა მუხლი მოიყარეს კათალიკოსის წინაშე. როდესაც მათ იერარქი აკურთხებდა, მისი თითებიდან ცეცხლი გამოტყვრა და იოანეს ბაგეებს შეეხო. იღუმენი უეცრად სასწაულებრივად ამეტყველდა ქართულად ისე თავისუფლად, გეგონება მშობლიურ ენაზე ლაპარაკობსო. კათალიკოსმა იოანე და მისი მოწაფეები სვეტიცხოველში, თორმეტი მოციქულის ტაძარში შეიყვანა. ბერებმა მუხლი მოიდრიკეს მირონმდინარი სვეტის წინაშე, რომლის ქვეშაც, მიწის წიაღში ქრისტეს კვართია დაკრძალული. თავიანთ ლოცვებში ისე ხარბად დაეწაფნენ ბერები უკვდავების წყაროს - საღმრთო მადლს, როგორც წყურვილით დამაშვრალი მგზავრი - მთის წყაროს.
სამი წელი გაატარა ღირსმა იოანემ მცხეთაში; ქრისტეს კვართთან ახლოს დგებოდა სალოცავად ისეთივე სასოებით, როგორც უფლის საფლავის სიახლოვეს.
ქრისტეს კვართი ქალწულ მარიამის ხელით არის ნაქსოვი. იგი ღამღამობით ართავდა ძაფს ამ სამოსისთვის. ქალწულ მარიამს გული უგრძნობდა, რომ იესოს წამება მოელოდა. ის ხშირად ტიროდა და კვართის მეწამულ ქსოვილს ცრემლით ასველებდა. წმინდა გარდამოცემა გვაუწყებს, რომ კვართი ქრისტეს ეცვა ბავშვობიდან ჯვარცმის დღემდე და იესოსთან ერთად იზრდებოდა ცოცხალ არსებასავით.
თაბორზე, ფერისცვალების დროს, უფლის კვართი ცეცხლის ალივით ბრწყინავდა და თოვლივით სპეტაკი გახდა. გეთისმანიიდან გოლგოთის გზაზე რომ მიდიოდა მაცხოვარი, მისი კვართი ჭრილობებიდან გამონაჟონი სისხლით გაიჟღინთა. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია