ყველაზე ფართო მცნება მცნებათა შორის, მომცველი ადამიანის მთელი სულიერი ცხოვრებისა, მცნება, რომლის აღსრულებაც ადამიანის სულის უცვლელ მდგომარეობად უნდა იქცეს, არის მცნება ლოცვის შესახებ. იგი პავლე მოციქულმა გამოხატა ორი სიტყვით: „მოუკლებელად ილოცევდით" (1 თეს. 5.17).
სხვა მცნებები ან ცალკეული ქმედებებია, რომლებიც განსაზღვრულ დროს სრულდება, ან გრძნობები, რომლებიც მუდმივები და უცვლელები ვერ იქნებიან. მოღვაწეთა საღმრთო სიყვარულსაც კი გაგულგრილების პერიოდები ენაცვლებოდა ზოგჯერ. ეს სულიერი ცეცხლი ხან კაშკაშებდა მათ გულებში, ხან კი განგებულებით იფარებოდა მათი სულების სიღრმეებსა და სამალავებში.
ადამიანის სული თავისი ბუნებით მარტივია, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ მისი ძალების ერთიანობა დაირღვა. ისინი ავადმყოფური განხეთქილების, განკერძოების მდგომარეობაში არიან, ხშირად უპირისპირდებიან ერთიმეორეს.
ლოცვაში კი ეს ძალები ერთიანდებიან, სული იღვიძებს და ღვთისადმი მოიქცევა ის, რასაც ქრისტემ უწოდა „თვალი გულისა". მადლი ბორკავს ცოდვებსა და ვნებებს, მაგრამ ისინი ცოცხლობენ და მოქმედებენ ადამიანის სულში იმ დროსაც კი, როცა მას ეჩვენება, რომ ის მადლის ფრთებით აზიდულა ცოდვებზე მაღლა და უკვე სავსებით მიეკუთვნება ღმერთს.
საკმარისია, მცირე ხნით მაინც დაკარგოს მადლი, რომ ვნებები გაღვიძებული მხეცებივით ხელახლა დაუჯიჯგნიან გულს თავიანთი კლანჭებით.
ლოცვა ნათელია სულისა. იშრიტება ნათელი - და ადამიანი წყვდიადში იძირება. იგი კარგავს მარადისობის გრძნობას, იგი ვეღარ ხედავს თავის თავს. ღმერთი ხდება მისთვის არა ცოცხალი ღმერთი, რომელსაც იგი შეიგრძნობს მთელი თავისი არსებით, არამედ განყენებული გონებრივი იდეა. მსგავსი ვარსკვლავების მჭრქალი და შორეული ნათლისა.
ლოცვა ჩვენთვის გარეგან ხარკად იქცა, რომელსაც გარკვეულ დროს ვიხდით და მაშინაც კი ვცდილობთ მისი ზომის შემცირებას, ან საერთოდ მის თავიდან აცილებას. თუმცა კი ეკლესიის მიერ გარდამოცემული ლოცვები აუცილებელია, ისინი არიან სახსარნი მოუკლებელი ლოცვის შეძენისა. ძველი ქრისტიანების ცხოვრებაში ლოცვა თითქოს ღერძი იყო, რომელზეც აისხმებოდა სხვა სათნოებები, დღემდის განსაცვიფრებელნი თავიანთი სიდიადით. ლოცვა იყო მათთვის უწყვეტად მომდინარე მიწისქვეშა წყარო, რომელიც უხილავად კვებავდა მათ ქმედებებს, აზრებსა და გრძნობებს. ლოცვა იყო მათთის ის ზეციური ცეცხლი, რომლის ათინათი დროდადრო ჩვენც გვაცისკროვნებს, როცა მოღვაწეთა და წმინდანთა თხზულებებს ვკითხულობთ. ამიტომ პატერიკში შეკრებილი უბრალო და მოკლე, მაგრამ საოცრად ცოცხალი და ხატოვანი გამონათქვამები ასკეტებისა, მსგავსნი თითქოს თვით გაცვეთილი კვართებით მოსილი ბერებისა, განსაცვიფრებელ ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის გულზე.
კაცობრიობა სულ უფრო მეტად შორდება ღმერთს. ოდესღაც შესაძლებელი იყო სამყაროს დაყოფა ქრისტიანულად და წარმართულად. ახლა ქრისტიანული სამყარო უზარმაზარ უდაბნოს ჰგავს, სადაც მხოლოდ იშვიათად, რაღაც სასწაულით გადარჩენილა მეჩხერი ოაზისი და ადგილ-ადგილ ქვებსა და ქვიშაში ამოწვერილა მჭკნარი ბალახი.
ერთადერთი ძალა, რომელსაც ძალუძს წინააღდგომა ამ ყოველივეს შთანმთქმელი უდაბნოს ფხვიერი ქვიშისა, ლოცვაა.
ამ სოფელს აღარ გაეგება ლოცვისა. იგი ან უარყოფს ლოცვას (უფრო ხშირად იმიზეზებს რა აუცილებელი გარეგანი საქმეების სიმრავლეს), ან მედიტაციად - გარკვეული ფსიქოლოგიური განწყობილების შექმნის საშუალებად აღიქვამს, ანუ მას ავტოჰიპნოზთან ან თვითშთაგონებასთან ათანასწორებს. და ეს ნამდვილად საშინელებაა. დაკარგა რა ლოცვა, სამყარომ ხომ ღმერთიც დაკარგა...
ყველაზე საშიში სულიერ ცხოვრებაში კომპრომისია. კომპრომისი ადამიანს თანდათანობით აქცევს ფარისევლად, რომელსაც ორი სახე აქვს და ორი ნება. სწორედ ამა სოფლის სულთან კომპრომისის გამო მძიმდება ჩვენი სული და უძლურდება ლოცვა. სული ამა სოფლისა ადამიანს მრავლის ძაფით მიაბამს მიწას.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ლოცვა ვისწავლოთ? უპირველეს ყოვლისა, ლოცვა უმთავრეს მეცადინეობად უნდა ჩავთვალოთ ჩვენს ცხოვრებაში, ყოველივე დანარჩენი კი მეორეხარისხოვნად. მთელი ჩვენი ცხოვრება ხელს უნდა უწყობდეს ლოცვას, ხოლო ის, რაც ხელს უშლის მას, განიდევნოს მისგან.
და ეს არ არის უარის თქმა გარეგან საქმიანობაზე. ძველი ქრისტიანები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს და ამას მიიჩნევდნენ არა ადამიანის, არამედ ღმერთის მსახურებად. სხვა რამ გვიშლის ხელს - ჩვენი არასწორი დამოკიდებულება ამა სოფლის, ადამიანებისა და ჩვენივე თავისადმი. ანგელოზები ადამიანთა მსახურებისთვის წარმოივლინებიან, მაგრამ ამის გამო ისინი ლოცვას არ კარგავენ. ლოცვა იშრიტება ჩვენი ვნებიანი, გულის დამატყვევებელი დამოკიდებულების გამო ამ სოფელთან, მის საქმეებთან და გამოვლინებებთან, ჩვენი სრული თავმიცემულობის გამო მათდამი.
ადამიანმა უნდა მოიძულოს ის, რაც ლოცვას აბრკოლებს. სული (სამშვინველი) შედგება სამი ნაწილისაგან: გონების, გრძნობისა და ნებისაგან (ძველ ანთროპოლოგიაში: გონების (გულისხმის-ყოფის) წადიერებისა და გულისწყრომის ძალები). (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია