გაყალბებული მეგობრობა
ჩვენ არ წარმოგვიდგენია ცხოვრება მეგობრების გარეშე. მათ მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობთ, ვუზიარებთ თითქმის ყოველ ნაბიჯს - წარმატებას და წარუმატებლობას, ბედნიერებას და უბედურებას. მართალია, რომ ჭეშმარიტი მეგობარი შეუცვლელი საგანძურია. წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ნამდვილი მეგობარი ყოველ ნათესავზე ახლობელია". ჭეშმარიტი მეგობარი შეუცვლელი საგანძურია და მთელი ქვეყნიერების სიმდიდრედ გვიღირს.
თუმცა, სიყალბე აქაც შემოიპარა. ჩვენს მიმართ დროებითი კეთილგანწყობა, რომლის უკან მხოლოდ სარგებლის მიღების ინტერესია, მეგობრობად გვეჩვენება. მლიქვნელობა და ფარისევლობა იმდენად ღრმად ჩაჯდა ადამიანის სულში, რომ მისი გარჩევა ძალიან გართულდა. ბავშვები ცდილობენ უფრო ძლიერს და ჭკვიანს დაუმეგობრდნენ, რათა მათ უკან ამოფარებულნი და დაცულნი იყონ (უმეტესად შიშის გამო) ან ჭკვიანისაგან დახმარება მიიღოს (უმეტესად სიზარმაცის გამო).
მეგობრის არჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს და უნდა შეგვეძლოს ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ჭეშმარიტი და ყალბი მეგობარი. წმინდა მამები ამბობენ: კარგი მეგობარი - შეუცვლელი განძია, ცუდი მეგობარი - უდიდესი ბოროტება; პირველი გაცხოვნებს, მეორე კი - წარგწყმედს. ამიტომ, კარგი მეგობარი უნდა ვეძებოთ და ამ დროს, რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილე გვმართებს. ვთქვათ, მოგეწონა ადამიანი, მაშინვე ნუ გაეხსნები და ნუ გადაუშლი გულს. ფრთხილად დააკვირდი და გამოსცადე. თუკი გამოცდის შემდეგ ნახავ, რომ ეს ადამიანი შენი მეგობრობის ღირსია, დაუმეგობრდი და ხელჩაკიდებული გაჰყევით ზეციური სასუფევლისაკენ მიმავალ გზას; ხოლო თუ მიხვდები, რომ იგი ცუდი ადამიანია, ან მიატოვე, ან ბოლომდე გამოასწორე და მხოლოდ მაშინ დაუმეგობრდი.
ამბა მათე ამბობს: „თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა". „თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა". დღეს კი ნებისმიერი ცუდი ქმედება წახალისებული და მოწონებულია. „მორიდების" და „სიყვარულის" მომიზეზებით ყალბი, ტყუილზე დაფუძნებული ურთიერთობა ყალიბდება. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ მეგობრის „გიჟური საქციელით" და ვტკბებით ამ ქმედებებით, რომელნიც არც თუ ისე იშიათად, ცოდვის და დანაშაულის სახისაა.
მამები გვასწავლიან, რომ ჭეშმარიტი მეგობარი შეუცვლელი საგანძურია, რომ მეგობარი, ზოგ შემთხვევაში მფარველ ანგელოზად გვევლინება. ამიტომ, ეძიეთ ღვთისმოსავებთან სიახლოვე. მათთან მეგობრობა კეთილ ნაყოფს გამოიღებს. თუკი ოდესმე დაეცემით, მეგობარი წამოგაყენებთ, თუ შეუძლოდ შეიქმნებით, მეგობარი გამოგაჯანსაღებთ. ის გასწავლით, როგორ უნდა იცხოვროთ უფალთან თანხმობით და სასოებით. იგი აამაღლებს თქვენს სულს მიწიდან ზეცამდე. მისი თავდადება თქვენთვის კეთილ ნაყოფს გამოიღებს და ასეთ ადამიანთან მეგობრობა თქვენთვის შეუფასებელი იქნება. ეს ურთიერთობა იქნება წმინდა, აღსავსე სათნოებითა და უფლის სიყვარულით. იგი იქნება სამუდამო ნეტარებისაკენ მიმავალი გზა. ძნელია ამ გზის გავლა, მაგრამ ამ სიძნელეს ის თავდადება და ღვთისმოსაობა შეამსუბუქებს, რითაც მეგობრები ერთმანეთს ამ გზაზე სვლის დროს ეხმარებიან. ჭეშმარიტი მეგობრები ურთიერთშემწეობით მოიპოვებენ ზეციურ სასუფეველს.
ზირაქი ამბობს: „მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მომცემნი კი - ათასიდან ერთი. თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე და მყისვე ნუ მიენდობი მას" (ზირ. 6, 6-7). ამინ.
სამშობლოსადმი ყალბი სიყვარული
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) თქმით: „სიყვარული საკუთარი ერისადმი" შეიცვალა „ნაციონალური ამპარტავნებით"! ადამიანი ფიქრობს, რომ ის სხვებზე უკეთესია, უფრო წმიდაა, სუფთაა, ჭკვიანია და ა. შ. - ეს ღმრთისადმი საძულველი ამპარტავნებაა!.. ჩვენ კი არ უნდა აღვამაღლოთ ჩვენი ერი სხვა ერებზე, კი არ უნდა ვიქებდეთ თავს უპირატესობებით და ვამცირებდეთ სხვა ერს, არამედ ნამდვილად უნდა გვსურდეს ჩვენ თანამემამულეთა სულიერი წარმატება, არა მიწიერი დიდება უსურვოთ მათ, არამედ ზეციური! იმაზე კი არ უნდა ოცნებობდეს ქრისტეანი - რომ მისი ერი გამდიდრდეს დედამიწაზე ხრწნადი სიმდიდრით, მატერიალური კეთილდღეობით, სიძლიერით, ხელოვნებით - არამედ უნდა ისწრაფოდეს, რომ მან მოიხვეჭოს კეთილგანწყობა ღმრთისა, რომ თვით ზეცათა მეუფემ გამოარჩიოს ის ერთგულების, სიწმიდისა და თავისადმი სიყვარულისადმი. მან უნდა ინატროს, რომ მისმა თანამემამულეებმა პირველ რიგში გამოამჟღავნონ სიმამაცე და სიმტკიცე ცოდვებთან და ამა სოფლის საცდურებთან დაპირისპირებაში - და მარტო ამის შემდეგ შესძლებენ გარეშე მტრებთან ბრძოლაშიც ცხადყონ თავიანთი სიძლიერე - მხოლოდ მაშინ ექნებათ ჭეშმარიტი თავისუფლება (სხვანაირად - ისინი მას გაყიდიან მატყუარა მიწიერ სიკეთეზე, როგორც ესავმა გაცვალა თავისი პირველობა ცერცვის შეჭამანდზე (დაბ. 25)...
დღეს კი სახელმწიფო ღებულობს ზნეობისა და სულიერების საწინააღმდეგო კანონებს და ამას „ნორმად" აცხადებს. იქმნება საზოგადოების ტოტალური გარყვნილების პლაცდარმი. სურთ შეავიწროვონ ყველა ზნეობრივად მოაზროვნე ადამიანი. თითქოს ცდილობენ ერთგვარი სულიერი რეზერვაცია მოაწყონ ტრადიციულად მოაზროვნეთათვის. ყოველივე ეს „თანამედროვე კულტურის" გრიფით ხორციელდება. ზოგიერთი წმიდა მამა ამ ფაქტს პირდაპირ უწოდებს „ანტიკულტურას", „რღვევის კულტურას", „თვითგანადგურებას". არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) შენიშნავს: „უკვე ყველაზე „ცივილიზებული" და „კულტურული" ერებიც კი დარწმუნებულნი არიან, რომ, როგორც იქნა, გადააგდეს შუა საუკუნეების შავბნელი ველურობის უღელი და ურთიერთობის ახალი, უმაღლესი კულტურისაკენ გადადგეს ნაბიჯი. განსაცვიფრებელი აღმოჩენა გაკეთდა: თურმე მონოგამიური ქორწინება „ძველი გადმონაშთია", ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება და ოჯახური მოვალეობანი „ცრურწმენაა", ხორციელ გულისთქმათა მოთოკვა და ავხორცული სურვილების ალაგმვა „ფსიქიკური დამაზიანებელი სახიფათო ვარჯიშია" (ზ. ფროიდი), მორიდებულობა და კდემამოსილება „არასრულყოფილების კომპლექსია", „რომელსაც გულმოდგინედ უნდა ვებრძოლოთ და თუ საჭიროა, ექიმ - ფსიქიატრსაც მივმართოთ"; წესიერების ჩარჩოში დარჩენა „შებოჭილობა და არაკომუნიკაბელურობაა", ხოლო მოყვასისადმი ბილწ გულისთქმათა ჩახშობა, მოურიდებელი, სახიფათო და მეტისმეტი სიახლოვისათვის თავის არიდება „ცხოვრებისაგან ჩამორჩენა", „არაბუნებრიობა", „ველურობა" და ლამის „შიზოფრენიაც" კი ყოფილა."
ქართველთა ქცევის ნორმებს ოდითგანვე ძირითადად ტრადიციული ფასეულობები განსაზღვრავდა. უპირველესი ფასეულობა კი მართლმადიდებელი სარწმუნოებაა. სწორედ საქართველოს ორიათასწლოვანმა მართლმადიდებლურმა რწმენამ მყარად ჩამოაყალიბა ქართველი კაცის ზნეობა, სულიერება, კულტურა და ადათ - წესები. ქართველი ერის მენტალიტეტისათვის დამახასიათებელია სულიერ - ზნეობრივ საწყისებზე აგებული ოჯახი და სახელმწიფო. ეს საწყისებია უცილობელი პირობა საიმისოდ, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა.
გაყალბებული მართლმადიდებლობა
„შეუძლებელია, მართლმადიდებლობა კომფორტული იყოს, თუ იგი ყალბი არ არის"
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
„მართლმადიდებლობა არის სიყალბეს მოკლებული ცოდნა ღმერთისა და ქმნილების შესახებ. ე.ი. ჭეშმარიტი ცოდნა ყველაფერზე, ანუ სწავლება არსობრივზე" (წმ. ანასტასი სინაიტი).
დღეს ცხადად ჩანს როგორ ქვეითდება ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულისკვეთება. იგი ხშირად ნაცვლად არაამსოფლისმიერი ცხოვრების წესისა და ზეციური სამშობლოსკენ ლტოლვისა, ამქვეყნიური ცხოვრების მიზნების მიღწევისათვის გამოიყენება. შედეგად ყალიბდება ყალბი ფორმა „მართლმადიდებლობისა", მზაკვრული და შენიღბული, ჭეშმარიტების ნიღაბს მორგებული მართლმადიდებლობა.
წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) თავის წერილებში წერს: „ქრისტეს რწმენა თვითდინებაზე მიუშვეს, ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრება კი უარყვეს – ამ მცნებების საპირისპირო ცხოვრება დაიდეს წესად, რის გამოც სარწმუნოება ვერასგზით ვერ გადავა დაწყებითიდან ქმედითში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ცხოველი, ანუ სულიერი. "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა" – ანუ ქრისტეს მცნებების შესრულების გარეშე – "მკუდარ არს" (იაკ. 2, 20). ზოგიერთი, ვინც თავის თავს ქრისტიანად და ხშირად ეკლესიის მწყემსადაც კი მიიჩნევს - სახარებაში ჩამოთვლილი ქრისტეს სასწაულებისა არ სჯერა, ზოგს ქრისტეს სწავლების ერთი ნაწილი სწამს, მეორეს კი უარყოფს, ზოგს დემონების არსებობა ეეჭვება, ზოგს კიდევ, ვისაც სარწმუნოების საქმეები ბუნებრივი საქმეებისაგან ვერ გაურჩევია, ჰგონია, რომ ყველა ცხონდება თავისი კეთილი საქმეების გამო და სხვ. ამიტომაც იშვიათად მოისმენთ ვინმესგან ღმერთის ჭეშმარიტ სიტყვას, თუმცა კი ყალბს საკმაოდ ხშირად გაიგონებთ".
მთავარეპისკოპოსმა ამბერკიმ (ტაუშევი) გასული საუკუნის ბოლოს შენიშნა, რომ მართლმადიდებლობა დიდ საფრთხეში იმყოფებოდა, რამდენადაც ქრისტიანული ცხოვრების წესი ნელ-ნელა კარგავს ძველებურ შემართებას, სიღრმისეულ სარწმუნოებრივ წვდომას, იმდენად ამასოფლის სულისკვეთების ზეგავლენით იკარგება მართებული წარმოდგენა იმაზე, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეკლესია. მათი, ისევე როგორც თანამედროვე საზოგადოების ხედვა მხოლოდ გარეგნულისკენაა მიმართული, ამიტომ ეკლესია სულ უფრო ხშირად ამქვეყნიურ ორგანიზაციად მოიაზრება. იგი კარგად გრძნობდა ამ საფრთხეს და ამბობდა: „მართლმადიდებლობა არ გახლავთ მხოლოდ პატრიარქების, ეპისკოპოსებისა და მღვდლების ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ამქვეყნიური ორგანიზაცია, რომლებიც გარკვეულ მსახურებას აღასრულებენ ეკლესიაში". მეუფე ამბერკი ხვდებოდა, რომ თუ ეკლესია საერო ადმინისტრაციულ სტრუქტურად აღიქმებოდა, მაშინ ანტიქრისტიანული სული დაუბრკოლებლივ დაეუფლებოდა ადამიანთა სულებს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. შეექმნებათ რა ეკლესიაზე დამახინჯებული წარმოდგენა, ისინი „ეკლესიის საკეთილდღეოდ" შეუდგებიან მისი სწავლებისა და მცნებების სახეცვლილებას. მიწიერიდან ზეციურისკენ მზერის მიპყრობის მიზნით მთავარეპისკოპოსი ამბერკი შემდეგ განსაზღვრებას გვთავაზობს: „მართლმადიდებელი ეკლესია არ არის სასულიერო პირთა „მონოპოლია", საკუთრება ამა თუ იმ იერარქისა ან მღვდლისა, როგორც მიიჩნევს მავანი. ეკლესია - ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანის უმჭიდროესი კავშირია. მათი, რომლებიც ღვთისსათნო ცხოვრებასა და ქრისტეს მცნებების დაცვას ცდილობს ერთადერთი მიზნით - გახდნენ მარადიული ნეტარი ცხოვრების მკვიდრნი, რომელიც ქრისტე-ღმერთმა განუმზადა გულწრფელად მონანულ ადამიანებს: „და ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისა..."" (ლუკ.3,8)
მთავარეპისკოპოსი ამბერკი ნათლად იაზრებდა, რომ ეკლესიის წიაღში მიწიერის გაბატონებას მოჰყვებოდა გარჩევის უნარის დაკარგვა, თუ რა არის მიღებული და რა მართებული. როდესაც ადამიანი მხოლოდ გარეგნულად აფასებს, იმის „აღიარებას" იწყებს, რაც სხვა ადამიანების თვალთახედვითაა სათნო და მისაღები, და არა შინაგანი, სულიერი და მართებული ხედვით ღმერთთან ან და საკუთარ თავთან მიმართებით. იდეალიზება იმისა, რაც მავანთა მიერაა „მართებულად" მიჩნეული და მოერგო ამ სულისკვეთების ქვეშ, ნიშნავს დაეთანხმო იმ სიყალბეს, რომელიც ამასოფლის მიერაა შემოთავაზებული. მეუფე შენიშნავდა: „აუცილებელია გავიაზროთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობა ყოველთვის არ გახლავთ ის, რასაც „მართლმადიდებლობა" ოფიციალურად ეწოდება. იმიტომ, რომ ბოროტ და ყალბ დროში ვცხოვრობთ და ყველგან ვხედავთ ყალბ „მართლმადიდებლობას", რომელმაც თავი იჩინა და დამკვიდრდა სამყაროში. ეს ერთობ სამწუხარო, მაგრამ უდაო ფაქტია. ცრუმართლმადიდებლობა ენერგიულად ცდილობს თავი მოაჩვენოს ჭეშმარიტებად, როგორც ამას თავის დროზე განახორციელებს ანტიქრისტე, როდესაც ქრისტეს ადგილის დაკავებას, მის ჩანაცვლებას შეეცდება".
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია