ისტორიულმა ღმერთკაცმა - უფალმა იესო ქრისტემ ყოველმხრივ გვიჩვენა, რომ ადამიანური არსებობისათვის იგი ყოველივეა ცათა შინა თუ ქვეყანასა ზედა - არსი, არსება, ცხოვრება, გონიერება, გული, სინდისი, სიკეთე, სიყვარული, ნათელი, სათნოება, გზა, ჭეშმარიტება, სიმართლე, სიხარული, ხსნა, ცხოვნება, მკვდრეთით აღდგომა, ზეცად ამაღლება, მარადიულობაც და სამოთხეც და ყველაფერ ამად იგი გვევლინება თავისი ღმერთკაცობრივი სხეულით - ყოვლადწმიდა ეკლესიით, სამოციქულო ეკლესიით, წმიდა მამათა წმიდა გადმოცემის ეკლესიით, - ანუ მართლმადიდებელი ეკლესიით.
ეკლესიის გარეშე, ანუ ღმერთკაცის სხეულის გარეშე მყოფი ადამიანი, ყველა თავისი უძლურებით არსებობს და არამარტო საკუთარი უძლურებით, არამედ თავის გარშემო არსებულითაც: ცოდვით, ეშმაკითა და სიკვდილითურთ; ხოლო მათთან ერთად - ყოველი ბოროტებით, ჯოჯოხეთით, სნეულებით, მანკიერებით, ტანჯვითა და ნაკლოვანებით და ასეთ ყოფაში ჩავარდნილი ადამიანი მთელი თავისი საქმიანობით წვალობს და ცდილობს იხსნას თავი, განთავისუფლდეს ამ ტანჯვათაგან, ბოროტებისა და საშინელებისაგან, ცდილობს ამას მეცნიერების მეშვეობით, რწმენის მეშვეობით, ფილოსოფიის, კულტურის, ხელოვნების მეშვეობით, მიწათმოქმედების, მრეწველობისა თუ ტექნიკის მეშვეობით... და ასეთი ადამიანი ყოველთვის იმ ჯვრებზე გაკრულ ტანჯვად წარმოსდგება, თვითვე რომ აღუმართავს საკუთარი თავისთვის და თვითვე რომ მიუმსჭვალია მათზე თავი. ასე რომ, ადამიანს მრავლად გამოუგონია სხვადასხვა შემცვლელი სუროგატი ჭეშმარიტი ხსნისა, იმ მრავალფერი ტანჯვისაგან, რითაც ესოდენ აღსავსეა მისი ცხოვრება ამქვეყნად. მრავლად გამოუგონია მას სხვადასხვა „ჰუმანისტური" თეორიებიც იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაირჩინოს საკუთარი თავი თავისით, საკუთარი ძალებით, და როგორ გაბედნიერდეს ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე, მაგრამ ისტორია ცხადად გვიდასტურებს, რომ ყოველივე ეს ამაო მცდელობაა, ფუჭი შრომაა: ადამიანი კვლავაც მონა რჩება სხვადასხვა სატანჯველთა და ბოროტებათა, და რაც ყველაზე საშინელია, - მონად სიკვდილისა. და ეს უკლებლივ ყოველ ადამიანს შეეხება, ღვთის მიერ დაბადებულს ამ ქვეყანაზედ, განსაკუთრებით კი ევროპელ ადამიანს. ამიტომაც აუცილებელიცაა და მიზანშეწონილიც თვალი მივადევნოთ ადამიანის მიერ „ჰუმანისტური" თეორიების განვითარებას.
აბა, განიხილოთ უმთავრესი პრინციპები ევროპული ჰუმანისტური ცხოვრებისა და მაშინვე თვალში გეცემათ ის გარემოება, რომ ევროპული კულტურა სისტემატიურად აჩლუნგებს ადამიანში უკვდავების გრძნობას მანამ, სანამ მთლიანად არ განუქარვებს მას და ევროპული კულტურის მქონე ადამიანიც, ნიცშეს კვალობაზე, უკვე გადაჭარბებით ამტკიცებს - მე მხოლოდ სხეული ვარ და არაფერი სხვა რამ ამ სხეულის გარდაო. მხოლოდ მოკვდავი არსება ვარ, და სხვა არაფერი ამ მოკვდავი არსების გარდაო. აი, ასე იწყო ბატონობა „ჰუმანისტურ" ევროპაში ამ დევიზმა - „ადამიანი - მოკვდავი არსებაა". ეს არის ჰუმანისტური ადამიანის ფორმულა. ამაშია მისი პროგრესის არსი. თავდაპირველად ქვეცნობიერად, შემდეგ კი წინასწარი განზრახვითა და სისტემატურობით შთაუნერგეს ევროპელ ადამიანს მეცნიერებით, ფილოსოფიითა და კულტურით შეგნება იმისა, რომ ადამიანი მთლიანად მოკვდავია, მთელი თავისი არსებით განქარვებადი - სულითაც და სხეულითაც. ეს შეგნება თანდათანობით ჩამოყალიბდა მტკიცე დაუჯერებლობად, რომელიც ღაღადებდა: „სიკვდილი აუცილებლობაა! სიკვდილი უსათუოდ ესაჭიროება ადამიანს!"
განა შესაძლებელია უფრო მეტი საშინელების, შეურაცხყოფისა და უფრო გესლიანი დაცინვის წარმოდგენა, ვიდრე იმისა, რომ სიკვდილი - უმთავრესი მოწინააღმდეგეა ადამიანისა თურმე, საჭირო, აუცილებელი რომ ყოფილა მისთვის?! მითხარით, თუ არის აქ რაღაც ლოგიკა?! თუ არის აქ თუნდაც ნასახი ლოგიკისა?!... ხომ არ დაკარგა ევროპელმა უკანასკნელი ნიშან-წყალი გონიერებისა, უაზრო ბოდვა ხომ არ დაიწყო?...
უგნური გამხდარა ევროპელი ადამიანი, კატასტროფულად უგნური, რაკი შეუძლია არ სწამდეს ღმერთი, სულის უკვდავება. ამის სანაცვლოდ მხოლოდ ე.წ. პროგრესი სწამს, როგორც აზრი თავისი ცხოვრებისა, მხოლოდ მისთვის დაშვება ამქვეყნად. მაგრამ ერთი ესეც ვიკითხოთ: რაში მჭირდება მე პროგრესი, თუკი მის იქით სიკვდილი, სამუდამო გაქრობა მომელის?! რაში მჭირდება შორეული სამყაროები, თანავარსკვლავედები, კულტურები, თუკი მათ მიღმა სიკვდილი, სამუდამო გაქრობა დამდარაჯებია და ადრე თუ გვიან მთლიანად უნდა შთანმთქას?! რამეთუ სადაც სიკვდილია, იქ არანაირი პროგრესი არ შეიძლება იყოს, ხოლო თუკი მაინც არის რაღაც პროგრესი, ეს დაწყევლილი პროგრესია და ამიტომაც იგი სრულად და საბოლოოდ უნდა მოისპოს.
ჰუმანისტურ კაცობრიობას და მის პროგრესს უპირისპირდება ქრისტესმიერი კაცობრიობა თავისი ღმერთკაცობრივი განვითარებით. უმთავრესი პრინციპი ამ ქრისტესმიერი პროგრესისა შემდეგია: ადამიანი მხოლოდ ღმერთით არის ნამდვილი ადამიანი, ანუ მხოლოდ ღმერთკაცითაა და ღმერთკაცისმიერაა იგი ნამდვილი ადამიანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი მხოლოდ უკვდავების ძალით არის ნამდვილი ადამიანი, ანუ დაძლევით ყოველივე მოკვდავისა, სიკვდილს დაქვემდებარებულისა, მხოლოდ სიკვდილზე გამარჯვებით.
როგორც კი ადამიანი მთელი გულით, წრფელად ირწმუნებს მკვდრეთით აღმდგარ ღმერთკაცს, მის სულში მაშინვე იშვება გრძნობა საკუთარი უკვდავებისა, მკვდრეთით აღდგომისა, სიკვდილზე, ცოდვასა და ბოროტებაზე გამარჯვებისა. ეს გრძნობა ყველა სხვა სახარებისეული ღვაწლისათვისაც განამხნევებს ქრისტიანს, და ისიც სიხარულით აღასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამ სიხარულით აღსავსე, ღვთის შეწევნით გაივლის გზას არარსებობიდან - არსებობისაკენ, სიკვდილიდან - უკვდავებისაკენ.
მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცის რწმენით იწყებს ადამიანი ნამდვილ ადამიანობას, რამეთუ ამ რწმენის ძალით იგი თავისუფლდება ცოდვისაგან და სიკვდილისაგან. მისივე ძალით შეიძენს შეგნებასა და გრძნობას უკვდავებისას. ცოდვა სნეულებაა, რომელიც აჩლუნგებს, ამდაბლებს ადამიანში უკვდავების შეგრძნებას და მაშინ ადამიანს არც აზრით, არც გრძნობით არ ძალუძს ამაღლება მარად ცხოველი, ჭეშმარიტი ღმერთის შეგნებამდე და განცდამდე. ასეთი ადამიანი დასახიჩრებული ადამიანია, ანუ ნახევრად ადამიანი, უფრო სწორად, არაადამიანია.
ღმერთკაცობრივ პროგრესში ადამიანი თანდათანობით მიჰყვება ქრისტეს გზას როგორც ღვთაებრივს, რომელიც საღმრთო ჭეშმარიტებით მიიყვანს მას საუკუნო ნეტარ ცხოვრებამდე. ყოვლივე ეს ადამიანთა მოდგმას სწორედ თავისი მკვდრეთით აღდგომით მოანიჭა ღმერთკაცმა იესო ქრისტემ. მთელი ჭეშმარიტება ცათა და ქვეყანისა, მთელი აზრი ქმნილებისა, სრული სიხარული, ყოველთა არსებათა ყოველივე ეს ადამიანს მიენიჭა იესო ქრისტეს - ღმერთკაცის მკვდრეთით აღდგომით, ამიტომაც ქრისტეს აღდგომა უმთავრესი, გადამწყვეტი მოვლენაა მთელი მსოფლიოს ისტორიაში. მასზეა დამოკიდებული და მისგანაა განპირობებული წარუვალი, ღვთაებრივი ფასეულობა, ყველა ადამიანის და თითოეული მათგანისა ცალკე.
ევროპულ კულტურას თანაც საფუძვლად ადამიანი უდევს. ადამიანით ამოიწურება მისი პროგრამა თუ მიზანი, მისი საშუალებანი და შინაარსი. ჰუმანიზმია მისი მთავარი არქიტექტორი და მთლიანადაც იგი ასეთ სოფისტურ პრინციპზეა დაშენებული: ადამიანი და მხოლოდ ადამიანია ყოველთა საგანთა საზომი, - და ევროპელი ადამიანი? ისაა სწორედ უმაღლესი შემქმნელი და განმანათლებელი ფასეულობებისა. ჭეშმარიტებაც მხოლოდ ის არის, რასაც ეს ადამიანი გამოაცხადებს ჭეშმარიტებად; ცხოვრების აზრი მხოლოდ ის არის, რასაც იგი აცხადებს ცხოვრების აზრად და დანიშნულებად; და ბოლოს, სიკეთეცა და ბოროტებაც მხოლოდ ის არის, რასაც ეს ადამიანი მიიჩნევს სიკეთედ და ბოროტებად. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპელმა ადამიანმა საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადა! და ნუთუ ცხადად არა ჩანს, თუ როგორ განუზომელად უყვარს ღმერთივით ცხოვრება, ცხოვრება მეცნიერებითა და ტექნიკით, ფილოსოფიითა და კულტურით, რელიგიითა და პოლიტიკით, ხელოვნებითა და მოდით, ცხოვრება ღმერთივით ნებისმიერ ფასად, დაე, თუნდაც ეს ინკვიზიციისა და პაპიზმის ფასად იყოს, ცეცხლის, მახვილისა და კაციჭამიობის ფასად ხდებოდეს. სიტყვით ამ ადამიანმა გამოაცხადა, რომ ღმერთი არ არსებობს და ამ ლოგიკით აღძრულმა გაბედულად გამოიტანა ასეთი დასკვნაც. რაკი ღმერთი არ არსებობს, ღმერთი თვით მე ვყოფილვარ!...
ევროპული კულტურა - კერპთაყვანისცემის კულტურაა.
ევროპელმა ადამიანმა კერპების დამამზადებელ ფაბრიკად გადააქცია მთელი ევროპა. თითქმის ყოველი მოღვაწე კერპად არის გადაქცეული. ამიტომაც ჩვენი დრო, პირველ ყოვლისა, სწორედ კერპთაყვანისმცემლობის დროა. არც ერთი სხვა კონტინენტი არ არის ისე წალეკილი კერპებით, როგორც ევროპა. არსად ისე არ ცხოვრობენ ნივთებითა და მხოლოდ ნივთებისათვის, როგორც ევროპაში და ეს ნამდვილი კერპთაყვანისმცემლობაა მის ყველაზე საშიშ ფორმაში, რადგან წარმოადგენს მიწის, თიხის თაყვანისცემას. მართლაცდა, განა ვარდისფერ თიხას არ ეთაყვანება ადამიანი როცა აცდუნებს და სიყვარულით დაჰფუსფუსებს თავის მიწიერ, გახრწნად სხეულს, როცა ჯიუტად სულ ამას ამტკიცებს - მე მხოლოდ ხორცი, სხეული ვარ და სხვა არაფერი ამ ხორცის გარდაო?! მითხარით, განა ვარდისფერ თიხას არ ეთაყვანება ადამიანი, როცა თავის იდეალად აცხადებს ერთ რომელიმე კლასს, ხალხსა თუ მთელს კაცობრიობას?!
ევროპელი ადამიანისათვის ყველაფერი ნებადართულია, ოღონდ კი თავი შეინარჩუნო. ნებადართულია ცოდვა, ბოროტება და დანაშაული... პოზიტივისტურმა მეცნიერებამ გამოცხადა რომ ყოველივე, რაც კი ამქვეყნად ხდება, ბუნების კანონთა მიხედვით აღესრულება, ხოლო უმთავრეს კანონს ბუნებაში წარმოადგენს აუცილებლობის კანონი, რომელიც ამჟამად ბატონობს კიდეც ადამიანებზე, მათ აზრებზე, გრძნობებზე, მისწრაფებებზე, საქციელზე... ასე რომ, როცა ევროპელი ადამიანი სცოდავს, ის თურმე მხოლოდ აუცილებლობის გამო იქმს ამას! ჰოდა, ასე ეუბნებიან ყველას: ადამიანო, შენ ბრალი არა გაქვს თვით უდიდესი ცოდვის ჩადენის დროსაც კი, რადგან ყველაფერს მხოლოდ ბუნებრივი აუცილებლობის გამო იქმ!
„საჭიროა გათავისუფლება ღმერთისაგან", - აი, აშკარად შეფარული სურვილი ევროპული კულტურის მრავალი „შემოქმედისა".
როცა ადამიანისათვის არ არსებობს არც საუკუნო ღმერთი და არც უკვდავი სული, მაშინ მისთვის არც რაიმე აბსოლუტური არსებობს. ამიტომ მისთვის ყველაფერი შეფარდებითია, მოკვდავია, წარმავალი და განხრწნადია. და მართლაც, ევროპულ კულტურაში უარყოფილია, უკუგდებულია აბსოლუტური ფასეულობანი და გაბატონებულია ფარდობითი ფასეულობანი.
ახლა ვნახოთ, როგორია სახარებისეული კულტურა ისტორიული ღმერთკაცის - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი. რაზეა დაფუძნებული ეს კულტურა? - იგი დაფუძნებულია პიროვნებაზე ღმერთკაც იესო ქრისტესი. აი, ის დასაბამი და დასასრული, რომელთა შორისაც მოძრაობს და ვითარდება მართლმადიდებელი ღმერთკაცობრივი კულტურა. მისი დევიზი შემდეგია: დაე, ღმერთკაცი იყოს პირველ ადგილზე ყოველივეში. არ მხოლოდ ღმერთი, და არა მხოლოდ ადამიანი, არამედ სწორედ ღმერთკაცი - სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი ერთსა და იმავე დროს. იგია სწორედ მიზანი და წყარო ყველა შემოქმედებითი ძალისათვის მართლმადიდებელი ღმერთკაცობრივი კულტურისა. აქ ღმერთი იღვწის და ადამიანი თანამოღვაწეობს მასთან, ღმერთი ადამიანს შექმნის, აღაშენებს, ააღორძინებს და ყოველი ადამიანიც, ნაწილი მისი ღმერთკაცობრივი სხეულისა, ღმერთით და ღმერთისაგან იზრდება და აღეშენება.
რა არის მიზანი მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურისა? - ის, რომ რაც შეიძლება მეტი ღვთაებრივი რამ შესძინოს ადამიანს, ყოველივე საღმრთო განახორციელოს მასში და მის გარემომცველ სამყაროში.
ღმერთკაცობრივი კულტურა შიგნიდან გარდაქმნის ადამიანის ბუნებას. ამის მეშვეობით კი მის გარეგნულ მდგომარეობაზეც ახდენს ზეგავლენას. ანუ ჯერ სულს გარდაქმნის, სულით კი მის სხეულსაც უცვლის ფერს. ამ კულტურისათვის სხეული - სულის ტაძარია. ის ტაძარი, რომელიც სულით ცხოვრობს, სულით მოძრაობს, მოქმედებს და საერთოდ, არსებობს. ღმერთკაცი იესო ქრისტე, უპირველესად ადამიანის სულს გარდაქმნის, მერმე კი - სხეულსაც და ეს გარდაქმნილი, ფერცვლილი სული სხეულსაც შეცვლის, მატერიასაც გარდაქმნის.
ადამიანი მხოლოდ ღმერთით არის დიდი და ძლიერი. აი, ესაა ღმერთკაცობრივი კულტურის ლოზუნგი. უღმერთოდ ადამიანი მხოლოდ 70-იომდე კილოგრამი სისხლინი თიხაა და მეტი - არაფერი. ევროპელმა ადამიანმა სასიკვდილოდ განიკითხა ღმერთიცა და სულიც, ყოველივე ღვთაებრივი და სულიერი, მაგრამ ამით მან მხოლოდ საკუთარი თავი განიკითხა სასიკვდილოდ. განიკითხა ისეთი სიკვდილისათვის, რომელსაც უკვე აღარ მოსდევს მკვდრეთით აღდგომა! ასევე, თუკი სერიოზულად ჩავუფიქრდებით კაცობრიობის ისტორიის ტრაგიზმს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღმერთის მკვლელობა ყოველთვის თვითმკვლელობით მთავრდება. გაიხსენეთ იუდა ისკარიოტელი. მან ჯერ ღმერთი გაიმეტა სასიკვდილოდ, შემდეგ კი საკუთარი თავი მოისპო. და ეს გარდაუვალი კანონია ჩვენი პლანეტის ისტორიისა. ჩემს ამ დასკვნებში ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის შესახებ ბევრი რამაა სამძიმო და კატასტროფული ადამიანის სულისათვის. მაგრამ დაე ნუ გაგიკვიდრებათ ეს, რამეთუ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე კატასტროფულ პერიოდზე კაცობრიობის ისტორიაში, ევროპის აპოკალიფსზე. იმ კონტინენტისა, რომლის სხეულსაც და სულსაც საშინელებანი ფლეთენ. უეჭველია, რომ ევროპაში ვულკანისებრი წინააღმდეგობებია ჩადებული, რომლებიც, თუკი მათ არ გააუვნებელყოფენ, შესაძლოა, ევროპული კულტურის საბოლოო განადგურებით დასრულდეს.
წმიდა არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩის მიხედვით
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია