წმიდა მამები გვასწავლიან და თანამედროვე ღვთისმეტყველებაც ამბობს, რომ ჰუმანიზმი თავისი განვითარების პროცესში, უთუოდ გადაიზრდება ათეიზმში და ნიჰილიზმით დასრულდება.
ნიჰილიზმი XX საუკუნის დემონური ფილოსოფიაა. სიღრმისეულად განიხილა იგი მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (როუზი) თავის ნაშრომში „ადამიანი ღვთის წინააღმდეგ".* ჩვენი თემის მეგზურად ამჯერად მის თხზულებას გამოვიყენებთ.
რა არის ნიჰილიზმი? მოკლედ რომ განვმარტოთ, ნიჰილიზმი არის რწმენა იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ არსებობს წმიდა ეკლესია, არ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი.
პრაქტიკულად ნიჰილიზმი ამბობს: არ არსებობს ცოდვა, ყოველივე ნებადართულია, ყველაფერი დასაშვებია! თავისი ფილოსოფიით ნიჰილიზმი ნელ-ნელა დევნის ადამიანისაგან ყოველივე მარადიულსა და უჭკნობს; ცდილობს აღმოფხვრას ადამიანში უკვდავების გრძნობა, სანამ მთლიანად არ გამოფიტავს მისგან ყოველივე ღვთაებრივს. ნიჰილიზმის ძირითადი ლოზუნგია: საჭიროა მოკვლა ღვთისა! ხოლო ნიჰილიზმის ყველაზე გულწრფელმა „აღმსარებელმა" ფრიდრიხ ნიცშემ თავისი ეგოიზმისა და ამპარტავნების მწვერვალიდან გამოაცხადა - ღმერთი მოკვდა!
ფაქტია: როცა ადამიანისათვის არ არსებობს არც საუკუნო ღმერთი და არც უკვდავი სული, მაშინ მისთვის ღმერთი მკვდარია, ე.ი. ადამიანი საკუთარ თავში, საკუთარ სულში კლავს ღმერთს. კარგად ამბობს მ. დოსტოევსკი ერთ-ერთი პერსონაჟის პირით: თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია! ანუ ყველა ცოდვასა და ვნებას ეძლევა სრული გასაქანი. სწორედ ეს არის XXI საუკუნის ძირითადი დოქტრინა. ნიჰილიზმი იმდენად გავრცელებულია ჩვენს დროში, იმდენად ღრმად გაუჯდა ის თანამედროვე ადამიანის გულსა და გონებას, რომ არ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც ადვილი იქნება მასთან ბრძოლა, - წერდა მამა სერაფიმე. შემდეგ, ნიჰილიზმის საფეხურებრივი დახასიათებისას მან ამ „ფილოსოფიის" ეტაპობრივი განვითარების პროგრამაც განიხილა.
1) ნიჰილიზმის უპირველესი და ძირითადი პროგრამა ძველი წესრიგის ნგრევაში მდგომარეობს. რას ნიშნავს ძველი წესრიგი? ძველი წესრიგი ის ნიადაგია, რომელიც ქრისტიანული ჭეშმარიტებით იკვებება. ამ ჭეშმარიტებაზე იყო დაფუძვნებული სახელმწიფოს წეს-ჩვეულებანი და დადგენილებანი. განუწყვეტელი ომებისა და აჯანყებების მიუხედავად, მართლმადიდებელი სახელმწიფოები, ღვთის წყალობით, აღორძინების ძალას ყოველთვის იკრებდნენ, პოულობდნენ. ყოველივ ამას ძლიერი სულიერი მექანიზმების არსებობა განაპირობებდა. ანუ: საზოგადოებას ქრისტიანული მოძღვრება, კულტურა, ტრადიციები, ადათ-წესები, ქცევის ნორმები ასაზრდოებდა. ადამიანის მიზანი ცოდვისაგან განრიდება და სასუფევლისაკენ ლტოლვა იყო. დამახასიათებელი ისტორიული ტრადიცია მათთვის (და ჩვენთვისაც) ერის კულტურა გახლდათ. ტრადიცია კი სულიერი მემკვიდრეობაა, რომელიც ადამიანს წინაპართა რწმენის, სამშობლოსა და მისი მიწა-წყლის დაცვას ავალდებულებს. ტრადიციის მატარებელი ადამიანიაო რომ ვამბობთ, ვგულისხმობთ: მას აქვს ღირსების გრძნობა, ერთგულებისა და პატიოსნების ნიჭი, ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი. ამ ადამიანებისათვის განსაკუთრებით ძვირფასია საეკლესიო გადმოცემები, რომელიც სათავეს მოციქულებისაგან იღებს და ეკლესიაში მკვიდრობს.
ტრადიციული ფასეულობა მათთვის არც უბრალო ბუტაფორიაა, არც უცხოელებისთვის საჩვენებელი ეგზოტიკური, თუნდაც ესთეთიკური, სანახაობა, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის, მარად თანამდევი მოვლენა.
ცნობილია, რომ რევოლუცია ტრადიციას აშკარად, შეუნიღბავად ანადგურებს. მისი დარტყმა, პირველ ყოვლისა, ტრადიციის მატარებელ ადამიანებზეა გათვლილი.
ნიჰილისტურ პროგრამას შედეგი რომ მოეტანა, აუცილებელი იყო ძველი წესრიგის ყოველი ელემენტის ამოშანთვა. სწორედ ამ დროს შევიდა ძალაში ნიჰილიზმის განსაკუთრებული „სათნოება" - ძალადობა.
თუ დარვინიზმი და მარქსიზმი დღეისთვის იდეოლოგიურად დასამარებულია (ვითარებას არ ცვლის ერთის ან მეორის კანტიკუნტი გამოვლინება საზოგადოებაში).
სამაგიეროდ ნიჰილიზმი, ნიცშეს ფილოსოფიის მედროშეობით, ამ წუთამდე ხიბლავს კაცობრიობას.
ნიცშემ დარვინისაგან ღვთისა და ზნეობრივი მორალის არარსებობის თეორია რომ მიიღო, თავისი ანტიქრისტიანული მსოფლხედვაც ჩამოაყალიბა და ახალი ადამიანის ფორმირებაზეც ალაპარაკდა. მისი შეხედულებით ახალი ადამიანი წარსულს მოწყვეტილი „თავისუფალი მოაზროვნეა" და სკეპტიკოსი, ვინც გულგრილია ჭეშმარიტებისადმი და გახსნილი ნებისმიერი ახალი ინტელექტუალური მოდისათვის. იგი მზად არის ყოველგვარი სიახლის მისაღებად, დროის ადამიანია, სინდისს, ღირსებას, სულიერ ფასეულობებს მოკლებული. მასში წაშლილ-წარხოცილია ჭეშმარიტი ორიენტირები და ბატონობს სურვილი, დაეუფლოს ყველაფერს, რაც სამყაროშია. სძაგს მას ნებისმიერი შეზღუდვა, რადგან საკუთარი თავისთვის თვითონვეა ერთადერთი ღმერთი. სწორედ ასეთი ტიპის ადამიანის ჩამოყალიბებისათვის იბრძოდნენ ნიცშე, მარქსი და დარვინი.
ძველი წესრიგის ნგრევის შემდეგ ნიჰილიზმი მომდევნო ეტაპზე - ძალადობაზე გადადის.
2) XX საუკუნის დამდეგს მსოფლიოში იწყება რევოლუციების ბუმი. ძალადობისაკენ მოწოდებითაა სავსე იმდროინდელი რევოლუციური ლიტერატურა.
ნიჰილიზმის მთავარი მიზანი - ახალი ადამიანის ჩამოყალიბება - სწორედ რევოლუციების, ტერორისა და რეპრესიების გზით არის შესაძლებელი.
გასულ საუკუნეში ძალადობის სულისკვეთება სრულად გამოავლინა ბოლშევიზმმა და ნაციონალურმა სოციალიზმმა. მღვდელმონაზონ სერაფიმეს აზრით, სწორედ ამ რეჟიმებს უნდა განეხორციელებინათ ძველი წესრიგის ანუ მონარქისტული სახელმწიფოების ნგრევა. თავის უგუნურ მისწრაფებებში, ამ ორი რეჟიმის ფსიქოლოგიური და ისტორიული განსხვავების მიუხედავად, ჰიტლერიც და ლენინიც მოკავშირენი აღმოჩნდნენ.
ძველი წესრიგის ნგრევა და „ახალი სამყაროს" აშენება არ არის ნიჰილისტური პროგრამის მთავარი ამოცანა, - განაგრძობს მამა სერაფიმე. ისინი ადამიანის გარდაქმნის მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპებია. ჰიტლერი და მუსოლინი ძალადობაზე დაყრდნობით „ახალი ადამიანის" შექმნაზე ოცნებობდნენ. ჰიტლერის პროპაგანდისტი როზენბერგი ამბობდა: „ჩვენი საუკუნის მისიაა ახალი ცხოვრების მითიდან შევქმნათ ადამიანის ახალი ტიპი".
მარქსი და ენგელსი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდნენ: „კომუნისტური მსოფლმხედველობის ფართო მასშტაბით დასამკვიდრებლად, ასევე თვით უმთავრესი მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ადამიანთა მასობრივი გარდაქმნა. ეს საჭიროა არა მარტო მმართველი კლასის დასამხობად, არამედ იმისთვისაც, რომ მეამბოხეთა კლასი გათავისუფლდეს საუკუნეთა მიერ დაგროვილი ნაგვისაგან და მომზადდეს ახალი საზოგადოების დასაფუძნებლად".
ადამიანთა მასობრივი გარდაქმნა სწორედ ტერორითა და რეპრესიებით უნდა განხორციელებულიყო. ლენინის მოსამართლე ა. კურსკის სწერდა: „მკაფიოდ და მოტივირებულად დაასაბუთეთ ტერორის აუცილებლობა: სასამართლომ არა თუ არ უნდა უარყოს ტერორი, არამედ საფუძვლიანად და პრინციპულად დააკანონოს იგი".
„ახალი ტიპის ადამიანის" შექმნის სურვილმა გააშმაგა და დააავადა ადოლფ ჰიტლერი. თავის ნაშრომში „მაინ კამფ" იგი დაეყრდნო ევოლუციის თეორიას და „არასრულფასოვანი" საზოგადოების ანუ ტრადიციული მორალის ადამიანთა მოსპობა და „გენიოსთა რასის" შექმნა დაისახა სანუკვარ მიზნად. სწორედ ამისთვის „დასჭირდა" ნაცისტების ლიდერს, ერთი მხრივ, აბორტების ლეგალიზაცია და სტერილიზაციის იძულება, მეორე მხრივ, საკონცენტრაციო ბანაკებში არასასურველი ეროვნების ადამიანთა განადგურება.
ერთი სიტყვით, მარქსი, ენგელსი, ნიცშე, ლენინი, ჰიტლერი და სხვები ძალადობის მისტიურობას აღიარებდნენ. აქ ორივე მსოფლიო ომის გახსენება გვმართებს შედეგად ხომ ძველი წესრიგი და მყარი ფესვების მქონე ტრადიციული საზოგადოება საბოლოოდ მოისპო.
1914 წლიდან 1945 წლამდე იდეალური პირობები არსებობდა „ახალი ტიპის ადამიანის" აღსაზრდელად.
ქრისტიანული სახელმწიფოების ნგრევა და „ახალი ადამიანის" ჩამოყალიბებით ნიჰილიზმმა შეასრულა თავისი პროგრამა. რევოლუცია დღეს ახალ ფაზაში გადადის, ის თავის საბოლოო მიზანს უახლოვდება.
მარქსიზმი რევოლუციური პროგრამის განხორციელების ერთადერთი საშუალება როდია. დღეს არ არსებობს არც ერთი ძლიერი ქვეყანა, რომლის მთავრობა არ იყოს რევოლუციური; ყოველი მათგანი მიიჩნევს, რომ ამგვარი იდეოლოგიის უარყოფა პოლიტიკური სიმძლავრის დაკარგვას მოასწავებს, - ამბობს მამა სერაფიმე და კითხულობს: ნუთუ არ მეტყველებს ეს გარემოება ჩვენი დროის ანტიქრისტიანულ ხასიათზე?
ნიჰილისტურმა ნგრევამ ეშმაკის სანუკვარი ოცნება - ადამიანის ღმერთად ყოფნის სურვილი - კიდევ უფრო გააძლიერა.
„ყველა ღმერთი მკვდარია, - ამბობს ნიცშე, - აწ ჩვენ გვსურს, რომ იცხოვროს ზეადამიანმა (სუპერადამიანმა)".
დღეს უკვე ვხედავთ, ძლიერნი ამა სოფლისანი როგორ ახორციელებენ ამ პროგრამას გონების წარმტაცველ-დამბინდველი კინოფილმებითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სადაც სუპერადამიანების (მსახიობების, მომღერლების, სპორცმენების და ა.შ.). კულტის აშკარა რეკლამირება ხორციელდება. ადამიანში ინერგება აზრი, რომ ის ყოვლისშემძლეა დედამიწაზე, რომ მას არ სჭირდება ღმერთი და რომ ის თავადაა თავისი თავისთვის ერთადერთი ღმერთი.
მსოფლიო წესრიგის მიერ მართვადი და სუპერადამიანებით დასახლებული ახალი საუკუნე ის რევოლუციური ოცნებაა, რომელმაც გასული საუკუნის არნახულ ტრაგედიებს ჩაუყარა საფუძველი, - ასკვნის მამა სერაფიმე.
ახალ საუკუნეზე ოცნება მთელი კაცობრიობის სენი გახდა. ადამიანი დაიღალა, მისთვის მართლმადიდებლობა მეტად მძიმე აღმოჩნდა. ამა სოფლის სულისკვეთების წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე ადამიანს აღარ შეუძლია. ამის ძირითადი მიზეზი ნიჰილიზმის მიერ ადამიანში ჭეშმარიტი ორიენტირების განადგურებაა.
ღმერთმა მოუწოდა ადამიანს არა ამქვეყნიური სიამეებით ტკბობისკენ, არამედ ზეცად - მარადიული, ნეტარი ცხოვრებისაკენ, არა ადამიანის „გაღმერთებისაკენ", არამედ საღვთო მადლით განღმრთობისაკენ.
*С. Роуз. „Человек против Бога". გვ. 80-84.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე