ჯერ კიდევ სამოთხეში, გველმა ევას კითხვაზე, - ურჩობის გამო ხომ არ გვემუქრება სიკვდილი? - უპასუხა მას: „არა, არ მოკვდებით" (დაბ. 3, 4). ადამისა და ევასაგან სიცრუის დაჯერების გამო მთელი კაცობრიობა მოკვდავი გახდა.
ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი სიკვდილი კლავს განურჩევლად ყველას: მდიდარსა და ღარიბს, მმართველებსა და მსახურებს, ჯანმრთელებსა და ავადმყოფებს. სიკვდილის წინაშე ყველანი ერთნი ვართ. ერების უდიდესმა დამპყრობელმა ნაპოლეონ ბონაპარტმა 1821 წელს გრაფ მონტგოლონთან გულღია საუბარში თქვა: „მე მოვკვდები და ჩემი სხეული მიწას დაუბრუნდება, შემდეგ კი მატლთა საკვები გახდება. ასეთია ბედი ადამიანისა, რომელსაც დიდ ნაპოლეონს უწოდებდნენ! რა ღრმაა უფსკრული ჩემს არარაობასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის". მეორე, ასევე დიდმა დამპყრობელმა ალექსანდრე მაკედონელმა სიკვდილის წინ მოითხოვა, რათა დაკრძალვისას ერთი ხელი კუბოს გარეთ დაეტოვებინათ, ნიშნად იმისა, რომ მან ვერაფერს მიაღწია ამქვეყნად. სიკვდილის წინ ადამიანის გონებაში წარმოისახება მთელი მისი ცხოვრება, და იგი ხვდება, რომ მისი „დამპყრობლობა" არარაობაა უკვდავების წინაშე.
მაგრამ, საშიშია არა იმდენად სიკვდილი, რამდენადაც მისი შედეგი. სიკვდილის კარს მიღმა მარადიობა გვეხსნება, სადაც ორი გზაა: ერთი - ნათელი, ღმერთთან ნეტარებაში აღმყვანებელი; და მეორე - მარადიულ წყვდიადში, ეშმაკისა და მისი მიმდევრების მომხრეთა შთამგდები. სწორედ ამ ცხოვრებაში ვაშენებთ ჩვენს მომავალს, ვიმზადებთ ადგილს მარადისობაში, ვქმნით ჩვენს ბედს.
ამქვეყნად განდიდებული ღვთისმგმობი ვოლტერი, რომლის „კალამი მახვილზე ძლიერია", „ევროპის განმანათლებელი", მორალის უარმყოფელი, საშინელი ტანჯვითა და ხანგრძლივი ტკივილით კვდებოდა. მისმა ახლობლებმა მისი საშინელი აღსასრულის აღწერა შემოგვინახეს: „იგი ყოველთვის გვაგინებდა, ჩვენი ნახვის შემდეგ მისი ტანჯვა მხოლოდ მატულობდა. სისტემატურად ხმამაღლა გაჰყვიროდა: გაეთრიეთ! თქვენ მიმიყვანეთ ამ მდგომარეობამდე! დამტოვეთ მე, გეუბნებით, გაეთრიეთ! იგი ტანჯვის შემცირებას შეეცადა წერილობითი მონანიებით, რომელიც თვითონ დაწერა და რომელიც მის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს, მაგრამ ღვთისა და ადამიანების მიმართ სიძულვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ყოველი ცდა ამაოდ სრულდებოდა. ორი თვის წინასასიკვდილო აგონიამ ღვთისა და ადამიანების გმობაში განვლო... ზოგჯერ იგი გაიძახოდა: „მე უნდა მოვკვდე ღვთისა და ადამიანთაგან მიტოვებული!"... მისი მომვლელი, რომელიც იმ ბოლო დღეებში მასთან იმყოფებოდა, დროდადრო იმეორებდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მომცენ, არ დავთანხმდები კიდევ ერთი უღმერთო ადამიანის სიკვდილის დამსწრე ვიყო"."
ადამიანები, როგორც წესი, ან არ ფიქრობენ ჯოჯოხეთზე, ან სრულიად უარყოფენ მის არსებობას, ან კიდევ, წარმოუდგენიათ, რომ გარდაცვალების შემდეგ მოხვდებიან იქ, სადაც „არცა ტკივილი, არც წუხილი არ არის".
წმინდა წერილიდან, ეკლესიის სწავლებიდან, წმ. მამათა ნაშრომებიდან, და ბოლოს ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ იმქვეყნიური ხვედრი შეიძლება მტანჯველი და საშინელი იყოს. თანამედროვე მედიცინაშიც არის გამოკვლევები, რომლებიც ადასტურებდნენ კლინიკურ სიკვდილში მყოფ ადამიანთა „ნეგატიურ" შეგრძნებებს, თუმცა მათ შესახებ თანამედროვე ფსიქიატრია დუმს.
1993 წელს ამერიკელმა დოქტორმა მაურისმა, კარდიოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტმა და გულის დაავადებათა და კლინიკურ სიკვდილთა უდიდესმა სპეციალისტმა, წარსულში პრეზიდენტ დ. ეიზენჰაუერის პირადმა ექიმმა, დაწერა წიგნი „To Hell and Back”, სადაც ადამიანების კლინიკური სიკვდილის დროს ჯოჯოხეთში მოხვედრის მრავალი მაგალითი მოჰყავს. იმქვეყნიური ცხოვრების „ნეგატიური", დასაბუთებული მაგალითების მოყვანის შემდეგ მან მასალები დოქტორებს კუბლეროსს, რინგუს და მოუდს გაუგზავნა. მოგვიანებით გადაწყვიტა შეხვედრა მოეწყო იმ პირებთან, რომლებმაც კლინიკური სიკვდილის დროს ჯოჯოხეთი იხილეს, მაგრამ შეხვედრაზე უარი მიიღო.
ზოგიერთ ურწმუნო ადამიანში სიკვდილის მარტო ხსენებაც კი უაზრო შიშს ბადებს. თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსების მამას ზიგმუნდ ფროიდს, მაგალითად, პანიკურად ეშინოდა სიკვდილის. მიუხედავად იმისა, რომ ფროიდი ექიმი იყო, იგი ახლოსაც არ ეკარებოდა მიცვალებულებს. ერთხელ თავის მეგობართან, ასევე ფსიქოანალიტიკოსთან დოქტორ იუნგთან საუბრის დროს, როდესაც ეს უკანასკნელი სიკვდილზე საუბრობდა, დოქტორი ფროიდი უგონოდ დაეცა. მოგვიანებით მან დოქ. იუნგი გაზრახ მკვლელობის ცდაში დაადანაშაულა. აი, როგორი ადამიანები არიან თანამედროვე ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის მამები და ფუძემდებლები.
დემონებისათვის ხელსაყრელია მარადიული სატანჯველის შესახებ სწავლების იგნორირება. ამიტომ მათი ადეპტები, თანამედროვე მედიცინის თეორეტიკოსები, ასევე უარყოფენ გეენიას. სიკვდილის გულისათვის სასარგებლო ხსოვნა უცხოა მათი აზროვნებისათვის.
„გახსოვდეს უკანასკნელი დღე და არასოდეს შესცოდავ". სიკვდილის შიში, ისევე როგორც, ღვთის შიში, არის სიბრძნის დასაბამი. ერთხელ ბიზანტიის იმპერატორი ისააკ I კომნენოსი მოგზაურობისას დიდ ჭექა-ქუხილში მოხვდა. ელვისაგან თავის დასაცავად მან გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს ელვა მის გვერდით დაეცა. ამ ფაქტმა იმდენად იმოქმედა იმპერატორზე, რომ მან განაცხადა: „მე დავინახე რა ახლოს არის სიკვდილი! მაგრამ რა ვიღონე ჩემი სულის ხსნისათვის? არაფერი". იგი დაბრუნდა სასახლეში, ტახტიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა.
„როგორც შეუძლებელია მშიერმა არ იფიქრო საკვებზე, ასევე შეუძლებელია იმ ადამიანის ხსნა, რომელიც სიკვდილსა და უკანასკნელ სამსჯავროზე არ ფიქრობს" - ამბობს წმ. იოანე კიბისაღმწერელი.
წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: „ძმანო, მოდით ნუ უარვყოფთ გეენიის არსებობას, რათა არ მოვხვდეთ იქ. ვინაიდან, ვისაც არ სწამს ჯოჯოხეთის, უფრო უდები და ზარმაცია სათნოებათა მოხვეჭაში, ხოლო ზარმაცი და უდები ბოლოს მოუნანიებლად კვდება და ჯოჯოხეთს იმკვიდრებს. მაშ მოდით, ვიწამოთ გეენია და სისტემატურად ვისაუბროთ მის შესახებ, მაშინ ასე იოლად არ ჩავვარდებით ცოდვებში. რადგან ჯოჯოხეთის ტანჯვის ხსოვნა, მწარე წამლის მსგავსად განკურნავს ჩვენს სულს და აგვარიდებს ყოველგვარ ბოროტებას.
ბერი ბენიამინი ჯორდანვილი
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია