თქვენს მიერ მოწერილი წერილები დიდ სიხარულს მანიჭებს შორეულ ქვეყანაში.
მომეცა საშუალება და გულითადი სურვილით კალამს ვიღებ ხელში.
ჩემო მეგობრებო, ერში ტრადიციულად მიღებული შეკითხვა „ხომ ხარ ჯანმრთელად?" არამიზანშეწონილად მიმაჩნია. ამიტომ, როგორც ბერი, სჯობს ამა სოფლის კანონზომიერებათა საპირისპიროდ გკითხოთ: „თუ ხართ ავად, ჩემო მეგობრებო?" სამწუხარო იქნება ჩემთვის, თუ არასასურველ პასუხს მივიღებ, ანუ დასანანია თუ მუდამ ჯანმრთელები ხართ!
თქვენ მეტყვით - ხომ არ გაგიჟდით, მიზანტროპი ხომ არა ხართ?! ჯანმრთელობა ღვთის უძვირფასესი საჩუქარია, შენ კი რას ამბობ?
თავისთავად ცხადია, და არც არავინ უარყოფს, რომ ჯანმრთელობა ღვთის წყალობაა, მაგრამ მხოლოდ მართლებისა და სინანულში მყოფი ცოდვილებისათვის. ცოდვასა და უბედურებაში მყოფთათვის კი ჯანმრთელობა მეტად სახიფათოა. მის გარეშე ის ადამიანი ბევრად უფრო ბედნიერი იქნება, ვისაც ახსოვს მოციქულის სიტყვები: „რომლისა ზიარ-ქმნილ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ, და არა შვილნი" (ებრ. 12. 8) - ის ჩემს აზრს გაიზიარებს.
მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, რომ მართლები არ ითხოვენ ღვთისგან ჯანმრთელობას, არამედ მადლობით ხვდებიან ყოველ განსაცდელს. სინანულში მყოფი ცოდვილი კი ღვთისგან განსაცდელსა და ავადმყოფობას ამქვეყნად ითხოვს, რათა მარადიულ ცხოვრებაში იქნას შეწყალებული. ამის მაგალითებს, თუ თქვენ გნებავთ, უამრავს მოგიყვანთ.
დამეთანხმებით, რომ ამქვეყნად ერთი და იგივე დანაშაულისათვის ორჯერ არავინ ისჯება. საიქიო სამსჯავროც ამგვარად უნდა იქნეს გაგებული. ტანჯვაგადატანილი ადამიანი (რა თქმა უნდა ღვთისგან დაშვებული განსაცდელის მადლობით, თავმდაბლობით და ბავშვური მორჩილებით დამთმენი), ღვთის წყალობით, იმქვეყნად გამართლდება. მაგრამ სავალალოა იმ კაცის მდგომარეობა, რომელიც ჯანმრთელ მდგომარეობაში, გარყვნილებასა და გართობაში ატარებს თავის ცხოვრებას. მკითხავთ: „რატომ?" - მე კი არა, წმინდა პავლე მოციქულს ჰკითხეთ (მისი სიტყვები ზემოთ მოგიყვანეთ).
ეკლესიის ისტორია წმინდანთა თავდადების მრავალ გასაოცარ მაგალითს წარმოადგენს, მე კი ერთი აქაური ღვთივგანბრძნობილი ბერის ღვაწლის შესახებ მოგითხრობთ. ის ღმერთს ცოდვებისათვის ამქვეყნად დასჯასა და საიქიო შეწყალებას სთხოვდა. თავდადებული ლოცვის შემდეგ ღმერთმა შეისმისა მისი ვედრება. ერთხელ ლოცვის შემდეგ ჩაძინებულს, ჯვარზე გაკრული მაცხოვარი გამოეცხადა. სიხარულის ცრემლით აღსავსე ბერი მაცხოვრის წინაშე მუხლებზე დაემხო.
- ასე მწარედ და განუწყვეტლივ რატომ სტირი? რა გსურს ჩემგან? - მშვიდად ჰკითხა მაცხოვარმა.
- უფალო! შენ იცი, თუ როგორ განგარისხე, შენ ხედავ ჩემს მრავალ ცოდვას: როგორც შენ გსურს, ისე დამსაჯე ამ ცხოვრებაში, ოღონდ შემიწყალე სიკვდილის შემდეგ. მეტი არაფერი მსურს და არაფერს ვითხოვ!
- კეთილი, - მიუგო მაცხოვარმა. შენი მოძღვრის ღვაწლს მოგცემ. მისი მოძღვარი დიდი ხნის განმავლობაში თიაქარის ავადმყოფობით იტანჯება.
ხილვისგან გაღვიძებულ ბერს იგივე სნეულება აღმოაჩნდა. დარჩენილი ცხოვრების წლები მან ამ სნეულების დათმენით გაატარა.
- ეს ასეა, - მეტყვით თქვენ, მაგრამ როგორი დასათმენია?
- რას იზამ! ჩვენთვის რომ განცხადებული იყოს, თუ რა გველის საიქიო ცხოვრებაში, ერთი წმიდა მამის თქმით, ერთი წუთით ჯოჯოხეთში ყოფნას მთელი ცხოვრება სხეულის მღრღნელი მატლებით სავსე კელიაში ყოფნას ვამჯობინებდით.
მე ვფიქრობ, გსმენიათ, რომ ტკივილების აუტანლობის გამო ერთმა კაცმა ღმერთს ტანჯული ცხოვრების შეწყვეტა სთხოვა.
- კეთილი, - მიუგო ანგელოზმა, - ღმერთმა ისმინა შენი ვედრება, მაგრამ დედამიწაზე ერთწლიანი ტანჯვის ნაცვლად სამი საათით ჯოჯოხეთში ყოფნას ხომ არ დათანხმდებოდი? რადგან ცოდვებისაგან განწმენდისათვის კიდევ ერთი წელიწადი მოთმინება გმართებს. შენთვის, ისევე როგორც ყველა მორწმუნისათვის ზეცად აღმყვანებელი სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა შენ მოგწყინდა, მაშ ჯოჯოხეთის ტანჯვა სამი საათით დაითმინე, შემდეგ, წმინდა ეკლესიის ლოცვით, ცხონდები.
სნეულებებით დატანჯულმა სამი საათით ჯოჯოხეთში ყოფნა არჩია. ყოვლისმომცველმა სიბნელემ, აუტანელმა ტანჯვამ, ცოდვილთა უნუგეშო გოდებამ, ბოროტი სულების ჯოჯოხეთურმა შეხედულებამ, ტანჯვისა და შიშის თავზარი დასცა უბედურს.
საბრალო, განწირული ხმით შველას ითხოვდა, მაგრამ მის გოდებასა და ძახილზე არავინ პასუხობდა. აუტანელი ტანჯვის გამო არა ერთი საათი, არამედ წლები და საუკუნეები ეგონა უკვე გასული. ყოველ წამს ნათელ ანგელოზს ელოდებოდა.
საბოლოოდ, საბრალო ტანჯული სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.
ერთი საათის შემდეგ ჯოჯოხეთის წყვდიადს ანგელოზის ნათელი მოეფინა. სამოთხისეული ღიმილით მან ჰკითხა ტანჯულს:
- თავს როგორ გრძნობ, ძმაო?
- ანგელოზისგან სიცრუეს არ ველოდი, - ძლივს გასაგონი ტანჯული ხმით ჩაიჩურჩულა დატყვევებულმა, - შენ სამი საათის შემდეგ აქედან ამოყვანას შემპირდი, მის შემდეგ კი წლები, ვგონებ, საუკუნეები გავიდა?
- რას ამბობ, რა წლები, რა საუკუნეები? - მშვიდად მიუგო ანგლოზმა, - მხოლოდ ერთი საათი გავიდა, ორი საათი კიდევ დაგრჩა.
- როგორ თუ ორი საათი? - ჰკითხა შეშინებულმა ტანჯულმა, - აღარ შემიძლია ამის დათმენა! თუ შესაძლოა, მირჩევნია სიცოცხლის ბოლომდე დედამიწაზე ვიტანჯო, ოღონდ აქედან ამომიყვანე, აუტანელია! შემიწყალე! - ხელებაპყრობილმა შეჰღაღადა ანგელოზს.
- მრავალმოწყალე ღმერთმა დაგიფარა ჯოჯოხეთის სატანჯველისაგან - მიუგო ანგელოზმა.
ამ სიტყვების შემდეგ, ტანჯული კვლავ თავის სარეცელზე აღმოჩნდა. ამიერიდან იგი ყოველ განსაცდელს მოთმინებითა და მადლობით ხვდებოდა.
კიდევ მრავალი მსგავსი შემთხვევების შესახებ მოგითხრობდით, მაგრამ ტანჯვის მწუხარე მაგალითებით, ვფიქრობ, თავი არ მოგაწყინოთ.
ამჯერად კმარა, ნახვამდის.
მღვდელმონაზონი სერგი
ათონის წმინდა მთა. 1844 წ.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია