მე ვმადლობ ყოვლადმოწყალე ღმერთს, ყოველგვარ სიკეთეთა და ნიჭთა მომმადლებელს, რომელმაც მომცა მე რწმენა, სიმტკიცე, მხნეობა და ძალა იმისთვის, რომ ქმედითად მემხილებინა მეფეები, სახელმწიფოთა ხელმძღვანელნი და ეკლესიის წინამძღოლნი, და ყოველთვის გაბედულად, უშიშრად მელაპარაკა. მხოლოდ იმას ვწუხვარ, რომ არც ერთმა ყველა ამ სახელმწიფო ხელმძღვანლთაგან, რომელთაც მე ვწერდი და ვთხოვდი, აღარ შეეცოდათ, საღმრთო სჯულისა და უფლის მცნებების აღმსრულებელნი ყოფილიყვნენ, - არც ერთმა არ მიპასუხა წერილზე, და მით უმეტეს, არც ერთს არ შეუნანია! ეკლესიის წინამძღვართაგან კი, ცნობილმა მსოფლიო პატრიარქმა კონსტანტინოპილისა - ათენაგორემ2, რომელსაც დაბეჭდილი წიგნი გავუგზავნე მორჩილებისა და სიმდაბლის შესახებ, და, რომელმაც კერძოდ, ჩემი წერილიც მიიღო, რომელშიც ვწერდი - თუკი მართლაც გიყვარს პაპი, მაშინ მხოლოდ სიმართლე უნდა უთხრა მას და ასე მიმართო-მეთქი:
„ძვირფასო პაპო, რადგანაც მიყვარხარ, დაუმახინჯებლად გეტყვი ჭეშმარიტებას. მისმინე, თუკი გასხია ყურნი სმენად. შენ - პირველი ხარ ამპარტავნების ზომით, მე კი - მეორე რამეთუ შენ იტყვი, უცთომელი ვარ, არ ძალმიძს შეცდომა დავუშვაო, მე კი გიცხადებ, რომ მე - უწმიდესი ვარ. ჩვენ ორივე ვტყუივართ, რადგან არც შენ ხარ უცთომელი და არც მე - უწმიდესი. და თუკი ადამიანები ჩვენდა საამებლად გვეუბნებიან - უცთომელნი და უწმიდესნი ხართო, ჩვენ სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ: „ჩვენ არა ვართ ისეთნი, როგორებადაც თქვენა გვთვლით!" უთხარი მათ, რომ ღმერთკაცმა - უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, სრულყოფილმა ღმერთმა და ადამიანმა ასე უთხრა სჯულის მეცნიერს: „რაისა მეტყვი მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოი" (მარკ. 19, 18). და თავის მოწაფეებს უთხრა: „ოდეს ჰყოფთ ბრძანებული თქვენდა" - ანუ როცა სჯულსა და უფლის მცნებებს აღასრულებთ, - „თქვით, ვითარმედ: მონანი ვრთ უხმარნი; რომელნი თანა-გვედვა ყოფად, ვყავთ" (ლუკა. 17, 10)...
ამ ჩემმა წერილმა პატრიარქი განარისხა, იგი შეურაცხყოფილად თვლიდა თავს, რადგან მე სიმართლე ვუთხარი მას; ამიტომ წერილიც უკანვე გამომიგზავნა თავისი მთავარი მდივნის მეშვეობით, რომელმაც მომწერა - ეს პატრიარქმა მიბრძანა წერილი უკან გამომეგზავნა თქვენთქვისო. ის არ ელოდა ამგვარი წერილის მიღებას ლონგოვარდის მონასტრის წინამძღვრისაგან და საჭიროდ მიიჩნია არ შეენახათ ჩემი წერილი საპატრიარქოს არქივებში. როცა პაპადოპულოს - პათაკოსის3 „რევოლუცია" მოხდა (1967 წ.), მშვიდობის, აყვავებისა და უსაფრთხოების დაპირებით საბერძნეთისათვის და ბერძენი ხალხისთვის, მე ერთი მემორანდუმი მთავრობას წარვუდგინე, მეორე - მეფეს, და მესამეც - იმჟამინდელ მთავარეპიკოპოსს იერონიმეს და წმიდა სინოდს, რადგანაც მთავრობის მეთაური იმ დროს კონსტანტინე კოლიასი იყო, უმაღლესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, - ეს ძალზე კეთილმოშიში და სათნო ადამიანი, ხოლო მე მისი მოძღვარიც ვიყავი და მისი ასევე ღვთისმოშიში მეუღლისა, ამიტომ მოსახერხებლად ჩავთვალე სამსახურში ვწვეოდი მას და მემორანდუმიც იქ გადამეცა. იგი სიხარულით შემხვდა, წამოდგა თავისი საპრეზიდნტო სავარძლიდან და მომესალმა როგორც სულიერ მოძღვარს. შემდეგ ყველა იქ მყოფს სთხოვა დაეტოვებინათ მისი კაბინეტი, მათ შორის მაშინდელი მთავრობის ვიცე-პრეზიდენტს ბატონ პაპადოპულოსსაც. დავრჩით მხოლოდ მე, მთავრობის მეთაური და ბატონი პაპალეკასი, მისი თანამემამულე, ისიც ძალზე ღვთისმოშიში კაცი და ასევე ჩემი სულიერი შვილი. მე გადავეცი მთავრობის მეთაურს მემორანდუმი და მანაც მისი წაკითხვა დაიწყო.
პირველი პუნქტი ეხებოდა ღვთისგმობას, მკრეხელობებს. როგორც სულიერი მამა, მე ვთხოვდი მთავრობას მკაცრი ზომები მიეღოთ ღვთისგმობის წინააღმდეგ, რათა ადამიანებს შეშინებოდათ და შეეწყვიტათ მკრეხელობათა თქმა თუ ჩადენა. როცა კონსტანტინე კოლიასმა წაიკითხა ეს პუნქტი, მაშინვე თქვა, რომ შეეცდება ამ თხოვნის შესრულებას. მერმე მან კიდევ ორი თუ სამი პუნქტი წაიკითხა - დედაკაცთა უშვერი, ურცხვი ჩაცმულობისა და აზარტული თამაშების შესახებ, და ისინიც მოეწონა. დამპირდა, ვეცდებით ამასაც ბოლო მოვუღოთო, მეოთხე პუნქტში მე ვთხოვდი მთავრობას, წმინდა სინოდსა და მეფეს, ერჩიათ მსოფლიო პტრიარქისათვის - ათენაგორესათვის, თავი შეეკავებინა ცრუდ-უცთომელი პაპის გულში ჩახუტებისაგან, შეეწყვიტა მის წინაშე პირფერობა, მისი თნება-ამება, მისი გადამეტებული განდიდება, მსოფლიო პირველმღვდელმთავრად და ეკლესიის მეთაურად მისი ძმობა, საკუთარი თავისა კი - მეორედ და მისდა დაქვემდებარებულად; შეეწყვიტა წამდაუწუმ იმის განცხადება, რომ თვითონაც და მთელი მისი სამწყოც დაემორჩილებოდნენ რომის პაპს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შეჩვენებული რომ არ იყოს იგი როგორც ცრუდ უცთომელი, მწვალებელი და მართლმადიდებელი ეკლესიის მტერი, - ანუ სწორედ ის, რომელმაც ფეხქვეშ გათელა წმიდა მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების სამოციქულო და წმიდა მამათამიერი გადმოცემანი. ამ ადგლილას მთავრობის მეთაური შეჩერდა და მითხრა: „ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება!" „რატომ?! - ვკითხე მე. „იმიტომ, რომ, - მომიგო მან, - ჩვენ ყველანი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელებს უნდა ვემორჩილებოდეთ!" მასზე მე შემდეგი ვუპასუხე: „ჩვენ რომ ამ პატრიარქს დავემორჩილოთ და შევუდგეთ, იმათ დავემსგავსებით, ვის შესახებაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე იტყოდა"... ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანი, ხოლო ბრმის ბრმასა თუ წინაუძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან" (მათე 15, 14).
ამაზე კონსტანტინე კოლიასმა მიპასუხა: „ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მსოფლიო პატრიარქს!"
მაშინ მე, მგზნებარებითა და მართალი რისხვით აღსავსემ, პირდაპირ ვუთხარი მთავრობის მეთაურს:
„მსოფლიო პატრიარქი მაგას მაშინ ეთქმოდა, როცა კეთილნი მწყემნი და 4 მილიონი ქრისტიანი ჰყავდა! აწ კი ათენაგორე და მელეტი მეტაქსატისი IV4 (კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1921-1923 წლებში - რედ.) - სულაც არ არიან კეთილი მწყემსები, და ისინი არც კარით არ შესულან ეზოსა ცხოვართასა. ისინი სხვა კარით შემოძვრნენ - უღმერთო მასონობის მეშვეობით არიან შემოპარულნი. ესევითართათვის კი თვით უფალი გვეუბნება: „რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხვით კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი" (იოანე. 10, 1).
მაგრამ ჩვენ მთელს პასუხისმგებლობას მხოლოდ პატრიარქებს, მთავარეპიკოპოსებსა და სხვა სამღვდელოთ არ უნდა ვაკისრებდეთ; ცხადია, ისინი მეტად სცოდავენ, მაგრამ საეროთაც არანაკლებ აწევთ ეს ცოდვა. რამდენიმე რჩეულის გარდა ყველანი ცოდვილნი და მკვლელნი არიან. 300 ათასი ბავშვი ყოველწლიურად მოიკვლება საბერძნეთში თავიანთი საკუთარი მშობლების მიერ დედის მუცლადვე! ასეთი შესაზარი და შემაძრწუნებელი დანაშაული გაუგონარი იყო უწინდელ საუკუნეებში. ყველა გარეულ მხეცსა და მოუშინაურებელ პირუტყვს უყვარს თავისი ახალშობილი და დაჰფუსფუსებს, ყველანაირად უფრთხილდება და თავს ევლება მას, ბერძენი დედები კი თავის მუცლადვე ჰკლავენ საკუთარ შვილებს! ჰოი, მზეო, დაეფარე! ჰოი, მიწავ, აკვნესდი, შეიძარ და იღაღადე! რამეთუ ამ შეცოდებისაგან კვნესის და იძვრის მიწა და შთანთქმად ეძიებს ამ ცოდვილთ, მკვლელთ, ბოროტის მომქმედთ, ამპარტავანთ, შურით აღვსებულთ, უსამართლოთ, მპარავთ, ანგართ, სასოწარკვეთილთ, მეძავთ, მრუშთ, სოდომელთ, აღვირახსნილ გარყვნილთ - ყველას, ვინც კი რაღაც სახით ბოროტებას სჩადის! სწორედ მათს გამო ამბობს თვით უფალი: მოგცე თქვენ წინამძღვარნი გულისაებრ თქვნისაო. ჩვენი მრავალრიცხოვანი ცოდვების გამო უფლის რისხვა გარდამოვალს ძეთა ზედა ურჩებისათა (ეფეს. 2, 2; 5, 6; კოლას. 3, 6). მე ვშიშობ, ჩვენც არ დავზარალდეთ და არ ვევნოთ, როგორც ქალაქი იერუსალიმი ევნო თავის მკვიდრთა მრავალი ცოდვის გამო!" - აი, ეს ყოველივე ვუთხარი მაშინ ჩვენი მთავრობის მეთაურს...
614 წელს ქრისტეს შობიდან პალესტინის უდაბნოში ერთი მოსაგრე ბერი ცხოვრობდა, რომელიც თავის 12 მოწაფესთან ერთად განუწყვეტლივ აღუვლენდა ღმერთს იესოს ლოცვას. ერთხელ დილით მან მოუწოდა თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, იცოდეთ, რომ აღმოსავლეთიდან უდიდესი სასჯელი გვიახლოვდება. გასულ ღამეს, საშინელი ხილვა მქონდა. საკუთარი თავი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ეკლესიის საკურთხეველში ვიხილე, სადაც სხვა მრავალი სამღვდელოც იყო - მღვდელმთავარნი, არქიმანდრიტნი, მღვდელნი და ბერ-მონაზონნი; ანაზდად მშვენიერი შემოსასვლელი კარიდან ეკლესიაში საძაგელი ტალახის მძლავრი ნაკადი შემოიჭრა, რომელმაც მთელი იატაკი და საფეხურებიც დაფარა ეკლესიის მთავარ ნაწილში; შემდეგ სამეუფეო კართაგან იგი საკურთხეველშიც შემოდინდა და წმიდა ტრაპეზს შემოევლო გარს; თრთოლვით შეპყრობილი, მე გავიქეცი და საყდრის საფეხურებზე ავედი, რათა ფერხნი და ანაფორა ტალახში არ გამსვროდა. სხვა სამღვდელოთაც მოვუბრუნდი, რომელნიც წელში გასწორებულნი სრულიად უძრავად იდგნენ, მაშინ, როცა ტალახის ნაკადი უკვე მუხლამდე შემოდგომოდათ. და როცა ისინი ასე გულგრილად იდგნენ, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, იცინოდნენ და ზანტად ამთქნარებდნენ, მე რისხვით აღვივსე და გაღიზიანებულმა მივმართე მათ: „რას სჩადით?! ნუთუ აზრადაც არ მოგდით განწმიდოთ ეკლესია?!" მაგრამ ისინი კვლავაც განურჩეველნი რჩებოდნენ ყოვლივე ამისადმი. და აი, დავინახე რა საყდრის საფეხურებთან უფლის ორი ანგელოზი, რომელთა პირისახეც იმზომამდე მშვენიერი და ბრწყინვალე იყო, რომ შეუძლებელიც მეჩვენა მათი ჭვრეტა, მე ვკითხე მათ, რატომ გამოჩნდა-მეთქი ეს მყრალი და საძაგელი ტალახი, ანდა როგორ შეიძლება აქედან გაქრეს. მათ მიპასუხეს: „ეს ტალახი, რომელსაც შენ ხედავ, ნაწილობრივ სამღვდელოთაგან მომდინარეობს, ნაწილობრივ კი საეროთაგან, ხოლო გაქრება იგი მხოლოდ ცეცხლითა და რკინით!..."
მეორე დილით ბერთა ადგილსამყოფელს სპარსელნი დაესხნენ თავს და მახვილებით ამოხოცეს ეს მოხუცი ბერიცა და სხვა მოსაგრე ბერებიც, მაშინ, როცა მისმა მოწაფეებმა გაქცევით უშველეს თავს. როცა სპარსელები იერუსალიმში შეიჭრნენ, ბევრნი დახოცეს, სხვანი კი ტყვედ წაიყვანეს; მოკლულთა სისხლი მდინარესავით მიედინებოდა ქუჩებში, ცხედრებს კი ლამის მთლიანად დაეფარათ ქუჩა-მოედნები. მერმე სპარსელებმა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც გაიტაცეს ნადავლად, რომელიც შემდგომში იმპერატორებმა ირაკლიმ დააბრუნა და აღმართა გოლგოთაზე სპარსელთა დამარცხბისთანავე...
ამრიგად, უფლის რჩეულთ მივბაძოთ!
დღეს ძნელი არ არის დიდძალი ტალახისა და სიბინძურის დანახვა ქუჩებში, მაღაზიებში, მიწაზე, ზღვაზე და თვით ეკლესიებშიც კი - ზოგიერთ სამღვდელოთა გამო. და აი, არავინაა წმიდა, რამდენიმე რჩეული სამღვდელოსა და ერისკაცის გარდა, რომელნიც შეურყვნელნი დარჩნენ ამ ტალახისაგან, რადგან შეიყვარეს ღმერთი და მისი მცნებები. უფალი დაიცავს მათ, რამეთუ ასე იტყვის წმიდა დავითი, მეფე და წინასწარმეტყველი: „დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყვარენი მისნი, და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს" (ფს. 144, 20).
მაშ, ჩვენც ამ რამდენიმე რჩეულს მივბაძოთ, ჩემო საყვარელო შვილო იოანე, რათა ღირსად ჩაგვთვალონ საუკუნო სიკეთეთა მიღებისა ცათა სასუფეველში. ამინ.
ლოცვა-კურთხევითა და მმობრივი სულიერი სიყვარულით, არქიმანდრიტი ფილოთეოზი, 1980 წელი
Xareba.net - ის რედაქცია
შენიშვნები
არქიმანდრიტ ფილოთეოზის წერილისათვის „ჩვენი დრო და ეკლესია"
1. არქიმანდრიტი ფილოთეოზი (ზერვაკოსი) დაიბადა საბერძნეთში, 1884 წელს. ნათლობისას კონსტანტინე უწოდეს. სიყრმიდანვე უყვარდა ეკლესიაში სიარული, ხოლო წმიდანთა ცხოვრებების კითხვა განუმტკიცებდა სურვილს ბერად აღკვეცილიყო. მშობლები ამის წინააღმდეგნი იყვნენ, დედამ სთხოვა მას დაეცადა, რათა ნამდვილად დარწმუნებულიყო თავისი სურვილის სისწორეში. კონსტანტინემ დაწყებითი სკოლის მასწავლებელთა სასწავლებელი დაამთავრა და 1901-1904 წლებში თავის მშობლიურ ლაკონიაში მუშაობდა მასწავლებლად. 1905 წელს იგი ჯარში გაიწვიეს, და ათენში მსახურობისას განაგრძობდა თავის საღვთისმეტყველო განათლებას.
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, 1907 წელს, სულიერმა მოძღვარმა, მომავალში წმიდანად შერაცხულმა ნექტარი ეგინელმა ლოცვა-კურთხევა მისცა მას ლონგოვარდის მონასტერში შესასვლელად, მაგრამ კონსტანტინე ათენისკენ გაემართა. გზად თურქებმა შეიპყრეს, რომელთა ხელმწიფების ქვეშ იმყოფებოდა მაშინ ჩრდილოეთ საბერძნეთი, და კინაღამ სიკვდილით არ დასაჯეს, რადგან ჯაშუშად მიიღეს. იმავე წელს კონსტანტინე ლონგოვარდის მონასტერში მივიდა და ბერად აღიკვეცა.
1912 წელს მამა ფილოთეოზი მღვდლად აკურთხეს, ერთი წლის შემდეგ კი არქიმანდრიტის წოდებაში იქნა აღყვანილი. 1930 წელს აირჩიეს ლანგოვარდის სავანის წინამძღვრად. იგი ბევრს მოგზაურობდა მთელს საბერძნეთში ქადაგებებით, მრავალი ადამიანისაგან იბარებდა აღსარებებს და აზრიარებდა მათ; ამ საქმიანობაში სრულ გათანგვამდე მიდიოდა და თავს არ ზოგავდა. ამავე ხანებში დაიწყო მან მოღვაწეობა როგორც სასულიერო მწერალმაც. თავისი ცხოვრების მანძილზე არქიმანდრიტმა ფილოთეოზმა ააგო 12 ეკლესია, 2 მონასტერი, 2 სკოლა და 3 სასაფლაო.
1924 წლიდან დაწყებული იგი ქმედითათ გამოდიოდა საბერძნეთის ეკლესიის მიერ ახალი სტილის შემოღების წინააღმდეგ, თვლიდა რა ახალ სტილზე გადასვლას არაკანონიკურად, ახალი სტილისა და ეკუმენიზმის წინააღმდეგ ბრძოლას იგი ეწეოდა ოფიციალური ბერძნული ეკლესიის წიაღში, იურისდიქციის შეცვლის გარეშე. არქიმანდრიტი ფილოთეოზი თავისი ცხოვრების ბოლოს ცდილობდა იულიანური კალენდარი აღედგინა თავის მონასტერში და სიცოცხლეც მისმა მიმდევარმა დაასრულა. უკანასკნელ სულიერ მოძღვრადაც ძველი სტილის კალენდრის მაღიარებელი მღვდელმონაზონი აირჩია, რომელსაც მიანდო კიდეც თავისი დაკრძალვა; თვითონაც ბოლომდე ძველი სტილის მიმდევარი იყო.
ნეტარი ფილოთეოზი მთელი საბერძნეთისათვისაა ცნობილი თავისი სულიერი მემკვიდრეობით და ასობით სასწაულთმოქმედებით, ყოველწლიურად კვლავ და კვლავ რომ აღესრულება მისი ლოცვითი მეოხმყოფელობით...
2. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ათენაგორე I (იგი მსოფლიო პატრიარქი იყო 1948-1972 წლებში) ცნობილია იმით, რომ 1966 წელს თავის სინოდთან ერთად, ეკლესიის ყველა კანონისა და გადმოცემის საწინააღმდეგოდ შეჩვენება-განკვეთა „მოუხსნა" პაპისტებს და რომის პაპის სახელი კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხებში შეიტანა. ეკუმენური საქმიანობისათვის და მართლმადიდებლობიდან განდგომის გამო მისი ხსენება შეწყვიტა ათონის მთის მონასტერთა ნახევარზე მეტმა. 1967 წელს მოლაპარაკებას აწარმოებდა მოსკოვის საპატრიარქოსთან ახალი „მსოფლიო" გამაერთიანებელი საეკლესიო „კრების" მოწვევის შესახებ (იხ. „ჰაგიოს კიპრიანოს", 252, 1993 წ. , გვ. 133-136; „ორთოდოქსის ფილოთეოს მარტირია", 43-44, 1991 წ., გვ. 57-58: „პრავოსლავნაია რუს", 12, 1993 წ., გვ. 8-9). მის ურთიერთობათა ხასიათზე რომის ცხად წარმოდგენას გვაძლევს, მაგალითად, შემდეგი:
„თქვენო უწმინდესობავ, ჩემმა პატრიარქმა დამავალა გაცნობოთ, რომ იოანეს სახარების პირველი თავის მეექვსე მუხლი (სწორედ) თქვენზეა დაწერილი; პატრიარქი დარწმუნებულია, რომ ღმერთის მიერ მოვლინებული კაცი, რომლის სახელიც იოვანეა, სწორედ თქვენ ხართ; რომ იმავე თავის მეშვიდე მუხლი სწორედ თქვენს ამოცანას განსაზღვრავს, ანუ როგორადაც მოვიდა იგი „მოწამედ", რაითა წამოს ნათლისა მისთვის, რაითა ყოველთა ჰრწმენეს მისგან", ასევე თქვენც ზუსტად ამგვარადვე და ზუსტად ასეთივე მიზნისათვის იქმენით გამორჩეული. და თუმცა კი თქვენ თავისთავად არ ხართ ნათელი, მაგრამ ამაღლებულ იქმენით რომის საპირველმღვდელმთავრო ტახტზე იმისთვის, „რაითა წამოთ ნათლისა მისთვის" (იოანე 1, 6-8). ეს არის პატრიარქ ათენაგორე I-ის პირადი წერილი რომის პაპისადმი იოანე XXIII-ისადმი, გაგზავნილი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსის იოაკობის მიერ 1959 წლის 17 მარტს (იხ. „ჟნფორმატიონ", ვატიკანის სამდივნო გამოცემა ქრისტიანთა გაერთიანების ხელშეწყობისათვის, 1, 1994 წ.). იოანე XXI-II 1958-1963 წლებში იყო რომის პაპი. 1962 წელს სწორედ მან მოიწვია ვატიკანის II საეკლესიო კრება.
3. პოლკოვნიკი გიორგი პაპადოპულოსი და გენერალი სტილიანაის პათთაკოსი - 1967 წლის 21 აპრილის სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელები საბერძნეთში, რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა სოციალისტებისა და კომუნისტების ხელისუფლება და დამყარდა კონსერვატიული რეჟიმი.
4. მელეტი IV მეტაქსაკისი (1871-1935) - კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო 1921-1923 წლებში. არაერთგზის მიუღია კანონიკური სასჯელი (მაგალითად, 1908 წელს იერუსალიმის პატრიარქ დამიანესაგან უფლის საფლავის ეკლესიაში ჩადენილი არასწორი ქმედებისათვის). ცნობილია უპრეცენდნტო არაკანონიკური „სრულიად მრთლმადიდებელთა" კონგრესის მოწვევით კონსტანტინოპოლში 1923 წლის 10 მაის - 8 ივნისს, რომელზეც სცადა რეფორმები გაეტარებინა ეკლესიაში „დროის სულის მოთხოვნათა" შესაბამისად: დაეშვა ეპისკოპოსთა ქორწინება, მღვდლების მეორედ ქორწინება, მარხვებისა და ღვთისმსახურების შემოკლება და შეცვლა, წმიდანთა მოსახსენებელი დღესასწაულების გადანაცვლება და სხვა. ამ „კონგრესში" მხოლოდ 9 (!) ადამიანი მონაწილეობდა (ექვსი მღვდელმთავარი, ერთი არქიმანდრიტი და ორიც - ერისკაცი): კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან მელეტი IV, კვიზიკიის მიტროპოლიტი კალენიკე და ერისკაცი ვ. ნტონიადისი; კვიპროსი ეკლესიიდან - ნიკეის მიტროპოლიტი ვასილი (შემდგომში კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1925-1929 წლებში); სერბეთის ეკლესიიდან - ჩერნოგორიის მიტროპოლიტი გაბრიელი (შემდგომში სერბეთის პატრიარქი) და ერისკაცი მ. მილანკოვიჩი; ელადის ეკლესიისაგან - დრადრიტი იულიოსი (კრიბანი)... 1923 წელსვე, 1 ივნისს (ანუ „კონგრესის" მუშაობის პროცესში) ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სამღვდელოთა და ერისკაცთა კრებამ სცადა კონსტანტინოპოლიდან გაეძევებინა მელეტი მეტაქსაკისი და ჩამოეგდო იგი საპატრიარქო ტახტიდან ეკლესიის მოდერნიზაციის მცდელობისათვის. 1923 წლის 20 სექტემბერს საბერძნეთის მთავრობის ზეწოლით მელეტი IV გადადგა, თუმცა მანამდე მოასწრო პაპისტური კანელდრის (ახალი სტილის) შემოღება და ეკლესიის ლიტურგიკული ერთობის დარღვევა. მელეტი IV იყო რუსეთში აღმოცენებული მწვალებლობის „ცოცხალი ეკლესიის" მომხრეც. იგი ცნობილია როგორც კონსტანტინოპოლის მასონური ლოჟის „ჰარმონიის" წევრი 44-ე ნომრით (იხ. „ორთოდოქსოს ევსტასის კაი მარტირია", 1990 წ., I-XII, გვ. 149; აგრეთვე „პრავოსლავნაია რუს" 1,6,7 1994 წლისა, სადაც დაბეჭდილია ტრიადის ეპისკოპოსის ფოტის წერილი: „საბედისწერო ნაბიჯი განდგომის გზაზე").