„რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურებასა არა თავს დებენ, არამედ გულის-თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდეს მოძღვართა ქავილითა ყურთაითა. და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-მიაქცინენ და ზღაპრებსა მიექცნენ, ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძვირსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებლისაი, მსახურებაი შენი კეთილად აღასრულე" (II ტიმ, 43-5).
„რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოისა მეტყველ და გონება-მაცთურ, უფროის ხოლოღა წინადაცვეთილებისაგანნი იგი, რომელთაი ჯერ-არს პირსა დაყოფაი, რომელნი ყოველსა სახლებსა გარდააქცევენ, ასწავებენ, რომელი-იგი არა ჯერ არს, საძაგელისა შეძინებისათვის. თქვა ვინმე მათგანმან, თავისმანვე მათმან „წინასწარმეტყველმან": კრიტელნი მარადის მტყუვარნი, მხეცნი ბოროტნი, მუცელნი უქმნი. წამებაი ესე არს ჭეშმარიტ, ამისთვის ამხილე მათ თვალუხუავად, რაითა ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა და ნუ ერჩიედ ჰურიაებრთა ზღაპართა და მცნებასა კაცთასა, რომელნი გარე-მიქცეულ იყვნენ ჭეშმარიტებისაგან" (ტიტ. 1. 10-14).
„სარწმუნოების საკითხებში სულ მცირე გადახრაც კი უკვე მომაკვდინებელი ცოდვაა"
წმიდა ფოტი დიდი
ჩემო საყვარელო და ქრისტესმიერო ძვირფასო სულიერო შვილო, მოგესალმები სახელითა უფლისაითა:
მივიღე შენი წერილი... და დიდი ყურადღებით წავიკითხე იმ ათი შეკითხვის გამო, რომელნიც მოგიწერია ჩემდა თხოვნით გიპასუხო მათზე უფლის სახელისათვის ეკლესიის სავალალო და ბეჩავი მდგომარეობის შესახებ, გეტყვი: რამდენადაც მე უკვე მოხუცი, 96 წლის კაცი ვარ და მეტად აღარ შემიძლია არც კითხვა და არც წერა, გამუდმებით მოველი რა ამა წარმავალი ცხოვრებიდან საუკუნო ცხოვრებაში გადასვლის მომენტს, ამდენად გიპასუხებ ოდენ ათი სიტყვით, არა ჩემით, არამედ უფლის სიტყვით. მაშ, ისმინე:
ყოვლადძლიერმა და სახიერმა ღმერთმა, ყოველი ხილული და უხილავი ქმნილების შემოქმედმა, რომელიც მოწყალებასა და თანალმობის განსახიერებაა, „რომელსა ყოველთა კაცთაი მნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი" (1 ტიმ. 2, 4), სიტყვით ძლიერი თავის წინასწარმეტყველის - ესაიას მეშვეობით განგვიცხადა შემდეგი, არამრავალი, მაგრამ სულის მაცხოვნებელი სიტყვები: „და უკუეთუ გინდესთ და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ, ხოლო უკუეთუ არა გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნეთ თქვენ..." (ესაია 1, 19-20). ღმერთმა ეს სიტყვები მხოლოდ ძველი ისრაელისთვის - თავისი რჩეული ადამიანებისთვის კი არ წარმოთქვა (გამოსვლ. 19, 5), არამედ თავისი ახალი რჩეული ადამიანებისთვისაც, ყველა ხალხისთვის, დედამიწაზე რომ სახლობენ, - ჩვენთვისაც, რადგან სურს ყველანი ვცხონდეთ. მაშასადამე, თუ ჩვენ გვსურს დავტკბეთ როგორც ქვეყნიური, წარმავალი სიკეთეებით, ასევე ზეციური, მარადიული სიკეთეებით, რომლებიც გამოუთქმელია, აუხსნელია და მიუწვდომელია, უსათუოდ შევძლებთ ამას, თუკი ნამდვილად მოვინდომებთ მის მოსმენასა და მორჩილებას.
რა სურს ჩვენგან ღმერთს? მას სურს, რომ გვიყვარდეს იგი „ყოვლითა გულითა ჩვენითა და ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა და მოყვასი ჩვენი - ვითარცა თავი თვისი" (ლუკა 10. 27). ამ ორ უმთავრეს ცნებაზეა დაფუძნებული საღმრთო სჯული და წინასწარმეტყველებანი. ღმერთიო, ამბობს ქრისტეს საყვარელი მოწაფე იოანე მახარებელი, „სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა" (1 იოანე 4, 16); ხოლო „უკუეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩვენდა?!" (რომ. 8, 31). ის, ვინც ღმერთისმიერ სიყვარულს შეიძენს, ყოველ სიკეთესაც მიემთხვევა, როგორც ქვეყნიურს, ასევე ზეციურს.
წმიდა მოციქულები, ღმერთშემოსილი მამები და ყოველნი წმიდანნი ერთხმად და ერთსულოვნად მოწმობენ, რომ უდიდესი, უმაღლესი და ყველაზე სანეტარო სიკეთე, რომლის მიღებასაც ზეციურ სამშობლოში ყველა მართალი მორწმუნე ნატრობს, არის ღმერთის პირისპირ ჭვრეტა. ამიტომაც იტყვის წმიდა დავითი - მეფე და წინასწარმეტყველი - თავის ფსალმუნში: „ხოლო მე სიმართლითა ვეჩვენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა" (ფსალმ. 16, 15). ღმრთივმესიტყვე პავლე მოციქულმა თქვა: „გული მეტყვის განსვლად და ქრისტეს თანა ყოფად უფროის და უმჯობეს ფრიად" (ფილიპ. 1, 23). ყველა, ვინც ღმერთს ემორჩილება, ღირსი შეიქნება ასეთი სიკეთეების მიღებისა. ხოლო ყველა, ვისაც არ სურს ღმერთს დაემორჩილოს, მისი წმიდა ნება აღასრულოს, და ამის სანაცვლოდ, პირიქით, ეშმაკის ნებას ასრულებს, ნამგლით იქნება მომკილი. ნამგალი არის ყოველგვარი სასჯელის, უბედურებისა და შეჭირვების სახე: ომებისა, ეპიდემიისა, შიმშილისა, კატასტროფებისა, მიწისძვრებისა, წყალდიდობებისა და სხვა.
საღმრთო წინასწარმეტყველების სიტყვები უსათუოდ შესრულდება განსაზღვრულ დროს. სხვაგვარად შეუძლებელია: „ცანი და ქვეყანაი წარხდეს, ხოლო სიტყვანი ჩემნი არა წარხდეს" (მათე 24, 35). ზოგიერთი მათგანი უკვე აღსრულდა, სხვები ჩვენს დროში სრულდება, სხვათათვის კი ახლოვდება მათი აღსრულების ჟამი. ამ ძნელ და უზნეო დროში, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, ცოდვა იმ ზომამდე გავრცელდა და გამრავლდა ამქვეყნად, რომ მეტის წარმოდგენა შეუძლებელიცაა. „უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე!" (ფს. 13, 2-3).
ამ სატანურ დროში, საბედნიეროდ, არსებობენ ღმერთის რჩეული ადამიანებიც აწინდელ თაობაში, რომელიც თავისთავად - გარყვნილია, მახინჯი და სინდისდაკარგული. სწორედ მათზე თქვა უფალმა ეს სიტყვები, როცა მოწაფეებმა ჰკითხეს საშინელ ნიშთა გამოჩენისა და მეორედ მოსვლის შესახებ: „ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, და არცა ძემან, არამედ მამამან" (მარკოზი 13, 32). მაგრამ იმ ნიშნების მიხედვით, რომელთა შესახებაც მე გეუბნები, შენ გულისხმა-ჰყოფ, რომ მეორედ მოსვლის საშინელი დღე ახლოვდება. იმ სატანურ დღეებში მხოლოდ რამდენიმე რჩეული აღმოჩნდება. ისინი რომ არ აღმოჩენილიყვნენ, უფალი ცეცხლს აწვიმებდა ქვეყანას ზეციდან, როგორც ეს სოდომისა და გომმორას ცოდვილ მკვიდრთ უყო, რათა ერთიანად მოესრა. რამდენიმე რჩეული რომ არ ყოფილიყო. „და უკეთუმცა არა შემოკლდენ დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ხორციელი, ხოლო რჩეულთა მათთვის შემოკლდეს დღენი იგი" (მათე 24, 22).
ერთს ძველ წიგნში, მრავალი წლის წინათ რომ მოვიძიე, სხვა ამბებთან ერთად ესეც წავიკითხე: როცა მოწაფეებმა ჰკითხეს ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ზემოთ აღწერილი დროის შესახებ, მან უპასუხა, რომ სხვა ნიშებთან ერთად, რომლებიც არ იქნა ჩაწერილი წმიდა სახარებაში (ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ), ქვეყნის დასასრულის მოახლოების ერთ-ერთი ნიში ისიც იქნება, მამაკაცი დედაკაცად შეიქნება, დედაკაცი კი - მამაკაცადო (ასეთი რამ სამედიცინო ჩარევით ხშირად ხდება უკვე ჩვენს მახინჯ საუკუნეში - რედ.).
ღვთაებრივმა იოანე ოქროპირმა, ქრისტესმოყვარე ადამიანების შეკითხვაზე, როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლაო, მიუგო: „როცა კეთილსახიერობას და კდემამოსილებას მოაკლდებიან დედაკაცები, მაშინ უწყოდეთ, რომ განკითხვის დღე ახლოა".
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს, წმიდა იოანე ოქროპირისა და სხვათა წინასწარმეტყველებანი ამჟამად ზედმიწევნით სრულდება. მაგრამ დღეს რომ ადამიანებმა გულწრფელად შეინანონ თანამედროვე უზნეობანი და გარყვნილებანი, როგორც ეს ძველი დროის ნინეველებსა და სხვა მრავალ ცოდვილთ უქმნიათ, მაშინ ღმერთკაცი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ამქვეყნად მართალთა ხსნისათვის კი არა, ცოდვილთა ხსნისათვის მოვიდა, მათაც შეუნდობდა, იხსნიდა და აცხოვნებდა. სამწუხაროდ, ისინი არ ინანიებენ ცოდვებს. და რადგანაც ისინი არ შეინანებენ, მოხდება ის, რაც უფალმა თქვა თავისი ამქვეყნად ყოფნისას: თუკი არ შეინანებთ ყველანი ბოროტებაში წარწყმდებითო! უფლის მახარობელი - პავლე მოციქული ამბობს: „ჭირი და იწროებაი ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა" (რომ. 2, 9) – „ ... ყოველმან შჯულსა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო საშჯელი კუალად-გებისაი. ვითარ-მე ჩვენ განვერნეთ, უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ ცხორებაი?..." (ებრ. 2. 2-3).
ჩვენ ახლა მძიმე დროში ვცხოვრობთ, ცოდვა ჰყვავის, იგი ყოველგვარ საზღვრებს გადასცდა და თავის ზენიტსაც მიაღწია. სარწმუნოება დაკნინდა, დაეცა: „მო-რაი-ვიდეს ძე კაცისაი, პოვოს-მეა სარწმუნოებაი ქვეყანასა ზედა?! (ლუკა 18, 8) და რადგანაც ცოდვა განმრავლდა, მრავალთა სიყვარულმა განგრილება იწყო. „ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთამდე" (ფსალმ. 13, 3). ღმერთი, რომელიც მოწყალებითა და თანალმობით არის აღსავსე, სამართლიანიცაა, - ამბობს მეფე და წინასწარმეტყველი დავითი. „არა თუ მოიქცეთ, მახვილი მისი ლესულ არს, მშვილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკვდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათვის ქმნნა" (ფსალმ. 7, 13-14). მახვილი, მშვილდი და ისარნი, ისევე როგორც ზემოთ ნახსენები ნამგალი - სასჯელთა სახეობანია, რომელთაც ღმერთი ეშმაკის სათნომყოფელთათვის განამზადებს, ანუ შეუნანებელ ცოდვილთათვის. „აწვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი, და სული ნიავქარისაი - ნაწილი სასუმელისა მათისაი" (ფსალმ. 10, 6). ომები, მიწისძვრანი, სრვანი, ეპიდემიები, ქარიშხლები და სხვა უბედურებანი, ტანჯვანი, შიში სიკვდილის წინაშე, - ყველა ეს ძვირხილულება და ტანჯვა ჩვენი ცოდვებიდან მომდინარეობს, ყველა ისინი - სატანჯველთა წყაროა, ყველა ისინი პროლოგი და წინასწარი გაფრთხილებაა იმ ორლესული მახვილის მძლე და სიკვდილშემოსილი რისხვისა, რომელიც ადრე თუ გვიან ეწევათ ურჩების ძეთ (ფსალმ. 149, 6; გამოცხ. 1, 16; 2, 12). სასჯელნი ისევე დიდია, როგორც ცოდვები. და სამწუხაროდ, ამ მძიმე და სატანურ დროში მრავალ დიდ ცოდვას სჩადიან საერონი თუ სამღვდელონი, მამაკაცნი თუ დედაკაცნი, მოხუცნი თუ ჭაბუკნი; თვით ყრმა ბავშვებმაც კი ისწავლეს თავიანთ მშობელთაგან ღვთის გმობა.
დაწყებული 1912 წლიდან, როცა მე მღვდლად დამასხეს ხელი, დღევანდელამდე განუწყვეტლივ ვხედავ, თუ როგორ ამხობდა უსჯულოება და ბოროტმოქმედება მეფეების, სახელმწიფოთა ხლმძღვანელების, ეკლესიის წინამძღვრების ტახტებს, და მეც, რაკი ვგრძნობდი ჩემს - როგორც უზენაესის მღვდლისა და ადამიანთა სულიერი მამის მოვალეობას, - ჩემი სულიერი მოძღვრისა და მიტროპოლიტის, მარად სახსენებლი პარასკევოპულოსის ლოცვა-კურთხევითა და ღმერთის მადლშემოსილი შეწევნით, ყოვლთვის ვქადაგებდი ღვთის სიტყვას და მღვდელვმოქმედებდი მართალ ქრისტიან ძმათათვის. როგორც მისიონერმა მოვვლე 21 კუნძული და 59 ქალაქი, ასევე მრავალი დაბა-დასახლება და დიდი თუ მცირე სოფელი. მე დამიწერია მრავალი ათასი წერილი, რომლებშიც სულიერ რჩევა-დარიგებას ვაძლევდი ჩემს სულიერ შვილებს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, სადაც ისინი ბედს გადაუსროლია. მე მიმიწერია წერილები თუ მემორანდუმები პატრიარქებისათვის, მეფეთათვის, მღვდელმთავრებისათვის, რომელთაც ზოგჯერ ვევდრებოდი ღვთის საქმისათვის, რჩევა-დარიგებებს ვაძლევდი, ზოგჯერ კი ვამხელდი კიდეც ცოდვათა და არასწორ ქმედებაში.
ხშირად დავუძლურებულვარ სხეულით ჩემს მრავალ შრომათაგან, მაგრამ უფალი, რომელიც ყოველგვარ სნეულებას განკურნავს, ყოველთვის სასწაულებრივად განმკურნავდა, რათა კვლავ შემძლებოდა ღვთის სიტყვის ქადაგება და მღვდელმოქმედება, სხვა ღვთივსათნო საქმეების აღსრულება, და ეს იმისთვის ხდებოდა, რომ ცხადად შემეგნო ჩემი ადამიანური უძლურება, ის, რომ საღმრთო მადლისა და ძალის გარეშე მე არაფრის მოქმედება არ შემიძლია. მე ვაღიარებ და ვაცხადებ, რომ ჩემს მიერ მოქმედებული ყოველი სიკეთე - უფლის მადლისა და ძალის ნამოქმედარია და არა საკუთრივ ჩემი. უფლის მარჯვენამ აღასრულა ყოველივე ეს, და უფლის მარჯვენამ მიხსნა მე. მე მხოლოდ იმას ვეძიებ, რომ ყოვლად სახიერმა და ყოვლადმოწყალე ღმერთმა - ჩვენმა ზეციურმა მამამ მომიტევოს ჩემი საკუთარი ცოდვები და „დიდითა წყალობითა" მისითა „და მრავლითა მოწყალებითა" მისითა „აღხოცოს უსჯულოება ჩემი" (ფსალმ. 50, 1).
ვმადლობ ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომელმაც ღირს-მყო სულიერი შვილები შემეძინა ზემოხსენებულ ქალაქებში, კუნძულებსა და დაბა-სოფლებში, სადაც ღვთის სიტყვას ვქადაგებდი როგორც მისიონერი და სადაც ისინი ისე ისწრაფდნენ ჩემს ქადაგებებზე და ჩემთვის აღსარების ჩასაბარებლად, როგორც მწყურვალე ირმები - წყაროსაკენ, ხოლო ევროპის, ამერიკის, აფრიკისა და ავსტრალიის შორეულ ადგილებში, სადაც ჩასვლა არ შემეძლო, ისინი სიხარულითა და მოუთმენლობით ელოდნენ ჩემს წერილებს; ჩემი სულიერი შვილები ყველგან ისმენდნენ ჩემს მამობრივ რჩევებს და დღემდე იცავენ და აღასრულებენ მათ. (გაგრძელება...)
ლოცვა-კურთხევითა და მმობრივი სულიერი სიყვარულით, არქიმანდრიტი ფილოთეოზი1, 1980 წელი.
Xareba.net - ის რედაქცია