... ჭეშმარიტი სინანული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ განვაგდოთ ჩვენგან ბნელი, ბოროტი საქმეები და ნათლის საჭურველით შევიმოსოთ. ჭეშმარიტი სინანული - საკუთარი ცხოვრების ძირფესვიანი შეცვლაა. მოვინანიოთ, ნიშნავს მტკიცედ გადავწყვიტოთ სხვა ადამიანად ქცევა - უმჯობეს ადამიანად, ვიდრე მანამდე ვიყავით. სხვაგვარად ეს სინანული კი არ იქნება, არამედ - თვალთმაქცობა.
დიდმარხვაც ეკლესიის მიერ იმისთვის არის დადგენილი, რომ დაგვეხმაროს ჩვენ ნამდვილად მოვინანიოთ ცოდვები და ნამდვილად შევიცვალოთ უმჯობესისკენ...
თუკი არ ვიქმთ ამას, ქრისტიანობაც მხოლოდ სახელად გვექნება რამეთუ ქრისტიანობის არსი ცხოვრების განახლებაში მდგომარეობს, ცოდვით დაცემული ადამიანის ხელახალ შექმნაში ღმერთის განმმართლებელი მადლის ძალით. რამეთუ ჩვენ, ქრისტიანები, „თანა-დავეფლენით მას (ქრისტეს) ნათლის-ღებითა მით სიკვდილსა მისსა, რაითა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით" (რომ. 6, 4), - გვასწავლის ღვთის სიტყვა.
ვისაც არ სურს ამგვარი განახლება, ის არც არის ქრისტიანი!
მაგრამ რით დავიწყოთ? რა თქმა უნდა, უმთავრესით: ჩვენი მიმართებით შემოქმედი ღმერთისადმი და მის მიერ ჩვენი ხსნისათვის დაფუძნებული წმიდა ეკლესიისადმი.
ყველაზე საშინელი და დამღუპველი ცოდვაა - ურწმუნოება, ანდა ბოროტი რწმენა; ღმერთის სრული უარყოფა ანდა მისადმი რწმენის დამახინჯება, გამოგონილი „სარწმუნოება" ნაცვლად ჭეშმარიტი სარწმუნოებისა.
„და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს!" - გვეუბნება თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე (მარკოზი 16, 16).
„ხოლო თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაი ღმრთისაი" (ბრ. 11, 6).
მაგრამ სარწმუნოება ჭეშმარიტი უნდა იყოს, - დამახინჯებული და შერყვნილი კი არა, არამედ სწორედ ისეთი, როგორიც ამქვეყნად ჩვენი ხსნისათვის მოსულმა უფალმა გვიქადაგა, შემდგომ კი - მისმა წმიდა მოწაფეებმა - მოციქულებმა და მათმა სჯულიერმა მემკვიდრეებმა - წმიდა მამებმა გვიქადაგეს.
ამიტომაც ეს არის სამოციქულო, წმიდა მამამთავარი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება.
შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ იმაზე, თუ რა მკაცრნი იყვნენ წმიდა მოციქულები ყველა მწვალებლისა და ცრუმოძღვრისადმი, ანუ ამ წმიდა ქრისტიანული სარწმუნოების ყველა შემრყვნელისა და დამმახინჯებლებისადმი.
„რომელი მოვიდეს თქვენდა და ესე მოძღურებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახელითა თქვენითა და „გიხაროდენ!" ნუ ეტყვით მას" (ანუ ნურც მიესალმებითო), - გვეუბნება სიყვარულის მოციქული წმიდა იოანე ღვთისმეტყველი (II იოანე 10).
ხოლო დიდი „მოციქული ენათა" წმიდა პავლე ასე მისწერს ტიტეს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა (შეგონებისა) განეშორე! უწყოდე, რამეთუ გარდა-გულარძნილ არს (გარყვნილია, მახინჯია) ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დაშჯილ" (ტიტ. 3, 10-11).
აი, ასე უფრთხილდებოდნენ წმიდა მოციქულები ქრისტეს ჭეშმარიტ, შეურყვნელ რწმენას და ქრისტიანებსაც ასწავლიდნენ გაფრთხილება-დაცვას მის, როგორც ამას გადაჭრით მისწერს პავლე მოციქული მოქცეულ გალატელებს: „დაღა თუ ჩვენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1, 8). ამიტომაც მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება (ნიკეა, 787 წ.) ანათემას გადასცემს ყველას ვისაც არ სურს მიიღოს საეკლესიო გადმოცემანი, ეკლესიის კანონიკური წესები და დადგინებანი, და ვინც რაღაც თავისეულის, ახალის შემოღებას ცდილობს...
მართლმადიდებელ ეკლესიაში რ არსებობს სწავლება ვისიმეს პიროვნული უცთომლობის შესახებ, საეკლესიო იერარქიის რა მაღალ საფეხურზეც არ უნდა იდგეს იგი, ანუ მართლმადიდებლობაში ადგილი არ აქვს პაპიზმს. მასში ვერავინ გაბედავს რაღაც ახლის შემოღებას, იმგვარი რამისა, რაც მიღებული არ არის მთელი ეკლესიის მიერ. ეკლესია კი - მხოლოდ ეპისკოპატი როდია, და არც მხოლოდ სამღვდელოება, როგორც ამას ჩვენს დროში ბევრნი თვლიან თავიანთი უცნობლობის გამო. „ეკლესია არის ეპისკოპოსი, სამღვდელო დასი და ყველა მორწმუნე" ამბობს წმიდა კვიპრიანე კართაგენელი.
რაიმე სიახლის შემოღების უფლება არა აქვთ არც პატრიარქებს და არც საეკლესიო კრებებს, როგორც ამას აღმოსავლეთის პატრიარქთა საზოგადო ეპისტოლეც მოწმობს.
ჭეშმარიტი სარწმუნოება ყოველთვის უცვლელი უნდა დარჩეს, რამეთუ იგი ისაა, „რაც ყველგან სწამდათ, რაც ყოველთვის სწამდათ და რაც ყველას სწამდა" (წმიდა ბიკენტი ლირინელი).
და ცუდი, ძალზე უჯერო იქნება, თუკი ვინმე უცთომელად წარმოადგენს საკუთარ თავს და თავისი გემოვნებისამებრ დაიწყებს წმიდა ეკლესიის სწავლების გადაკვეთას - აიღებს მისგან მხოლოდ იმას, რაც მოსწონს და აამებს ჩვენს თავმოყვარებას, ჩვენს ცოდვიან ვნებებსა და მანკიერებებს. ყოვლად დაუშვებელია ღვთის სიტყვის შეცვლა, ეკლესიის საღმრთო კანონებისა და დადგინებების გვერდის ავლა და დარღვევა, სულ ერთია რა საბაბითაც არ უნდა მოხდეს ეს.
წმიდა და უცთომელია მხოლოდ სრულიად მთელი ეკლესია, რომელიც უცვალებლად იმარხავს სამოციქულო და წმიდა მამათა მიერ სწავლებას სარწმუნოებისა და კეთილმსახურების შესახებ. ამიტომ სწორედ ეკლესიას უნდა მიმართოს ყველამ, ვისაც კი ჭეშმარიტების შეცნობა სურს, მისგან ისწავლოს, მას უსმინოს და მას დაემორჩილოს, - საკუთარი თავი კი არ მიაჩნდეს ჭეშმარიტების საზომად, არამედ - ქრისტეს წმიდა ეკლესია.
მაგრამ ეკლესიისადმი მორჩილება ყოველთვის როდი თანხვდება ეკლესიის ცალკეული სასულიერო პირებისადმი, მწყემსებისა და მოძღვრებისადმი მორჩილებას, ისევე, როგორც არასწორია თვით „ეკლესიის" ცნების გაიგივება ცნებასთან „სასულიერო წოდება". ეკლესიის ისტორია ცხადად მოწმობს, რომ სასულიერო პირებს შორისაც, ზოგჯერ მეტად მაღალი მდგომარეობა რომ ეკავათ საეკლესიო იერარქიაში, ყოფილან მწვალებლები და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან განდგომილნი. საკმარისია გავიხსენოთ ისეთი ავადსახსენებელი სახელები, როგორიცაა არიოზი - პრესვიტერი, მაკედონი - ეპისკოპოსი, ნესტორი - პატრიარქი, ევტიხი - არქიმანდრიტი, დიოსკორე - პატრიარქი და მრავალი სხვა.(გაგრძელება...)
წიგნიდან „თანამედროვე მსოფლიო და მართლმადიდებელი ეკლესია"
Xareba.net - ის რედაქცია