ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სურთ ღმრთივსათნო ცხოვრება ქრისტე იესოში, სათნო არ არიან თანამედროვე სამყაროსთვის, რომელიც ყველა რომც ვერ აცნობიერებდეს ამას, ღრმადაა ჩაფლული სატანური ბოროტების ჭაობში, - ასეთი ადამიანები არ არიან სასურველნი, რადგან ისინი ფეხდაფეხ ვერ მიყვებიან დროის სულს, ხელს უშლიან ბოროტებას თავისი ბოროტი საქმეების აღსრულებაში.
და აი, მათ ყოველნაირად ავიწროებენ, გასაქანს არ აძლევენ, ჩაგრავენ და ბოლოს, აშკარადაც დევნიან, - განსაკუთრებით მაშინ, თუკი ისინი მდუმარედ არ სხედან, არამედ ცდილობენ ყველას აუხილონ თვალი, თუ რა ხდება ქვეყანაზე, ამხელენ მოზეიმე ბოროტებას.
და ეს, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ცხოვრების წესად, კანონადაც კი იქცა უკვე. საკმარისია მხოლოდ გამოჩენა ადამიანისა, რომელსაც ღმრთის სამართლით უნდა ცხოვრება, სურს სათნო-ეყოს მხოლოდ ღმერთს და არა ადამიანებს, მხოლოდ მას ერთს ემსახუროს მთელი თავისი ცხოვრებით, რომ მაშინვე გაისმის საიდანღაც „ვიღაცის" მიერ მიცემული ნიშანი, - დევნეთ ასეთი ადამიანი, მოუგონეთ და ყოველნაირად შეურაცხყავით იგი, ცილი დასწამეთ, ნურავითარ გზას ნუ მისცემთ ცხოვრებაში, ნუ დაუშვებთ, რომ გავლენა მოახდინოს სხვებზე, ყველაფერს ჩამოაცილეთ, გააკეთეთ ყველაფერი მისი „პირისაგან მიწისა" აღგვამდეც კი; რადგანაც მას, რასაკვირველია, არ აქვს წილი ბოროტებაში, რომელიც თავის დროებით გამარჯვებას ზეიმობს ადამიანთა შორის პირუთვნელი მსაჯულ-მიმგებლის მოსვლამდე.
ბევრი ასეთი კარგი მართლმადიდებელი ადამიანი, მწყემსმთავრები და მწყემსები და რიგი მორწმუნეები გაანადგურა ჩვენს უბედურ რუსეთში იქ გამარჯვებულმა ღმრთისმებრძოლმა ბოროტებამ. იგივე გრძელდება ახლაც ყველგან საზღვარგარეთ - მართლმადიდებელ და არამართლმადიდებლ ქვეყნებში, „რკინის ფარდის" მიღმაც და ე.წ. „თავისუფალი სამყაროს" სახელმწიფოებში, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად არიან თავისუფლები, - ოღონდ განსახვავებული ვარიანტითა და ფორმით, მაგრამ ერთი საერთო მიზნით, აღგავონ პირისაგან მიწისა ყველა, ვინც მათ გზას უღობავს, ხოლო ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გულწრფელად სურს ღმრთისმოსაური ცხოვრება ქრისტეში, უკვე ამით უღობავს მას გზას და ასე თუ ისე უნდა განადგურდეს მორალურად და ფიზიკურადაც კი.
ტყუილად არ უწინასწარმეტყველა უფალმა თავის მოწაფეებს და მათი სახით, რასაკვირველია, ყველა თავის ერთგულ მიმდევარს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს" (იოან. 16. 33) და იქვე ანუგეშა ისინი: „არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელი".
რატომაა ეს ასე?
იმის გამო, რომ „შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე" (ფსალმ. 102, 8). ამიტომაცაა ნათქვამი ძველ რუსულ ანდაზაში, რომ უფალი არ ჩქარობს დაცემული და ცოდვილი ადამიანების დასჯას ბოროტებისთვის, რადგან მათგან სინანულსა და მოქცევას ელის, ხოლო ღმრთისთვის სათნოყოფისა და საკუთარი სულის ხსნის მოსწრაფეთათვის „ბოროტი ადამიანებისგან" შემთხვეული განსაცდელი შეიძლება სულიერად სასარგებლოც იყოს, რადგან ამით შეიძლება განწმიდონ როგორც ოქრო - ბრძმედში. ამიტომ უფალი გარკვეულ დრომდე უშვებს „ბოროტი ადამიანების" გამარჯვებას, ღმრთისმოსავი ცხოვრების მსურველებისგან - ტანჯვის დათმენას.
მაგრამ როგორც უნდა წარემატონ ბოროტებაში ბოროტი და ცრუ ადამიანები, როგორც უნდა აცთუნონ და ცთუნდნენ, პასუხისგების დრო დადგება მათთვის, რადგან „წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულის" (II პეტრე 2, 3). და იგი მით უფრო საშინელი იქნება მათთვის, რაც უფრო შეუპოვრად ჩაეფლობიან ბოროტებაში, რადგან ახლა ისინი ყოველგვარად ამართლებენ საკუთარ თავს ყველა თავისი ბოროტი საქმისა და საქციელის გამო და გულწრფელად სინანულის მიღმა რჩებიან.
და მართლაც, რა საშინელ სურათს წარმოადგენს თანამედროვე სამყარო ამ თვალსაზრისით!
„ბოროტი და ცრუ ადამიანები" სულ უფრო მეტად წარემატებიან ბოროტებაში და ესწრაფვიან სრულად ჩაიგდონ ხელში მთელი ძალაუფლება თანამედროვე სამყაროზე. თითქმის ყველგან მათ ხელთაა სახელმწიფო და პოლიტიკური ძალაუფლება, ისინი აკონტროლებენ რელიგიურ და ეკლესიურ ცხოვრებას, არ უშვებენ, რომ ის რამით მაინც შეეწინააღმდეგოს მათ ინტერესებს, მათზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე, სიკვდილი და ჯანმრთელობა, მაგრად აქვთ ჩაბღუჯული თავის ხელში ახალი თაობების აღზრდა, რადგან ქმნიან მათთვის საჭირო „ახალი ადამიანის" უღმერთო და არაადამიანურ ტიპს. მათ ხელშია კაპიტალი, რომლის დახმარებითაც ისინი განაგებენ მატერიალურ კეთილდღეობას, რითაც აიძულებენ ყველას, რომ მჭიდროდ იყვნენ მათგან დამოკიდებულნი, უკვე იჭრებიან ადამიანის სულშიც და სინდისშიც, და მათ ფიქრებსა და გრძნობებს აკონტროლებენ.
ეს „ბოროტი და ცრუ ადამიანები", რომლებიც ახლა თითქმის ყველგან ბატონობენ და ყველას თავს ახვევენ თავის ნებას, ხშირ შემთხვევაში ნამდვილი ბოროტმოქმედები არიან, ვისთვისაც ადრე საპყრობილე ან კატორღული სამუშაოები იქნებოდა განმზადებული. ისინი სხვადასხვა გზით, ხრიკებითა და მოტყუებით ოსტატურად იტაცებენ ძალაუფლებას ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში და იყენებენ მას საკუთარი შეხედულებისამებრ, საკუთარი ანგარებისა და ინტერესების შესაბამისად.
მათ შორის ყველაზე მეტად ორი ფსიქოლოგიური ტიპია გავრცელებული: ერთი - ესაა თავხედი, უსინდისო ადამიანები, ჯიქურ მრავალი უხეშები, უხამსი ცინიკოსები, გაუზრდელი თავხედები, რომლებიც ყველაფერს უტიფრად მიიტაცებენ. მეორე ტიპი - ეშმაკი, ცბიერი „იეზუიტები", პირფერი ფარისევლები, რომლებმაც იციან შთაბეჭდილების მოხდენა გარეგნული კეთილაღზრდილობით, საერთო სიკეთის ვითომ - მოსურნეები, კარიერისტები, მტკიცედ მავალნი საკუთარი ანგარებიანი მიზნების განსახორიელებლად, ვისაც შეუძლია მარჯვედ დაფაროს ეს სხვების მზერისგან და თავი „ჰუმანისტად" წარმოადგინოს. თითქოს მზად არიან ყველას შეეწიონ, თითოეულს ის მისცენ, რაც მათგან უნდათ, გაწაფული დემაგოგები, ვინც იცის საჭიროების შემთხვევაში თავის თავზე მიიღოს „ხატი ღმრთის მსახურებისა", თუმცა, რასაკვირველია, უარყოფენ მის ძალას (II ტიმ. 3, 5), რადგან ნამდვილი ღმრთისმსახურება მათთვის უცხო და უინტერესოა, ხოლო მისი „ხატი" მათთვის მხოლოდ საშუალებაა საკუთარი ვიწრო - ეგოისტური მიზნების მისაღწევად. ყველა მათ ქმედებასა და საქციელს ჩვენს დროში აქებენ გულუბრყვილო და გონებაშეზღუდული ადამიანები, როგორც ბრძნულ „მოქნილობას" და „ელასტიურობას".
აი, რასაკვირველია, ზოგად შტრიხებში ადამიანის ის ორი ტიპი, რომლებსაც ჩვენს დროში „ცხოვრებისეული წარმატება" აქვთ და აღწევენ მაღალ თანამდებობებსა და საპატიო მდგომარეობას თანამედროვე საზოგადოებაში, მოკლედ რომ ვთქვათ, ესენი არიან ან კადნიერი თავხედები, ან ცბიერი „იეზუიტი" - მატყუარები. ორივე ტიპისთვის არაფერია წმინდა: ამ სამყაროში ყველაფერი მათ, მათ წმინდა - პირადულ ინტერესებს უნდა ემსახუროს.
და ასეთი ადამიანები, რომლებიც ხასიათითა და მისწრაფებებით მონათესავენი არიან, სიხარულით ეხმარებიან ერთმანეთს, თუკი ეს ეთანხმება მათ პირად შეხედულებებსა და ინტერესებს პრინციპით „ხელი ხელს ბანს"; და დაუნდობლად, მთელი შეუკავებელი სისასტიკით ილაშქრებენ მათზე, ვინც არაა „მათი სულის" მატარებელი, ცდილობენ აღგავონ ისინი პირისაგან მიწისა, რომ ხელი არ შეეშალოთ და არ იგრძნონ სინდისის თუნდაც უსიტყვო ქენჯნა, რადგან სინდისი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ბოლომდე.
ღმრთის წინაშე ამ „ბოროტი და ცრუ ადამიანების" დანაშაულს და პასუხისმგებლობას ბევრად უფრო ამძიმებს ის, რომ ისინი არა მხოლოდ თვითონ სჩადიან ბოროტებას, არამედ სხვებსაც უბიძგებენ მისკენ, რისთვისაც იყენებენ მათზე თავის ძალაუფლებას. ისინი არა მარტო თვითონ „ცთუნდებიან" და იტყუებენ თავს, არამედ სხვებსაც აცთუნებენ. ივიწყებენ ან არ სურთ იცოდნენ, რომ მათ ეხება ქრისტეს სიტყვები: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა" (მათე 18, 6) „და ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცთური" (იქვე, 7).
ეს ადამიანები თვითონაც ეჩვევიან მუდმივ ტყუილს და სხვებსაც ასწავლიან, - ყველგან ტყუილს ავრცელებენ. ტყუილის თესვა ნელ-ნელა მათ მოთხოვნილებად, მათ სტიქიად იქცევა, რის გარეშეც აღარ შეუძლიათ ცხოვრება, რადგან მაშინ ისინი ძირფესვიანად უნდა შეიცვალონ. მოიცილონ ის, რაც მათ მეორე ბუნებად იქცა.
მათ ეხება ღმრთის დიდი წინასწარმეტყველის ისაიას სიტყვები: „ვაი, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!" (ისაია 5, 20).
მათი გავლენით ბევრი მართალიც იწყებს ტყუილის დაჯერებას, რაც ასევე მოწმობს დასასრულის მოახლოვებას, რადგან სწორედ ამ დროის შესახებ წერს წმიდა პავლე მოციქული თესალონიკელებს: „ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმა შემწე საცთურებისა, რაითა რწმენეს მათ ტყუილისა" (II თეს. 2, 11).
ვინ იტყვის, რომ უკვე არ დადგა ეს დროს, როდესაც ასე ფართოდ ვრცელდება ყოვლგვარი სიცრუე და თითქმის ყველა მზადაა დაიჯეროს იგი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს სასარგებლოა მიწიერი კეთილდღეობის მოსაწყობად?
წიგნიდან „თანამედროვე მსოფლიო და მართლმადიდებელი ეკლესია"
Xareba.net - ის რედაქცია